მთავარი,სიახლეები

ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

02.01.2016 • 8325
ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

ავტორი: შოთა გუჯაბიძე

________________________

თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას.

ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. წინა წელსაც სწვდება და შემდეგსაც. მხოლოდ მომდევნო თოვა თუ დაჯაბნის წინა კალენდარს და ახალს დაუდებს სათავეს.

არადა, თითქოს არ უნდა იყოს თოვლი ასეთი იშვიათი იმ ქალაქში, სადაც წვიმა თავზე სასხმელად გვაქვს. ერთი მასალიდან არ მზადდება?! ატმოსფერული ნალექი არ არის ორივე, ანდა ერთმანეთის აგრეგატული სახეცვლილება?!

თოვლი და ახალი წელი ერთდროულად კიდევ უფრო იშვიათი რამაა. მიიტანს ხოლმე ხანდახან თავს ახალ წლამდე, უგემურად, ზრდილობისთვის.

მაგრამ მაინც გამოერევა შიგადაშიგ და რამე კაი ამბავსაც მოიყოლიებს.

მე მოგიყვებით ჭეშმარიტ თოვლზე, ახალ წელზე და სხვაზე.

1911 წლის ზამთარი ბათუმში. მიხეილ გლაუდანის ფოტო

1911 წლის ზამთარი ბათუმში. მიხეილ გლაუდანის ფოტო

ასი წლის წინანდელი ამბებია. ზუსტად ასის არა, ვიცით ასე თქმა, სიძველეს რომ გავუსვათ ხაზი, თორემ ოთხმოცდათერთმეტი წლის წინ ხდება ერთი მოქმედება და ასზე მეტის რომც ყოფილიყო, მაინც ასს ვიტყოდით, როგორც მეორე ამბავში, რომელიც ასო თხი წლისაა.

ოციანი წლების დასაწყისი. ომები და გასაბჭოებები ჯერ არ აქვს მოხდილი ბათუმს. ყველა გარბის, ან განზრახული აქვს გაქცევა. გარბიან უკანმოუხედავად, ზღვითა და ხმელეთით. ბევრიც ორჭოფობს და ხელმოსაჭიდ ნიშნებს ეძებს ახალ დროებაში.

მიდიხარ თუ რჩებიო? – ასე ესალმებიან ბათუმში ერთმანეთს.

დაწანწალებს ბათუმის ბაზარში მიშა ბულგაკოვი და “კერასინკის” გაყიდვას ცდილობს – ორი შაური რომ იშოვოს აქედან თავის დასაღწევად.

სწორედ ბათუმის ბაზარში შეჰყრის ერთმანეთს ბედისწერა ბულგაკოვსა და მარგარიტას, – რუსი მაღალჩინოსნის ცოლს, რომლის გარეგნობა ჯერ დაამუნჯებს და მერე საჯაროდ აამეტყველებს “ოსტატი და მარგარიტას” ფურცლებზე.

ყველაფერი უცნაურობა ბათუმს რომ უნდა დაემართოს, – ყოველივე ამის მიუხედავად ჩქეფს კულტურული ცხოვრება. “კულტურული ცხოვრების ჩქეფა” ჯერ ახალი ტერმინია და თანდათან აქტიურად დამკვიდრდება საბჭოთა პრესაში.
გასტროლებზე თუკი ვინმე გადიოდა უცხოეთში და პირიქით, ბათუმზე გავლით როცა მოდიოდა საბჭოთა კავშირში, უცხოური დასი თუ უცხოელი ვარსკვლავი, “რკინის თეატრში” ერთ კონცერტს აუცილებლად მართავდა.

ასე აღმოჩნდა “რკინის თეატრში” მსოფლიო სცენის ვარსკვლავი, ამერიკელი მოცეკვავე აისედორა დუნკანი.
“დუნკანის ქალი ხორეოგრაფიული მიმართულების აპოლოგეტია, მისი პრინციპია დაუბრუნოს თანამედროვე ცხოვრებას დაკარგული სილამაზე და პლასტიურობა, ძველი ელადის პლასტიკისა და თავისუფალი მოძრაობის რესტავრაციით” – ამას მაშინდელი ბათუმური პრესა წერს 1923 წელს.

ცეკვის გარდა არ ვიცით სხვა რა ქნა ან რა ნახა სექტემბრის ბათუმში აისედორამ, მაგრამ სასწრაფოდ მისწერა წერილი ქმარს, რომ თუკი ოდესმე ისევ გადაწყვეტ თავის მოკვლას და სხვა გზას ვერ იპოვი, აუცილებლად წადი ბათუმშიო. ცხადია, აისედორა გადარჩენას გულისხმობდა და არა თვითმკვლელობისთვის ყველაზე შესაფერის გარემოს. ქმარს სერგეი ესენინი ერქვა და იქამდე რამდენჯერმე ჰქონდა მსგავსი მცდელობა. თუმცა ამ დროისთვის წყვილს ურთიერთობის რთული პერიოდი ედგა, მიმოწერას მაინც ინარჩუნებდა.

ამ წერილიდან ერთი წლის მერე ჩამოვიდა ესენინი ბათუმში, 1924 წლის დეკემბერში.

დაბინავდა სასტუმრო “ინტერნაციონალში”, ტროცკის ქუჩაზე. სასტუმროს მანამდე “ნოე” ერქვა, უფრო ადრე კი “იმპერიალი”. “ინტურისტი” ჯერ აშენებული არ არის, ასე რომ, ესენინი პირველი კლასის სასტუმროში ჩამოხტა. სტატუსის მიუხედავად, სასტუმროში გათბობა არ იყო და ესენინი გაცივდა. ძალიან ციოდა იმ დეკემბერს ბათუმში.

ზამთარი ძველ ბათუმში

ზამთარი ძველ ბათუმში

ბათუმი მაშინ უფრო პატარა ქალაქი იყო და მალევე მიაღწია ლევ პოვიცკის ყურამდე ესენინის ავადმყოფობის ამბავმა. მითუმეტეს, რომ პოვიცკი “ბატუმსკიი რაბოჩიის” კორესპონდენტად მუშაობდა და ახალი ამბების მოპოვება მისი პირდაპირი მოვალეობაც იყო. იპოვა სასტუმროს ცივ ნომერში ავადმყოფი და უპატრონო პოეტი პოვიცკიმ და სახლში წაიყვანა. ცხოვრობდა ენგელსის ქუჩაზე, ქალაქის ბაღის წინ. ესენინს კი პეტერბურგიდან იცნობდა.

ზრუნვამ შედეგი მალე გამოიღო და ესენინი განიკურნა. ფეხზე წამოდგა თუ არა, მაშინვე მოედო მთელ ქალაქს და ყველა გაიცნო ერთ დღეში, განსაკუთრებით მედუქნეები და მაწანწალა ძაღლები.

პოვიცკიმ რომ დუქნებს ვერ ჩამოაშორა, მისი ჩაკეტვა დაიწყო სახლში. თხუთმეტ საათსა და ნულ-ნულ წუთამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ესენინი და იმდენი წერა, რომ ის ბათუმური სამი თვე ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მის შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც.

ანა ჩაჩუას სთხოვა პოვიცკიმ ესენინის მეურვეობა. მარტო ზედამხედველობას არ საჭიროებდა, პოეტს სხვანაირი ყურადღება სჭირდებოდა, ანა კი ინტელიგენტების ოჯახიდან იყო და ესენინის ლექსებსაც კარგად იცნობდა.

ერთი სული ჰქონდა სტუმრის გაცნობამდე. ერთ დილითაც მივიდა ანა პოვიცკის სახლში. ესენინი სამზარეულოში იჯდა მაგიდასთან, ჩაის ხვრეპდა და ანაზე მაინცადამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

კვირაში ერთხელ ხუთშაბათობა იმართებოდა ჩაჩუებთან. იკრიბებოდა ბათუმური არისტოკრატია, უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ლექსს კითხულობდნენ. ესენინი სასურველი სტუმარი იყო ამ საღამოების, თუმცა ანამ არაფხიზელ მდგომარეობაში ვიზიტი აუკრძალა. ერთ ასეთ საღამოს ზარი დაირეკა ჩაჩუების კარზე. ზღურბლზე ესენინი იდგა ბოთლებით ხელში და მსუბუქად ირწეოდა. ანამ ხელკავი გამოსდო თავაზიანად, როგორც საცეკვაოდ იწვევდა ხოლმე, კიბესთან მიიყვანა და ხელი ჰკრა.
რა ქენი ესო, ეცა დას ოლღა ჩაჩუა, ეს ხომ ესენინიაო!

მართალიაო, უპასუხა ანამ მშვიდად, ესენინია, ოღონდ მთვრალი ესენინიო.

არც ლექსები ხიბლავდა დიდად ანას. კი, კარგად წერს, ვერ უარვყოფო, მაგრამ აი, ჩემი განსვენებული მეუღლის ლექსებს მაინც ვერ შეედრება, ცათა სასუფეველი დაემკვიდროსო. ანა ჩაჩუა რუსულად საუბრობდა და შერჩეს უნდა თარგმანს ორიგინალის ენა.

პოვიცკის სახლთან სომხური სკოლა იყო. ამ სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენას და ლიტერატურას შაგანე, ახალგაზრდა და ლამაზი ქალი. ცხოვრობდა იქვე ახლოს, რუსთაველის ქუჩაზე, ესენინის სახლიდან ორ კვარტალში. შაგანესა და ესენინის ქუჩები ერთმანეთს კვეთდა, აღმოჩნდა, რომ მათი გზებიც.

სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა პირველად დაინახეს ერთმანეთი და ამის მერე დაიწყო მათი ყოველდღიური შეხვედრები. ესენინი სახლში სტუმრობდა, ორიოდე პატარა ოთახში. ქუჩაში მატარებლები დახრიგინებდნენ, გადაღმა დიდი ეკლესიის ზარი რეკდა. მიჰქონდა ენძელები მუდმივად, იმ შუა ზამთარში, გამონაკლისის გარეშე და ახალ ლექსებს უკითხავდა. უკან კი რომელიმე წიგნს წამოიძღვანიებდა შაგანეს ბიბლიოთეკიდან. მეორე დღეს ძველ წიგნს აბრუნებდა, ახალ ლექსს უკითხავდა და ახალი წიგნი მიჰქონდა.

მეპყრობოდა, როგორც პატარა ბავშვს და მეც ძალიან ვუფრთხილდებოდი, მეშინოდა არ დამეკარგაო, მოჰყვება შაგანე წლების მერე.

საახალწლო შეხვედრა გაუმართა ბათუმმა პოეტს მწერალთა კავშირში, III ინტერნაციონალის ქუჩაზე, დღევანდელ თოჯინების თეატრში. ეს ამბავი და ესენინის მაშინდელი ჭორები ას წელს გადაცილებულმა მერი გიგინეიშვილმა მომიყვა, რომელიც თავად ესწრებოდა ამ საღამოს და ჯერაც მხნედ გრძნობს თავს.

ძაღლი შემოსულა სცენაზე მოულოდნელად, მიმოუხედავს, უკეთესი ადგილი ვერ უპოვია და პატრონის ფეხზე მიუშარდავს. ლექსების კითხვაში გართულ ესენინს არც გაუგია რა მოხდა.

მე თუ მკითხავთ, ეს ქანდაკება უნდა იდგეს სადღაც იქვე, შორიახლოს. თმაგაჩეჩილი და ცაში მომზირალი ესენინი და მის ფერხთით მშარდავი არც თუ მთლად წმინდა სისხლის ძაღლი.

28 დეკემბერს არნახული თოვლი მოვიდა ბათუმში. ეს ის თოვაა, “რკინის თეატრი” რომ დაანგრია, სადაც აისედორა დუნკანმა იცეკვა და საიდანაც დაიწყო ეს ამბავი.

გათოვდა და დათბა კიდეც.

დილით ციგით მიაკითხა ესენინმა შაგანეს. ციგაზე დასვა და სასეირნოდ წაიყვანა. ძალიან მხიარული იყო, ვეღარ ცნობდა შაგანე. თოვლში ჩრდილოეთმა გაიღვიძა ეტყობა და თავად იქცა მასპინძლად. თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ. მერე უცებ დაიღალა და გაჩერდა.

ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს. ხმას არ იღებდა. სუნთქავდა მძიმედ და დიდხანს.

მერე შაგანე გახდა ავად და ესენინი უვლიდა. მკურნალობდა ლექსებით და მანდარინის მურაბიანი ჩაით.

იქვე შეხვდნენ ერთხელაც ერთმანეთს, ქუჩების კვეთაში. გეძებდიო, უთხრა ესენინმა. არ მიყვარს ასეთი ამინდი, მაგრამ წავიდეთ ბულვარშიო. მოღრუბლული იყო და ზღვაზე შტორმი იწყებოდა. შაგანეც გაჰყვა. გულისჯიბიდან ამოიღო მრავალჯერ გაკეცილი მათემატიკის რვეულის ორი ფურცელი და წაუკითხა ახალი ლექსი, “შაგანეო, ჩემო შაგანე”. წაუკითხა და იქვე აჩუქა უკვე ხელმოწერილი ფურცლები.

შაგანემ ლექსი გამოართვა, ძველ ნაკეცებზე გაკეცა და “ჩრდილოელ ქალიშვილზე” დაიწყო ფიქრი, რომელიც ყველა ნიშნის მიხედვით გალინა ბენისლავსკაია იყო, ვისაც უყვარდა ესენინი და ესენინიც მუდმივად სწერდა ბათუმიდან. რაღაცით ჰგვანან კიდეც გალინა და შაგანე ერთმანეთს.

იქნებ მხოლოდ ეს იყო და არც არაფერი ყოფილა სხვა, უფრო რთული. არაა ადვილი პოეტის სიყვარული, სხვისი კი არა, საკუთარი სიცოცხლე რომ არაფრად უღირს. ამბობდა მერე ანა ჩაჩუა, “შაგანე” ქალის ზოგადი სახელია, კრებითიო. მოეწონა ეს სახელი ესენინს და იმიტომაც დაარქვა ლექსსო, თორემ შაგანე არ იყო ის ქალი, ვისაც ესენინი ლექსს მიუძღვნიდაო. ისე კი `ანა სნეგინა~ მე მომიძღვნაო, დააყოლა იქვე.

სახლში მიაკითხა ერთხელ ესენინმა შაგანეს. გეძებდი ქუჩაშიო და მერე ვიფიქრე, რომ სახლში იქნებოდიო. ფოტო მიუტანა საჩუქრად, ესენინი ბათუმის ბულვარში მეგობრების წრეში. ლევ პოვიცკიც არის ფოტოზე, კუთხეში გაზეთი გდია, ალბათ “ბატუმსკიი რაბოჩიი”, ეტყობა ხელი გაითავისუფლა პოვიცკიმ ფოტოსთვის და ფოტოც გაზეთის ფოტოკორმა გადაიღო.
მივდივარო.

შენი ფოტო მინდაო, წიგნს რომ გამოვცემ, უნდა დავურთოო.

შაგანემ იუარა, უსურათოდ აჯობებს, ნუ დააუშნოვებ ლექსს ჩემითო. მაშინ ესენინმა თავად მოძებნა ალბომში გიმნაზიელისკაბიანი შაგანე და წავიდა.

წავიდა და წავიდა. აღარც წერილი მოუწერია. თუმცა მალევე მოიკლა თავი.

თვითმკვლელობა – ოფიციალური ვერსიით, თორემ ფაქტი სხვას მეტყველებს.

მალევე ისეთი მწყობრი თანმიმდევრობით დაიღუპა ამ ისტორიის ყველა მონაწილე, რომ ტყუილს დაემსგავსება, ცოტა თუ არ მოვიტყუეთ.

დანგრეულია ყველა სახლი თუ შენობა “ინტერნაციონალის” გარდა, რომელთანაც კი რაიმე კავშირი ჰქონიათ ისტორიის მონაწილეებს.

მხოლოდ შაგანდუხტ ტალიანი გარდაიცვალა თავისი სიკვდილით 1976 წელს 76 წლის ასაკში და მგონი, ლევ პოვიცკიც _ ისიც დახვრეტას თუ გადაურჩა, რომელიც რატომღაც მილიციის თუ რომელიღაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო 30-იან წლების ბათუმში.

მეორე ამბავი, წესით, პირველია, ქრონოლოგიურად, მაგრამ აქედან რომ ვუყურებთ, ასეთი თანმიმდევრობით ჩანს.

დიდთოვლობა ბათუმში

დიდთოვლობა ბათუმში

1911 წლის იანვრის თოვა ცალკე დგას და ზემოდან უყურებს ყველა სხვა თოვას.

პატარ-პატარა გათოვებებიც აღიარებენ 1911 წლის ძლევამოსილებას.

სახურავები დაფარა თოვლმაო. ექვს მეტრს წერს ბევრი, ზოგიერთი – უფრო მეტსაც. თოვლი ცოტა რომ დადნა, მხოლოდ ამის მერე გამოვიდა ხალხი გარეთ, გვირაბებითა და სახურავებით დაიწყეს ქუჩაში სიარულიო.

გერმანელი ფოტოგრაფი ცხოვრობდა მაშინ ბათუმში, მარიას ქუჩის 43 ნომერში. იქვე ჰქონდა მდიდრული ატელიე, შავი მარმარილოს ქანდაკებებითა და შუშის ჭერით. მხოლოდ რამდენიმე ფოტოგრაფს ჰქონდა მაშინ ატელიე ქალაქში და რამდენიმე კიდევ ატელიეს გარეშე იღებდა ღია ცის ქვეშ, მაგრამ გლაუდანი ყველასგან გამოირჩეოდა და ამაში დღესაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ.

ამხელა თოვლის შემხედვარე მგონი პირველად გავიდა გარეთ გლაუდანი და ქალაქის გადაღება დაიწყო. ამ ფოტოების წყალობით გახდა ეს ამბავი ასეთი ხელშესახები და გადაურჩა იმას, რომ მხოლოდ ლეგენდად დარჩენილიყო.

ძველი ბათუმი

ძველი ბათუმი

ახალგაზრდა მასწავლებელი გალაკტიონ ტაბიძე აღმოჩნდა ბათუმში ამ დროს. 21 წლის გალაკტიონს რამდენიმე ლექსი უკვე აქვს დაბეჭდილი და იმედისმომცემ პოეტად მიიჩნევა, თუმცა დიდებამდე ჯერ შორია. გლაუდანის არ იყოს, იმასაც არ გაუძლო გულმა და ლექსი მიუძღვნა ნახულს. უბის წიგნაკში ერთი სათაური ისე გულდაგულ აქვს წაშლილი სამსტროფიანი ლექსის, რომ არც იკითხება. საბოლოოდ ასე დაარქვა – “არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წელს”.

“ბათუმში თოვლი ისეთი არის,
რომ არ ხერხდება გაღება კარის,”
და ასე შემდეგ.

მერე რევოლუციებითა და ქარიშხლებით გრძელდება და ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის.

გლაუდანების დამღა სტუდიურ ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდება. გვარი რჩება, ინიციალები იცვლება დროთა განმავლობაში. პერსონაჟები იცვლებიან გლეხიდან კოლეჟსკი ასესორამდე, გიმნაზიელიდან – კომკავშირლამდე, თავადიდან – სტატსკი სოვეტნიკამდე და რევკომის ამხანაგამდე. გვარსაც და ინიციალებსაც 1937 წელმა დაუსვა წერტილი.

მიხეილ გლაუდანის ფოტოებით ღია ბარათების სერია გამოუშვეს მაშინვე. სერიას ასე ჰქვია: “1911 წლის იანვრის არაჩვეულებრივი ზამთრის მოსაგონებლად”.

მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”, რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: