მთავარი,სიახლეები

გიორგი ერმაკოვს 7 წელი მიუსაჯეს, არჩილ ვანაძე – გაათავისუფლეს

27.01.2020
გიორგი ერმაკოვს 7 წელი მიუსაჯეს, არჩილ ვანაძე – გაათავისუფლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს, გამოაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია არჩილ ვანაძე და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე დაკავების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

რაც შეეხება ეგარსლან ლომაძეს, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მოსამართლემ ასევე გულგრილობისთვის დააჯარიმა სხვა ბრალდებულები. ამ საქმეზე არც ერთ დაკავებულს ამ მუხლით ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. მოსამართლემ კვალიფიკაცია თითოეულ შემთხვევაზე შეცვალა ერმაკოვის შემთხვევის გარდა.

მოსამართლემ ვეღარ მოახერხა ეთქვა, რამდენი ლარით დაჯარიმდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები – დარბაზში ერმაკოვის ოჯახის წევრებმა განაჩენი გააპროტესტეს. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება, მას შემდეგ, რაც დარბაზს ბრალდებულების ახლობლები სრულად დატოვებენ.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ახალი წელი მიულოცა დარბაზში მყოფებს.

საბოლოო სიტყვაში, გიორგი ერმაკოვმა, ძირითადად აუდიტის დასკვნა გააკრიტიკა, რასაც შემდეგ პროკურატურა დაეყრდნო. მან პროკურატურის ბრალდებას “აუდიტის ფილოსოფიური ნამუშევრის განხილვა” უწოდა.

“აუდიტის დასკვნას ობიექტურის გარდა ყველაფერი შეიძლება ეწოდოს… ბრალი მხოლოდ მოსაზრებებზეა აგებული,” – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა. მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ სასამართლო მოსაზრებებს და ვარაუდებს არ უნდა დაეყრდნოს.

ერმაკოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ანგარებას, როცა საბიუჯეტო ფული გაიცა, მაგრამ ტენდერის პირობა ვერ შესრულდა.

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის პროცესის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა

ბათუმის ყოფილი მერი, გია ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ გასული წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ დაკავებიდან ამ დრომდე: გია ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ  2019 წლის 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: