ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

13.05.2020 •
როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.

ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები იყო.

სუბსიდიის ოდენობა ამჯერად, ჯამში 1 ჰექტარ [10 000 კვ.მ] მიწაზე, განისაზღვრა 200 ლარით [აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით]. ნაკლები ფართობის ნაკვეთის შემთხვევაში კი, სუბსიდია ამის პროპორციული იქნება. მაგალითად, 0.25 ჰექტარის [ანუ, 2 500კვ.მ] მიწის შემთხვევაში – 50 ქულა.

როგორ გამოიყენებს ფერმერი ქულებს:

[checklist]

  • 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეძლება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
  • 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს კი, ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, ხვნის მომსახურების შესაძენად.

[/checklist]

პროექტის ფარგლებში, სუბსიდირდება მაქსიმუმ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მაქსიმუმ 2 000 ლარით, ანუ, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ფლობს 15 ან 20 ჰექტარ მიწას, სუბსიდია მაინც 2 000 ლარს, ანუ ამდენივე ქულას შეადგენს.

ამავე პროექტით, ფერმერს შეეძლება საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად [მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 1 ლარით ნაკლებად] შეიძინოს 150 ლიტრი დიზელი 1 ჰექტარი მიწის შემთხვევაში.

მთავრობამ ლიბერთი ბანკის მეშვეობით აგრობარათები ფერმერებს ადრეც დაურიგა, მათ შორის აჭარაშიც. სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ყველას, ვისაც ეს აგრობარათები შემორჩენილი აქვს, ქულები ამ ბარათებზე დაერიცხებათ იმის მიხედვით, რა ფართობის ნაკვეთიც გააჩნია საკუთრებაში. სააგენტოს ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი გადაუგზავნის.

სააგენტოში, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული აგრობარათები თავის დროზე დაურიგდა მხოლოდ მათ, ვისაც მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მაინც ჰქონდა საკუთრებაში.

მათ, ვისაც არ აქვთ აგრობარათები და ეკუთვნით სუბსიდია, უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკს“, სადაც ასეთ ბარათს უსასყიდლოდ დაუმზადებენ.

სააგენტო 20 მაისამდე მოამზადებს ბაზას, სადაც ყველა ფერმერი შევა, ვისაც სუბსიდია ეკუთვნის. გამოქვეყნდება ასევე იმ სპეციალიზებული მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც ფერმერს ბარათზე დარიცხული ქულების გახარჯვა შეეძლება [ერთი ქულა ერთი ლარია].

რაც შეეხება საწვავს – ფერმერი მიმართავს სააგენტოს წარმომადგენლობებს მუნიციპალიტეტებში [აჭარის შემთხვევაში კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს], სადაც მას მისცემენ ფასდაკლების ტალონს [იმ რაოდენობის საწვავზე, რაც ეკუთვნის] და ამ ტალონით შეიძენს დიზელს ბენზინგასამართ სადგურზე. თუ რომელ სადგურებზე, ეს ჩამონათვალიც 20 მაისიდან იქნება ცნობილი.

1 ჰექტარზე სუბსიდია 200 ლარია [200 ქულა], თუმცა, მაგალითად გურიაში, 1 ჰექტარი ფართობის დახვნაში, დაფარცხვასა და დათესვაში გლეხი ჯამში 350 ლარს იხდის.

იმ ფერმერებმა კი, ვისაც საშუალება ექნებათ ბარათზე დარიცხული ქულები დახვნისთვის გამოიყენონ, მხოლოდ და მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უნდა მიმართონ. სხვა შემთხვევაში ამ ქულებს ვერ გამოიყენებენ.

სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია კი, [იგივე, ყოფილი შპს „მექანიზატორი“] სახელმწიფო კომპანიაა და მის 100% წილს ა[ა]იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ფლობს. ამ სააგენტოს გამგეობის 6 წევრიდან 3 მოქმედი მინისტრია – სოფლის მეურნეობის [ლევან დავითაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე], ფინანსთა [ივანე მაჭავარიანი] და ეკონომიკის [ნათია თურნავა].

აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასოდ დახვნის ცალკე პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 5 მილიონი ლარით. თუმცა, როგორც აგროსერვისცენტრში გვითხრეს, ხელშეკრულება აქაც სახელმწიფო შპს „მექანიზატორთან“, ანუ „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიასთან“ გაფორმდება მთლიან თანხაზე, მაგრამ ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად დამუშავებული ფართობების მიხედვით.

ფერმერთა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას რაც შეეხება, არსებული მონაცემებით, გლეხების უმეტესობა აჭარაში ამ სუბსიდიას [200 ლარი 1 ჰექტარზე] ვერ მიიღებს, ვინაიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30-35 პროცენტს აქვს მიწა რეგისტრირებული, როგორც საკუთრება.

[red_box]ამ თემაზე: აჭარის მთაში ფერმერების მხოლოდ 35% მიიღებს მიწის სუბსიდიას – 200 ლარს[/red_box]

მთავრობამ ასევე დააანონსა მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოდ, თუმცა, ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას და რომელ მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქე, რომელსაც რეესტრში შეტანილი აქვს მიწის რეგისტრაციაზე განცხადება და მიწას [მინიმუმ 2500კვ.მ-ს] ვთქვათ, ივლისში დაირეგისტრირებს, მას შესაძლებლობა ექნება სუბსიდია მიიღოს.

პროგრამის პრეზენტაციისას მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წელს სუბსიდიას მიიღებს ყველა, ვისაც ნაკვეთი არ აქვს საკუთრებაში, მაგრამ ამავე წლის ბოლომდე დაირეგისტრირებენ.

აჭარაში ამ დრომდე მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. მიწების რეგისტრაცია კი, დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/276631/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: