მთავარი,სიახლეები

კარტოფილის მოყვანის უფლება მაინც მოგვცენ – ოჩხამურში მიწის მოთხოვნით აქცია გაიმართა

12.05.2020 • 1898
კარტოფილის მოყვანის უფლება მაინც მოგვცენ – ოჩხამურში მიწის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს, 12 მაისს, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური მოთხოვნებით აქციას მართავს. სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ჩაის ყოფილი პლანტაციები, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელია, სარგებლობის უფლებით სოფლის მოსახლეობას გადაეცეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია რამდენიმე წელია იჯარით არის გაცემული, თუმცა, მათი თქმით, მოიჯარე მიწით არ სარგებლობს და ტერიტორია მოუვლელია.

„ჩვენ ვითხოვთ, მოგვცენ უფლება გავასუფთავოთ, დავამუშავოთ პლანტაცია, რომ შემოსავალი გვქონდეს. თურქეთში ვეღარ გადავდივართ სამუშაოდ, შემოსავალი აღარ გვაქვს, მოგვცენ ეს მიწა, რომ ვიმუშავოთ და კარტოფილი მაინც მოვიყვანოთ,“ – ამბობენ ადგილობრივები „ბათუმელებთან“ საუბრისას.

მურთაზ აბაშიძე ოჩხამურში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ დღევანდელი აქციის მიზანია ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა იმ სიდუხჭირეზე, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება.

„ჩვენ გვინდა ვთხოვოთ ხელისუფლებას, ეს ტერიტორია გადმოგვცენ სარგებლობაში, რომ დავამუშავოთ. მოიჯარე, რომელსაც გადაცემული აქვს ეს მიწა, უკვე წლებია არაფერს არ აკეთებს.

თურქეთში გადავდიოდი და ვმუშაობდით, ახლა რა ვქნათ, ოჯახში ათი სული ვცხოვრობთ, როგორ ვიარსებოთ? იმის უფლებასაც კი არ გვაძლევენ, რომ კარტოფილი მაინც დავთესოთ,“-  ამბობს მურთაზ აბაშიძე.

ოჩხამურში ცხოვრობს ზურაბ დიასამიძეც, რომელიც ასევე მიწით სარგებლობის უფლებას ითხოვს.

„ან ეს ჩაი აღორძინდეს და ჩვენც მოგვეცეს მუშაობის უფლება, ან გადმოგვცენ სარგებლობაში, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი მაინც მოვიყვანოთ,“ – ამბობს ის.

ოჩხამურელების თქმით, ისინი მხოლოდ მიწაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ, რომ სოფელს შემოსავალი გაუჩნდეს.

როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, აღნიშნული ტერიტორია კერძო მესაკუთრისაა. 

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, დაახლოებით 200 ჰექტარი მიწა, რომლის სარგებლობის უფლებასაც ოჩხამურელები მოითხოვენ, საჯარო რეესტრის მიხედვით, კერძო იურიდიული პირის, „მილენიუმ ტრანსის“ საკუთრებაშია 2008 წლიდან.

„ამიტომ, მისი განკარგვა, ან სარგებლობით გადაცემა, ან დამუშავება, მხოლოდ იურიდიულ მესაკუთრესა და მეორე მხარეს შორის შეთანხმების საგანია,“- ამბობს მირიან ქათამაძე.

მერის თქმით, თავის დროზე, სახელმწიფომ აღნიშნულ კომპანიას მიწა უპირობოდ გადასცა. „დანარჩენი დეტალები კი, დაინტერესებულმა პირებმა,  ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა გაარკვიონ,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: