მთავარი,სიახლეები

ნინო ინაიშვილი: ბულვარში გეგმავენ სასტუმროს და არა ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას

25.01.2020 • 2896
ნინო ინაიშვილი: ბულვარში გეგმავენ სასტუმროს და არა ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას

„ბალნეოლოგიური ცენტრი“, რომელსაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში აშენებს, მომავალში შესაძლოა სასტუმროდ იქცეს. ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ კომპანია სწორედ სასტუმროს ნომრების შექმნაზეა ორიენტირებული და ნებართვა სამკურნალო დაწესებულებისთვის  მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ ასე მისი მიღება გაუადვილდებოდა. ბულვარში სასტუმროს მშენებლობა კანონით დაუშვებელია. რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიამ აჭარის კმდ-ს ძეგლების საბჭოს, როცა პროექტის სიმაღლის 15-სართულამდე გაზრდა მოითხოვა? – ამ თემაზე საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს ვკითხეთ.

  • ქალბატონო ნინო, კომპანია ამტკიცებს, რომ აშენებს ბალნეოლოგიურ ცენტრს. თქვენ ამბობთ, რომ ბულვარში სურთ სასტუმროს აშენება. თქვენ, როგორც საბჭოს წევრს, რა ინფორმაცია გაქვთ?

ეჭვიც არ მეპარება, რომ სასტუმროს აშენება სურთ, რაც არც დაუმალავთ (ეს ცხადზე ცხადია, ამას ვერ დამალავ), კომპანიის მხრიდან საუბარი იყო ნომრებზე, აპარტამენტებზე. მხოლოდ იმით დაგვამშვიდეს, რომ აპარტამენტებს ბინებად არ გაყიდიან (ყოველ შემთხვევაში, დღეს ამას აცხადებენ). სასტუმროს გამო უნდათ 15–სართულიანი შენობა და იგონებენ რაღაცეებს (მაგალითად, შადრევნიანი ნაგებობა ან გოგირდოვანი წყლები, რაც სრული აბსურდია ამ გეოლოგიურ გარემოში) ამ ყველაფრით უნდათ შეფუთონ სასტუმროს იდეა, რომ როგორმე მიიღონ ნებართვა. ჩემთვის სწორედ ეს არის საგანგაშო – სასტუმროს მშენებლობა ისტორიული ბულვარის საზღვრებში, როგორი გენიალური არქიტექტურაც არ უნდა შემოგვთავაზონ. ეს ქანდაკების დადგმა ხომ არ არის, სასტუმროს სხვა ინფრასტრუქტურა სჭირდება, მაგალითად პარკინგი. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრებს ემსჯელათ არა შემოთავაზებული პროექტის არქიტექტურულ იერ–სახეზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ ადგილას (ბულვარის ცენტრალურ ნაწილში) სასტუმროს წამოჭიმვა.  ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრთა თითქმის  უმრავლესობა იწონებდა პროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის და მისი ღირებულებების დაცვის ელემენტარულ პრინციპებს.

ამ ადგილას სასტუმროს მშენებლობის პროექტი 3–4 წლის წინაც იყო შემოსული საბჭოზე. მაშინ რა მოხდა?

მაშინ უცხოელი მეპატრონე ჰყავდა, მაგრამ რადგან ვერ მიიღო თანხმობა, როგორც ჩანს, გაყიდა და ახლა სხვა მეპატრონე ჰყავს. ბოლო პროექტი, რომელსაც საბჭომ მხარი დაუჭირა ითვალისწინებდა არა სასტუმროს, არამედ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის (4–სართულიანი) აგებას საცურაო აუზებით და სხვა  გამაჯანსაღებელი სერვისებით, რაც ბულვარში ტრადიციულად არსებობდა და ჩვენ ამ პროექტს მხარი დავუჭირეთ.

მაგრამ ბულვარის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ცუდი პრეცენდენტიც ხომ გვაქვს – მერიდიენს ვგულისხმობ. სახელმწიფომ ბულვარის ცენტრალური შესასვლელის ის ნაწილი (ყოფილი ტექნოლოგიურის ტერიტორია) სადაც მერიდიენია განლაგებული, ბულვარის საზღვრებიდან ამოიღო და გასცა მშენებლობის ნებართვა. ახლა ამბასადორმა მოინდომა სასტუმროს მშენებლობა, მერე სხვებიც იტყვიან, ჩვენ ვისზე ნაკლები ვართო და ასე გაგრძელდება, ვიდრე ბულვარიდან აღარაფერი არ დარჩება. ეს ყველაფერი სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია. არ შეიძლება ასეთი პრეცენდენტების დაშვება.

  • როგორ გაგრძელებას ელოდებით?

კომპანია გამოიყენებს თავის გავლენებს და დაიწყებს ამ საქმის მოგვარებას უფრო ზემოთ, ცენტრალურ ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, მერიდიენის მაგალითს მიბაძავს და ეროვნულ სააგენტოს მოსთხოვს ამ ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან სწორი იყო თორნიკე რიჟვაძის [აჭარის მთავრობის თავმჯდომარე] პოზიცია, როცა თქვა – უნდა აშენდეს უკვე შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. ვნახოთ, თუ შეძლებს ამ პოზიციის ბოლომდე დაცვას. ასევე, ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯი იყო აჭარის მთავრობის მხრიდან ბულვარის განვითარების კონცეფციაზე  და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც გამოიყო თანხები სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა. დიდი იმედი მაქვს, რომ როცა გვექნება (2020–ის სექტემბრისთვის) ბულვარის განვითარების დოკუმენტი (ხედვა იმისა, თუ რა არის დასაცავი ღირებულება და როგორ შეიძლება მისი განვითარება), ბულვარში მსგავსი სამშენებლო პროექტების გამო ვნებათაღელვა აღარ მოგვიწევს. თუმცა ბათუმლებს, ვისთვისაც ძვირფასია ბულვარი, როგორც ბათუმის იდენტობის გამოხატულება, მოვუწოდებ, რომ ძალიან ფხიზლად ვიყოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: