მთავარი,სიახლეები

რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე

23.06.2019 • 1448
რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მონაკვეთში, გაიხსნა, ასევე მოძრაობა აღდგა გორგილაძის ქუჩის ბოლოში, თუმცა, ამჯერად სამი თვით გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი – გორგასალისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის. მოძრაობის შეზღუდვა ძირითადად ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება. გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში კი, სანიაღვრესთან ერთად, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაც მოხდება.

ეს სანიაღვრე არხი, ჯავახიშვილის ქუჩით ჭაობის დასახლებიდან მოდის და გორგილაძის ქუჩის ბოლოდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის გადაკვეთით არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.

სანიაღვრე არხი „ჭაობიდან“ პუშკინის ქუჩამდე სრულადაა რეაბილიტირებული. არხის მშენებლობა მიმდინარეობს პუშკინისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის, რის გამოც ქუჩა ამ მონაკვეთშიც გადაკეტილია.

რეაბილიტირებული არხი მთლიანად რომ შევიდეს ექსპლუატაციაში, საჭირო იქნება ახალი მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება 4 ადგილზე: პუშკინისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ასევე ჯავახიშვილზე – გორგასლისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის და ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც არხი დაერთდება სატუმბ სადგურზე.

ამ ოთხი მონაკვეთის ჩაკეტვა მიმდინარე ზაფხულის სეზონზე არ იგეგმება. ამ ადგილებში სამუშაოები მიმდინარე, 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

გადაკეტილია აბუსერიძის ქუჩის ცალი მხარეც [რესპუბლიკური საავადმყოფოდან ლორიას ქუჩამდე]. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქ, „ლორიასა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ხორციელდება წყალარინების A კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 1200 მმ-იანი თვითდენითი კოლექტორის მოწყობა 8 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს“.

მერიისავე ინფორმაციით, კოლექტორის რეაბილიტაცია აბუსერიძის ქუჩაზე სამ თვეში – 12 მარტიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში – უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღესაც [23 ივნისი] მიმდინარეობს. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, აქ სამუშაოების ჩატარება „რთული დარჩა“.

ბათუმის მერიაში ვერ აკონკრეტებენ ზუსტად როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე. „სამუშაოები ამ ქუჩაზე, არსებული გეგმა-პროექტით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს“, – გვითხრეს მერიაში. ამ დროისთვის უნდა დასრულდეს სატუმბი სადგურის მშენებლობაც არდაგანის ტბასთან.

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: