75 წელი ჰოლოკოსტის შემდეგ

27 იანვარს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნება. 1945 წლის ამ დღეს გაათავისუფლა საბჭოთა ჯარმა პოლონეთში ოსვენციმის სასიკვდილო ბანაკი ნაცისტებისგან. 1933-1945 წლებში ჰიტლერის რეჟიმმა დახოცა მილიონობით ებრაელი, ბოშა, საბჭოთა ტყვე, პოლონელი, ჰომოსექსუალი, იეჰოვას მოწმე, შავკანიანი და სხვა უმცირესობები საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის მიღმა.

ტერმინი ჰოლოკოსტი მასობრივი გენოციდის აღსანიშნავად 1910-იანი წლებიდან გამოიყენება და ლათინური ბიბლიიდანაა ნასესხები, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “ცოცხლად დაწვა”. 

საიტის Holocaust Memorial Day -ს მიხედვით წლევანდელი, 2020 წლის მთავარი თემა და სლოგანია “ერთად დგომა”.

საიტზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:

“მთავარი მესიჯი 2020 წლისთვის “ერთად დგომაა”. ის ეხება იმის გააზრებას, თუ როგორ ცდილობენ მთელი ისტორიის მანძილზე გენოციდური რეჟიმები გარკვეული ჯგუფების მარგინალიზებით ადამიანების გატეხვას. ეს კი ნამდვილი გამოწვევაა ხალხისთვის, რომლებიც ერთად უნდა იდგნენ და ხმა აიმაღლონ ჩაგვრის წინააღმდეგ.

ჰოლოკოსტის მომდევნო წლებშიც ნაცისტური პოლიტიკა და პროპაგანდა მიზანმიმართულად აწყობდა განხეთქილებას გერმანულ საზოგადოებაში; დაჟინებით მოითხოვდნენ “არიული” გერმანელებისგან, რომ შორს დაეჭირათ თავი ებრაელი მეზობლებისგან. ჰოლოკოსტმა, ნაცისტების მიერ ხალხთა კონკრეტული ჯგუფების დევნამ და შემდგომში გენოციდმა, რიგითი მოსახლეობა წააქეზა, რათა მათაც უარი ეთქვათ თავიანთ არაგერმანელ მეზობლებთან ურთიერთობაზე.

დღეს დიდი ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოში იზრდება განხეთქილება სხვადასხვა ჯგუფებს შორის. როგორც არასდროს, ახლა გვჭირდება დავდგეთ ერთად და დავასრულოთ  ხალხთა შორის იდენტობაზე დაფუძნებული მტრობა. ყველას შეგვიძლია სხვათა მხარდაჭერა მრავალგვარი ქმედებით, იქნება ეს ჩვენი ხმების გამოყენება, მონაწილეობა თუ ის სცენა, რომლიდანაც ხალხს ვესაუბრებით.”

თბილისის საკრებულოს საიტის ცნობით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობიექტი გაიხსნება. ინიციატივა თბილისის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორსაც შეხვდა. მხარეები ამ მხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მთავარი ფოტო: GETTY IMAGES

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი