მთავარი,სიახლეები

„ქუჩები თითქმის ცარიელია“ – ინტერვიუ ჩინეთში მცხოვრებ ქართველთან

27.01.2020 • 3314
„ქუჩები თითქმის ცარიელია“ – ინტერვიუ ჩინეთში მცხოვრებ ქართველთან

27 იანვრის მონაცემებით 80 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის 5-მილიონიან ქალაქ ანიანგში, ჰენანის პროვინციაში. ამ ქალაქში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, ირმა დიმიტრაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

  • ირმა, რა ხდება ქალაქში, სადაც შენ იმყოფები, იგრძნობა თუ არა კორონავირუსის შიში?

ქალაქში რომ ვირუსის შემთხვევები იყო, 26 იანვარს, დილას გამოაცხადეს და პანიკის მსგავსი სიტუაცია შეიქმნა. ხალხი მიაწყდა სუპერმარკეტებს, გაიტანეს ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტები, სარეცხი საშუალებები, თაროები დაცარიელდა.

პირველი ადამიანი ქალაქში, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, 17 იანვარს ჩამოვიდა ჰუბეის პროვინციიდან, საიდანაც გავრცელდა ვირუსი. 20 იანვარს მას სიცხემ აუწია, 22 იანვარს მივიდა ექიმთან და არ დადასტურდა ვირუსი, თუმცა 24 იანვარს, განმეორებითი შემოწმების შემდეგ, ვირუსი დადასტურდა და 26 იანვარს აცნობეს  მოსახლეობას ამის შესახებ. უკვე დღეს, 27 იანვარს, ჩვენს ქალაქში ვირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი აღმოაჩნდა 10 იანვარს ჩამოსული გოგოს მამას და მამიდებს, თავად ეს გოგო აღმოჩნდა ვირუსის მატარებელი, სიმპტომები მას არ აღენიშნებოდა.

ირმა დიმიტრაძე

ახლა ქალაქში ხალხი ცდილობს გარეთ  არ გავიდეს. ამჟამად ისედაც საახალწლო არდადეგებია ჩინეთში და სკოლები და ბაღები არ მუშაობს. ეს არდადეგები, ჯერჯერობით, 2 დღით – 3 თებერვლამდე გაახანგრძლივეს, ვფიქრობ, კვლავ გადაიდება. კერძო სკოლები აპირებენ მოსწავლეებს გაკვეთილები მიაწოდონ ონლაინსისტემით, რაც ჩინეთში აპრობირებული მეთოდია. თუ ადრე ონლაინპლატფორმები ითხოვდნენ ფულს ამისთვის, ახლა განაცხადეს, რომ კერძოს სკოლებს ამ პერიოდში უფასოდ შეუძლიათ გამოიყენონ მათი პლატფორმა.

ყველა წერს ერთმანეთს: არ გახვიდეთ გარეთ, თავი შეიკავეთ ერთმანეთთან მიმოსვლისგან და ა.შ. ჩაიკეტა სამეზობლოები, აქ დიდი სამეზობლოებია, მაგალითად, 15 კორპუსი დგას ერთად, რომლებსაც ერთი ეზო აქვთ და ჭიშკრები. ჩვენთან 6 ჭიშკარია ჩაკეტილი და მხოლოდ ერთია ღია.

სუპერმარკეტში ვერ შეხვალ, თუ პირბადე არ გიკეთია. გუშინ, დილით, მეგობართან ერთად ადრე გავედი საყიდლებზე და ვნახეთ კაცი, რომელიც სუპერმარკეტთან იდგა და ამბობდა, რომ არ შეუშვეს, რადგან პირბადე არ ჰქონდა.

გუშინ აფთიაქში უკვე აღარ იყო პირბადეები, არც სპირტი. დღეს არ გავსულვარ, მაგრამ უკვე წერენ, რომ ეს პირველი დღის პანიკის ეფექტი იყო და დღეს უკეთესი სიტუაციაა. ზოგმა პროვინციამ გამოაცხადა, რომ ერთ ადამიანზე პირადობის მოწმობით გაყიდიან 10 პირბადეს, რადგან შეიქმნა კრიზისი და ქარხნები ვერ ასწრებენ მარაგის შევსებას, მით უმეტეს, რომ ახლა ისვენებენ ქარხნებიც.

ზოგადად, ჩინეთში პირბადეს  ძალიან ხშირად იყენებენ. მოქალაქეები ხშირად დადიან პირბადით, რადგან სუფთა ჰაერი არ არის ქალაქებში. ბევრს ჰქონდა სახლში მარაგი. მე, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ვირუსის შესახებ გამოაცხადეს, არ მიყიდია, ახლა დაახლოებით 100-150 პირბადე მაქვს სახლში.

  • ქალაქში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები?  

ავტობუსები მუშაობს, მაგრამ ქალაქებთან და პროვინციებთან დამაკავშირებელი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ჩინეთში ახლა ცდილობენ შეზღუდონ გადაადგილება ქალაქიდან ქალაქში. ტრანსპორტი ქალაქში მოძრაობს, მაგრამ ხალხი არ გადაადგილდება, ქუჩები თითქმის ცარიელია. დღეს ვიყავი ჩასული პარკინგზე, ნაგვის გადასაყრელად. ნაგვის ურნა ყოველთვის სავსეა, დღეს კი სულ ცარიელი იყო, პარკინგზეც კი არ ჩასულა ხალხი. დახურულია კინოთეატრებიც, თუმცა სუპერმარკეტები მუშაობს.

ასე გამოიყურება ქალაქი, სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ფოტო: ირმა დიმიტრაძე

ფოტო: ირმა დიმიტრაძე

  • მას შემდეგ, რაც თქვენს ქალაქში დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევა, გავრცელდა თუ არა დამატებითი რეკომენდაციები ხელისუფლების მხრიდან?

ითქვა, რომ სწავლა უნივერსიტეტებში, სკოლებსა და ბაღებში გადაიდო. ადგილობრივი მმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს. მაგალითად, მე სადაც ვცხოვრობ, ამ სამეზობლოს მართავს კომპანია, რომელსაც ეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენი 15 შენობა, არამედ სხვა სამეზობლოებიც. ეს კომპანია არის ვალდებული მოგვწეროს, გაგვაფრთხილოს, თუ ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ჰუბეიდან. მაგალითად, დღეს მოგვწერა კომპანიამ, რომ ერთ-ერთ სამეზობლოში ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც იმოგზაურა ჰუბეიში და დაბრუნდა.

გვაფრთხილებენ, თუ კი გვექნება რაიმე სიმპტომები, მივმართოთ ექიმს, პირველ რიგში, თუ შევხვდით ადამიანს, რომელმაც იმოგზაურა ჰუბეიში, ან კიდევ ადამიანს, რომელსაც შეხება ჰქონდა ჰუბეიდან ჩამოსულთან, აუცილებლად მივიდეთ და გავესინჯოთ ექიმს.

  • ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსის სიმპტომები აქვს, კლინიკაში მიდის, თუ ადგილზე მოდის ექიმი?

უნდა მიხვიდე ემერჯენსში, სადაც აიღებენ ანალიზებს და გეტყვიან, გაქვს თუ არა ვირუსი. ჩვენს ქალაქში სპეციალურ რეჟიმზე ჰოსპიტალი არ გადართულა, ემერჯენსი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ჩვენ ახლოს მდებარე ქალაქში, სადაც ვირუსი უფრო გავრცელებულია და პაციენტების რაოდენობა ბევრია, ჩინეთის ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ექიმს ელოდებოდნენ 10 საათის განმავლობაში საავადმყოფოს გარეთ, რადგან საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ბევრი ადამიანი იყო, გაჩერება გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავდა.

სოციალურ მედიაში ექიმები და მოხალისეები ცდილობენ მობილიზაცია მოახდინონ და წავიდნენ იმ ზონაში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, რადგან იქ ექიმებს ჰყავთ ძალიან ბევრი პაციენტი და მედპერსონალი აღარ არის საკმარისი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი ძალის იქეთ გადასროლაც არ არის სწორი, რადგან თუ ვირუსი აქტიურად გავრცელდება, სხვა პროვნციებსაც დასჭირდება მედპერსონალი. ამ ეტაპზე ჰუბეის პროვინციაში დამატებით სამხედრო ექიმები არიან გადაყვანილი.

ასევე, ითქვა, რომ კარანტინის ზონაში ვირუსი გადაედო ექთნებს და სამედიცინო პერსონალს, ზოგიერთი მათგანი, რომელთაც მსუბუქი ფორმით აღენიშნებოდათ ვირუსი, გაუშვეს სახლში.

ვინც სახლში ვართ, ყველა ვითვლით დღეებს, როდის ვიყავით ბოლოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. მე, მაგალითად, ბოლოს ვიყავი 24 იანვარს პირბადის გარეშე სუპერმარკეტში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, იქედან უნდა გადავითვალო 14 დღე. 4 დღე გავიდა, არ მაქვს სიმპტომები, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდე, არ უნდა გავიდე გარეთ. თუ, მაგალითად, მაქვს ვირუსი, შეიძლება გავხდე გამავრცელებელი. გუშინ დაადასტურა ჩინეთის მთავრობამ, რომ სიმპტომების გარეშეც ვრცელდება ვირუსი და ამიტომაც გავრცელდა ასე სწრაფად. უნდა დავითვალო ეს 14 დღე და თუ კი არანაირი სიმპტომი არ მექნება, ჩავთვლი, რომ არ მაქვს ვირუსი.

„სამეზობლოს“ ჩაკეტილი ჭიშკარი. ირმა დიმიტრაძის ფოტო

  • რა ინფორმაცია ვრცელდება მედიით?

ჩინური მედია ყოველ დილას იწყებს სტატისტიკის გამოცხადებით. დილით  რომ ვიღვიძებთ, პირველ რიგში, ვუყურებთ სტატისტიკას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 56, დღეს უკვე გვაცნობეს, რომ გარდაცვლილია 80 ადამიანი. დაავადებულების რაოდენობა იზრდება ყოველ მომდევნო დღეს, თითქმის ორჯერ მეტით, ვიდრე წინა დღეს. მედია ინტენსიურად აფრთხილებს ხალხს, არ გავიდნენ გარეთ, აფრთხილებს უსაფრთხოების ზომების შესახებ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, ხელები როგორ უნდა დავიბანოთ, გავანიავოთ სახლი დ ა.შ.

  • კარანტინის ზონიდან თუ აშუქებს ჩინური მედია ინფორმაციას?

ამ ქალაქებთან კონტაქტი არის. სოციალური მედიის ერაში ინფორმაციას ვერ დამალავ. კარანტინის ზონაში მოქალაქეები წერენ ვიდეობლოგებს, რომლებიც აღწერს სიტუაციას, გუშინ, ასევე, კარანტინის ზონაში იყო შესული BBC, მიუხედავად იმისა, რომ გააფრთხილეს, თუ შევიდოდნენ, ვეღარ გამოვიდოდნენ, მაინც შევიდნენ. რაც ვნახე ვიდეობლოგებში, მაღაზიები კარანტინის ზონაში მუშაობს ნაწილობრივ, გამოკრულია განცხადებები, რომ არ შეგიშვებენ, თუ პირბადე არ გიკეთია, კარანტინის ზონაში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქალაქეები, მოხალისეები თავიანთი მანქანებით ეხმარებიან პაციენტებს საავადმყოფომდე მისვლაში და საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებაში, თუმცა პაციენტების რაოდენობა ძალიან დიდია და კლინიკებს მათი მიღება უჭირთ. კლინიკებში ცდილობენ მართონ სიმპტომები, რომ პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესდეს.

ვნახე, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ვირუსისგან განკურნების შემთხვევაზე, მაგრამ ოფიციალური პრესკონფერენცია, ბრიფინგი ან განცხადება ამის თაობაზე არ ყოფილა მთავრობის მხრიდან.

ასევე, ქართულ მედიასაშუალებებში ვნახე ინფორმაცია, რომ შუქი არ არის კარანტინის ზონაში. საქმე რაშია, უხანი [ჰუბეის პროვინციის ცენტრი] 10-მილიონიანი ქალაქია, მას აკრავს პატარა სოფლები, პატარა- პირობითად, სინამდვილეში ეს ძალიან დიდი დასახლებებია, შესაძლოა იყოს სადღაც ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები, მაგრამ მასიურად ეს არ ხდება. ამის გადამოწმება შესაძლებელია, მსოფლიო მედიაც აშუქებს ამას.

  • გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ასახულია პანიკური ვითარება, თითქოს ხალხი ეცემა ქუჩაში, ეს რამდენად შეესაბამება არსებულ რეალობას?

ეს ვიდეოკადრები იყო ჰუბეის პროვინციიდან, ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში, როცა ხალხი დაპანიკდა და საავადმყოფოებს მიაწყდა. ნამდვილად ვირუსის გამო წაიქცნენ, თუ ეს იყო შიში გამო, არავინ იცის, მაგრამ კორონავირუსი არ მუშაობს ისე, რომ უცებ შეგეყაროს და წაიქცე. ვირუსის საინკუბაციო პერიოდია 1-დან 14 დღემდე, ანუ 14 დღის განმავლობაში შესაძლოა საერთოდ ვერ მიხვდე რომ გაქვს ვირუსი, შეიძლება ვიღაცას 2 დღეში გამოუვლინდეს. გამოვლენა იწყება ჩვეულებრივი გრიპისა და გაციების სიმტომებით, სურდო, მაღალი ტემპერატურა, ისე, რომ პირდაპირ ქუჩაში დაცემა გამოიწვიოს – არარეალურია.

  • შენ როგორ ცხოვრობ ასეთ სიტუაციაში, როცა სახლიდან არ გადიხარ? გაქვს საჭირო პროდუქტის მარაგი? 

ჩინეთში ძალიან ხშირად ვაჭრობენ ონლაინ, მაღაზიაში გასვლის გარეშე, თუმცა „ტაობაოს“, ონლაინვაჭრობის სისტემის მაღაზიების უმრავლესობა დაიხურა საახალწლო არდადეგების გამო, ეს წინასწარ იყო ცნობილი და მოსახლეობამ მოიმარაგა პროდუქტი. ზოგადად, ჩინელებს ახასიათებთ პროდუქტის და საჭირო ნივთების მომარაგება. რადგან იცოდნენ, რომ „ტაობაოდან” შეძენილი ნივთების მიწოდება პირველ თებერვლამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, ყველამ მოიმარაგა საჭირო პროდუქტები. ორი კვირის მარაგი მაქვს მეც, მერე რა იქნება, არ ვიცი, ჯერ სუპერმარკეტები მუშაობს და იმედი მაქვს, იმუშავებს.

  • ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ეკონტაქტება თუ არა საქართველოს საელჩო, შენ რა ინფორმაცია გაქვს?

აქ არ არის პანიკური სიტუაცია და ალბათ, არც საჭიროებაა კონტაქტის. სამხრეთში მყავს ნაცნობი ქართველი გოგო, რომელსაც მივწერე და არავინ შეხმიანებია მას, ისევე როგორც მე. მხოლოდ ორის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. არ ვიცი, ჰუბეიში და კარანტინის ზონაში მცხოვრებ ქართველებს თუ შეეხმიანენ. როდესაც კარანტინის ზონა ცხადდებოდა, დაურეკეს უცხოელებს და უთხრეს, ქალაქი იკეტება და ვინც აპირებთ გასვლას, გადითო. ოღონდ უნდა დაეტოვებინათ პროვინცია შემოწმების საფუძველზე. აშშ-მ წაიყვანა თავისი მოქალაქეები, ბევრმა სხვა ქვეყანამაც, ქართველების შესახებ არაფერი მსმენია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: