ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ აჭიანურებს სამინისტრო ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას

27.09.2019 • 2118
რატომ აჭიანურებს სამინისტრო ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

„კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. მიუხედავად ამისა, სამინისტროში დღეს, 27 სექტემბერს, გვითხრეს, რომ საბოლოო პროექტი კვლავ არ აქვთ.

პროცესის გაჭიანურების გამო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აქციის გამართვასაც აპირებენ. ორგანიზატორებმა აქცია 29 სექტემბრისთვის იმ ადგილზე დაგეგმეს, სადაც მთავრობამ სახლების ასაშენებლად ტერიტორია მოასწორა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობისგან მიღებული დაპირებების მიხედვით, აქ მშენებლობა დაწყებული უნდა ყოფილიყო.

„ტენდერში გამარჯვებულ საპროექტო კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია და არის პირობა, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტს კომპანია უახლოეს დღეებში მოგვაწვდის. გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც სამინისტრო გეგმავს პროექტის პრეზენტაციას,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობაც გეგმავდა, რის შესახებაც მთავრობის პრესსამსახეურში თითქმის ორი თვის წინ, პირველ აგვისტოს გვითხრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსების არარსებობს გამო აჭარის მთავრობა პროექტის ჩაბარებას ხელოვნურად აჭიანურებს, თუმცა, აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული.

„ეს თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში რჩება. რაც შეეხება 2020 წელს, მუშა პროექტით, მომავალი წლის ბიუჯეტში მშენებლობისთვის 12 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი,“ – გვითხრეს სამინისტროში.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამით კი, 2020 წლისთვის ოცნების ქალაქში ბინათმშენებლობის დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარია გაწერილი. ამ პროგრამის მიხედვით „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისთვის ჯამში 48 750 000 ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. პროგრამა 2022 წლის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

აღნიშნული პროგრამით, 2019 წელს ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაწყებული უნდა იყოს. დაიწყება თუ არა მშენებლობა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის ჩაიბარებს საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როდის გამოაცხადებს ტენდერს მშენებლობაზე და რა შედეგით დასრულდება ტენდერი. ამ ყველაფრისთვის კი 3 თვეა დარჩენილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, ხელშეკრულება, 2019 წლის 25 მარტს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო]. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად.

პირველი ორი ეტაპის დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მესამე ეტაპი გულისხმობს კომპანიის მხრიდან „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის  სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენას“.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, კომპანიისთვის ჯერ თანხა გადახდილი არ არის. სატენდერო პირობის მიხედვით „ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ხოლო ავანსის შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“.

ამავე პორტალის მიხედვით, ხელშეკრულებაში ვადებთან დაკავშირებით ცვლილებები შეტანილი არ არის. მეტიც, პორტალზე ატვირთული ხელშეკრულება 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით იყო ძალაში, ანუ მას ვადა ისე გაუვიდა, რომ სამინისტროს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ ჩაუბარებია.

„ბათუმელებმა“ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ დაკავშირებაც სცადა, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

___________________________

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი და ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს – ფოტოკოლაჟი

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: