Batumelebi | მერიაში ამბობენ, რომ უკანონო სართულს მესაკუთრე ანგრევს, სინამდვილეში კი ისევ აშენებენ მერიაში ამბობენ, რომ უკანონო სართულს მესაკუთრე ანგრევს, სინამდვილეში კი ისევ აშენებენ – Batumelebi

მერიაში ამბობენ, რომ უკანონო სართულს მესაკუთრე ანგრევს, სინამდვილეში კი ისევ აშენებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ლუკა ასათიანის #13-ში უკანონო სართულს მშენებელი თავად მოშლის: „მან დემონტაჟი უკვე დაიწყო“, – გვითხრეს ამ უწყებაში. თუმცა ასე არ არის და სინამდვილეში მშენებელს დემონტაჟი არ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ინსპექციის თანამშრომლები სამშენებლო ობიექტიდან წავიდნენ, მშენებლებმა სამუშაოები ისევ გააგრძელეს.

შპს „გლობალმშენის“ მიერ აშენებული რვასართულიანი კორპუსი ლუკა ასათიანის #13-ში, რომელსაც დღეს უკვე უნებართვოდ კიდევ ერთი სართული დააშენეს, მერიას ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. ამ სახლზე უკანონო დაშენების შესახებ „ბათუმელები“ გუშინ, 8 მაისს წერდა. დღეს, 9 მაისს კი ადგილზე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დავაფიქსირეთ.

ინსპექციის წარმომადგენლის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, რადგან შპს „გლობალმშენმა“ მერიასთან შეთანხმებული პროექტი დაარღვია. რაც შეეხება ერთი სართულის დაშენებას, ესეც  შეთანხმებული პროექტის დარღვევად ჩაითვალა, რასთან დაკავშირებითაც კომპანია კიდევ გააფრთხილეს.

„მან თვითონ დაიწყო დაშენებული ფართობის დემონტაჟი და მინდა გითხრათ ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პირის, სავარაუდოდ, სამი მესაკუთრე აშენებს. ზუსტად არ ვიცით, რადგან სახლები დაკეტილი იყო. მათაც გავაფრთხილებთ და დავავალდებულებთ შენობა მერიასთან შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანონ. სხვა შემთხვევაში მერია შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი ინსპექციისთვის მიცემულ პირობას დაარღვევს და აშენებულ უნებართვო სართულს არ მოშლის, არამედ მშენებლობას დაასრულებს. რადგან ასეთი შემთხვევები ბათუმში ადრეც ბევრჯერ დაფიქსირებულა, უკანონოდ მიმატებულ ფართობებს კი დამრღვევები ჩვეულებრივად სარგებლობენ.

აქ ნახეთ:

როგორ ააშენეს უკანონოდ 8-სართულიანი კორპუსი ბათუმის მერიასთან ახლოს 

მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანონო მშენებლობის გამოვლენის შემდეგ შვიდ თვეზე მეტი გავიდა, არაფერი შეცვლილა.

აქ ნახეთ:

რას ამბობდა 8-სართულიანი სახლის უკანონო მშენებლობაზე ბათუმის მერია, რომელმაც ამ უკანონო მშენებლობის დაშლა საკუთარი „პრესტიჟის საქმედ“ გამოაცხადა

„აღსრულებაში გადავცემთ ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ამას კანონმდებლობა გვავალდებულებს. თუ მერიამ არ გამოსცა ცალკე აქტი, ამ შემთხვევაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გააკეთოს საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი“.

ამ ხარჯებს მერია დამრღვევი პირისგან სასამართლოს წესით ამოიღებს – ამას ითვალისწინებს კანონი.

ამ ეტაპზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოამზადა შემოწმების აქტები, რომლის თანახმადაც შესაძლოა კომპანია დააჯარიმონ, რადგან ამ აქტებით დარღვევის ფაქტი დადასტურებულია.

„პროცესი უნდა შეეჩერებინა, რადგან ადმინისტრაციული წარმოება გვქონდა დაწყებული, რაზეც გაფრთხილებული იყო. იმის მაგივრად, რომ შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანათ, გააგრძელეს მშენებლობა“, – აცხადებს ირაკლი მოქია.

ახლა მერიას შპს „გლობალმშენის“ წინააღმდეგ ორი ადმინისტრაციული საქმის წარმოება აქვს დაწყებული, პირველი პროექტის დარღვევით მშენებლობის გაგრძელებაზე და მეორე ადმინისტრაციული ჯარიმის გასამმაგებასთან დაკავშირებით.

ახალი კოდექსით, თუ უნებართვო მშენებლობას არ შეაჩერებ 5000 ლარით დაგაჯარიმებენ.

ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთი სართული ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში დააშენეს. ახლა კი შიდა სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებდა. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი  და კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქეა.

_____

ამავე თემაზე:

რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან