განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგებს 4-კრედიტიან ფასიან ტრენინგებს სთავაზობენ, რასაც სამინისტრო არ აღიარებს

13.05.2020 • 3042
პედაგოგებს 4-კრედიტიან ფასიან ტრენინგებს სთავაზობენ, რასაც სამინისტრო არ აღიარებს

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილი ყველა ტრენინგი შეჩერებულია. მათ შორის ისეთი ტრენინგები, რომელთა გავლის შემდეგაც მასწავლებლებს გარკვეული კრედიტქულების აღება შეუძლიათ.

ცენტრის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ცალკეული ორგანიზაციები სთავაზობენ პედაგოგებს ტრენინგებს კრედიტქულების მისაღებად, თუმცა არ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი ფორმით აღებულ კრედიტქულებს განათლების სამინისტრო არ აღიარებს. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აკრედიტებულ ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი ატარებს.

„ერთადერთი, ვისაც შეუძლია კრედიტქულიანი ტრენინგები შესთავაზოს პედაგოგებს, არის მასწავლებლის სახლი. ჩვენ არაერთხელ დაგვიკავშირდნენ პედაგოგები, რომლებიც გვეკითხებოდნენ, ჩაეთვლებოდათ თუ არა კრედიტქულები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობდა ტრენინგების გავლის პერიოდში და ჩვენ  ვეუბნებოდით, რომ არა.

ბუნებრივია, არ ვაღიარებთ ასეთი ფორმით აღებულ კრედიტქულებს, რადგან ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელსაც უფლება აქვს კრედიტქულები მიანიჭოს პედაგოგს, არის მასწავლებლის სახლი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ჟორჟოლიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

ამავე პრობლემაზე საუბრობს „ბათუმელებთან“ მაია კობახიძეც, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელი.

„ჰპირდებიან პედაგოგებს 4-კრედიტიან ტრენინგებს. მაინც არ ვიცი, საიდან მოიგონეს ეს 4 კრედიტი. ეს კრედიტები კარიერული წინსვლისთვის მათ არ გამოადგებათ, სერტიფიკატში 10 კრედიტიც რომ ჩაუწერონ, რადგან, როგორც ვიცით, მხოლოდ მასწავლებლის სახლი ანიჭებს კრედიტქულებს პედაგოგებს“, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, მასწავლებელთა პროფკავშირების იურისტები იკვლევენ ამ საკითხს და მოკვლევის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პედაგოგებს ფასიანი ტრენინგების გავლის სანაცვლოდ კრედიტქულებს სთავაზობენ.

ამ დროისთვის, როგორც ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, არც მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ახალი სქემაა დამტკიცებული, რომელიც 2020 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო.

3 ათასზე მეტი პედაგოგი წელს სტატუსის ამაღლებას ელოდა, რადგან ხელფასის ზრდა სწორედ სტატუსზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც პედაგოგები ამბობენ, ჯერჯერობით, ვერც კრედიტქულების დაგროვებას ახერხებენ და ვერც გარედაკვირვების გავლას, რომელიც სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი აქტივობაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: