განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ აბარებენ არაქართულენოვანი პედაგოგები პროფესიულ უნარებს

24.01.2020 • 4016
როგორ აბარებენ არაქართულენოვანი პედაგოგები პროფესიულ უნარებს

შესწორება: „ბათუმელებმა“ აღნიშნული სტატია გამოქვეყნა 24 იანვარს, სათაურით, – „არაქართულენოვანმა პედაგოგებმა არ იციან,რომ უნარების ჩაბარება უცხო ენაზეც შეუძლიათ“.  სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, არაქართულენოვანი სკოლებიდან პედაგოგები ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გამოცდების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ბათუმელები“ ხელმეორედ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოითხოვა. 

ამჯერად განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის უფროსი, ირინა ჟვანიამ. ის ამბობს, რომ პროფესიული უნარების ტესტი, რომელსაც არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები აბარებენ, ნამდვილად ქართულ ენაზეა და არაქართულენოვან მასწავლებლებს შუძლიათ მათთვის გასაგებ ენაზე მხოლოდ პასუხები დაწერონ.

ირინა ჟვანიას სრული კომენტარი ამ საკითხზე იხილეთ აქ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან „ბათუმელებს“ პედაგოგი დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები ქართული ენის არასრულფასოვნად ცოდნის გამო, პროფესიული უნარების გამოცდას ვერ აბარებენ. შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლები ვერ იმაღლებენ სტატუსს.

პედაგოგი, რომელიც პრობლემის შესახებ გვესაუბრება, ამბობს, რომ სკოლაში 24 წელია რუსულ ენას ასწავლის. საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 7 კრედიტზე, თუმცა სტატუსი რომ შეიცვალოს და უფროსი მასწავლებელი გახდეს, აუცილებელია პროფესიული უნარების ჩაბარებაც, რაც ქართული ენის სათანადოდ არცოდნის გამო, არ შეუძლია.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს დიდი ხანია შეუძლიათ პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარონ როგორც რუსულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

თუმცა, პედაგოგი „ბათუმელებს“ უყვება, რომ ეს ინფორმაცია მისთვის და სხვა ბევრი არაქართულენოვანი პედაგოგისთვის არავის მიუწოდებია. „მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელს ვკითხე და მან მითხრა, რომ ეს საკითხი გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამერკვია. მათაც მივმართე ცოტა ხნის წინ, სადაც მითხრეს, რომ პროფესიული უნარები მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება“, – გვეუბნება პედაგოგი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს იმის გასარკვევად, ნამდვილად შეუძლიათ თუ არა არაქართულენოვან პედაგოგებს პროფესიული უნარების ჩაბარება მათთვის გასაგებ ენაზე. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც რუსულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე.

„პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები. დიდი ხანია ასეა – უნარების გამოცდა, როგორც ზოგადის, ასევე პროფესიულის, შეუძლიათ ყველა ენაზე ჩააბარონ. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ჩააბარონ ქართულის გარდა სხვა ენაზე“, – გვეუბნებიან გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსში 2019 წელს ჩართული იყო 71 სკოლა, 2020-ში ჩაერთვება 85 სკოლა.

ცენტრის, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი, თამარ კეკელიძის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 2019 წელს 23 არაქართულენოვანი პედაგოგი ესწრებოდა ენის შემსწავლელ კურსებს, ხოლო იმ სკოლიდან, საიდანაც პედაგოგი დაგვიკავშირდა, „ჩართული იყო 5 მასწავლებელი, ორმა კი სიარული შეწყვიტა“.

კეკელიძის თქმით, ქართული ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს 98 საათს, თავისი პრეტესტით, შუალედური ტესტით და საბოლოო შეფასებით.  „არაქართულენოვანი პედაგოგების უმრავლესობა, სამწუხაროდ ნულოვან დონეზეა, ამიტომ 2019 წლის თებერვალში როცა დავიწყეთ ენის შემსწავლელი კურსი და დავასრულეთ ივლისში, ეს საფეხური წარმატებით გაიარა 303-მა მსმენელმა, თუმცა ეს არის ერთი საფეხურის ენობრივი კომპეტენცია, რაც საკმარისი არ არის პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად, ამისთვის პედაგოგი მინიმუმ B2 დონეზე უნდა ფლობდეს ენას“, – ამბობს კეკელიძე.

კეკელიძის შეფასებით, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის შესწავლის მოტივაცია დაბალია. „ჯერ გამოთქვამენ სურვილს, შემდეგ უარს ამბობენ, ხშირად მიტოვების მიზეზი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებია და ვერ ესწრებიან“.

ცენტრის ინფორმაციით, არაქართულენოვან სკოლებში ამ დროისთვის 6 830 პედაგოგი მუშაობს.

 

მთავარი ფოტო: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“/ნეტგაზეთის არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: