ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტისა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას.
„გაათავისუფლეს თავისი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციების კრიტიკის გამო! „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“, – წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი 11 მაისს გაუშვეს. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უკვე მეოთხედ ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ახალი დირექტორი რამდენიმე თვეა ათავისუფლებს ან პოზიციას უცვლის მისთვის არასასურველ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში იხსნება შეზღუდვა სამზე მეტი ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ძალაში რჩება ავტომობილებთან მიმართებაში.
„მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზე დიდი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა, პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე, გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან საქართველოში გაიხსნება სილამაზის სალონები.
საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გასტანს. ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 31 მარტს აიკრძალა.
ქვეყანაში ისევ მოქმედებს კომენდანტის საათი – საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით.
დღეს, 14 მაისს, Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გარდაცვლილი 81 წლის ქალია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 12-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევაა – 652, გამოჯანმრთელდა – 383, კარანტინის რეჟიმშია – 4246, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 394.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში სილამაზის სალონები გაიხსნება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ასევე, მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზე დიდი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა, პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
აჭარაში 391 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად Covid19 არ დაუდასტურდა. კვლევები დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დღის ბოლომდე კიდევ 20 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს მხოლოდ 4 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში აჭარაში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უკვე ორი კვირაა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
14 მაისის დილის [10:30] მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა – 652, გამოჯანმრთელდა – 383, გარდაიცვალა – 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4246, სტაციონარში მეთვალყუირეობის ქვეშ – 394.
რუსეთში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ალკოჰოლისგან სიკვდილიანობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, – წერს ინტერფაქსი.
ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის გამო მინისტრმა დუმას ინიციატივით მიმართა, რომ რუსეთში ალკოჰოლის მიყიდვისთვის ასაკი 21 წლამდე გაიზარდოს – “რადგან ალკოჰოლის შემცირება გარკვეულწილად არის სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების გზა”, – წერს ინტერფაქსი.
3 მაისს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მოხმარება რუსეთში, თვითიზოლაციის გამოცხადებიდან 2-3%-ით გაიზარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაშინ მან გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კორონავირუსის ინფექციის ფონზე, ალკოჰოლი ასუსტებს იმუნიტეტს და ასევე შესაძლოა გამოიწვიოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
Sberbank-ზე დაყრდნობით Tvrain-ი წერდა, რომ მარტის ბოლო კვირაში რუსებმა 22% -ით მეტი დახარჯეს ალკოჰოლში, ვიდრე წინა კვირას და დაახლოებით 32% -ით მეტი, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
რუსეთის რამდენიმე რეგიონში ალკოჰოლის გაყიდვასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეზღუდვები უკვე დააწესა – იმიერბაიკალეთში სრულად აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა, სხვა რეგიონებში კი – ალკოჰოლის ზოგიერთი სახეობის გაყიდვა.
დღეს, 13 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. კითხვები დაისვა ზღვის სეზონთან დაკავშირებითაც.
„თვალს ვადევნებთ იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, რომლებსაც საზღვაო კურორტები აქვთ, თუ რა გამოცდილება აქვთ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს და ისევ და ისევ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
რეკომენდაცია იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტიაა იმის, რომ უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადადება იქნება შემცირებული“, – ამბობს დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი.
მისი თქმით, გამკაცრდება რეკომენდაციები სასტუმროებისთვისაც.
„გვაქვს რეკომენდაციები შემუშავებული სასტუმროებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ჰიგიენური წესების უფრო მეტად გამკაცრებას. ასევე გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები სასტუმროს შიგნით თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებით, რომ ასეთ სივრცეებში ადამიანების თავშეყრა იყოს მინიმალიზებული“, – ამბობს ზახაშვილი.
პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემაც გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ტურისტული პოტენციალი წელს განსაკუთრებით უნდა გამოიყენოს ქვეყანამ და შიდა ტურიზმიც უნდა გაიზარდოს. „თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კონტროლირებადი. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც მუშაობს ამაზე და მთავარია, ქვეყანაში შემოსულმა ტურისტმა არ უნდა შემოიყოლოს კორონაინფექცია“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ამის შესახებ უფრო დეტალურ რეკომენდაციებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.
„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ? კრიტიკა როცა არსებობს, ეს კარგია,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი დახურული სხდომის შემდეგ და ჟურნალისტების დარწმუნება სცადა იმაში, რომ კარს მიღმა ექსპერტებმა მას კრიტიკული კითხვები დაუსვეს. თორნიკე რიჟვაძე დღეს, 13 მაისს, ექსპერტებს შეხვდა და „ანტიკრიზისულ გეგმაზე“ ესაუბრა. შეხვედრა სავაჭრო პალატაში შედგა და არა აჭარის მთავრობაში, სადაც ტრადიციულად სხდომები დახურულია.
რატომ მიიჩნია საჭიროდ მთავრობამ, რომ დაემალა საზოგადოებისთვის რა ითქვა შეხვედრაზე? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს შეხვედრის შემდეგ.
„დამალვა არის არასწორი სიტყვა. დამალვის სურვილი რომ ვინმეს ჰქონოდა, რა თქმა უნდა, თქვენ აქ არ მოგიწვევდით, ეს ერთი, რომ იცოდეთ. სამუშაო ფორმატში განიხილება ძალიან ბევრი საკითხი… დამალვის ნაწილში კატეგორიულად არ გეთანხმებით… შეგიძლიათ ჰკითხოთ ექსპერტებს, რაზე იყო საუბარი. დარწმუნებული ვარ, მოგიყვებიან. შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, ასევე კითხვა დაუსვათ ამ შეხვედრის მონაწილეებს. რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს, საქმიანი რეჟიმიდან გამომდინარე, ვატარებთ იმ ფორმატში, რა ფორმატითაც ვთვლით, რომ ეს არის საქმიანი და ეფექტური,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით კადრების გადასაღებად დაუშვეს.
„ახლა ჩვენ შეგვიძლია შინაურულად ვისაუბროთ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, ვიდრე ჟურნალისტები საკონფერენციო დარბაზს დატოვებდნენ და მინისტრის ძმის პირისპირ დაჯდა – შეხვედრას ექსპერტის სტატუსით ეკონომისტ-ფინანსისტი, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე ესწრებოდა. ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ძმაა. სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვედრას დაგვიანებით შეუერთდა.
შეხვედრას როგორც ექსპერტი ასევე ესწრებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე – მამუკა თურმანიძე.
ვინ შეარჩია ექსპერტები, ვისგანაც აჭარის მთავრობამ რჩევების მიღება გადაწყვიტა?
„ეს აბსოლუტურად უადგილო საკითხია, არარელევანტური, ვინაიდან ადამიანები თავიანთი ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული. ერთადერთი ნიშნით შედგა ეს შეხვედრა – პროფესიული ნიშნით. როგორც მოქმედ თანამდებობის პირებს, ასევე ყოფილებს და მომავალ თანამდებობის პირებს, როცა საქმე ეხება კონკრეტულ საკითხებს, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ვკითხეთ, იყო თუ არა შეხვედრაზე რამე განსხვავებული აზრი და თუ იყო, რას შეეხებოდა.
იზიარებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატების მოსაზრებას იმაზე, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა კი არა, მხოლოდ შიდა დაპირისპირებაა?
„ტელევიზიების საქმეში ერთმნიშვნელოვნად არ ვერევი“, – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დღეს, 13 მაისს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ექსპერტებს შეხვდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს TV25-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, „რატომ აიგნორებს ამ ტელევიზიის შეთავაზებას“, მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში და კონკრეტულ კითხვებს უპასუხოს.
„ჩვენ არავის ვაიგნორებთ. ამ ბრალდებასაც ვერ მივიღებთ, რომ რაღაც სამთავრობო ტელევიზიები გვყავს და მხოლოდ იქ დავდივართ. მერწმუნეთ, რომ საკმაოდ არაკეთილგანწყობილ ტელევიზიებთან და ასევე წამყვანებთან ვყოფილვარ სტუმრად,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და იქვე დასძინა, რომ როცა დრო და სურვილი ექნება, მაშინ უპასუხებს, მაგალითად, TV 25-ს:
„როცა მექნება ამის დრო და სურვილი, როცა გადავწყვეტ, მაშინ მოვალ“, -თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
____
დღეს, 13 მაისს, ქართული ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილმა, ასევე სხვა მედიასაშუალებებმა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად ფეისბუკზე მთავარი ფოტო შეცვალეს სოლიდარობის გამომხატველი წარწერით.
აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებას და სხვა გადაცემებს 10 წამყვანი ჟურნალისტი ჩამოაშორა.
არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ფაქტს აფასებენ პოლიტიკურ ზეწოლად. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აჭარის ტელევიზიაში არსებულ კრიზისს საერთო ვერ ამჩნევს, ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს პროცესი აჭარის ტელევიზიის შიდა საქმეა და ისინი ამაში არ ერევიან.
„თუ არ არსებობს ჯეროვანი ზედამხედველობა და აღსრულება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსწორდეს… თუ არსებობს რაიმე ნიშნები, ამას გამოიკვლევენ,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ შეფასება – რასთან გვაქვს საქმე, როცა პანდემიის დროს ქალაქის ცენტრში შენობას უკანონოდ სართულს ადგამენ, უკანონოდ აშენებულ რვა სართულს კი, რეესტრში არეგისტრირებენ?
როგორ ხდება ასე, როცა უკანონოდ რვა სართულს აშენებენ, ან მერიის გვერდით უკანონოდ სართულს ადგამენ? ვინ გამოიკვლევს ამას? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობების შესახებ.
„რომელ უწყებებს ევალება? გრიბოედოვის ქუჩაზე იცით, რომ არსებობს უწყებები… მე თუ გამიჩნდება კითხვები, რა თქმა უნდა, შიდა გამოძიებას გავაკეთებ… თვითმმართველობის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცალკეულ ქეისებს, მით უმეტეს, აჭარის მთავრობიდან არ დაიწყებს ამის გამოძიება, მაგრამ გითხარით: თუკი არსებობს ცალკეული გამონაკლისები, სადაც ზედამხედველობის, ან აღსრულების ნაწილში არსებობს პრობლემები, ჩემი პოზიციაა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, რომ ეს უნდა გამოსწორდეს ერთმნიშვნელოვნად,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.
შესაძლოა თუ არა საქმე გვქონდეს კორუფციასთან? – ესეც ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.
„მიუღებელია, თუკი კანონს გარეთ ხდება გარკვეული მშენებლობები, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს დემონტაჟი, თუ არის უკანონო მშენებლობა…. გიმეორებთ, რომ თუ არსებობს ცალკეული კითხვები, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ, ეს უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა და ამას აკეთებენ. მიუღებელია, თუკი არსებობს სადმე ჩავარდნა ზედამხედველობის, ან აღსრულების კუთხით,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„ანუ არის ჩავარდნა?“ – ვკითხეთ ისევ თორნიკე რიჟვაძეს.
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 13 მაისის ბრძანებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში გაიარონ.
ამავე ბრძანებაში ასევე წერია, რომ მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები, განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ბოლო მონაცემებით, გარედაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდება. ეს აქტივობა აუცილებელია იმისთვის, რომ უფროსმა მასწავლებელმა სტატუსი შეიცვალოს და წამყვანი მასწავლებელი გახდეს.
პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.
ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები იყო.
სუბსიდიის ოდენობა ამჯერად, ჯამში 1 ჰექტარ [10 000 კვ.მ] მიწაზე, განისაზღვრა 200 ლარით [აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით]. ნაკლები ფართობის ნაკვეთის შემთხვევაში კი, სუბსიდია ამის პროპორციული იქნება. მაგალითად, 0.25 ჰექტარის [ანუ, 2 500კვ.მ] მიწის შემთხვევაში – 50 ქულა.
როგორ გამოიყენებს ფერმერი ქულებს:
[checklist]
0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეძლება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს კი, ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, ხვნის მომსახურების შესაძენად.
[/checklist]
პროექტის ფარგლებში, სუბსიდირდება მაქსიმუმ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მაქსიმუმ 2 000 ლარით, ანუ, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ფლობს 15 ან 20 ჰექტარ მიწას, სუბსიდია მაინც 2 000 ლარს, ანუ ამდენივე ქულას შეადგენს.
ამავე პროექტით, ფერმერს შეეძლება საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად [მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 1 ლარით ნაკლებად] შეიძინოს 150 ლიტრი დიზელი 1 ჰექტარი მიწის შემთხვევაში.
მთავრობამ ლიბერთი ბანკის მეშვეობით აგრობარათები ფერმერებს ადრეც დაურიგა, მათ შორის აჭარაშიც. სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ყველას, ვისაც ეს აგრობარათები შემორჩენილი აქვს, ქულები ამ ბარათებზე დაერიცხებათ იმის მიხედვით, რა ფართობის ნაკვეთიც გააჩნია საკუთრებაში. სააგენტოს ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი გადაუგზავნის.
სააგენტოში, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული აგრობარათები თავის დროზე დაურიგდა მხოლოდ მათ, ვისაც მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მაინც ჰქონდა საკუთრებაში.
მათ, ვისაც არ აქვთ აგრობარათები და ეკუთვნით სუბსიდია, უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკს“, სადაც ასეთ ბარათს უსასყიდლოდ დაუმზადებენ.
სააგენტო 20 მაისამდე მოამზადებს ბაზას, სადაც ყველა ფერმერი შევა, ვისაც სუბსიდია ეკუთვნის. გამოქვეყნდება ასევე იმ სპეციალიზებული მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც ფერმერს ბარათზე დარიცხული ქულების გახარჯვა შეეძლება [ერთი ქულა ერთი ლარია].
რაც შეეხება საწვავს – ფერმერი მიმართავს სააგენტოს წარმომადგენლობებს მუნიციპალიტეტებში [აჭარის შემთხვევაში კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს], სადაც მას მისცემენ ფასდაკლების ტალონს [იმ რაოდენობის საწვავზე, რაც ეკუთვნის] და ამ ტალონით შეიძენს დიზელს ბენზინგასამართ სადგურზე. თუ რომელ სადგურებზე, ეს ჩამონათვალიც 20 მაისიდან იქნება ცნობილი.
1 ჰექტარზე სუბსიდია 200 ლარია [200 ქულა], თუმცა, მაგალითად გურიაში, 1 ჰექტარი ფართობის დახვნაში, დაფარცხვასა და დათესვაში გლეხი ჯამში 350 ლარს იხდის.
იმ ფერმერებმა კი, ვისაც საშუალება ექნებათ ბარათზე დარიცხული ქულები დახვნისთვის გამოიყენონ, მხოლოდ და მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უნდა მიმართონ. სხვა შემთხვევაში ამ ქულებს ვერ გამოიყენებენ.
სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია კი, [იგივე, ყოფილი შპს „მექანიზატორი“] სახელმწიფო კომპანიაა და მის 100% წილს ა[ა]იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ფლობს. ამ სააგენტოს გამგეობის 6 წევრიდან 3 მოქმედი მინისტრია – სოფლის მეურნეობის [ლევან დავითაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე], ფინანსთა [ივანე მაჭავარიანი] და ეკონომიკის [ნათია თურნავა].
აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასოდ დახვნის ცალკე პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 5 მილიონი ლარით. თუმცა, როგორც აგროსერვისცენტრში გვითხრეს, ხელშეკრულება აქაც სახელმწიფო შპს „მექანიზატორთან“, ანუ „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიასთან“ გაფორმდება მთლიან თანხაზე, მაგრამ ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად დამუშავებული ფართობების მიხედვით.
ფერმერთა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას რაც შეეხება, არსებული მონაცემებით, გლეხების უმეტესობა აჭარაში ამ სუბსიდიას [200 ლარი 1 ჰექტარზე] ვერ მიიღებს, ვინაიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30-35 პროცენტს აქვს მიწა რეგისტრირებული, როგორც საკუთრება.
მთავრობამ ასევე დააანონსა მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოდ, თუმცა, ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას და რომელ მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქე, რომელსაც რეესტრში შეტანილი აქვს მიწის რეგისტრაციაზე განცხადება და მიწას [მინიმუმ 2500კვ.მ-ს] ვთქვათ, ივლისში დაირეგისტრირებს, მას შესაძლებლობა ექნება სუბსიდია მიიღოს.
პროგრამის პრეზენტაციისას მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წელს სუბსიდიას მიიღებს ყველა, ვისაც ნაკვეთი არ აქვს საკუთრებაში, მაგრამ ამავე წლის ბოლომდე დაირეგისტრირებენ.
აჭარაში ამ დრომდე მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. მიწების რეგისტრაცია კი, დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელშეწყობით ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესი მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მეზღვაურებისათვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
„ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურების, როგორც ძირითადი სამუშაო ძალის წარმომადგენლების, რეპატრიაციის პარალელურად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს გემზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის მიმართულებით. წარმატებით ვთანამშრომლობთ კომპანია „კოლუმბია შიპ მენეჯმენტთან“. სააგენტოს დახმარებით დღეს კიდევ 6 მეზღვაურის შეცვლა განხორციელდა და კომპანიის კუთვნილ გემზე 6 ქართველი მეზღვაური ავიდა სამუშაოს გასაგრძელებლად“ – ამბობს თამარ იოსელიანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით გემი სრულად გათავისუფლდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.
სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანია „კოლუმბია შიფ მენეჯმენტი“ ქართველი მეზღვაურების მსხვილი დამსაქმებელია და საქართველოსთან თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილება აკავშირებს. მისი თქმით, „კოლუმბია შიფ მენეჯმენტმა“ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მუშაობა მეზღვაურთა როტაციის მიმართულებით და შედეგად უკვე მეორედ მოხერხდა მეზღვაურების როტაციის ორგანიზება.
მსოფლიო ტვირთების 90% საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება და უზრუნველყოფს მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვის, ვაჭრობისა და ქვეყნებში სურსათის, მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგების შექმნის პროცესს. სწორედ ამ მიზეზით მოუწოდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) თავის წევრ ქვეყნებს, მეზღვაურის პროფესია აღიარონ „საკვანძო პროფესიად“ და მხარი დაუჭირონ გემებზე ეკიპაჟის წევრების როტაციის პროცესს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა 2020-ის პირველ კვარტალში, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 659 925 ლარი შეადგინა. ამ თანხის ყველაზე დიდი წილი რეკლამების შემოსავლის სახით 2020 წლის პირველ კვარტალში ასე გადანაწილდა:
ტელეიმედის სარეკლამო შემოსავალი – 5 404 783 ლარი
რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავალი – 2 555 286 ლარი
მთავარი არხის სარეკლამო შემოსავალი – 1 859 641 ლარი
TV პირველის სარეკლამო შემოსავალი – 927 809 ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი – 438 038 ლარი
სხვა ტელევიზიების შემოსავლები სარეკლამო საქმისგან 2020 წლის პირველ კვარტალში ასე გადანაწილდა:
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს COVID 19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე მზარდი ტენდენცია ჰქონდა. 2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 7-%-ით გაიზარდა.
2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 189%-ით გაეზარდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 56%-ით გაიზარდა „ჯი დი ესის“ სარეკლამო შემოსავალი, 50%-ით ტელეკომპანია პირველის, ხოლო 27%-ით გაიზარდა ტელეიმედის სარეკლამო შემოსავლები.
კომისიის გათვლებით 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის განმავლობაში უარყოფითად აისახება.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა რეგისტრირებული მიწის თითოეულ ჰექტარზე 200-ლარიან სუბსიდიის გაცემას გეგმავს, თუმცა, არსებული მონაცემებით, გლეხების უმეტესობა აჭარაში ამ სუბსიდიას ვერ მიიღებს.
აჭარის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30-35 პროცენტს აქვს მიწა რეგისტრირებული, როგორც საკუთრება. სუბსიდიის მისაღებად კი, მოქალაქეს, მინიმუმ, 2 500 კვ/მ მიწა მაინც უნდა ჰქონდეს საკუთრებაში დარეგისტრირებული [ამ ფართობის ნაკვეთის შემთხვევაში სუბსიდია 50 ლარია].
მთავრობამ ასევე დააანონსა მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოდ, თუმცა, ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას და რომელ მუნიციპალიტეტებს მოიცავს. აჭარაში ამ დრომდე მიწის რეფორმა არ ჩატარებულა.
ქედის მუნიციპალიტეტში სულ 5 200 კომლია რეგისტრირებული. ქედის მერის მოადგილე და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, მამუკა ფარტენაძე ამბობს, რომ დაახლოებით 1500 ოჯახის მოთხოვნა აქვს დაკმაყოფილებული კომისიას მიწის საკუთრების აღიარებაზე. მამუკა ფარტენაძე განმარტავს, რომ მიწის საკუთრების აღიარება ხდება პირდაპირი წესითაც – როცა მოქალაქეს სამართლებრივი დოკუმენტი აქვს და კომისიის ნაცვლად, პირდაპირ საჯარო რეესტრს მიმართავს.
„ჩემი ინფორმაციით, პირდაპირი წესით რეგისტრირებული და კომისიის მიერ აღიარებული საკუთრება ჯამში არის დაახლოებით 35-40 პროცენტი…“ – აღნიშნავს მამუკა ფარტენაძე.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიები არ მუშაობენ. გლეხი კომისიას ვერ მიმართავს, ახლა რომ მოინდომოს იმ მიწის საკუთრების აღიარება, რომელსაც, მაგალითად, ფაქტობრივად ამუშავებს. ქედის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისია მაშინვე შეუდგება მუშაობას დისტანციურად, როცა სანოტარო ბიუროები ამუშავდებიან. მამუკა ფარტენაძის თქმით, ნოტარიუსის გარეშე კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება.
„შუახევში სულ 3 633 კომლია და დაახლოებით 30 პროცენტს აქვს მიწა დარეგისტრირებული,“ – გვიპასუხეს შუახევის მერიის პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ ზუსტ მონაცემს ვერ გვეტყვიან, რადგან ზოგიერთი პირდაპირი წესით მიმართავს საჯარო რეესტრს. შუახევის მერიის ინფორმაციით, აქ მიწის საკუთრების აღიარების კომისია დისტანციურად მუშაობს და მოქალაქეებს კომისიისთვის მიმართვა ახლაც შეუძლიათ.
ხულოში 5 372 კომლია რეგისტრირებული. ხულოს მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ სულ 775 მიწის საკუთრების აღიარება მოხდა. აქ გვითხრეს, რომ დრო დასჭირდება იმის დაზუსტებას, თუ რამდენი მიწის ნაკვეთზე აღიარეს საკუთრების უფლება 2017 წლამდე.
ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით 619 ოჯახს გადასცეს მიწა საკუთრებაში. ხელვაჩაურში 14 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. ხელვაჩაურის მერიაში აღნიშნეს, რომ დასათვლელია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებმაც 2018 წლამდე მიიღეს მიწა საკუთრებაში.
რამდენ ოჯახს აქვს მიწა საკუთრებაში ქობულეთში? – ინფორმაცია ქობულეთის მერიიდან ჯერ არ მოუწოდებიათ.
ილონ მასკის კომპანიამ შტატებში ელექტრომანქანების მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა კალიფორნიაში ისევ აამუშავა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი შტატებში ისევ მოქმედებს და სამრეწველო სამუშოებიც დროებით აკრძალულია.
კალიფორნიის ხელისუფლებამ კარანტინის პირობები შედარებით შეამსუბუქა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამრეწველო საწარმოებს ამუშავების ნება დართო, თუმცა Tesla-ს ქარხანა ქალაქ ფრიმონტშია, სადაც სამრეწველო საქმიანობა ჯერ ისევ არ არის ნებადართული.
შაბათს, 9 მაისს, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ და მოითხოვს აღდგეს სამრეწველო საქმიანობა იმ ტერიტორიაზეც, სადაც ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანაა.
ილონ მასკი არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ორშაბათს, 11 მაისს, ტვიტერზე დაწერა, რომ Tesla-ს ქარხანა ამუშავდა.
„მეც დანადგარებთან ვიქნები სხვებთან ერთად და თუ ვინმეს დააპატიმრებენ, ვითხოვ, ეს მხოლოდ მე ვიყო,“ – წერს მასკი.
პოლიციის ადგილობრივი განყოფილება აცხადებს, რომ კანონდარღვევის შესახებ იციან, თუმცა იმოქმედებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოები მიმართავენ.
Tesla-მ კი თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით წერილები დაუგზავნა, სადაც წერია, რომ ქარხნის გახსნის გადაწყვეტილება კომპანიამ კალიფორნიის ხელისუფლების თანხმობის შემდეგ მიიღო.
გასულ წელს Tesla-მ ქარხანა გახსნა შანხაიში, ახალი ქარხანა შენდება ბერლინშიც. თუმცა ფრიმონტისქარხანა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია, რადგან აქ კომპანიის შტაბ-ბინა და ძირითადი საწარმოა განთავსებული.
თუ Tesla-ს ქარხანას ოფიციალურად არ ექნება მუშაობის უფლება, მასკი გეგმავს შტაბ-ბინა და ელექტრომობილების ქარხანა სხვა შტატში გადაიტანოს.
გუშინ, 12 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა მოუწოდა კალიფორნიის შტატს, მისცეს უფლება Tesla-ს, განაახლოს ელექტრომობილების წარმოება.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილი ყველა ტრენინგი შეჩერებულია. მათ შორის ისეთი ტრენინგები, რომელთა გავლის შემდეგაც მასწავლებლებს გარკვეული კრედიტქულების აღება შეუძლიათ.
ცენტრის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ცალკეული ორგანიზაციები სთავაზობენ პედაგოგებს ტრენინგებს კრედიტქულების მისაღებად, თუმცა არ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი ფორმით აღებულ კრედიტქულებს განათლების სამინისტრო არ აღიარებს. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აკრედიტებულ ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი ატარებს.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია კრედიტქულიანი ტრენინგები შესთავაზოს პედაგოგებს, არის მასწავლებლის სახლი. ჩვენ არაერთხელ დაგვიკავშირდნენ პედაგოგები, რომლებიც გვეკითხებოდნენ, ჩაეთვლებოდათ თუ არა კრედიტქულები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობდა ტრენინგების გავლის პერიოდში და ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არა.
ბუნებრივია, არ ვაღიარებთ ასეთი ფორმით აღებულ კრედიტქულებს, რადგან ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელსაც უფლება აქვს კრედიტქულები მიანიჭოს პედაგოგს, არის მასწავლებლის სახლი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ჟორჟოლიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.
ამავე პრობლემაზე საუბრობს „ბათუმელებთან“ მაია კობახიძეც, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელი.
„ჰპირდებიან პედაგოგებს 4-კრედიტიან ტრენინგებს. მაინც არ ვიცი, საიდან მოიგონეს ეს 4 კრედიტი. ეს კრედიტები კარიერული წინსვლისთვის მათ არ გამოადგებათ, სერტიფიკატში 10 კრედიტიც რომ ჩაუწერონ, რადგან, როგორც ვიცით, მხოლოდ მასწავლებლის სახლი ანიჭებს კრედიტქულებს პედაგოგებს“, – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, მასწავლებელთა პროფკავშირების იურისტები იკვლევენ ამ საკითხს და მოკვლევის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პედაგოგებს ფასიანი ტრენინგების გავლის სანაცვლოდ კრედიტქულებს სთავაზობენ.
ამ დროისთვის, როგორც ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, არც მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ახალი სქემაა დამტკიცებული, რომელიც 2020 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო.
3 ათასზე მეტი პედაგოგი წელს სტატუსის ამაღლებას ელოდა, რადგან ხელფასის ზრდა სწორედ სტატუსზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც პედაგოგები ამბობენ, ჯერჯერობით, ვერც კრედიტქულების დაგროვებას ახერხებენ და ვერც გარედაკვირვების გავლას, რომელიც სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი აქტივობაა.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს [BIAFF] ახალი სექცია დაემატა – COVIDEO – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო.
სექცია COVIDEO იზოლაციაში მყოფი დამწყები თუ პროფესიონალი რეჟისორებისა და კინოგადაღებით დაინტერესებული მოყვარულებისთვის აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას.
„კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას აქვს ნათელი მხარეც – ეს პერიოდი, საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს მხატვრული ინსპირაციისთვის,“ – აღნიშნულია კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მოთხოვნები წარსადგენი ფილმების მიმართ:
ფილმის თემატიკა – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გადმოცემული – კინოესეები ადაპტაციის ფორმებსა და გზებზე არსებულ რეალობაში, „ეპისტოლარული კინოს“ მეთოდების ძიება (ვიზუალური რებუსები), სხვადასხვა გარემოში გადაღებული უცნაური რეპორტაჟები.
ფილმის გადაღების პერიოდი – სასურველია 2020 წლის მარტი – ივნისი
ქრონომეტრაჟი – 1 წუთიდან 5 წუთამდე
ფორმატი – HD ხარისხი
ფესტივალის მენეჯმენტი შეარჩევს 20 მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში -COVIDEO.
ფილმები ნაჩვენები იქნება კინოფესტივალის პერიოდში დიდ ეკრანზე და რამდენიმე ნომინაციაში შეაფასებს როგორც ჟიური, ისე აუდიტორია.
საკონკურსო სექცია COVIDEO-ს ნომინაციებია:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარიაუდიტორიის/მაყურებლის პრიზი – ამ კატეგორიაში გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით. ამისათვის ფილმები განთავსდება ონლაინსივრცეში – კინოფესტივალის youtube/Facebook არხებზე და მაყურებლებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ ე.წ. „ლაიქის“ მეშვეობით.
გამარჯვებული ფილმების ავტორებს BIAFF კინოფესტივალი პრიზის სახით გადასცემს BIAFF 2021 წლის კინოფესტივალზე დასწრების ვაუჩერს [კინოფესტივალზე აკრედიტაცია ნებისმიერ ფილმზე ან მასტერკლასზე დასწრების უფლებით; 5 ღამით განთავსება და ბათუმში ტრანსპორტირება – მოისაზრება მხოლოდ საქართველოში შიდა ტრანსპორტირება; კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიაზე/ბანკეტზე დასწრება].
ფილმების წარდგენისთვის შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა ბმულზე [დაწკაპეთ გასახსნელად].
საკონტატო ინფორმაცია: submission@biaff.org
2020 წელს ბათუმის საავტორო კინოს XV საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება 13-20 სექტემბერს იგეგმება. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში 550 ათასი ლარის მომსახურების შესყიდვას გეგმავს პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.
საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია „მსოფლიოში კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საცხოვრებლისა და საკვების გარეშე დარჩენილი ასობით საქართველოს მოქალაქის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ, ეს იქნება დროებითი თავშესაფარი, საკვები, მედიკამენტები, ტრანსპორტირება თუ სხვა.“
საელჩოს განცხადებით, 2020 წლის 18 მაისიდან 2020 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, დაგეგმილი შესყიდვების მოცულობა დაახლოებით იქნება 550 000 ლარის. ამ თანხის ძირითადი ნაწილი საჭიროებისამებრ, გაიხარჯება ჰოსტელებზე, საკვებზე, ტრანსპორტირებასა და სხვა საჭირო პირველადი დახმარების გასაწევად.
„პანდემიის გამო, სიტუაციის ყოველდღიური, რადიკალური ცვლილება არ გვაძლევს შესყიდვების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვის საშუალებას და საჭიროებაა მყისიერი რეაგირების, ასევე პოლონეთის რესპუბლიკაში მოქმედი შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები და პანდემიის დროს მოქმედი წესები“, – აცხადებს საელჩო და დაგეგმილი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.
საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, პოლონეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეავსონ და ელექტრონული ფორმით გააგზავნონ განცხადების ფორმა, რომელიც საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
მთავარი ფოტო: ვარშავა / 2015 წელი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.
გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.
გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 424 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ბოლო მონაცემებით ამჟამად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 4 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. გუშინ, 12 მაისს, კლინიკა დატოვა 7-მა განკურნებულმა პაციენტმა.
ბათუმში უკვე 13 დღეა არ გამოვლენილა Covid19-ის ახალი შემთხვევა.
13 მაისის მონაცემებით [11 სთ], საქართველოში კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, გარდაიცვალა – 11.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად ქართულმა ონლაინმედიის ნაწილმა ფეისბუქგვერდზე მთავარი ფოტო შეცვალა.
„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“ – წერია ონლაინგამოცემების მთავარ ფოტოზე. სოლიდარობის ეს აქცია კოალიციის – „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით იმართება.
ამ დროისთვის აქციას უერთდებიან: „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, on.ge, „ტაბულა“, „ინტერპრესნიუსი“, „ინდიგო“, LivePress-ი, „რუსთავი 2“, რადიო „ჰერეთი“, „სამხრეთის კარიბჭე“, OC Media, TV25, TOK TV-ი, „პალიტრავიდეო“, ტელეკომპანია „გურია TV“, რადიო „მარნეული“, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, „ფორმულა“, ტელეკომპანია „ბორჯომი“, „აი ფაქტი“, სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმა “გხედავ”, ქუთაისი პოსტი, media.ge, აქცენტნიუსი და რადიო „ათინათი“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში უკვე რამდენიმე თვეა ათავისუფლებენ ან პოზიციას უცვლიან ახალი დირექტორისათვის არასასურველ ჟურნალისტებს:
11 მაისს აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, 21 აპრილს ტელეეთერიდან ფეისბუქზე სტატუსის გამო მოხსნეს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, 11 აპრილს ტელევიზიის ვებგვერდზე ახალი ამბების მომზადებას ჩამოაშორეს ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი, 23 მარტს ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს სამუშაოდ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე. 13 მარტს ტელევიზიიდან გაუშვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 28 თებერვალს გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და ეს სია გრძელდება.
საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.
საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს უწოდა „საგანგაშო“, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სამჯერ გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა„პატივი სცეს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფის სარედაქციო დამოუკიდებლობას“.
მსოფლიო პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია. სულ გარეთ უნდათ, მეგობრებთან ურთიერთობა აკლიათ და ეზოში თამაში ურჩევნიათ შინ გამოკეტვას. კოვიდ 19-თან დაკავშირებული ინფორმაცია, ცხადია, აღწევს ბავშვებამდეც მუდმივად ჩართული ტელევიზორებიდან, ინტერნეტის საშუალებით და ოჯახის წევრების საუბრებიდან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს ბავშვები სხვადასხვაგვარად ხატავენ.
„ვირუსი მონსტრია, რომელსაც აუცილებლად მოერევა მეხანძრე” – ამბობს ამ ნახატის ავტორი, 6 წლის დამონი საფრანგეთიდან.
„ვიბანთ ხელებს ხშირად, ერთმანეთს არ ვეხუტებით და არც ხელს ვართმევთ” – იმეორებს 7 წლის ადელაიდა პანდემიისას ქცევის წესებს.
,,ავად ვარ!” – ყვირის ფანჯრიდან კაცი 11 წლის თეოს ნახატზე. ,,მე კორონა ვარ”, ,,დარჩით სახლში და იბანეთ ხელები”
სარფის საბაჟოზე 24 აპრილს დაკავებულ ბრალდებულს Covid19 დღეს, 12 მაისს, დაუდასტურეს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისთანავე ანუ 24 აპრილს გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც კარანტინია მოწყობილი.
„ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ,“ – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რატომ არ ჩაუტარდა კვლევა კლინიკაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ დრომდე? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ 10 მაისს ბრალდებულებს გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დადებითი პასუხის შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა PCR ტესტი. სამსახურში განმარტეს, რომ პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედეს.
13 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 4 200 953 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 502 591 ადამიანი და გარდაიცვალა 284 150, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ახლა ინფიცირებულია 2 414 212 ადამიანი.
„აქტიური შემთხვევები“ გულისხმობს რამდენი COVID-19-ით ინფიცრებული ადამიანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ დღეს.
კონკრეტული ქვეყნის მონაცემების გამოსაკვეთად, კურსორი დააყენეთ დიაგრამაზე, ქვეყნის დასახელებასთან.
დღეს, 12 მაისს, მედდების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის დაარსება ბრიტანელ მედდას, ფლორენს ნაიტინგეილს უკავშირდება. იგი 1820 წლის 12 მაისს დაიბადა იტალიაში, თუმცა ინგლისში გაიზარდა.
ფლორენსი ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს.
ყირიმის ომის მსვლელობისას, 1854 წელს, ფლორენსმა მიიღო წერილი ომის მონაწილე ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, სადაც ის ითხოვდა ექთნების მობილიზებას ომში დაჭრილი ჯარისკაცების მოსავლელად. ნაიტინგეილმა სწრაფად შეკრიბა 34 ექთანი სხვადასხვა რელიგიური ორდენიდან და მათთან ერთად ყირიმისკენ გაემართა. ადგილზე დაჭრილების მოსავლელად არანაირი პირობა არ დახვედრიათ. ბევრი ჯარისკაცი იღუპებოდა ინფექციებისგან, ტიფისა და ქოლერასგან. ადგილზე ჩასულმა ფლორენსმა სწრაფადვე მოახერხა სანიტარული გარემოს შექმნა. მისი გაწეული მუშაობის შედეგად ჯარისკაცების სიკვდილიანობა ⅔ -ით შემცირდა.
„ქალი ლამპით“ – ასე უწოდებდნენ ფლორენსს, რომელიც ღამით დაჭრილი ჯარისკაცების მოსანახულებლად სანათით დადიოდა, ამიტომაც მას ხშირად გამოსახავენ ლამპით ხელში.
მოგვიანებით ფლორენს ნაიტინგეილმა დააარსა კოლეჯი ექთნებისთვის ლონდონის წმინდა თომას ჰოსპიტალში. შემდგომში მის მიერ აღზრდილი ექთნები მთელ ბრიტანეთში დაგზავნეს, რათა გაევრცელებინათ ექთნის პრაქტიკა და იდეები.
ნაიტინგეილი მედდად მუშაობის გარდა წერდა კიდეც. მის მიერ 1860 წელს გამოცემული ჩანაწერები შეიცავს რეკომენდაციებს სანიტარიული, სამხედრო ჯანდაცვის და საავადმყოფოების დაგეგმარების საკითხებში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა სფეროზე და დღემდე აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში. [BBC]
ფლორენს ნაიტინგეილი
არსებობს „ნაიტინგეილის ფიცი“ რომელსაც დამწყები ექთნები დებენ, წარმატებული ექთნები კი ჯილდოვდებიან ნაიტინგეილის მედლით. გასულ წელს ეს ჯილდო მოიპოვა წითელი ჯვრის ექთანმა ახალ ზელანდიაში, ფელისითი გეიპსმა.
წელს მედდების საერთაშორისო დღე, 12 მაისი, ფლორენს ნაიტინგეილის 200 წლის იუბილეს დაემთხვა.
მედდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
მედდის პროფესიის მხარდაჭერით ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა: გააუმჯობესონ ჯანდაცვის სისტემა, გააღრმავონ გენდერული თანასწორობა და მხარი დაუჭირონ მათ ეკონომიკურ ზრდას. მედდების გაძლიერება დამატებით სარგებელს მოიტანს გენდერული თანასწორობის საკითხში, წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში და, ასევე, დაეხმარება მდგრადი განვითარების სხვა საკითხებს – წერია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია მადლობას უხდის მედდებს გაწეული შრომისთვის. მედდების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ვიზრუნოთ მსოფლიოზე გამოჯანმრთელებამდე”.
„პარიზში რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა ქართულ მაფიოზურ კლანს მიეწერება სახელწოდებით „Vory v Zakone” – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმაგაავრცელეს. საქმე ეხება მაღაზიების არცთუ დიდ დანაკარგებს, თუმცა დანაშაულებრივი კლანის ქმედებები საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული.
პარიზის ისეთ დიდ სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა: Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart დამნაშავეები იპარავდნენ ელექტრომოწყობილობებს, კოსმეტიკას და ტყავის ჩანთებს. „პარიზის პროკურატურა ფაქტებს ორწელიწადნახევარი იძიებდა“ – წერს 10 მაისს გამოცემა Le Parisien-ი. პარიზის პროკურატურა ითხოვს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას 35 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დანაშაულებრივი კლანის წევრობისა და დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი ქურდობის ნიშნით.
გამოცემა წერს, რომ დამნაშავეთა ჯგუფის 14 წევრი დაპატიმრებულია. ისინი ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში დააკავეს პარიზში. სპეცოპერაცია იმ დროისთვის საფრანგეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ განახორციელა.
Le Parisien-ი წერს, რომ საფრანგეთში მოქმედი დამნაშავეთა ჯგუფი „Vory v Zakone” დამნაშავეთა სტრუქტურული და იერარქიული ორგანიზაციაა. „ჯგუფის ლიდერები ,,ქურდები“ არიან და მათი იდენტიფიცირება რვაქიმიანი ვარსკვლავის ტატუთია შესაძლებელი. ქურდებს ჰყავთ ,,მაყურებლები“, რომლებიც უბნებს აკონტროლებენ და ასევე ე.წ. ,,შესტიორკები“, რომლებიც გადასახადების მსგავსად აგროვებენ ფულს, „ობშიაკს“ მაფიისთვის. სანაცვლოდ კი იღებენ მხარდაჭერას მაფიისგან, თუ მათ პოლიცია დაიჭერს“, – წერს Le Parisien-ი.
გამოცემის მიხედვით, „Vory v Zakone” მთელს ევროპაში მოქმედებს. სპეცსამსახურების ცნობით, 2015 წელს, დამნაშავეთა ჯგუფის შეკრებაზე, ერთ-ერთი კლანის მმართველად 38 წლის ვინმე გიორგი პ. აირჩიეს. ეს იყო პარიზის რეგიონის დამნაშავეთა ქსელი.
სპეცსამსახურებმა სატელეფონო ზარების მოსმენების საფუძველზე ასევე დაადგინეს, რომ ვინმე ნოდარ გ. და ილია კ. დამნაშავეებმა აირჩიეს საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის, პორტუგალიის, ესპანეთისა და იტალიის დამნაშავეთა კლანების მმართველებად.
მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ 50%-იანი დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად.
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და მესამე – ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემების მოწყობა.
სამივე შემთხვევაში თანადაფინანსება არის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 ათასი ლარისა. ანუ, მაგალითად, თუ სათბური ფერმერს 40 ათასი ლარი უჯდება, პროგრამის ფარგლებში მიიღებს 20 ათას ლარს, მაგრამ თუ 340 ათასი ლარი უჯდება, მიიღებს მაქსიმუმ 50 ათას ლარს“, – გვითხრეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.
სააგენტოს განცხადებით, დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და „20 მაისისთვის ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ ინფორმაციასდა ამავე გვერდზე დარეგისტრირდნენ პროგრამაში ჩართვის მიზნით.“
„ამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქის ცენტრში უკანონოდ ისე დასრულდა, რომ სასამართლოში მოგებულმა საქმემაც ვერაფერი შეცვალა“, – ამბობს ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის #3-ში მცხოვრები მამუკა დავითაძე და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიის ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ გაბათილებულია. მამუკა დავითაძე კერძო სახლში ცხოვრობს, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აივნები კი, მისი სახლის ფანჯრებიდან ხელის გაწვდენაზეა.
„შეხედეთ, ხელის ჩამორთმევაც კი შეიძლება, პანდემია რომ არ იყოს,“ – ირონიას არ მალავს მამუკა, ვიდრე საქმის მასალებს გაგვაცნობს და ფანჯრიდან მეზობლად აშენებულ კორპუსს გასცქერის.
ხედი მამუკა დავითაძის სახლიდან
მამუკა მიიჩნევს, რომ უკანონო მშენებლობას ბაგრატ მანველიძე მფარველობდა, რომელიც კორპუსის აშენებამდე აქ მიწის ნაკვეთს ფლობდა და ბათუმის ვიცე-მერი იყო, როცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა 2015 წელს. მშენებლები ახვლედიანის ქუჩაზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ. მაშინ ყველა ტელევიზია და მედიასაშუალება აშუქებდა ერთკაციან აქციას – ქალი, რომელიც შუა ქუჩაზე ქოლგით სკამზე დაჯდა და სატვირთო ავტომანქანებს აღარ ატარებდა. ქალი ამბობდა, რომ მაღალსართულიანი სახლის აშენების უფლებას არავის მისცემდა. ეს ქალი მამუკა დავითაძის დედაა – იზოლდა რუსიძე, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ სასამართლოსთვის მიუმართავს.
„…ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი იყო ის, რომ კორპუსი პირდაპირ მოგვადგეს და ჩაგვაბნელეს, მზის სხივი აღარ აღწევს, კორპუსის ფანჯრებიდანაც პირდაპირ გვიყურებენ… გარდა ამისა, პრობლემა იყო ბზარების გაჩენა სახლში, რომელიც მშენებლობის დროს გაჩნდა, ზარალიც არავინ აგვინაზღაურა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვითაც, მშენებლობის რეგულაციები დარღვეული იყო,“ – გვიყვება მამუკა დავითაძე და სახლის მეორე სართულზე გაჩენილ ბზარებს გვაჩვენებს. ამ სახლში 1969 წლიდან ცხოვრობს იზოლდა რუსიძე.
„პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება“ – ეს სიტყვები გამოიყენა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან ბათუმის მერიის მშენებლობის ნებართვა სამართლებრივად 2016 წელს შეაფასა.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად…“ – წერს მოსამართლე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ „მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იქნა შეთანხმებული შპს „ელიტჰაუსის“ სამშენებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი სახის ღია ნაწილებს, როგორიც არის მოწყობილი შპს „ელიტჰაუსის“ შენობის ფასადზე, იზოლდა რუსიძის სამეზობლო საზღვრის მხარეს, მაშინ როცა მათი მოწყობა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ წესს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება,“ – ვკითხულობთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იზოლდა რუსიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გააბათილა მერიის მიერ მშენებლობის ნებართვისთვის გამოცემული ბრძანება. მოსამართლემ მოსარჩელის აზრი არ გაიზიარა მხოლოდ მშენებლობის სიმაღლის კუთხით და არ მიიჩნია, რომ შენობის სიმაღლე არღვევდა მოქალაქის უფლებას რაიმე კუთხით. მოსამართლემ ბათუმის მერიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
ბათუმის მერიამ, სადაც ვიცე-მერი ისევ ბაგრატ მანველიძე იყო, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაცვლად აღსრულებისა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რითაც ისარგებლა მშენებელმა და ახვლედიანის #3-ში აქტიურ რეჟიმში დაიწყო მშენებლობა.
რა შუაშია ბაგრატ მანველიძე?
ბაგრატ მანველიძემ საკუთარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შპს „ელიტჰაუსს“, რომელმაც ახვლედიანის #3-ში საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ამ კორპუსში ახლა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ბაგრატ მანველიძის შვილი – ბექა მანველიძე რამდენიმე საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს.
„აქ ყველამ იცის, რომ მშენებლობას მფარველობდა ბაგრატ მანველიძე… თავის დროზე დედაჩემსაც უთხრეს, ირბინე შენ შენი საბუთებით რამდენიც გინდა, ვერაფერს გახდებიო…“ – აღნიშნავს მამუკა დავითაძე „ბათუმელებთან“. მას სჯერა, რომ მანველიძის აქტიური ჩართულობის გარეშე უკანონო მშენებლობა ვერ დასრულდებოდა.
2016 წელს ბათუმის მერიამ მოქალაქე იზოლდა რუსიძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს სამივე ინსტანცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაეთანხმა და არაფერი შეცვალა, თუმცა ამასობაში ბათუმის მერიის და სასამართლოს შუაში, ქალაქის ცენტრში, უკანონო მშენებლობა დასრულდა კიდეც. 2018 წელს უკვე ახალმა მერმა – ლაშა კომახიძემ ახალი შენობა ექსპლუატაციაშიც მიიღო.
ახლა „ელიტჰაუსი“ დავობს სასამართლოში ბათუმის მერიის წინააღმდეგ, რადგან სასამართლოს სამივე ინსტანციაში დროის გაყვანის შემდეგ, ლაშა კომახიძე იძულებული გახდა უკანონოდ აგებული შენობის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილება გაეუქმებინა. გარდა ამისა, მშენებელი კომპანია დააჯარიმეს, რადგან მან პროექტი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად არ შეცვალა.
„მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, ბათუმის მერიამ გააუქმა გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების შესახებ… გრძელდება ორი დავა ცალ-ცალკე. კომპანია ასაჩივრებს ჯარიმას და ექსპლუატაციაში მიღების გაუქმებას,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე.
„ეს ყველაფერი თამაშია, შეთანხმებულად მოქმედებენ, თორე ჩვენთვის რა იცვლება?“ – კითხულობს მოქალაქე მამუკა დავითაძე, რომელმაც უკვე ყველა ინსტანცია მოიარა საკუთარი უფლების დასაცავად.
რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და რამდენად შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა ახლა, როცა მშენებლობა დასრულებულია, ხოლო ახალ კორპუსში ხალხი ცხოვრობს?- ბათუმის მერიის იურისტი ამბობს, რომ დადგენილება აღსრულების ბიუროს ჯერ არ ჩაჰბარებია, რადგან იგი კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლო დავა გრძელდება.
„ცალკე საკითხია, რამდენად აქვს აღსრულებას იმის რესურსი, რომ პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს მშენებლობა…“ – დასძინა მერიის იურისტმა „ბათუმელებთან“.
მოქალაქე მამუკა დავითაძეს კი ახსოვს ბაგრატ მანველიძის სასამართლო პროცესიც, როცა მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები 2019 წელს დააკავეს. მაშინ ბაგრატ მანველიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. საუბარია „იაფი სახლის“ საქმეზე – ბაგრატ მანველიძე სადავო შესყიდვის დროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაგრატ მანველიძე დამნაშავედ მიიჩნია და მას ჯარიმის სახით 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად კლინიკა „მედალფაში“, სადაც კოვიდინფიცირებულ პირებს მკურნალობენ, მხოლოდ 4 პაციენტი დარჩა.
აჭარაში 12 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს, ასევე, კორონავირუსზე 36 ტესტის პასუხი უარყოფითია.
აჭარაში 50 პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან, გარდაიცვალა – ორი.
12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 639 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 349 ადამიანი, გარდაიცვალა – 11.
ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, მესაკუთრემ რვა სართული უკანონოდ ააშენა. ეს საკითხი „ბათუმელებმა“ მოიკვლია და სტატიაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ბათუმის მერიამ საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ უკანონო მშენებლობის დაშლა „მისი პრესტიჟის საქმე“ იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ ექვს თვეზე მეტი გავიდა, მერიის შენობასთან ახლოს მდებარე უკანონო კარკასი არ დაუშლიათ, მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოახერხეს. მშენებელმა ეს კარკასი 2019 წლის ბოლოს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. შესაბამისად, ეს უკანონოდ აშენებული სივრცე უკვე კერძო საკუთრებაა.
ქონების მესაკუთრე ოფიციალურად თამარ როყვაა.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს [ეს სამსახური ახლა ახალ მუნიციპალურ ინსპექციაში ერთიანდება] ეს საქმე რეაგირებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში აქვს გადაგზავნილი. ამ დრომდე რაიმე სახის რეაგირება არც ამ უწყებას ჰქონია.
რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ ამ ქონებაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით, ყადაღაც გაჩნდა – მიზეზი მოვალეთა რეესტრია. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ როყვამ შესაძლოა ეს ქონება მოვალეებს გადაუნაწილოს, ვალის დასაფარად – ყადაღის მოხსნის მიზნით. მომავალი მესაკუთრეები კი კეთილსინდისიერ შემძენებად ჩაითვლებიან.
8 სართულის უკანონოდ აშენებამდე თამარ როყვამ, 2016 წელს, 201 კვადრატული მეტრი მიწა დაირეგისტრირა ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში. ამ ნაკვეთთან ერთად მან დაირეგისტრირა ასევე შენობა-ნაგებობები, ჯამში 172.07 კვ.მ.
2019 წლის მარტის ჩათვლით ამ მისამართზე [იმავე საკადასტრო კოდზე] ისევ იგივე ფართობები ფიქსირდებოდა, ოქტომბერში კი შენობა-ნაგებობების მასშტაბი უცებ გაიზარდა და იმავე მიწის ნაკვეთზე 843, 33 კვადრატული მეტრი ქონება გაჩნდა. საქმე იმაშია, რომ თამარ როყვას თავდადებულის #48-ში ძველი სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი რვა სართული ამ დროს უკვე აშენებული ჰქონდა.
„ბათუმელებმა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა ბათუმის მერიის მიმართვის აღსრულება. ბიუროს განმარტებით, კონკრეტული სააღსრულებო საქმის წარმოებაზე, კომენტარს ვერ გააკეთებენ. ბიუროში განმარტეს, რომ დემონტაჟის საქმეების შემთხვევაში აღსრულების თარიღი უნდა ჩანიშნოს თვითონ კრედიტორმა [ამ შემთხვევაში ბათუმის მერიამ]. გარდა ამისა, კრედიტორი ვალდებულია გამონახოს დემონტაჟისთვის საჭირო ტექნიკა და ადამიანების რესურსები, აღსრულების პოლიცია კი პერიმეტრს დაიცავს.
ბათუმის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის: „ჩვენ თარიღს ვერ ჩავნიშნავთ. როცა ვწერთ აღსრულების ბიუროს, ეს იმას ნიშნავს, რომ მერია მზად არის. სააღსრულებო ბიურომ უნდა მოგვწეროს თარიღი ჩანიშნულია კონკრეტულ დღეს და გთხოვთ უზრუნველყოთო. მერია საპასუხო წერილით უთანხმდება თარიღზე და იწყება დემონტაჟი. აღმასრულებელია პასუხისმგებელი, მერია საქმის წარმოებას ასრულებს დადგენილების გამოცემით. კანონმდებლობა განსაზღვრავს: თუ პირი არ ასრულებს მოთხოვნას კონკრეტულ ვადაში, საქმე იგზავნება სააღსრულებო ბიუროში იძულებით აღსასრულებლად. ამით ყველაფერი ნათქვამია“, – განმარტავს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ირაკლი მოქია.
„ბათუმელებმა“ უკანონო მშენებლობის შესახებ პირველად, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაწერა, 10 ოქტომბერს კი რეესტრმა თამარ როყვას ამ მისამართზე 843,33 კვადრატული მეტრი ფართობი დაურეგისტრირა. 2019 წლის ოქტომბერში რეესტრს როგორც თამარ როყვას მინდობილმა პირმა მაყვალა ვარშანიძემ მიმართა.
როგორც განაცხადშია მითითებული, თამარ როყვამ რეესტრს წარუდგინა შენობის აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მშენებლობის კანონიერების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი მას რეესტრისთვის არ წარუდგენია. ერთ-ერთ საფუძვლად ამხანაგობა „თავდადებული 48“-ის კრების ოქმია მითითებული, რომელიც 2015 წლით თარიღდება. თუმცა უკანონოდ აშენებული ფართობი რეესტრმა მაინც დაარეგისტრირა.
2020 წლის იანვარში თამარ როყვამ რეესტრს კიდევ ერთი რეგისტრაციისთვის მიმართა და ამ მისამართზე მისი ქონება 1125.61 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, სადაც ასევე აღნიშნულია კონკრეტული სართულების ფართობების შესახებ ცალ-ცალკე.
იმის შესახებ, რომ უკანონოდ აშენებული კარკასი თამარ როყვას რეესტრმა დაურეგისტრირა, მერიაშიც იციან. „ ჩვენ მივმართეთ რეესტრს რეგისტრაციის შეჩერების მოთხოვნით, მანამდეც მივწერეთ და მას შემდეგაც, რაც დაურეგისტრირა. მაინც რატომ დაურეგისტრირა, ვერ გეტყვით ამაზე უფრო კომპეტენტურად ალბათ რეესტრი გიპასუხებთ,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამარ როყვა შპს „ელტურის“ დირექტორი და 40 პროცენტის მფლობელია, კომპანიის წილებს ფლობენ ასევე, გრიგოლ როყვა [30%] და გურამ გაგუა [30%].
როგორ მოხდა, რომ რეესტრმა უკანონოდ აშენებული ფართობი დაარეგისტრირა? – ვკითხეთ საჯარო რეესტრს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა.
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა.
მალხაზ რეხვიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატუსი ეხება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რაზეც საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღებაა მიმართული და პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს გაერთიანების წევრების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურების და დაცვის ვალდებულება აქვს, გავრცელებული მოსაზრება სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და მისი ავტორის აბსოლუტურად დაცულ უფლებას წარმოადგენს.
აქვე უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც არ დასტურდება მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცილისწამების დადგენისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს არამხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, არამედ ისიც, რომ მან კონკრეტული ზიანი განიცადა, რაც მოცემულ საქმეში სახეზე არაა,“ – აცხადებს EMC-ი.
შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო პოსტის გამო მიიღო. კერძოდ, 2020 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტით მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა.
EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
მოქმედი საჯარო მოხელეები, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები, ისევ იყენებენ რუსულ ელექტრონულ ფოსტას, ეს მისამართები მათ სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზეც აქვთ მითითებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, mail.ru- თი სარგებლობს მერიის ხუთი სამსახურის უფროსი.
mail.ru-თი სარგებლობს ასევე ქედის მერიის რამდენიმე ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი.
ერთ-ერთ მოქმედ ელექტრონულ ფოსტად mail.ru აქვს მითითებული ბათუმის საკრებულოს მოადგილეს თამაზ სალუქვაძეს. რუსული ფოსტა აქვს ასევე საკრებულოს წევრს, მიხეილ ართმელაძესაც.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტებით, mail.ru-ს გამოყენება საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით კი – მსგავსი პირადი მეილის სამსახურებრივი საქმეებისთვის გამოყენება.
2019 წლის შემოდგომაზე ათასობით ქართულ საიტზე – მათ შორის პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოების ვებგვერდებზე – კიბერშეტევა განხორციელდა. „დაჰაკული“ ვებგვერდების უმრავლესობის სერვერი ჰოსტინგ კომპანია „პროსერვისს“ ეკუთვნოდა.
დღეს, 12 მაისს, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური მოთხოვნებით აქციას მართავს. სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ჩაის ყოფილი პლანტაციები, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელია, სარგებლობის უფლებით სოფლის მოსახლეობას გადაეცეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია რამდენიმე წელია იჯარით არის გაცემული, თუმცა, მათი თქმით, მოიჯარე მიწით არ სარგებლობს და ტერიტორია მოუვლელია.
„ჩვენ ვითხოვთ, მოგვცენ უფლება გავასუფთავოთ, დავამუშავოთ პლანტაცია, რომ შემოსავალი გვქონდეს. თურქეთში ვეღარ გადავდივართ სამუშაოდ, შემოსავალი აღარ გვაქვს, მოგვცენ ეს მიწა, რომ ვიმუშავოთ და კარტოფილი მაინც მოვიყვანოთ,“ – ამბობენ ადგილობრივები „ბათუმელებთან“ საუბრისას.
მურთაზ აბაშიძე ოჩხამურში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ დღევანდელი აქციის მიზანია ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა იმ სიდუხჭირეზე, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება.
„ჩვენ გვინდა ვთხოვოთ ხელისუფლებას, ეს ტერიტორია გადმოგვცენ სარგებლობაში, რომ დავამუშავოთ. მოიჯარე, რომელსაც გადაცემული აქვს ეს მიწა, უკვე წლებია არაფერს არ აკეთებს.
თურქეთში გადავდიოდი და ვმუშაობდით, ახლა რა ვქნათ, ოჯახში ათი სული ვცხოვრობთ, როგორ ვიარსებოთ? იმის უფლებასაც კი არ გვაძლევენ, რომ კარტოფილი მაინც დავთესოთ,“- ამბობს მურთაზ აბაშიძე.
ოჩხამურში ცხოვრობს ზურაბ დიასამიძეც, რომელიც ასევე მიწით სარგებლობის უფლებას ითხოვს.
„ან ეს ჩაი აღორძინდეს და ჩვენც მოგვეცეს მუშაობის უფლება, ან გადმოგვცენ სარგებლობაში, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი მაინც მოვიყვანოთ,“ – ამბობს ის.
ოჩხამურელების თქმით, ისინი მხოლოდ მიწაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ, რომ სოფელს შემოსავალი გაუჩნდეს.
როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, აღნიშნული ტერიტორია კერძო მესაკუთრისაა.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, დაახლოებით 200 ჰექტარი მიწა, რომლის სარგებლობის უფლებასაც ოჩხამურელები მოითხოვენ, საჯარო რეესტრის მიხედვით, კერძო იურიდიული პირის, „მილენიუმ ტრანსის“ საკუთრებაშია 2008 წლიდან.
„ამიტომ, მისი განკარგვა, ან სარგებლობით გადაცემა, ან დამუშავება, მხოლოდ იურიდიულ მესაკუთრესა და მეორე მხარეს შორის შეთანხმების საგანია,“- ამბობს მირიან ქათამაძე.
მერის თქმით, თავის დროზე, სახელმწიფომ აღნიშნულ კომპანიას მიწა უპირობოდ გადასცა. „დანარჩენი დეტალები კი, დაინტერესებულმა პირებმა, ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა გაარკვიონ,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.
დღეს, 12 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო გრანტს მისცემს იმ ფერმერებს, რომელთაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ.
„თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან.
დღეს, 12 მაისს, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმის პრეზენტაციამდე მოკლედ განმარტა, როგორ გეგმავს პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა ფერმერების დახმარებას.
„ქვეყანაში არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა გეგმა იმ პროგრამების გასაზრდელად, რომლებიც უკვე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ამასთან ერთად სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც გამოიყენება შემდეგნაირად:
თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.
ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად,
ყველა ფერმერი საქართველოში, რომელთა რაოდენობაა 42 ათასი, სრულიად გათავისუფლდება საერეგაციო საფასურისგან, მათ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ, 20 წლის განმავლობაში.
თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან.
მისივე თქმით, დახმარება შეეხება ქვეყანაში დაახლოებით 200 00 ფერმერს და მისი ბიუჯეტი 300 მილიონი ლარია.