მთავარი,სიახლეები

ილონ მასკმა აკრძალვის მიუხედავად Tesla-ს ქარხანა აამუშავა

13.05.2020 • 1266
ილონ მასკმა აკრძალვის მიუხედავად Tesla-ს ქარხანა აამუშავა

ილონ მასკის კომპანიამ შტატებში ელექტრომანქანების მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა კალიფორნიაში ისევ აამუშავა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი შტატებში ისევ მოქმედებს და სამრეწველო სამუშოებიც დროებით აკრძალულია.

კალიფორნიის ხელისუფლებამ კარანტინის პირობები შედარებით შეამსუბუქა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამრეწველო საწარმოებს ამუშავების ნება დართო, თუმცა Tesla-ს ქარხანა ქალაქ ფრიმონტშია, სადაც სამრეწველო საქმიანობა ჯერ ისევ არ არის ნებადართული.

შაბათს, 9 მაისს, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ და მოითხოვს აღდგეს სამრეწველო საქმიანობა იმ ტერიტორიაზეც, სადაც ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანაა.

ილონ მასკი არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ორშაბათს, 11 მაისს, ტვიტერზე დაწერა, რომ Tesla-ს ქარხანა ამუშავდა.

„მეც დანადგარებთან ვიქნები სხვებთან ერთად და თუ ვინმეს დააპატიმრებენ, ვითხოვ, ეს მხოლოდ მე ვიყო,“ – წერს მასკი.

პოლიციის ადგილობრივი განყოფილება აცხადებს, რომ კანონდარღვევის შესახებ იციან, თუმცა იმოქმედებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოები მიმართავენ.

Tesla-მ კი თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით წერილები დაუგზავნა, სადაც წერია, რომ ქარხნის გახსნის გადაწყვეტილება კომპანიამ კალიფორნიის ხელისუფლების თანხმობის შემდეგ მიიღო.

გასულ წელს Tesla-მ ქარხანა გახსნა შანხაიში, ახალი ქარხანა შენდება ბერლინშიც. თუმცა ფრიმონტის ქარხანა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია, რადგან აქ კომპანიის შტაბ-ბინა და ძირითადი საწარმოა განთავსებული.

თუ Tesla-ს ქარხანას ოფიციალურად არ ექნება მუშაობის უფლება,  მასკი გეგმავს შტაბ-ბინა და ელექტრომობილების ქარხანა სხვა შტატში გადაიტანოს.

გუშინ, 12 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა მოუწოდა კალიფორნიის შტატს, მისცეს უფლება Tesla-ს, განაახლოს ელექტრომობილების წარმოება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: