მთავარი,სიახლეები

ქართულ „ვორი ვ ზაკონე“-ს კლანს პარიზის მაღაზიების გაქურდვა მიეწერება – ფრანგული პრესა

12.05.2020
ქართულ „ვორი ვ ზაკონე“-ს კლანს პარიზის მაღაზიების გაქურდვა მიეწერება – ფრანგული პრესა

„პარიზში რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა ქართულ მაფიოზურ კლანს მიეწერება სახელწოდებით „Vory v Zakone” – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს. საქმე ეხება მაღაზიების არცთუ დიდ დანაკარგებს, თუმცა დანაშაულებრივი კლანის ქმედებები საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული.

პარიზის ისეთ დიდ სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა: Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart დამნაშავეები იპარავდნენ ელექტრომოწყობილობებს, კოსმეტიკას და ტყავის ჩანთებს. „პარიზის პროკურატურა ფაქტებს ორწელიწადნახევარი იძიებდა“ – წერს 10 მაისს გამოცემა  Le Parisien-ი. პარიზის პროკურატურა ითხოვს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას 35 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დანაშაულებრივი კლანის წევრობისა და დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი ქურდობის ნიშნით.

გამოცემა წერს, რომ დამნაშავეთა ჯგუფის 14 წევრი  დაპატიმრებულია. ისინი ჯერ კიდევ  2017 წლის ნოემბერში დააკავეს პარიზში. სპეცოპერაცია იმ დროისთვის საფრანგეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ განახორციელა.

Le Parisien-ი წერს, რომ საფრანგეთში მოქმედი დამნაშავეთა ჯგუფი „Vory v Zakone” დამნაშავეთა სტრუქტურული და იერარქიული ორგანიზაციაა. „ჯგუფის ლიდერები ,,ქურდები“ არიან და მათი იდენტიფიცირება რვაქიმიანი ვარსკვლავის ტატუთია შესაძლებელი. ქურდებს ჰყავთ ,,მაყურებლები“, რომლებიც უბნებს აკონტროლებენ და ასევე ე.წ. ,,შესტიორკები“, რომლებიც გადასახადების მსგავსად აგროვებენ ფულს, „ობშიაკს“ მაფიისთვის. სანაცვლოდ კი იღებენ მხარდაჭერას მაფიისგან, თუ მათ პოლიცია დაიჭერს“, – წერს Le Parisien-ი.

გამოცემის მიხედვით, „Vory v Zakone” მთელს ევროპაში მოქმედებს. სპეცსამსახურების ცნობით, 2015 წელს,  დამნაშავეთა ჯგუფის შეკრებაზე, ერთ-ერთი კლანის მმართველად 38 წლის ვინმე გიორგი პ. აირჩიეს. ეს იყო პარიზის რეგიონის დამნაშავეთა ქსელი.

სპეცსამსახურებმა სატელეფონო ზარების მოსმენების საფუძველზე ასევე დაადგინეს, რომ ვინმე ნოდარ გ. და ილია კ. დამნაშავეებმა აირჩიეს საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის, პორტუგალიის, ესპანეთისა და იტალიის დამნაშავეთა კლანების მმართველებად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: