მთავარი,სიახლეები

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

01.10.2019 • 5486
8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. მშენებლობას აქტიურად დღესაც აგრძელებენ. ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი, უჩვეულო და გასაკვირი არაფერია – ბათუმში უკანონო მშენებლობაზე, დაშენება-მიშენებაზე ბევრჯერ ვწერდით, თუმცა უნებართვოდ აშენებული სართულების ამ დრომდე გამოვლენილ რაოდენობას თუ შევადარებთ, რვა სართული რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც წესი, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ეს მშენებლობა ამ მხრივაც გამორჩეულია: მართალია, არც ისე გამართულად, თუმცა ადგილზე გამოკრულია სამშენებლო დაფა, სადაც მითითებულია, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა, ხოლო მშენებლობის დამკვეთი – თამარ როყვა.

საინფორმაციო დაფა, თავდადებულის #48

საინფორმაციო დაფის მიხედვით, თავდადებულის #48ა-ში შვიდსართულიანი სახლი შენდება, თუმცა ამავე დაფაზე წერია ისიც, რომ სახლი ხუთსართულიანი იქნება. რეალურად კი კარკასის სახით 8 სართული უკვე აშენებულია და მეცხრე სართულისთვის ხიმინჯები გამზადებული. მშენებელს თავად დაუდგენია მშენებლობის ვადებიც. ამ ვადების მიხედვით, მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

რეესტრის მონაცემებით, თავდადებულის #48ა-ში თამარ როყვა 201 კვ.მ. ტერიტორიას ფლობს. ამავე ტერიტორიაზე აშენებს ის ცხრასართულიან შენობას [ჯერჯერობით ცხრა სართული გამოდის]. შესაბამისად, ეს პროექტი ნებართვის მისაღებად დღეს მოქმედ რეგულაციებს ვერ დააკმაყოფილებდა. არც ამ ზონაში დადგენილ კ2 კოეფიციენტში ჯდება. გარდა ამისა, რეალურად პროექტს არ აქვს ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვს, ასევე, ეზოსთვის.

თავდადებულის #48ა

„ნებართვა არ გვაქვს, მაგრამ ველოდებით წუთი-წუთზე“, – გვითხრა თამარ როყვამ, მასთან დაკავშირება ტელეფონით მოვახერხეთ. კითხვაზე, რატომ დაიწყეთ მშენებლობა უნებართვოდ, გვიპასუხა – დავაშავეთ და დაგვაჯარიმესო. მისივე ინფორმაციით, მერიას მშენებელი 4 000 ლარით დაუჯარიმებია.

თამარ როყვას ინფორმაციით, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „დაახარვეზა“, ამიტომაც შეეშალათ ხელი მიეღოთ მშენებლობაზე ნებართვა. „შემდეგ ისევ მივმართეთ და დადებითი პასუხი მოგვცა. ჯარიმაც გადავიხადე და ახლა ველოდები მშენებლობის ნებართვას“, – გვითხრა მან.

თამარ როყვა თითქმის დასრულებული მშენებლობის ნებართვას ძეგლის დაცვის ზონაში ითხოვს. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გასაცემად აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობა.

სააგენტომ თამარ როყვას მიმართვა 2 სექტემბერს განიხილა. საბჭოს შვიდი წევრიდან ექვსმა უარი თქვა პროექტის შეთანხმებაზე. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად კი, მშენებლობის უნებართვოდ დაწყება დაასახელეს. თუმცა სააგენტოს მხოლოდ 2 სართულზე ჰქონდა ინფორმაცია.

სხდომის ოქმის მიხედვით, ერთადერთი, ვინც პროექტის შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადა, მირიან მეტრეველი იყო, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი [ის ზონალური საბჭოს წევრია]. ამ სამსახურში შედის ზედამხედველობის სამსახურიც, სადაც ამბობენ, რომ  დამრღვევი გააფრთხილეს, დააჯარიმეს და შემდეგ მშენებლობის შეუჩერებლობისთვის ისევ დააჯარიმეს.

რატომ დაუჭირეთ მხარი კანონდარღვევით დაწყებული მშენებლობის შეთანხმებას? – ვკითხეთ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს, მირიან მეტრეველს. მან გვითხრა, რომ თამარ როყვამ ხუთსართულიანი სახლის პროექტის შეთანხმება ითხოვა, მერიამ მას პროექტის შეცვლა და ერთი სართულის დაკლება მოსთხოვა, რაც გაითვალისწინა, ამიტომაც ის თანახმა იყო პროექტის შეთანხმებაზე. ის, რომ ამ ადგილას 8 სართული უკვე აშენებულია, მირიან მეტრეველისთვის, როგორც თავად გვითხრა, ცნობილი არ არის. „ეს არ ვიცოდი, ეს თავხედობაა, დიდი სიამოვნებით თანახმა ვარ, რომ მოუშალონ ეს“, – გვითხრა მირიან მეტრეველმა.

ბათუმის მერიაში არც ის იციან, რომ თამარ როყვა სახლს კი არა სასტუმროს აშენებს: „სასტუმროს ტიპის სახლია, აპარტამენტები გვექნება. რაც შეეხება პარკინგს, როგორც მახოვს, სარდაფში ექვსი მანქანის ადგილი იქნება.“

ეს უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის შენობიდან ოთხ კვარტალში მდებარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: