მთავარი,სიახლეები

რატომ გადაწყვიტა ბათუმელმა მომღერალმა “თურქეთის ხმის” კონკურსში მონაწილეობა

25.01.2020 • 3638
რატომ გადაწყვიტა ბათუმელმა მომღერალმა “თურქეთის ხმის” კონკურსში მონაწილეობა

ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმაში“ O Ses Türkiye-ს  მონაწილეა. მომღერალმა რთული შესარჩევი კასტინგი გაიარა და ოთხი სკამის კონკურსზე  ჟიურის ოთხივე წევრის  შემოტრიალება შეძლო.

„გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს,“ – ასე უპასუხა თათიამ წამყვანის კითხვას, თუ ვის გუნდში სურდა მოხვედრა.

„ბათუმელები“ თათიას სტამბოლში დაუკავშირდა და კონკურსის შესახებ ჰკითხა.

„ბათუმში დავიბადე, ბათუმელი ვარ. ჩემი კარიერაც, როგორც მომღერლის ბათუმში დაიწყო. თუმცა საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც თბილისში გადავედით საცხოვრებლად. დავამთავრე კონსერვატორია, საესტრადო ვოკალის განხრით. მონაწილეობა მაქვს მიღებული ქართულ „იქს ფაქტორში“. შემდეგ იყო უკრაინული „იქს ფაქტორი“, სადაც საკმაოდ წარმატებულად გამოვედი – ლაივის ეტაპზე გადავედი, სადაც უკვე მაყურებელი სმს-ებით წყვეტდა თითოეული კონკურსანტის ბედს. პირველ შოუში კარგი შედეგი მქონდა, მეორე ლაივზე კი უკვე ხმები არ მეყო და პროექტი დავტოვე,“ – იხსენებს თათია.

თათიას უკრაინული პროექტის შემდეგ სურდა ბრიტანულ ნიჭიერში მიეღო მონაწილეობა, საბუთებიც შეაგროვა, კასტინგზე დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ საელჩომ ვიზა არ მისცა, ბრიტანეთში გამგზავრება ვერ შეძლო.

„ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. მე იმდენი საშუალება არ მქონდა, რომ ჩემი გამგზავრება დამოუკიდებლად დამეფინანსებინა. თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს დიზაინერი გია კანდელაკი, ჩემი მეგობარია და ის მეხმარებოდა ფინანსურად. როდესაც ბრიტანეთში ვერ წავედი, მითხრა, მოდი თურქულ შოუში მიიღე მონაწილეობაო. „O Ses Türkiye – თურქეთის ხმა“ არის ძალიან ცნობილი კონკურსი თურქეთში. ვინაიდან მე თურქული ენა არ ვიცოდი, აპლიკაცია გიამ შემივსო.

საქართველოში ვიყავი, როცა გიამ დამირეკა და მითხრა, ხვალ უნდა ჩამოხვიდე, მოსმენა გაქვს შოუშიო. რამდენიმე ეტაპიანი მოსმენა გავიარე და საბოლოოდ შოუში მოვხვდი,“ – იხსენებს თათია კობალაძე.

თათია პირველ საეთერო შოუში საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. მისი სიმღერის დროს, ჟიურის ოთხივე წევრმა დააჭირა წითელ ღილაკს ხელი და თათიას ამ გზით შანსი გაუჩნდა, თავად აერჩია, რომელი მენტორის გუნდში სურდა კონკურსის გაგრძელება.

„მე ავირჩიე ბეიაზ ოზთურქი. ვიცოდი, რომ მამა ქართველი ჰყავდა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა მისი არჩევა. როდესაც მისი სახელი ვთქვი, ბეიაზი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა – „იცი მე ქართველი მამა მყავდაო“. ვიცი-მეთქი. თვითონაც ძალიან გაუხარდა რომ ავირჩიე,“ – ამბობს თათია.

თათიას თქმით, იმის გამო, რომ თურქული არ იცის, ხანდახან კომიკური სიტუაცია იქმნება, თუმცა ფიქრობს, რომ მთავარი, მუსიკის ენა ესმის, რომელიც ყველასთვის გასაგებია.

„ენა რომ არ ვიცი ცალკე კომედიაა. ვაპირებ, თურქული სიმღერა ვიმღერო და ყველას ძალიან უკვირს, როგორ იმღერებო. თუმცა არც ინგლისური ვიცი კარგად, მაგრამ ვმღერი ინგლისურ სიმღერებს. ენა რომ  არ ვიცი, ხშირად სასაცილო სიტუაცია იქმნება. როცა ჟიურის წევრები გველაპარაკებიან, ველი ჩემს გვერდით მდგარი სხვა კონკურსანტები ტაშს როდის დაუკრავენ. თუ დაუკრეს სხვებმა ტაში, მაგ შემთხვევაში ვუკრავ მეც. ახლა მეორე ტურზე, ჩემი მენტორი, ბეიაზ ოზთურქი რაღაცას მეუბნებოდა, გაიგე რას გეუბნებიო? მე გავუქნიე თავი, ვერა-მეთქი. გაიცინა და მითხრა: „შენი ბედი ჩემს ხელშია, შენ კიდევ არაფერი გესმის ჩემიო. არ ხარ ამ სამყაროშიო“.

თათიას თქმით, ვინაიდან კონკურსი მიმდინარეობს, არ აქვს უფლება მომდევნო ეტაპების დეტალები მოყვეს. იმედოვნებს, რომ მისი შრომა დაფასდება და O Ses Türkiye-ის ფინალში მოხვდება.

„საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. არ მეგონა თურქები ასე კარგად თუ მღეროდნენ და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად მღერიან. რა შანსი მაქვს გამარჯვების? არ ვიცი. ალბათ იმით გამოვირჩევი სხვა კონკურსანტებისგან, რომ ემოციურად გადმოვცემ და ამ ემოციურობამ გავლენა იქონია ჩემს გამოსვლაზე.

ამას გარდა, თვითონ ამ კონკურსში მონაწილეობა, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება პროდიუსერებმა შეგამჩნიონ და დაინტერესდნენ. შოუს დაწყების წინ კონტრაქტზე ხელი  მოგვაწერინეს, სადაც წერია, რომ მოგების გარეშეც შეიძლება ტელევიზიამ ჩაგიწეროს ალბომი, თუკი მიხვალ ლაივებამდე,“ –  ამბობს თათია.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია კარიერის განვითარება სხვადასხვა კონკურსის გზით, თათია ამბობს, რომ ეს არის შანსი მომღერალი გაიზარდოს:

„უკრაინის იქს ფაქტორიდან დღემდე ძალიან გავიზარდე. სხვაგვარად ვდგავარ უკვე სცენაზე და ვმღერი. მეორეც, საქართველოში თუ კონკურსებში არ მიიღე მონაწილეობა, სხვა რა უნდა ქნა? თუმცა ისიცაა, საქართველოში კონკურსში ვინც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომც მოიგოს, საბოლოო ჯამში მაინც რესტორანი არის ბოლო ყველა მომღერლის. ამ მხრივ თურქეთის ბაზარი უფრო სხვა განზომილებაა. მეტი შესაძლებლობები გაქვს, შემოთავაზება მოდის ძალიან ბევრი, კონტრაქტებს გიდებენ და  წარმატების შანსი აქ უფრო მეტია. შეიძლება კონკრეტულ პროექტში ვერ  გაიმარჯვო, მაგრამ ზუსტად ამ პროექტით შეგამჩნიოს საპროდიუსერო კომპანიამ და ახალი შანსი გაგიჩნდეს ცხოვრებაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: