ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დავა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე – ტენდერი

20.01.2020 • 3186
დავა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე – ტენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. დავის საგანი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებული ტენდერია, სადაც მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია.

შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. კონკრეტულად:

„სატენდერო განცხადების 2.6.1 პუნქტი – მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ:
ა) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს 2017 და 2018 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად, შემდეგი პირობების დაცვით:
ბ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი აუდიტორული დასკვნა) ისეთი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომლის მიმართ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურის უფროსის ბრძანებით მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის აუდიტორული დასკვნის გაცემის უფლება.“

მომჩივანი კომპანია მოითხოვს, რომ ამ ჩანაწერს დაემატოს „მესამე კატეგორია“, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის დაცული „ჯანსაღი კონკურენცია“; „არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობის პრინციპი“; ასევე დარღვეულია კანონის მოთხოვნა, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას“.

ტენდერის სადავო ჩანაწერით, როგორც „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ აცხადებს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებს პირველი ზომითი კატეგორიის საწარმო, ვინაიდან მას მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც ჩატარებული უნდა ჰქონდეს ფირმას, რომელზედაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურის უფროსის ბრძანებით მინიჭებული აქვს მხოლოდ პირველი ან მეორე კატეგორიის აუდიტორული დასკვნის გაცემის უფლება.

[პირველი კატეგორიის საწარმო არის „სუბიექტი“, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება].

როგორ ასაბუთებს კომპანია იმას, თუ რატომ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი კანონმდებლობას? – საჩივრის მიხედვით:

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე [ხელახალი ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 27 დეკემბერს] ცვლილება შევიდა „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ 2017 წლის 12 ივლისის ბრძანებაში, სადაც ცალსახადაა მინიშნებული, რომ:

[checklist]

  • სდპ-ებისთვის [იურიდიული პირი, რომელსაც მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსი] ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა;
  • პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და პირველი ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება კი [ახალი ცვლილებით], აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

[/checklist]

სატენდერო განცხადების ზემოთ აღნიშნული ჩანაწერი „ეწინააღმდეგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შესაბამის ბრძანებებს, ამიტომ უნდა დაკორექტირდეს და დაემატოს მესამე კატეგორია“, – აღნიშნულია საჩივარში.

საჩივარი დავების საბჭოში 2020 წლის 15 იანვარს შევიდა. დავის განხილვის დროდ 20 იანვრის 17:00 საათია მითითებული.

[შენიშვნა: მოგვიანებით, დავასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც.  სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს].

ანალოგიური ჩანაწერი [მესამე კატეგორიის გარეშე] იყო თავდაპირველ ტენდერშიც, რომელიც სამინისტრომ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ეს ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა მაშინ 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: