საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს სამუშაოდ ქუთაისში უშვებს. შესაბამისი ბრძანება ჟურნალისტს დღეს ჩაჰბარდა – ეს იმ ამბის გაგრძელებაა, როცა აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციოს უფროსი, რედაქტორები და ტელეწამყვანი ან დაითხოვეს ან საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორეს.
თეონა ხარაბაძე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი იყო და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობდა. მის მიერ დასმული კითხვები კი ხელისუფლებას ხშირად აღიზიანებდა.
23 მარტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დირექტორმა გადაწვეტილება ხარაბაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალკეული მუხლის თანახმად მიიღო. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დირექტორი ჟურნალისტს ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს.
„გთხოვთ, ვიდეო-ოპერატორის არყოფნის განმავლობაში, რეპორტიორის მოვალეობა შეასრულოთ მხოლოდ რადიოსა და ვებმაუწყებლობისთვის, ხოლო ვიდეო ოპერატორის აყვანის შემდეგ აგრეთვე ტელემაუწყებლობისთვისაც“, – ნათქვამია დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
თეონა ხარაბაძე თავდაპირველად საპარლამენტო რეპორტიორი იყო, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში მუშაობდა. პარლამენტის თბილისში სრულად გადასვლამდე ჟურნალისტს ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, რომ იმუშავებდა როგორც ქუთაისიდან, ისე ბათუმიდან. ჟურნალისტი ამბობს, რომ ასე მაუწყებელმა სამივლინებო თანხები დაზოგა.
„პარლამენტის გადასვლამდე ვაშუქებდი როგორც მიმდინარე, ასევე საპარლამენტო ამბებს, ამიტომაც დამიტოვეს ეს ჩანაწერი, რაც ახლა ამოჩხრიკეს როგორც ჩანს და მიშვებენ ქუთაისში“, – აცხადებს თეონა ხარბაძე.
ასეთ შემთხვევაშიც გაუგებარი და პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ უშვებს დირექტორი საპარლამენტო ჟურნალისტს ქუთაისში, სადაც პარლამენტი აღარ ფუნქციონირებს და არა თბილიში, სადაც პარლამენტი მუშაობს.
თეონა მიიჩნევს, რომ მას იშორებენ: „მე ამის მოლოდინი მქონდა, იმ კრიტიკული კითხვებიდან და რეპორტაჟებიდან გამომდინარე, როგორც მე ვმუშაობ. დირექტორს ეს არ მოსწონდა. ქუთაისში ახლა არც პარლამენტია და არც ისეთი აქტივობა…“
ბრძანების ჩაბარებამდე დირექტორს ჟურნალისტთან ამ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, არც მისი აზრით დაინტერესებულა.
თეონა ხარაბაძე აპირებს დაეთანხმოს დირექტორის გადაწყვეტილებას და აქვს კითხვები: აინტერესებს როდის გაიხსნება ბიურო ქუთაისში და რა ტექნიკური ბაზა ექნება მას. ჟურნალისტს აინტერესებს, ასევე, რამდენად პრიორიტეტული იყო ახლა ქუთაისის ბიუროს გახსნა, ისეთ რთულ ვითარებაში, როცა სამუშაო სხვაგან უფრო მეტია.
ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია შეათანხმა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოს. საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი ტელეფონს არ პასუხობს.
თეონა ხარაბაძე მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე თვეებია საჯაროდ ამბობენ, რომ დირექტორი აჭარის მაუწყებლის მიუკერძოებელ საინფორმაციო პოლიტიკას „ნაჯახით ჩეხავს“.
მაუწყებლის ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი კოხრეიძე გაუშვებს ყველას, ვისაც ვერ დაიმორჩილებს. ტელეწამყვან თეონა ბაკურიძის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 6 მარტს, მათ ერთობლივი ფოტოც გადაიღეს და თქვეს: „მოდი, დაგვინახონ, ჯერ კიდევ რამდენი ვართ გასაშვები!“