ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 38,7 მილიონ ლარად სთავაზობენ

27.01.2020 • 3836
ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 38,7 მილიონ ლარად სთავაზობენ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 27 იანვარს, დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს.

ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და ამ დროისთვის მხოლოდ ის პრეტენდენტია ცნობილი, რომელიც მშენებლობას სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც გამოვლინდება გამარჯვებული, ან, თუ სატენდერო კომისია დაბალი შეთავაზების მქონე მონაწილეს დისკვალიფიკაციას მისცემს.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 თვეში უნდა განხორციელდეს.

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული თავდაპირველი ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა კი 1 980 000 ლარით შემცირდა და 39 488 000 ლარი იყო.

მიმდინარე ტენდერის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივის. შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ „საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევადაც ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარი იყო, თუმცა, მშენებლობაზე პირველად გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტის გამო, სამინისტრომ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ეს ტენდერიც შეწყვიტა.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ 320 ათას ერთ ლარზე 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა.

ტენდერის შეწყვეტამდე, სამინისტროს სატენდერო კომისიამ, ტენდერში მონაწილე კომპანიისაგან წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის „სრულყოფილად განხილვა“ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში „ვერ მოახერხა ამ დოკუმენტაციის მოცულობის გამო“.

შესაბამისად, კომისიამ განხილვის ვადა, 2019 წლის 24 დეკემბრის ოქმით, 2 დღით გაახანგრძლივა. 2019 წლის 26 დეკემბერს კი, ტენდერი შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი მეორე დღესვე, 27 დეკემბერს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: