მთავარი,სიახლეები

3 შვილი, 5 უცხო ენა და 2 სამსახური დიპლომის გარეშე – ახალგაზრდა ქალი საკუთარ გამოცდილებაზე

27.01.2020 • 7489
3 შვილი, 5 უცხო ენა და 2 სამსახური დიპლომის გარეშე – ახალგაზრდა ქალი საკუთარ გამოცდილებაზე

18 წლის დაქორწინდა, სამი შვილი გააჩინა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლა ვეღარ გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი არ აქვს, ორგან მუშაობს: ენების ონლაინშემსწავლელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებპლატფორმის სოციალური მენეჯერია და  საკუთარი ატელიე აქვს, სადაც ძირითადად საბავშვო სამოსს კერავს. იცის ინგლისური, რუსული, ბერძნული, სწავლობს ესპანურს. ამბობს, რომ ენები წიგნებით და სატელევიზიო გადაცემებით ისწავლა. რასაც სწავლობს, შვილებსაც  ასწავლის. ერთადერთი, რასაც ნანობს, არის ის, რომ გიტარაზე დაკვრას ვეღარ ასწავლის მსურველებს და კვარტეტში აღარ მღერის – დრო არ რჩება.

„უნივერსიტეტი ერთადერთი ადგილი არ არის , სადაც განათლების მიღებაა შესაძლებელი”

ია თავდიშვილი 31 წლისაა და როგორც ამბობს, უდიპლომობა მისთვის დაბრკოლებად არასდროს ქცეულა. ამას არც მის თვითშეფასებაზე უმოქმედია.

,,ნაადრევად დავქორწინდი, მაგრამ ძალიან კარგი ოჯახი მყავს, მეუღლე და სამი უსაყვარლესი შვილი. 25 წლამდე დაქორწინება ამ გადმოსახედიდან მაინც დიდი შეცდომა მგონია. თვითრეალიზება არ გამჭირვებია, თუმცა ეს თავისთავად არ მომხდარა. უზომოდ აქტიური ვარ და განვითარება არასდროს შემიწყვეტია, სულ რაღაცას ვსწავლობდი. როცა დავქორწინდით, მე და ჩემი მეუღლე საბერძნეთში გადავედით საცხოვრებლად ორი წლით. რვა თვეში უკვე ისე ვლაპარაკობდი, რომ ბერძნებს იქ დიდი ხნის წინ ჩასული ვეგონე. ეს ცოდნა ძალიან გამომადგა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ახლა ოზურგეთიდან დისტანციურად ვმუშაობ LINGWING-ის სოციალურ მენეჯერად და ჩვეულებრივ, ანაზღაურებად სამუშაოს ვეწევი. ვფიქრობ, აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში, როგორშიც არ უნდა იყო. მე ასეთი ვარ”.

„მთაშიც რომ ჩამსვან, ჩიტებს და მგლებს დაველაპარაკები”

 „იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები, სხვებთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია. ჩვენი დიდი ოჯახიც ასეთია – ხმაურიანი და მხიარული”, – ამბობს ია. ოზურგეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. კერვა რომ კარგად შეეძლო, დედის საკერავ მანქანასთან აღმოაჩინა, მერე პროგრამით – ,,აწარმოე საქართველოში” გრანტი მოიპოვა და ოზურგეთშივე გახსნა ატელიე ბავშვებისთვის. მორიგ კაბას ჭრიდა, როცა დაურეკეს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სემინარზე მიიწვიეს, არ ელოდა, რომ აარჩევდნენ და უზომოდ გაუხარდა. სემინარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა, ახალი სამსახურიც იპოვა და სამომავლოდ სრულიად მოულოდნელი გეგმები დასახა.

            „საჯარო სამსახურში, სადაც დიპლომია საჭირო, არ ვაპირებ დასაქმებას. მირჩევნია, მომავალში კოდები ვწერო HDML-ში და აპლიკაციები შევქმნა IOS და ANDROID სისტემებისთვის”

გაეროს სემინარზე სოციალური მარკეტინგის და ვებპროგრამირების ოთხთთვიანი კურსი გაიარა. საკუთარი ბიზნესგვერდიც გააკეთა, რის შემდეგაც მის ატელიეში შეკერილ საბავშვო სამოსს ახლა მთელ საქართველოში გზავნის, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც იღებს ონლაინშეკვეთებს. იას შეკერილი სამოსის მომხმარებელთა რიცხვი ვებგვერდის დამზადების შემდეგ სამჯერ გაიზარდა.

„ოთხთვიანი ტრენინგის შემდეგ, სხვადასხვა უნარის მიხედვით, სტაჟირების პროგრამაც დაგვიმატეს, ორმოც საუკეთესო სტაჟიორში აღმოვჩნდი და ასე გავიგე  სტარტაპ LINGWING-ის შესახებ, სადაც დისტანციურად შეგიძლია ისწავლო ენა. პლატფორმას უკვე 170 ათასი მომხმარებელი ჰყავს და სწორედ მეც აქ დამასაქმეს . სტაჟირების შემდეგ, გარდა დასაქმებისა, ლისაბონის მსოფლიოს ყველაზე დიდ ვებსემინარზეც გაგვგზავნეს, სადაც უამრავი სტარტაპერი ქალი გავიცანით. ისინი საკუთარი ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საუბრობდნენ და ამომწურავად გვიზიარებდნენ გამოცდილებას. ეს ბევრისმომცემი იყო ჩემთვის, დავამყარეთ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები და ბევრი რამ გავიგეთ”, – ამბობს ია. მომავალში გეგმავს, რომ კოდები დაწეროს HDML-ში და IOS და ANDROID სისტემებისთვის აპლიკაციები შექმნას.

ია თავდიშვილის საბავშვო ატელიე ტა-ბებას სამოსი

ია თავდიშვილის საბავშვო ატელიე ტა-ბებას სამოსი

„მხოლოდ სურვილი და ენთუზიაზმი არ კმარა, ოჯახში მხარს უნდა გიჭერდნენ”

ფიქრობს, რომ მისი წინსვლა პირდაპირაა ოჯახთან დაკავშირებული. იხსენებს, როგორ გაუფუჭდა გაეროს სემინარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ლეპტოპი, რის გარეშეც ვერაფერს გააკეთებდა, მეუღლემ კი სემინარის დაწყების დღეს ყველა საჭირო პროგრამით გამართული ახალი მაკბუქი აჩუქა, დავალებების შესრულება რომ შეძლებოდა.

„ჩემი მეუღლე გერმანიაში მუშაობდა, ქარხანაში. ჩადიოდა და ჩამოდიოდა. მე რომ სემინარებზე მევლო, მუშაობას თავი დაანება და ბავშვებს უვლიდა მთელი დღე. ესმოდა, რომ ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო და იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო  მესწავლა რაღაც ახალი. საღამოს, როცა 6 საათზე დაღლილი მოვდიოდი და უამრავი დავალების შესრულება მიწევდა, ხანდახან ღამის 4 საათამდეც, ბავშვებს მარიდებდა, დედას აცალეთო. ამას რომ გეუბნებით, ის გოგოც მახსენდება, რომელსაც შეიძლება ჩემზე უკეთესი უნარებიც ჰქონდა, მაგრამ სემინარზე ვერ იარა. ქმარმა აღარ გამოუშვა და ვინ იცის ამით რა შესაძლებლობა დაკარგა, ამ შემთხვევაში მე გამიმართლა, სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა”, – ამბობს ია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: