სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ შევურჩიოთ სათამაშო ბავშვს სხვადასხვა ასაკში – ფსიქოლოგის რჩევები

27.01.2020 • 7625
როგორ შევურჩიოთ სათამაშო ბავშვს სხვადასხვა ასაკში – ფსიქოლოგის რჩევები

თამაში რომ ბავშვისთვის მხოლოდ თავშესაქცევი საქმიანობა არ არის, ამას მის დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყობთ, როცა იგი იატაკზე მიმოფანტული პატარა ფერადი კუბიკებისგან  გულმოდგინედ ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კონსტრუქცია ააწყოს.

რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს და რა ტიპის სათამაშოები ეხმარება მას ამა თუ იმ კონკრეტული უნარის განვითარებაში? ამ თემაზე ფსიქოლოგი, სარეაბილიტაციო ცენტრ “ფანშეტის” ადრეული განვითარების სპეციალისტი, გვანცა სამნიძე გვესაუბრა.

  • გვანცა, რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს?

სათამაშო აუცილებელია როგორც ბავშვის გართობისთვის, ისე მისი განვითარებისთვის. სწორედ თამაშის საშუალებით შეიცნობს ბავშვი სამყაროს, ეს პროცესი ეხმარება მის ემოციურ და სოციალურ განვითარებას, მოტორულ განვითარებასა და მეტყველებასაც.  

  • პირველი სათამაშოთი დავიწყოთ, როგორი უნდა იყოს ის?

ბავშვისთვის სათამაშოები პირველივე დღიდან არის აუცილებელი. 0-6 თვემდე ხდება ძირითადი უნარების: სმენის, მხედველობის, შეხების, გემოსა და ყნოსვის განვითარება. შესაბამისად, პირველი სათამაშოები მორგებული უნდა იყოს სწორედ ამ უნარების განვითარებაზე.

მხედველობის გასავარჯიშებლად შეარჩიეთ აუცილებლად ხასხასა, კონტრასტული ფერების (მაგალითად, თეთრი და შავი) მქონე სათამაშო. ბავშვი პირველ დღეებში ბუნდოვნად ხედავს, ამიტომ კარგია წითელი ფერის სათამაშოებიც, რადგანაც იგი ადვილად გამოირჩევა სხვა ფერის ნივთებისგან. 

ამ პერიოდში სმენის გასავარჯიშებლად კარგია ჟღარუნა, ხმოვანი სათამაშოები, რომლებიც უკრავენ მუსიკას ან/და გამოსცემენ სხვადასხვა ხმას.

ხელისა და პირისთვის განსხვავებული სტრუქტურის შეგრძნება აუცილებელია, ამიტომ კარგია შერეული სტრუქტურის მქონე სათამაშოები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ასაკში ბავშვები ცდილობენ პირით/გემოთი შეიცნონ სამყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია სათამაშოს მასალა და ფორმა იყოს უსაფრთხო როგორც პირისთვის, ისე ხელისთვის. ასეთი შეიძლება იყოს ხარისხიანი პლასტმასის, ხის ან ნაჭრის სათამაშოები. კარგია ფერადი ხალიჩაც, რომელზეც ბავშვი წამოწვება და თამაშთან ერთად ისწავლის გადაბრუნებას, კოტრიალს, ხოხვას.

  • ასაკობრივ კატეგორიებად რომ დავყოთ, რა სათამაშოები რა უნარებს ავითარებს?

6-12 თვემდე შეგვიძლია ბავშვს მივცეთ პატარა ზომის რგოლები, რომ ადვილად ჩაეჭიდოს მათ, ასევე საშუალო ზომის ბურთები, ადვილად რომ დაიჭიროს. ამ ეტაპზე სულ მცირე ზომის ან ასეთი დეტალების მქონე სათამაშოები ჯერ კიდევ საშიშია, პირში ჩადებისას რომ არ გადასცდეს ბავშვს. როცა ბავშვი უკვე ისწავლის ჯდომას, მას შეგვიძლია მივცეთ  სქელი ფანქრები, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თითების საღებავები, რომლებიც ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის არის აუცილებელი. კარგია გასაგორებელი მანქანები, ასევე სათამაშო მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოსცემენ სხვადასხვა ხმას და ხელს უწყობენ სმენისა და მოტორიკის განვითარებას.

1-3 წლამდე ბავშვისთვის  შემოდის ლოგიკური სათამაშოები. პირველად ვიწყებთ მარტივი (ორდეტალიანი), დიდი ზომის ფაზლებით. ამით  აუცილებლად ვითარდება როგორც ნატიფი მოტორიკა, ისე ლოგიკური მსჯელობა და ყურადღება. კარგია კუბებიც, რომლითაც ბავშვი აშენებს სხვადასხვა სიდიდის კონსტრუქციებს. თავიდან ვიწყებთ შედარებით დიდი ზომის “კუბიკებით”, რადგანაც ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს ხელის ჩაჭიდება, შემდეგ ნელ-ნელა ვამცირებთ ზომებს. კარგია თამაში სილაში.

აუცილებელია წიგნები. თავიდან ხასხასანახატებიანი, სქელფურცლიანი წიგნები, რომლის გადაშლასაც ბავშვი იოლად შეძლებს. ფურცლის სისქე თანდათანობით მცირდება, რათა ნატიფი მოტორიკა ადვილად განვითარდეს. სათამაშოების ზომების შემცირება ხდება ასაკის მატებასთან ერთად.

3 წლიდან ბავშვები უკვე თავისით ირჩევენ სათამაშოებს, ხშირად საყოფაცხოვრებო ნივთებიდან.  ამ ეტაპზე მათთვის უკვე აქტუალური ხდება ჩვენი ყოფითი ცხოვრება, ძალიან მოსწონთ უთო, მტვერსასრუტი, ჯამები, ჩანგლები, კოვზები, რომლებსაც ისინი ხშირად იყენებენ დასარტყამი ინსტრუმენტების სანაცვლოდ. მშობლებმა აუცილებლად უნდა მისცენ ბავშვებს საშუალება, ითამაშონ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთებით, ეს მათ ფანტაზიის უნარს უვითარებს. 

3 წლიდან ბავშვები იწყებენ როლურ თამაშებს, დედა-შვილობანას, ავტობუსით მიჰყავთ ვიღაცები სამსახურში… ითავისებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგალითად, ვინც ბაღში დადის სახლში თამაშისას აკეთებს ბაღის სიტუაციების გათამაშებას. როლური თამაშები კარგია ყოველდღიური ცხოვრების გასათავისებლად, ფანტაზიის უნარის გასავითარებლადაც.

ამ ასაკისთვის ჩვენ შეგვიძლია ბავშვს მივცეთ სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს სათამაშო და თვითონ მოძებნოს ამ სათამაშოს გამოყენების სხვადასხვა გზა. არ არის აუცილებელი ნივთი მხოლოდ მისი ძირითადი დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ბავშვმა.

ასევე, ვზრდით ფაზლის დეტალების რაოდენობას, ვარჩევთ ლოგიკურ სათამაშოებს. მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სხვადასხვა ტიპის სათამაშო დაამზადონ სახლში, ბავშვებთან ერთად. 

  • საზიანოა თუ არა სათამაშოების დაყოფა გენდერის ნიშნით?

ორი წლის ბავშვს რომ ჰკითხო, გოგო ხარ თუ ბიჭი, თუ დასწავლილი არ აქვს, ვერ გიპასუხებს. მათ არც ფერების მიხედვით ადარდებთ სათამაშოების გარჩევა,  მცდარ შეხედულებებს “გოგოსა და ბიჭის სათამაშოებზე” მშობლები უნერგავენ. უამრავი წარმატებული კაცი შეფ-მზარეული ვიცით, ალბათ თავიანთ მშობლებს რომ დაეშალათ მათთვის სამზარეულოს ინვენტარით თამაში, ისინი ვერ იპოვიდნენ ცხოვრებაში თავიანთ ნამდვილ მოწოდებას. არ შეიძლება დავრთგუნოთ ეს მოთხოვნილება ბავშვებში.

იგივე ეხება თოჯინებით თამაშს ბიჭებში. ხშირად ითხოვენ ბიჭი ბავშვები თოჯინებით თამაშს, იმიტომ, რომ სწორედ ამ ასაკში უყალიბდებათ მათ ზრუნვის უნარი. როცა თოჯინაზე ზრუნავს ბიჭი, იგი ითავისებს მამის როლს, მამა აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ბავშვზე. როცა მშობლები უშლიან ბიჭ ბავშვს თოჯინით თამაშს და უებნებიან, რომ ეს გოგოს საქმეა, ზრუნვის თვისება ითრგუნება ბავშვში და შემდგომ ზრდასრულობაში იჩენს თავს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

ასევე დიდი შეცდომაა, როცა გოგონებს უშლიან მანქანებით თამაშს, ყველა ქალი მართავს დღეს მანქანას, რატომ არ უნდა ითამაშონ მანქანებით ბავშვობაში. ეს თავიდან ბოლომდე მშობლებში გავრცელებული ჰომოფობიური და სტერეოტიპული შეხედულებების ბრალია, რაც რეალურად აზიანებს ბავშვში სხვადასხვა უნარის განვითარებას. არ არსებობს ბიჭის და გოგოს ფერი, ეს არის შეცდომა, რომლებსაც მშობლები ბავშვთან ურთიერთობისას ვუშვებთ.

  • გაჯეტებთან ბავშვების  ურთიერთობა როდის სცდება ზღვარს?

სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სრულად ვერ შევუზღუდავთ ბავშვებს მობილურ ტელეფონებთან და სხვა გაჯეტებთან თამაშს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ თვითონაც ხშირად ვიყენებთ მათ. 2-3 წლამდე ბავშვისთვის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მისი გამოყენება. იდეალურია, თუ სამ წლამდე ბავშვს არ ეცოდინება გაჯეტის ფუნქციის მნიშვნელობა. 3 წლიდან შეიძლება ბავშვის გაჯეტთან ყოფნის დრო განვსაზღვროთ 10-15 წუთით. თუ ესეც არ ხერხდება, იმას მაინც მივაქციოთ ყურადღება, რომ ბავშვი პლანშეტთან არ გაჩერდეს  გართობის დროს, იგივე ჭამის დროს – გავართოთ ბავშვები რეალური თამაშით.

ადრეული ასაკიდან გაჯეტების გამოყენება ძალიან აფერხებს განვითარების ეტაპებს. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა სრულიად ჯანმრთელი ბავშვების განვითარების ეტაპები  მიდიოდა ძალიან კარგად, მაგრამ 6 თვიდან დედამ დასვა იუთუბთან, მათი ფიზიკური განვითარება მოხდა ჩვეულებრივად, მაგრამ გონებრივი განვითარება და მეტყველება არის შეფერხებული. 

  • როგორ აფერხებს გაჯეტის ჭარბი გამოყენება ბავშვის გონებრივ განვითარებას?

ბავშვი აქტიურად ვითარდება, როცა ჩვენ მას ვესაუბრებით და ისიც გვპასუხობს, თუნდაც ჩვილობაში ღუღუნით.  აუცილებელია ეს კომუნიკაცია შედგეს. სამწუხაროდ გაჯეტებთან ეს უკუკავშირი არ ხდება. გაჯეტი აწვდის ინფორმაციას ბავშვს, მისი გონება ილექავს ამ ინფორმაციას, მაგრამ აღარ გადმოსცემს. ამიტომ ადრეულ ასაკში მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ბავშების ურთიერთობა გაჯეტებთან.

„ჭკვიანი სათამაშოები“ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

  • საწოლის თავზე ჩამოსაკიდი სათამაშო – მწოლიარე ჩვილის თავზე მოცეკვავე ობიექტები ასტიმულირებენ მხედველობას და ავითარებენ კონცენტრირების უნარს.
  • სარკე – თავიდან თქვენი ბავშვი მოხიბლული იქნება სარკიდან მოცქირალი სახის გამომეტყველების ცვლილებით. დროთა განმავლობაში ბავშვი გაიაზრებს, რომ სარკიდან მომღიმარი სახე მისი ანარეკლია. როცა ეს მოხდება, ბავშვი იწყებს საკუთარი თავის ცნობას, ეს კი საკუთარი სხეულის შეცნობაში დაეხმარება, ისინი სწავლობენ სხეულის ნაწილებს და მათ მდებარეობას.
  • რგოლების პირამიდა – ღერძზე აწყობილი ფერადი რგოლები. თავიდან ბავშვები რგოლების ხელში დაჭერითა და მათი პირში ჩადებით ერთობიან. მოგვიანებით ისინი გაავარჯიშებენ უფრო წვრილ მოტორიკას რგოლების ღერძზე წამოცმით. ფერადი რგოლების ღერძზე წამოცმისა და დათვლისას ბავშვები სწავლობენ რიცხვებისა და ფერების შესახებ.
  • გასაგორებელი სათამაშოები – ასეთი სათამაშოები ეხმარება პატარებს ბალანსის შენარჩუნებასა და კუნთების განვითარებაში, როდესაც ისინი საწოლში კოტრიალიდან სიარულზე გადადიან. რაც უფრო მეტს აწვება და ექაჩება ბავშვი ასეთ სათამაშოს, მით უფრო მეტად უვარჯიშდება კუნთები, რაც აუცილებელია სამომავლოდ სირბილზე და სიმაღლეში ცოცვაზე გადასასვლელად.წყარო: kidshealth.org

გადაბეჭდვის წესი


ასევე: