მთავარი,სიახლეები

როგორ მოახერხა მესაკუთრემ უკანონოდ აშენებული 8 სართულის დარეგისტრირება ბათუმში

12.05.2020 • 2462
როგორ მოახერხა მესაკუთრემ უკანონოდ აშენებული 8 სართულის დარეგისტრირება ბათუმში

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, მესაკუთრემ რვა სართული უკანონოდ ააშენა. ეს საკითხი „ბათუმელებმა“ მოიკვლია და სტატიაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ბათუმის მერიამ საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ უკანონო მშენებლობის დაშლა „მისი პრესტიჟის საქმე“ იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ ექვს თვეზე მეტი გავიდა, მერიის შენობასთან ახლოს მდებარე უკანონო კარკასი არ დაუშლიათ, მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოახერხეს. მშენებელმა ეს კარკასი 2019 წლის ბოლოს  საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. შესაბამისად, ეს უკანონოდ აშენებული სივრცე უკვე კერძო საკუთრებაა.

ქონების მესაკუთრე ოფიციალურად თამარ როყვაა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს [ეს სამსახური ახლა ახალ მუნიციპალურ ინსპექციაში ერთიანდება] ეს საქმე რეაგირებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში აქვს გადაგზავნილი. ამ დრომდე რაიმე სახის რეაგირება არც ამ უწყებას ჰქონია.

რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ ამ ქონებაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით, ყადაღაც გაჩნდა – მიზეზი მოვალეთა რეესტრია. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ როყვამ შესაძლოა ეს ქონება მოვალეებს გადაუნაწილოს, ვალის დასაფარად – ყადაღის მოხსნის მიზნით. მომავალი მესაკუთრეები კი კეთილსინდისიერ შემძენებად ჩაითვლებიან.

8 სართულის უკანონოდ აშენებამდე თამარ როყვამ, 2016 წელს, 201 კვადრატული მეტრი მიწა დაირეგისტრირა ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში. ამ ნაკვეთთან ერთად მან დაირეგისტრირა ასევე შენობა-ნაგებობები, ჯამში 172.07 კვ.მ.

2019 წლის მარტის ჩათვლით ამ მისამართზე [იმავე საკადასტრო კოდზე] ისევ იგივე ფართობები ფიქსირდებოდა, ოქტომბერში კი შენობა-ნაგებობების მასშტაბი უცებ გაიზარდა და იმავე მიწის ნაკვეთზე 843, 33 კვადრატული მეტრი ქონება გაჩნდა. საქმე იმაშია, რომ თამარ როყვას თავდადებულის #48-ში ძველი სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი რვა სართული ამ დროს უკვე აშენებული ჰქონდა.

„ბათუმელებმა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა ბათუმის მერიის მიმართვის აღსრულება. ბიუროს განმარტებით, კონკრეტული სააღსრულებო საქმის წარმოებაზე, კომენტარს ვერ გააკეთებენ. ბიუროში განმარტეს, რომ დემონტაჟის საქმეების შემთხვევაში აღსრულების თარიღი უნდა ჩანიშნოს თვითონ კრედიტორმა [ამ შემთხვევაში ბათუმის მერიამ]. გარდა ამისა, კრედიტორი ვალდებულია გამონახოს დემონტაჟისთვის საჭირო ტექნიკა და ადამიანების რესურსები, აღსრულების პოლიცია კი პერიმეტრს დაიცავს.

ბათუმის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის: „ჩვენ თარიღს ვერ ჩავნიშნავთ. როცა ვწერთ აღსრულების ბიუროს, ეს იმას ნიშნავს, რომ მერია მზად არის. სააღსრულებო ბიურომ უნდა მოგვწეროს თარიღი ჩანიშნულია კონკრეტულ დღეს და გთხოვთ უზრუნველყოთო. მერია საპასუხო წერილით უთანხმდება თარიღზე და იწყება დემონტაჟი. აღმასრულებელია პასუხისმგებელი, მერია საქმის წარმოებას ასრულებს დადგენილების გამოცემით. კანონმდებლობა განსაზღვრავს: თუ პირი არ ასრულებს მოთხოვნას კონკრეტულ ვადაში, საქმე იგზავნება სააღსრულებო ბიუროში იძულებით აღსასრულებლად. ამით ყველაფერი ნათქვამია“, – განმარტავს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ირაკლი მოქია.

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

„ბათუმელებმა“ უკანონო მშენებლობის შესახებ პირველად, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაწერა, 10 ოქტომბერს კი რეესტრმა თამარ როყვას ამ მისამართზე 843,33 კვადრატული მეტრი ფართობი დაურეგისტრირა. 2019 წლის ოქტომბერში რეესტრს როგორც თამარ როყვას მინდობილმა პირმა მაყვალა ვარშანიძემ მიმართა.

როგორც განაცხადშია მითითებული, თამარ როყვამ რეესტრს  წარუდგინა შენობის აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მშენებლობის კანონიერების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი მას რეესტრისთვის არ წარუდგენია. ერთ-ერთ საფუძვლად ამხანაგობა „თავდადებული 48“-ის კრების ოქმია მითითებული, რომელიც 2015 წლით თარიღდება. თუმცა უკანონოდ აშენებული ფართობი რეესტრმა მაინც დაარეგისტრირა.

2020 წლის იანვარში თამარ როყვამ რეესტრს კიდევ ერთი რეგისტრაციისთვის მიმართა და ამ მისამართზე მისი ქონება 1125.61 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, სადაც ასევე აღნიშნულია კონკრეტული სართულების ფართობების შესახებ ცალ-ცალკე.

იმის შესახებ, რომ უკანონოდ აშენებული კარკასი თამარ როყვას რეესტრმა დაურეგისტრირა, მერიაშიც იციან. „ ჩვენ მივმართეთ რეესტრს რეგისტრაციის შეჩერების მოთხოვნით, მანამდეც მივწერეთ და მას შემდეგაც, რაც დაურეგისტრირა. მაინც რატომ დაურეგისტრირა, ვერ გეტყვით ამაზე უფრო კომპეტენტურად ალბათ რეესტრი გიპასუხებთ,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამარ როყვა შპს „ელტურის“ დირექტორი და 40 პროცენტის მფლობელია, კომპანიის წილებს ფლობენ ასევე, გრიგოლ როყვა [30%] და გურამ გაგუა [30%].

როგორ მოხდა, რომ რეესტრმა უკანონოდ აშენებული ფართობი დაარეგისტრირა? – ვკითხეთ საჯარო რეესტრს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: