საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა.
როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს.
„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს.
ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება.
ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ.
მერე ვნახოთ“, – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქზე.
თეონა თურმანიძის განმარტებით, საკითხი ეხება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის აკრიტიკებდა დირექტორის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ვებგვერდთან დაკავშირებით.
„ვწერდი, რომ არაობიექტურად და არადემოკრატიულად ვითარდება მოვლენები და დირექტორი თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს და იქ ერთგვარ მოწოდებასავით მქონდა ნათქვამი, რომ თუ ასე უნდა გაგრძელდეს, მაშინ საერთოდ მოითხოვეთ ამ ვების დახურვა-მეთქი. ჩათვალა, რომ ეს იყო მაუწყებლის იმიჯის შემლახავი განცხადება“, – ამბობს თეონა თურმანიძე.
აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი ვებგვერდს აღარ ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მას ტელევიზიის დირექტორმა ამ კონკრეტული სამსახურის შეცვლილი დებულება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ონლაინსამსახური ახალ ამბებს ვეღარ გაავრცელებს და ამისთვის ცალკე რედაქტორი იმუშავებს.
თეონა თურმანიძის თქმით, თანამშრომელთა ქცევის წესი, რაც თავისი შინაარსით ჟურნალისტს ფეისბუქზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას უზღუდავს, მენეჯმენტმა ორი დღის წინ ატვირთა მაუწყებლის ვებგვერდზე ისე, რომ ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია.
თეონა თურმანიძე ამბობს იმასაც, რომ მოკვლევა ორ დღეში უნდა დასრულდეს, ხოლო ამის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი თეონა თურმანიძის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჟურნალისტი აპირებს სასამართლოს მიმართოს.
თეონა თურმანიძე ერთ-ერთია მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრობდნენ.
ამ ფაქტს წინ უძღოდა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის გადაყვანა ქუთაისის არარსებულ ბიუროში, მანამდე კი ტელევიზიიდან საინფორმაციოს უფროსი, უფროსის მოადგილე და ტელეწამყვანი დაითხოვეს ან საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორეს. ყველა ეს ჟურნალისტი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის პოლიტიკას აფასებდა, როგორც მაუწყებლობის პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.
_____________________
ამავე თემაზე: