მთავარი,სიახლეები

ექთნებს ხელფასებს უმცირებენ – მთავრობის 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი

25.01.2020 • 6655
ექთნებს ხელფასებს უმცირებენ – მთავრობის 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რასაც არაერთი პირი ადასტურებს, ახალი წლიდან ექთნებს ხელფასები შეუმცირეს. ექთნები სხვადასხვა კლინიკიდან ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შეხვდა და მიუთითა ხელფასების შემცირების მიზეზზე – „მთავრობის 520-ე დადგენილებაზე“. სწორედ ამ დადგენილებას უკავშირებენ კლინიკები შემოსავლების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო სერვისების ფასების შემცირებას უკავშირდება.

რამდენიმე კლინიკის ექთნების თქმით, მათ ადმინისტრაცია უკვე ესაუბრა და ხშირ შემთხვევაში ხელიც მოაწერინეს ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც ხელფასები დააკლდათ.

მაგალითად, ბათუმში არსებულ კლინიკა „ბაუში“ რამდენიმე ექთანთან გასაუბრების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათ მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, რომლის მიხედვითაც ხელფასი 12%-ით შეუმცირდათ.

ხელფასის შემცირებაზე გვითხრეს კლინიკა „მედინაშიც“. ამ კლინიკაში ექთნები გააფრთხილეს, რომ ახალ პირობებში მოუწევთ მუშაობა და ეს „ახალი პირობები“ ითვალისწინებს ანაზღაურების შემცირებასაც. ჯერ მათთვის უცნობია, რამდენი პროცენტით შეუცირებენ ხელფასს.

კიდევ ერთი კლინიკის – ბათუმის „ევექსის“ ექთნებისთვის, ჯერჯერობით, ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს ხელფასის შემცირებაზე და ისინი მხოლოდ ხელფასის დაგვიანებით ჩარიცხვაზე გააფრთხილეს. ამ დაწესებულების პრესცენტრში კი  ირწმუნებიან, რომ ექთნების ხელფასების შემცირება არ იგეგმება. „დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ [ექთნების] ხელფასები არ შემცირებულა, ძველ სახელფასო სარგოზე აგრძელებენ მუშაობას“, – აცხადებენ დაწესებულების პრესცენტრში.

„ბათუმელებმა“ უშუალოდ რამდენიმე კლინიკის ადმინისტრაციას ჰკითხა, რით არის გამოწვეული ექთნებისთვის ხელფასების შემცირება, მაგრამ მათ მიზეზებზე საუბარი არ სურთ.

საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“ კი ჩვენს კითხვებზე გვიპასუხეს მოკლედ და წერილობით.

„520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საშუალოდ 20 პროცენტამდე შემცირდა სამედიცინო სერვისების ფასები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ გაკოტრების მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს,  საერთაშორისო ჰოსპიტალი ბაუ იძულებულია გაატაროს გარკვეული ღონისძიებები“, – მოგვწერეს „ბაუდან“.

სამედიცინო დაწესებულება „მედინაში“ კითხვებზე პასუხისთვის ვერ მოიცალეს, ბათუმში „მედალფას“ კლინიკის ხელმძღვანელი ლევან ანთაძე კი ამბობს, რომ ეს ცვლილება ნებისმიერი კლინიკის საქმიანობაზე მოახდენს უარყოფით გავლენას და მათ შორის „მედალფაზეც“:

„ჩვენ რაც პირდაპირ შეგვეხო, ეს არის რეანიმაცია, რომლის კოდებიც შემცირდა, რაც აქამდეც არ იყო საკმარისი. ასევე შემცირდა ნევროლოგიის კოდები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, შემცირდება ხელფასები. ფინანსური წყარო როცა მცირდება, ეს მოსალოდნელია“.

ლევან ანთაძის შეფასებით, 520-ე დადგენილება რეანიმაციული განყოფილების გარდა მნიშვნელოვნად შეეხო ნევროლოგიას და კარდიოლოგიას. „როცა სასიცოცხლო ფუნქცია მოშლილი ჰქონდა ადამიანს [აპარატზე შეერთება], ბათუმში ერთი დღე-ღამე ღირდა 500 ლარი. მაშინ, როცა უფრო მეტი სჭირდებოდა, შეამცირეს და 440 ლარი გახადეს. ერთი დღის ღირებულება რომ შემცირდა, სამედიცინო კუთხით რაც გამოსაყენებელია – კვლევა, მედიკამენტი, ის ხარჯიც შემცირდება. ექიმი იძულებული იქნება, ნაკლები კვლევა ჩაატაროს და კარგხანს იფიქროს, სანამ მედიკამენტს დანიშნავს.

ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ განსაკუთრებით კარდიოლოგია შეზღუდეს… რეალურად ის დაავადებები შეამცირეს [დაფინანსება], რასაც დიდი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა. სამინისტროს, მოყოლებული 2014 წლიდან, ყოველდღიური გადახარჯვა ჰქონდა და მარტივი გზა მონახა – ფინანსურად რესურსტევადი დაავადებები [დაფინანსება] შეამცირა“.

ლევან ანთაძის ინფორმაციით, მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, რაც ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირობებში მიიღეს, კონსულტაციები სამინისტროსა და კლინიკებს შორის ჯერ კიდევ გრძელდება:

„მიდის მოლაპარაკება, რომ ეს გასწორდეს. სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები თავისას ითხოვენ, სამინისტრო    – თავისას. როგორც ვიცი, დათმობებზე აპირებენ წასვლას. იგივე რეანიმაციაში, რთული შემთხვევების ცალკე კვოტად გამოტანას აპირებენ, ცალკე დაფინანსების გამოყოფას.

როგორც ვიცი, დათმობებზე აპირებენ წასვლას კარდიოქირურგიაშიც. მნიშვნელოვანი ისაა, რომ როცა ნაკლებია დაფინანსება, ხარისხი ფუჭდება. გაჭირდება ინოვაციური ოპერაციები, რაც ტარდებოდა კარდიოქირურგიაში“.

ექთნები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფია და ზოგ შემთხვევაში, მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს. საქსტატის გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/408446/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: