41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ.მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის წარმოადგენს ცამეტსართულიან კარკასული ტიპის შენობას. გარე კედლებისათვის გამოყენებულია 60X30X20 სმ-იანი პენო ბლოკი. ±0.00 ნიშნულზე მოწყობილია პარკირების ზონა, რაც ხელს უწყობს +2.70 ნიშნულზე ბინების განიავებას. +0.30 ნიშნულზე არის საოფისე ფართობები. კომპლექსის პირველ და მეორე ბლოკს აქვს სამი კიბე და ორი ლიფტი, მესამე შენობას ორი კიბე და ერთი ლიფტი. გარე კედლებზე ბლოკის შემდეგ მოეწყობა ვენტილირებადი ფასადი“.

პროექტის მიხედვით, სამ შენობაში თორმეტ სართულზე მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა: I შენობა – 213 ბინა, II შენობა – 285, III შენობა – 84 ბინა. საცხოვრებელი ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 8 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე საათის წინ, ბრიფინგზე დააანონსა.

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქი“ / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com