მთავარი,სიახლეები

როცა ფბ-პოსტის გამო ჟურნალისტს სჯიან და საინფორმაციოს უფროსს არა – აჭარა TV

24.04.2020 • 2528
როცა ფბ-პოსტის გამო ჟურნალისტს სჯიან და საინფორმაციოს უფროსს არა – აჭარა TV

გაუშვებენ თუ არა აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთ კრიტიკულად განწყობილ და მენეჯმენტისთვის არასასურველ ჟურნალისტს, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. დღეს 24 აპრილია და რაც მთავარია – პარასკევი. აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არაერთი „ურჩი ჟურნალისტის“, ან რედაქტორის ჩამოშორებას ზუსტად პარასკევ საღამოს მოაწერა ხელი.

მორიგი „ურჩი ჟურნალისტი“ თეონა თურმანიძეა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანია და 21 აპრილიდან მოხსნეს ეთერიდან – თეონა თურმანიძის წინააღმდეგაც ტელევიზიის დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. მიზეზი ფეისბუქის პირადი გვერდზე ჟურნალისტის პოსტი გახდა, სადაც თეონა თურმანიძემ სოფო ჟღენტის ახალი ამბებიდან ჩამოშორება გააპროტესტა და ეს დაწერა:

კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიუხედავად, ჟურნალისტს ედავებიან, რომ მან აჭარის ტელევიზიის ქცევის წესები დაარღვია და სოციალურ ქსელებში ტელევიზიის იმიჯი შელახა. და ეს მაშინ, როდესაც ტელევიზიის შიგნით, თუ გარეთ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებენ.

თეონა თურმანიძე

ქცევის წესები ბრძანების სახით, რომელიც გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისთვის მიიღო, 20 აპრილს არის გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ ფბ-პოსტი თეონა თურმანიძემ 14 აპრილს გამაქვეყნა.

თუკი ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ მაუწყებლის ქცევის წესები დაარღვია, ამავე ლოგიკით რატომ არ დაიწყო ტელევიზიის მენეჯმენტმა დისციპლინური საქმისწარმოება ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის – ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ, რომელიც თეონა თურმანიძის უშუალო ხელმძღვანელია? – მან შეურაცხმყოფელი პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე 22 აპრილს გამოიყენა. შესაბამისად, თეონა თურმანიძისგან განსხვავებით, ვახო ხუზმიაშვილს უნდა სცოდნოდა დოკუმენტის შესახებ, რომელიც 20 აპრილს გამოაქვენა მაუწყებელმა.

ვახო ხუზმიაშვილი გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანიცაა და 22 აპრილის ეთერში ნინო ბურჯანაძეს უთხრა: „თქვენ დღეს მხარი არ დაუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას…“ ნინო ბურჯანაძემ მას უპასუხა, რომ ის პარლამენტის წევრი არ არის, ამიტომ ვერც დაუჭერდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს და ვერც შეეწინააღმდეგებოდა. ვახო ხუზმიაშვილს ფეისბუქში დასცინეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კი, კრიტიკას ასე უპასუხა:

რატომ არ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება აჭარის მაუწყებლის დირექტორმა ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ, მაშინ, როცა მისი ფეისბუქპოსტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსის სტანდარტს არ შეესაბამება?

„…ეს არის აუცილებელი მოგერიება, სისხლის სამართლის კოდექსშიც არის მუხლი, თუკი შეუვარდებიან ადამიანს, მას შეუძლია მოიგერიოს… თეონა თურმანიძეს ვინმემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო დაწერა პოსტი?“ – გვიპასუხა ვახო ხუზმიაშვილმა. მას შევახსენეთ, რომ ჟურნალისტი აპროტესტებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რასაც სხვა ორგანიზაციებიც ხედავენ. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალიტს ირიბად ტელევიზიის დატოვებისკენ მიანიშნა.

„მე რაც საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მოვედი, ერთ ფაქტსაც ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე რამე ზეწოლა განხორციელდა შინაარსობრივ მხარეში. აბსოლუტურად თავისუფლად მუშაობენ ჟურნალისტები… რაც შეეხება სოფო ჟღენტის ჩამოშორებას, ყველა ტელევიზიაში ახალი ამბების სამსახური თავად ავრცელებს ინტერნეტში ამბებს… ამით ვერ ვხედავ დიდ ტრაგედიას.

სადმე გინახავთ, ასე გამოდიოდეს ტელევიზიის თანამშრომელი და ასე აფასებდეს საკუთარ სამსახურს? თუ დასახურია არხი, იქ რატომ უნდა გინდოდეს მუშაობა? მე, პირადად, როცა მქონია პროტესტი, იქ აღარ მიმუშავია, მაგალითად, როცა ინგა გრიგოლიას გადაცემა „იმედზე“ დახურეს, მე მისი პროდიუსერი ვიყავი, მე მასთან ერთად დავტოვე „იმედი“… არ მიმაჩნია სწორად, რომ თანამშრომელი თავის სამსახურზე სოციალურ ქსელში წერდეს მსგავსი შინაარსის განცხადებებს,“ – გვითხრა ვახო ხუზმიაშვილმა.

ვახო ხუზმიაშვილი

ვახო ხუზმიაშვილი „ბათუმელებთანაც“ „ერთუჯრედიანებს“ უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებმაც იგი, როგორც ჟურნალისტი, ფეისბუქში გააკრიტიკეს.

„ერთუჯრედიანია ყველა, ვინც ცდილობს ბულინგს… სიძულვილის ენა, ის არ ნახეთ, ოროსანიაო, რომ მიწერენ? ეს არ არის სიძულვილის ენა? ყველა არის ერთუჯრედიანი, ვინც ცდილობს სხვა ადამიანის ღირსების შელახვას და ბულინგს… თქვენც რომ დაგესხან თავს, ვეცდები, რომ იგივენაირად დაგიცვათ. მე ველოდები სოლიდარობას ჟურნალისტებისგან და თუ აქეთ თავდასხმაზე უნდა გადმოვიდნენ სხვები, დამიტოვეთ ეს უფლება, რომ მოვიგერიო ეს თავდასხმა,“  – უთხრა ვახო ხუზმიაშვილმა „ბათუმელებს“.

ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 16 აპრილს გახდა იმ კონკურსის შედეგად, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკურსანტი ჰყავდა. მანამდე საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი ხელმძღვანელობდა. იგი დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დისციპლინური მოკვლევის შედეგად გაათავისუფლა ამ თანამდებობიდან. შორენა ღლონტი, ტელევიზიიდან დათხოვნილ სხვა თანამშრომლებთან ერთად, სასამართლოში დავობს.

რატომ არ დაიწყო საქმისწარმოება ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ და რას უნდა ველოდოთ ამ პარასკევს? – ეს კითხვა გიორგი კოხრეიძისთვის გვინდოდა დაგვესვა, მაგრამ მან მოკლედ მოგვიჭრა: „კომენტარებს თქვენ არ გაძლევთ იმ მიზეზით, რაც გააკეთეთ“.

ჩვენი თხოვნის მიუხედავად, გიორგი კოხრეიძემ არ გვიპასუხა, რა არის მისი პრეტენზია.

რა უქნეს სხვა „ურჩ ჟურნალისტებს“? 

  • აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ქუთაისის არარსებულ ბიუროში გაამწესა. მას უთხრეს, რომ მხოლოდ ფეისბუქლაივები შეუძლია აკეთოს ვებგვერდისთვის ქუთაისიდან
  • რედაქტორს – მაია მერკვილაძეს, რომელსაც გიორგი კოხრეიძე საჯაროდ საუკეთესოდ მიიჩნევდა, არარსებული გადაცემა ჩააბარე.
  • დირექტორმა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერით საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა თეონა ბაკურიძეც, რომელსაც მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, მის ნაცვლად კი დანიშნეს აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი. მოგვიანებით მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ისევ გიორგი აბაზაძე გახდა, რომელიც ამ მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ სიტუაციაში მენეჯმენტს გვერდით დაუდგა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
  • საინფორმაციოს ჩამოაშორეს ამ სამსახურის უფროსი – შორენა ღლონტი.
  • ნათია ზოიძე, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო და დირექტორმა მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა.
  • ასევე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით უმუშევრად დარჩა რედაქტორი ნათია შავაძე.
  • პანდემიის მიზეზით გააჩერეს გადაცემა „ჰეშთეგი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: