ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ შეწყვიტა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სამინისტრომ

28.12.2019 • 2530
რატომ შეწყვიტა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სამინისტრომ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა ამჯერად 1 980 000 ლარითაა შემცირებული და 39 488 000 ლარია.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს შეწყდება. შესაბამისად, ახალი სატენდერო პროცედურების გამო მშენებლობის დაწყება დროში გაიწელება. თუმცა, ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 თვეში. წინა ტენდერში კი დასრულების ვადად არაუგვიანეს 18 თვე იყო მითითებული.

ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ 320 ათას ერთ ლარზე 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა.

ტენდერის შეწყვეტამდე, სამინისტროს სატენდერო კომისიამ, ტენდერში მონაწილე კომპანიისაგან წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის „სრულყოფილად განხილვა“ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში „ვერ მოახერხა ამ დოკუმენტაციის მოცულობის გამო“.

შესაბამისად, კომისიამ, განხილვის ვადა 2019 წლის 24 დეკემბრის ოქმით, 2 დღით გაახანგრძლივა. 2019 წლის 26 დეკემბერს კი, ტენდერი შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი მეორე დღესვე, 27 დეკემბერს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: