განათლება,მთავარი,სიახლეები

აშშ საქართველოში 7-მილიონიან საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

25.01.2020
აშშ საქართველოში 7-მილიონიან საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში  7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. მხარეებმა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები უკვე განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, USAID-ი 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს.  პროექტი [Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT] გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, ამ პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ [ETA] პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია, რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო  ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ პროექტი საქართველოში  მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: