მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს

11.05.2020
აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვეს. რეხვიაშვილს გათავისუფლების ბრძანება დღეს, 11 მაისს ჩაბარდა.

როგორც მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

„21 აპრილის პოსტის გამო გამიშვა, რომელიც თეონა თურმანიძის შესახებ დავწერე, ბრძანება ჩამაბარა დაახლოებით 15 წუთის წინ. დამირეკა, მობრძანდით, წერილია თქვენს სახელზეო. მოვედი და დამახვედრა ბრძანება, რომ 21 აპრილის პოსტი იყო ცილისწამება და მე მოვახდინე მაუწყებლის დისკრედიტაცია და შევულახე რეპუტაცია. ამის გამო მომთხოვეს მე უარყოფის გავრცელება და ეს უარყოფა არ გავავრცელე, გავავრცელე საჯარო წერილი, გემახსოვრებათ, ჰოდა, ამის შემდეგ არ მოვაყოლე რეაგირება გამიშვეს სამსახურიდან დღეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ის აპირებს დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს. გარდა ამისა, მალხაზ რეხვიაშვილი პროკურატურასაც მიმართავს.

„პროკურატურაში შევიტან საჩივარს, იმიტომ, რომ ეს არ არის შრომითი დავა მხოლოდ, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ამ ბრძანებით მან პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაუშვა სამსახურიდან, გაუშვა კრიტიკული პოზიციის  გამო ფეისბუქზე. ჩემი ქმედება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონით პროფესიული კავშირების შესახებ. დირექტორმა დაარღვია ეს კანონები და შესაბამისად მივმართავ პროკურატურას იმიტომ, რომ ასეთ საქციელებზე ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ციხეში სვამენ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ოდნავ დემოკრატია მაინც გვაქვს,“ –  ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/271996/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: