მთავარი,სიახლეები

საქართველოს ელჩი ჩინეთში: რთული ვითარებაა, მაგრამ საპანიკო ამ ეტაპზე არაფერია

27.01.2020 • 2385
საქართველოს ელჩი ჩინეთში: რთული ვითარებაა, მაგრამ საპანიკო ამ ეტაპზე არაფერია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში ელჩი ამბობს, რომ დღეს ბევრი „დამაიმედებელი გზავნილი“ მიიღო ჩინეთის ხელისუფლებიდან იმის შესახებ, რომ ინფიცირებულების რაოდენობა მალე დასტაბილურდება. თუმცა, ამავე დროს, იგი მიმართვაშივე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პიკს თებერვალში ელიან.

„მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს ქალაქ უხანში. მე დღეს მქონდა საუბარი ქალაქ უხანის მუნიციპალიტეტთან და ასევე ჩინეთის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩინური მხრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში არ შეიქმნება არც მედიკამენტების, არც საკვების, არც სასმელი წყლის ან რაიმე სახის დეფიციტი. უხანის მუნიციპალიტეტში გახსნილია შესაბამისი ცხელი ხაზები და ცხადია, ამ ნომრებს მივაწვდით ჩვენს თანამემამულეებს პირად მიმოწერაში და ნებისმიერი პრობლემის ან გართულების შემთხვევაში ოპერატიულად იმოქმედებენ ჩინეთის შესაბამისი სტრუქტურები.

ქალაქ უხანში და მთელი ჩინეთის მასშტაბით ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს უპრეცედენტო პრევენციის ზომებს. მე დღეს ბევრი დამაიმედებელი გზავნილი მივიღე ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ძალიან დიდი იმედი აქვთ იმისი, რომ ძალიან მალე ეს ეპიდემია საბოლოოდ იქნება დამარცხებული. ამისთვის არის საჭირო დრო, სიფრთხილე და მოთმინება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კონტაქტში არიან ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

„…ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ამისთვის არის საჭირო სიფრთხილე და მოთმინება. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი ქალაქში გადაადგილების დროს, იარეთ პირბადით, თავი მოარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ძალიან ხშირად იბანეთ ხელები – ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც არის აუცილებლად შესასრულებელი.

საქართველოდან ბევრი „ფეიქნიუსი“ვრცელდება ჩინეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეწუხებული არიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები  – ეს ბუნებრივია, მაგრამ მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. საპანიკო ამ ეტაპზე არაფერი არ არის, რთული ვითარებაა, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან თებერვალში, მაგრამ ჩვენ თუ შევასრულებთ და დავიცავთ ყველა იმ მოთხოვნებს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

მე მუდმივ კონტაქტში ვარ ყველა სახელმწიფო უწყებასთან როგორც პეკინში, ასევე ქალაქ უხანში. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ თავდაჯერებულები, ამ გამოწვევას ყველანი ერთად გადავლახავთ“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.

27 იანვრის მონაცემებით, 80 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც.

ამავე თემაზე: 

„ქუჩები თითქმის ცარიელია“ – ინტერვიუ ჩინეთში მცხოვრებ ქართველთან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: