მთავარი,სიახლეები

„ქალი ლამპით“ – ვის სახელს უკავშირდება მედდების საერთაშორისო დღე

12.05.2020 • 3375
„ქალი ლამპით“ – ვის სახელს უკავშირდება მედდების საერთაშორისო დღე

დღეს, 12 მაისს, მედდების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის დაარსება ბრიტანელ მედდას, ფლორენს ნაიტინგეილს უკავშირდება. იგი 1820 წლის 12 მაისს დაიბადა იტალიაში, თუმცა ინგლისში გაიზარდა.

ფლორენსი ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს.

ყირიმის ომის მსვლელობისას, 1854 წელს, ფლორენსმა მიიღო წერილი ომის მონაწილე ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, სადაც ის ითხოვდა ექთნების მობილიზებას ომში დაჭრილი ჯარისკაცების მოსავლელად. ნაიტინგეილმა სწრაფად შეკრიბა 34 ექთანი სხვადასხვა რელიგიური ორდენიდან და მათთან ერთად ყირიმისკენ გაემართა. ადგილზე დაჭრილების მოსავლელად არანაირი პირობა არ დახვედრიათ. ბევრი ჯარისკაცი იღუპებოდა ინფექციებისგან, ტიფისა და ქოლერასგან. ადგილზე ჩასულმა ფლორენსმა სწრაფადვე მოახერხა სანიტარული გარემოს შექმნა. მისი გაწეული მუშაობის შედეგად ჯარისკაცების სიკვდილიანობა ⅔ -ით შემცირდა.

„ქალი ლამპით“ – ასე უწოდებდნენ ფლორენსს, რომელიც ღამით დაჭრილი ჯარისკაცების მოსანახულებლად სანათით დადიოდა, ამიტომაც მას ხშირად გამოსახავენ ლამპით ხელში.

მოგვიანებით ფლორენს ნაიტინგეილმა დააარსა კოლეჯი ექთნებისთვის ლონდონის წმინდა თომას ჰოსპიტალში. შემდგომში მის მიერ აღზრდილი ექთნები მთელ ბრიტანეთში დაგზავნეს, რათა გაევრცელებინათ ექთნის პრაქტიკა და იდეები.

ნაიტინგეილი მედდად მუშაობის გარდა წერდა კიდეც. მის მიერ 1860 წელს გამოცემული ჩანაწერები შეიცავს რეკომენდაციებს სანიტარიული, სამხედრო ჯანდაცვის და საავადმყოფოების დაგეგმარების საკითხებში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა სფეროზე და დღემდე აქტიურად  გამოიყენება პრაქტიკაში. [BBC]

 

ფლორენს ნაიტინგეილი

 

არსებობს ნაიტინგეილის ფიცი რომელსაც დამწყები ექთნები დებენ, წარმატებული ექთნები კი ჯილდოვდებიან ნაიტინგეილის მედლით. გასულ წელს ეს ჯილდო მოიპოვ წითელი ჯვრის ექთანმა ახალ ზელანდიაში, ფელისითი გეიპსმა.

წელს მედდების საერთაშორისო დღე, 12 მაისი, ფლორენს ნაიტინგეილის 200 წლის იუბილეს დაემთხვა.

მედდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

მედდის პროფესიის მხარდაჭერით ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა: გააუმჯობესონ ჯანდაცვის სისტემა, გააღრმავონ გენდერული თანასწორობა და მხარი დაუჭირონ მათ ეკონომიკურ ზრდას. მედდების გაძლიერება დამატებით სარგებელს მოიტანს გენდერული თანასწორობის საკითხში, წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში და, ასევე, დაეხმარება მდგრადი განვითარების სხვა საკითხებს – წერია ჯანმოს განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია მადლობას უხდის მედდებს გაწეული შრომისთვის. მედდების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ვიზრუნოთ მსოფლიოზე გამოჯანმრთელებამდე”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: