მთავარი,სიახლეები

„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ?“ – რიჟვაძე მორიგი დახურული სხდომის შემდეგ 

13.05.2020
„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ?“ – რიჟვაძე მორიგი დახურული სხდომის შემდეგ 

„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ? კრიტიკა როცა არსებობს, ეს კარგია,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი დახურული სხდომის შემდეგ და ჟურნალისტების დარწმუნება სცადა იმაში, რომ კარს მიღმა ექსპერტებმა მას კრიტიკული კითხვები დაუსვეს. თორნიკე რიჟვაძე დღეს, 13 მაისს, ექსპერტებს შეხვდა და „ანტიკრიზისულ გეგმაზე“ ესაუბრა. შეხვედრა სავაჭრო პალატაში შედგა და არა აჭარის მთავრობაში, სადაც ტრადიციულად სხდომები დახურულია.

რატომ მიიჩნია საჭიროდ მთავრობამ, რომ დაემალა საზოგადოებისთვის რა ითქვა შეხვედრაზე? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს შეხვედრის შემდეგ.

„დამალვა არის არასწორი სიტყვა. დამალვის სურვილი რომ ვინმეს ჰქონოდა, რა თქმა უნდა, თქვენ აქ არ მოგიწვევდით, ეს ერთი, რომ იცოდეთ. სამუშაო ფორმატში განიხილება ძალიან  ბევრი საკითხი… დამალვის ნაწილში კატეგორიულად არ გეთანხმებით… შეგიძლიათ ჰკითხოთ ექსპერტებს, რაზე იყო საუბარი. დარწმუნებული ვარ, მოგიყვებიან. შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, ასევე კითხვა დაუსვათ ამ შეხვედრის მონაწილეებს. რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს, საქმიანი რეჟიმიდან გამომდინარე, ვატარებთ იმ ფორმატში, რა ფორმატითაც ვთვლით, რომ ეს არის საქმიანი და ეფექტური,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით კადრების გადასაღებად დაუშვეს.

„ახლა ჩვენ შეგვიძლია შინაურულად ვისაუბროთ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, ვიდრე ჟურნალისტები საკონფერენციო დარბაზს დატოვებდნენ და მინისტრის ძმის პირისპირ დაჯდა – შეხვედრას ექსპერტის სტატუსით ეკონომისტ-ფინანსისტი, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე ესწრებოდა. ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ძმაა. სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვედრას დაგვიანებით შეუერთდა.

შეხვედრას როგორც ექსპერტი ასევე ესწრებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის  ყოფილი მოადგილე – მამუკა თურმანიძე.

ვინ შეარჩია ექსპერტები, ვისგანაც აჭარის მთავრობამ რჩევების მიღება გადაწყვიტა?

„ეს აბსოლუტურად უადგილო საკითხია, არარელევანტური, ვინაიდან ადამიანები თავიანთი ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული. ერთადერთი ნიშნით შედგა ეს შეხვედრა – პროფესიული ნიშნით. როგორც მოქმედ თანამდებობის პირებს, ასევე ყოფილებს და მომავალ თანამდებობის პირებს, როცა საქმე ეხება კონკრეტულ საკითხებს, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ვკითხეთ, იყო თუ არა შეხვედრაზე რამე განსხვავებული აზრი და თუ იყო, რას შეეხებოდა.

„კრიტიკა ჰკითხეთ ექსპერტებს და გეტყვიან, რაზე იყო,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: