კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

03.10.2019 • 6175
როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს.

ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობის ჯიუტად გაგრძელების ფაქტები მირიან მეტრეველისთვის გასაკვირი ამბავი არ უნდა იყოს. მშენებლებს კი ამ მშენებლობების კანონის ჩარჩოში მოქცევის იმედი ლეგიტიმურად რომ აქვთ, არც ესაა მისთვის უცხო –  უკანონოდ აშენებული პროექტების მომავალში შეთანხმება-დაკანონების ფაქტები ბათუმში მრავლად იყო.

მსგავსი ფაქტების – უნებართვოდ აშენებულის დაკანონებაზე განმარტებებისას, მერიაში ყოველთვის კანონს იშველიებდნენ და ამბობდნენ, რომ „ამას კანონი უშვებს“.

თავდადებულის #48ა-ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში განმარტეს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედეს – მშენებლობის დამკვეთი თამარ როყვა ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს, შემდეგ კი საქმე აღსრულებას გადასცეს მშენებლობის იძულებით შეჩერების მოთხოვნით.

თითქოს აქ დასრულდა მერიის პასუხისმგებლობაც.

თამარ როყვას კი, რომელსაც „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა, ჰქონდა განცდა, რომ უკვე აშენებული ფართობის კანონის ჩარჩოში მოქცევას შეძლებდა, ანუ აპირებდა იმ გზის გავლას, რაც სხვა უკანონო მენაშენეებმა წარმატებით გაიარეს და სასურველი ნებართვაც მიიღეს. თუმცა ამჯერად  მერიის რეაქცია განსხვავებული იყო.

„აღსრულებას გადავეცით, ამ დროისთვის თვითონ დაიწყო დემონტაჟი, შემდეგ ჩვენც ჩავერთვებით, გავიღებთ ხარჯებს მუშახელის დაქირავებისთვის, შემდეგ ამ თანხის ამოღებაზე ვუჩივლებთ მშენებელს რეგრესის წესით“, – გვითხრა ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ.

ამ დრომდე უკანონოდ აშენებული სართულების დემონტაჟზე აღსრულება რომ ვერ ხერხდება, ამაზე მერმა, ლაშა კომახიძემ თავად ისაუბრა ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე. მან ამ პრობლემის მოსაგვარებლად უმაღლეს საბჭოსაც კი მიმართა, შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების თხოვნით. ეს იდეა იდეად დარჩა.

მერი ლაშა კომახიძე ამტკიცებდა, რომ მანკიერი მემკვიდრეობა, უკანონოდ აშენებული 9000 კვადრატული მეტრი ქალაქში [რაც მას დახვდა] მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და ამ მიდგომას ის აუცილებლად დაუპირისპირდებოდა. მერი მშენებლების გასაგონად ამბობდა, რომ არ დასთანხმდებოდა უკანონოდ აშენებული ერთი კვადრატული მეტრის დაკანონებასაც კი, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. მანკიერი ტრადიცია ტრადიციად დარჩა:

მაგალითად, ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა და კ2 კოეფიციენტიც 5,0-მდე გაუზარდა შპს „ძმების სახლს“, რომელმაც ბათუმის ცენტრში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაგეგმილი მრავალბინიანი სახლის ორი სართული უნებართვოდ ააშენა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ისევე როგორც ბევრ სხვაზე მერიაში გვითხრეს, რომ შპს „ძმების სახლი“ უკანონო მშენებლობისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, თუმცა კომპანიამ მითითება არ შეასრულა, რისთვისაც კიდევ 1000 ლარით დააჯარიმეს.

2019 წლის აპრილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე იმსჯელა შპს „ძმების სახლის“ სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, არავის უხსენებია დასამტკიცებელი პროექტის ორი სართული უკვე აშენებული რომ იყო. კომპანიამ დაჯარიმების შემდეგ ნებართვის მიღებამდე კიდევ ერთი სართული ააშენა.

ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა, თუმცა მშენებლობა მაინც დასრულდა ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, სადაც ბინის მესაკუთრემ აივანი ამოაშენა. 

ცნობილი იყო ასევე უნებართვო მშენებლობის შესახებ გონიოში – საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიაშარიას პარტნიორის დავით ცერცვაძის კომპანიამ გონიოში მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო, თუმცა მას არაფერი მოუშლია. მან მოგვიანებით მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

თავდადებულის #48ა-ში, ვიდრე რვა სართულამდე მივიდოდა საქმე, მშენებლობის დამკვეთი თამარ როყვა მერიის ზედამხეველობის განყოფილების თანამშრომლებს ორჯერ დაუჯარიმებიათ უკანონო მშენებლობისთვის, შემდეგ მშენებლობის არშეჩერებისთვის, ამის შემდეგ კი მერიამ საქმე აღსრულებას გადასცა მშენებლობის იძულებით შეჩერების მოთხოვნით, როგორც სხვები. თუმცა, ამ შეთხვევაში საქმე 4000 ლარად ვერ მოგვარდა – 8 სართულის დაფიქსირების შემდეგ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაქცია აღმოჩნდა უფრო მწვავე, ვიდრე სხვა შემთხვევებში.

რატომ არ გადასცა აღსრულებას მერიამ საქმე მაშინ, როცა ამ მისამართზე გაფრთხილების მიუხედავად მეორე, ან მესამე სართულის მშენებლობა დაიწყო? – ირაკლი მოქია განმარტავს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა კანონით დადგენილ პროცედურის მიხედვით იმოქმედა, ჯერ გააფრთხილა, შემდეგ დააჯარიმა, შემდეგ ისევ დააჯარიმა. მშენებელი კი არ შეჩერდა და მოკლე დროში მშენებლობა რვა სართულამდე გაზარდა.

მოქიამ გვითხრა, რომ ის შერჩევით მიდგომად ვერ  შეაფასებს ფაქტს, როცა ერთ კომპანიას, რომელმაც უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, დააჯარიმეს და შემდეგ ნებართვა მისცეს, მეორეს კი აშენებულის დანგრევით ემუქრებიან. არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ უკანონობის 4000-ლარიანი ჯარიმით მოგვარების ფაქტებმა წაახალისა სხვები კანონის დარღვევისკენ და ამაში თავისი წილი პასუხიმგებლობა მერიას ეკისრება.

ამ საკითხებზე დღეს კომენტარი მერსაც ვთხოვეთ, თუმცა მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. უარი გვითხრა მირიან მეტრეველმაც.

მოქიას განმარტებით კი, აქ მშენებლობის მასშტაბშიც არის საქმე და იმ შემთხვევაში, თუ თამარ როყვა დადგენილი პროცედურით გააკეთებდა ყველაფერს, მას შესაძლოა მიეღო ნებართვა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობაზე, რაზეც მერიაში შეტანილი ჰქონდა კიდეც განაცხადი. 8 სართულზე კი, რაც მას უკვე აშენებული აქვს კარკასის სახით, ის ნებართვას ვერ მიიღებდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: