მთავარი,სიახლეები

ონლაინგამოცემების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს

13.05.2020 •
ონლაინგამოცემების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად ქართულმა ონლაინმედიის ნაწილმა ფეისბუქგვერდზე მთავარი ფოტო შეცვალა.

„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“ – წერია ონლაინგამოცემების მთავარ ფოტოზე. სოლიდარობის ეს აქცია კოალიციის – „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით იმართება.

ამ დროისთვის აქციას უერთდებიან: „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, on.ge, „ტაბულა“, „ინტერპრესნიუსი“, „ინდიგო“, LivePress-ი, „რუსთავი 2“, რადიო „ჰერეთი“, „სამხრეთის კარიბჭე“, OC Media, TV25, TOK TV-ი, „პალიტრავიდეო“, ტელეკომპანია „გურია TV“, რადიო „მარნეული“, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, „ფორმულა“, ტელეკომპანია „ბორჯომი“, „აი ფაქტი“, სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმა “გხედავ”, ქუთაისი პოსტი, media.ge, აქცენტნიუსი და რადიო „ათინათი“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში უკვე რამდენიმე თვეა ათავისუფლებენ ან პოზიციას უცვლიან ახალი დირექტორისათვის არასასურველ ჟურნალისტებს:

11 მაისს აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, 21 აპრილს ტელეეთერიდან ფეისბუქზე სტატუსის გამო მოხსნეს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, 11 აპრილს ტელევიზიის ვებგვერდზე ახალი ამბების მომზადებას ჩამოაშორეს ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი, 23 მარტს ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს სამუშაოდ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე. 13 მარტს ტელევიზიიდან გაუშვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 28 თებერვალს გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და ეს სია გრძელდება. 

საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს უწოდა „საგანგაშო“, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სამჯერ გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა „პატივი სცეს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფის სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: