მთავარი,სიახლეები

„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

26.01.2020 • 2238
„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

დღეს, 26 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა რივიერას გადასარჩენად.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს სამშენებლო პროექტის განხორციელებას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.

„დღეს აქციის ორგანიზატორები ვართ სამი მოძრაობა: „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“ და საზოგადოება „ბათომი“. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ბათუმის ისტორიული მწვანე კონცხი გადავარჩინოთ და გავხადოთ ისევ საჯარო საკუთრებად, მოქალაქეების საკუთრებად, სადაც იქნება ხეები და სიმწვანე და არა საზარელი ცათამბჯენები და კაზინოები,“ – განაცხადა თამარ ჯაყელმა, „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრმა.

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყო ბათუმელი თეონა დიასამიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ბრძოლას აზრი აქვს და სწორედ მსგავსი ბრძოლის შედეგად მოხერხდა ბათუმის ბულვარისა და „რვაფეხას“ გადარჩენა. თეონა აქციაზე შვილებთან ერთად მივიდა:

„მეორე შვილიც თან მახლავს, მაგრამ ის მზეს ეფიცხება, სწორედ იმიტომ, რომ არასწორი გადაწყვეტილების გამო დღეს ჩვენ ეს შენობა მზეს გვიფარავს [ბათუმის ისტორიული ფოსტის ადგილას აგებული სასტუმრო]. იმავე გადაწყვეტილებით, რასაც რივიერას პროექტი ჰქვია, ჩვენ მალე ზღვასაც ვეღარ დავინახავთ. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი. ბრძოლას აქვს აზრი, მე ჩემს შვილთან, თქვენთან, ბათუმელებთან ერთად გადავარჩინე რვაფეხა და ბულვარი და ახლა ჩვენ ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ რივიერა“.

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქციას შეუერთდა სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ წევრი.

„ქალაქში უნდა იყოს ორგანული სივრცეები, მორგებული ბათუმელებზე, პირველ რიგში, ისე იყოს გადაწყვეტილი, როგორც მიაჩნიათ სწორად ეს ბათუმელებს და არა საკრებულოში მოკალათებულ ადამიანებს, რომლებიც ყველა ბოროტებას აწერენ ხელს. რივიერა არის ერთადერთი ფანჯარა და ბოლო შანსი.  ჩვენ გვაქვს დასამტკიცებელი, რომ ამ ქალაქში ყველაფერს წყვეტენ ბათუმელები და არა ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან კერძო ინტერესებს, ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ ამ ქალაქიდან,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ევროპის მოედანზე აქციის შემდეგ აქტივისტები რივიერას შემოსაზღვრული ტერიტორიისკენ გაეშურნენ მსვლელობით.

„ვისია ეს ქალაქი?“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“

რივიერას თუნუქით შემოსაზღვრულ კედელზე აქციის მონაწილეებმა წარწერები დატოვეს, თუნუქზე „ხორუმი“ „დაუკრეს“ და ასე გააპროტესტეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აგება იგეგმება.

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“

აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“

„ისინი, ვინც აქ აშენებენ შენობებს, არ აპირებენ ამ ქალაქში ცხოვრებას. ჩვენ ვრჩებით ამ ქალაქში“ – განაცხადა სალომე ცეცხლაძემ, აქციის მონაწილემ.

აქციაზე ასევე ითქვა, რომ 9 თებერვალს რივიერას პროექტს ბათუმში მთავრობის სახლთან გააპროტესტებენ.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: