მთავარი,სიახლეები

კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ – საგანგებო

27.01.2020 • 1897
კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ – საგანგებო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აჭარაშიც დაიწყო. საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც ხდება. სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს.

როგორც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, ამ დრომდე მაღალი ტემპერატურა ან ვირუსთან დაკავშირებული სხვა კლინიკური ნიშანი არც ერთ მგზავრს არ დაფიქსირებია. 

შემოსულ მგზავრებს ადგილზე ამოწმებენ სპეციალური უკონტაქტო თერმომეტრით, ასევე ხდება გასაუბრება ვირუსის სიმპტომებზე – აქვთ თუ არა რაიმე ჩივილები, მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.  “განსაკუთრებული დაკვირვება ხდება ადამიანებზე, რომლებიც შემოდიან იმ ზონიდან, სადაც არის კერა ინფექციის,” – ამბობს მინდია კახიძე.  მისივე თქმით, ასეთი მგზავრის გამოვლენის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმება გაგრძელდება მანამ, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე იქნება აქტუალური.

კორონავირუსს, რომელიც ამჟამად რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, უკვე 80 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გარდაცვლილთა გარდა, ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 2,744 შემთხვევაა დადასტურებული. ჩინეთის გარდა ვირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში, თუმცა იქ ლეტალური შემთხვევები არ ყოფილა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
  • ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
  • თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;
  • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

https://netgazeti.ge/news/420932/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: