მთავარი,სიახლეები

თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს

13.03.2020
თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს. გასულ პარასკევს ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას შრომითი უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, დღეს მიღებული ბრძანებით კი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბრძანება, რომლითაც თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს, აღნიშნულია, რომ თეონა ბაკურიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – გიორგი აბაზაძეს შეუშალა ხელი მუშაობაში. „თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით და შრომითი შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას…“ ბრძანების მიხედვით, თეონა ბაკურიძემ „ასაკობრივი ნიშნით შებღალა მისი ღირსება და პატივი, აბუჩად აიგდო“.

თეონა ბაკურიძეს გასული კვირის პარასკევს უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერეს, როცა ნიუსრუმში ჟურნალისტებმა ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან – გიორგი აბაზაძესთან იკამათეს.  მაუწყებლის ჟურნალისტების თქმით, ნიუსრუმიდან გიორგი აბაზაძე რადიოს შენობაში გადავიდა, ხოლო შემდეგ იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზით გადაიყვანა. ორშაბათს, ანუ 9 მარტიდან თეონა ბაკურიძის ადგილი გიორგი აბაზაძემ დაიკავა.

აქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა – 9 მარტს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა გიორგი აბაზაძემ ჟურნალისტს თეონა თურმანიძეს შესთავაზა. ჟურნალისტმა თანხმობა პირდაპირ ეთერში, დღის სამ საათზე გამოაცხადა. მალევე გიორგი აბაზაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას თავად წაიყვანს.

გიორგი კოხრეიძე თავისი დირექტორობის დროს პირველივე ეთერში დაუპირისპირდა და უყვირა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს – თეონა ბაკურიძეს. 22 ნოემბრის ეთერში გიორგი კოხრეიძემ წამყვანს უთხრა, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა.

გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება 6 მარტს შეუჩერა. მიზეზი დისციპლინური მოკვლევა იყო, რომელიც ტელევიზიის ნიუსრუმში კამათის შემდეგ დაიწყო. იმავე დღეს გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილება „ცალსახად უკანონოდ“ შეაფასეს: „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. ბრძანებაში არაა განმარტებული, კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით შეუზღუდეს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობა. იურისტების განმარტებით, დისციპლინური საქმისწარმოების დასრულებამდე სამართლებრივად შეუძლებელია ტელევიზიის თანამშრომლისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა.

თეონა ბაკურიძემ უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებაზე სასამართლომ უარი თქვა – თეონა ბაკურიძე გიორგი კოხრეიძის მიერ უფლებამოსილების შეჩერებაზე მიღებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.

მსგავსი მოთხოვნა, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ბათუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი კოხრეიძეს დაუკმაყოფილა – ეს გასული წლის 23 სექტემბერს მოხდა, როცა მოსამართლე კობა გოცირიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი რიგით მეოთხე კონკურსი შეაჩერა. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორი თვითონ იყო და მრჩეველთა საბჭოს უჩივლა. მაშინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა თქვეს, რომ სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს.

გასული კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას. ანგარიშში, სადაც აჭარის მაუწყებელში გასული წლის აპრილში დაწყებული პროცესების შესახებაც წერია, აღნიშნულია: „2019 წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს და ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორი მათ სამუშაო პროცესში ერეოდა და ცდილობდა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, მის გარშემო განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს ქვეყნის მედიაგარემოზე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: