მთავარი,სიახლეები

EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართავს

12.05.2020
EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა.

მალხაზ რეხვიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატუსი ეხება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რაზეც საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღებაა მიმართული და პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს გაერთიანების წევრების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურების და დაცვის ვალდებულება აქვს, გავრცელებული მოსაზრება სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და მისი ავტორის აბსოლუტურად დაცულ უფლებას წარმოადგენს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც არ დასტურდება მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცილისწამების დადგენისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს არამხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, არამედ ისიც, რომ მან კონკრეტული ზიანი განიცადა, რაც მოცემულ საქმეში სახეზე არაა,“ – აცხადებს EMC-ი.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო პოსტის გამო მიიღო. კერძოდ, 2020 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტით მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა.

EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

_____________

ფოტოზე: მალხაზ რეხვიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: