მთავარი,სიახლეები

ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

12.05.2020 • 3767
ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

„ამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქის ცენტრში უკანონოდ ისე დასრულდა, რომ სასამართლოში მოგებულმა საქმემაც ვერაფერი შეცვალა“, – ამბობს ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის #3-ში მცხოვრები მამუკა დავითაძე და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიის ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ გაბათილებულია. მამუკა დავითაძე კერძო სახლში ცხოვრობს, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აივნები კი, მისი სახლის ფანჯრებიდან ხელის გაწვდენაზეა.

„შეხედეთ, ხელის ჩამორთმევაც კი შეიძლება, პანდემია რომ არ იყოს,“ – ირონიას არ მალავს მამუკა, ვიდრე საქმის მასალებს გაგვაცნობს და ფანჯრიდან მეზობლად აშენებულ კორპუსს გასცქერის.

ხედი მამუკა დავითაძის სახლიდან

მამუკა მიიჩნევს, რომ უკანონო მშენებლობას ბაგრატ მანველიძე მფარველობდა, რომელიც კორპუსის აშენებამდე აქ მიწის ნაკვეთს ფლობდა და ბათუმის ვიცე-მერი იყო, როცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა 2015 წელს. მშენებლები ახვლედიანის ქუჩაზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ. მაშინ ყველა ტელევიზია და მედიასაშუალება აშუქებდა ერთკაციან აქციას – ქალი, რომელიც შუა ქუჩაზე ქოლგით სკამზე დაჯდა და სატვირთო ავტომანქანებს აღარ ატარებდა. ქალი ამბობდა, რომ მაღალსართულიანი სახლის აშენების უფლებას არავის მისცემდა. ეს ქალი მამუკა დავითაძის დედაა – იზოლდა რუსიძე, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ სასამართლოსთვის მიუმართავს.

„…ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი იყო ის, რომ კორპუსი პირდაპირ მოგვადგეს და ჩაგვაბნელეს, მზის სხივი აღარ აღწევს, კორპუსის ფანჯრებიდანაც პირდაპირ გვიყურებენ… გარდა ამისა, პრობლემა იყო ბზარების გაჩენა  სახლში, რომელიც მშენებლობის დროს გაჩნდა, ზარალიც არავინ აგვინაზღაურა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვითაც, მშენებლობის რეგულაციები დარღვეული იყო,“ – გვიყვება მამუკა დავითაძე და სახლის მეორე სართულზე გაჩენილ ბზარებს გვაჩვენებს. ამ სახლში 1969 წლიდან ცხოვრობს იზოლდა რუსიძე.

„პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება“ – ეს სიტყვები გამოიყენა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან ბათუმის მერიის მშენებლობის ნებართვა სამართლებრივად  2016 წელს შეაფასა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად…“ – წერს მოსამართლე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ „მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იქნა შეთანხმებული შპს „ელიტჰაუსის“ სამშენებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი სახის ღია ნაწილებს, როგორიც არის მოწყობილი შპს „ელიტჰაუსის“ შენობის ფასადზე, იზოლდა რუსიძის სამეზობლო საზღვრის მხარეს, მაშინ როცა მათი მოწყობა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ წესს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება,“ – ვკითხულობთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იზოლდა რუსიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გააბათილა მერიის მიერ მშენებლობის ნებართვისთვის გამოცემული ბრძანება. მოსამართლემ მოსარჩელის აზრი არ გაიზიარა მხოლოდ მშენებლობის სიმაღლის კუთხით და არ მიიჩნია, რომ შენობის სიმაღლე არღვევდა მოქალაქის უფლებას რაიმე კუთხით. მოსამართლემ ბათუმის მერიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

ბათუმის მერიამ, სადაც ვიცე-მერი ისევ ბაგრატ მანველიძე იყო, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაცვლად აღსრულებისა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რითაც ისარგებლა მშენებელმა და ახვლედიანის #3-ში აქტიურ რეჟიმში დაიწყო მშენებლობა.

რა შუაშია ბაგრატ მანველიძე?

ბაგრატ მანველიძემ საკუთარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შპს „ელიტჰაუსს“, რომელმაც ახვლედიანის #3-ში საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ამ კორპუსში ახლა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ბაგრატ მანველიძის შვილი – ბექა მანველიძე რამდენიმე საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს.

„აქ ყველამ იცის, რომ მშენებლობას მფარველობდა ბაგრატ მანველიძე… თავის დროზე დედაჩემსაც უთხრეს, ირბინე შენ შენი საბუთებით რამდენიც გინდა, ვერაფერს გახდებიო…“ – აღნიშნავს მამუკა დავითაძე „ბათუმელებთან“. მას სჯერა, რომ მანველიძის აქტიური ჩართულობის გარეშე უკანონო მშენებლობა ვერ დასრულდებოდა.

2016 წელს ბათუმის მერიამ მოქალაქე იზოლდა რუსიძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს სამივე ინსტანცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაეთანხმა და არაფერი შეცვალა, თუმცა ამასობაში ბათუმის მერიის და სასამართლოს შუაში, ქალაქის ცენტრში, უკანონო მშენებლობა დასრულდა კიდეც. 2018 წელს უკვე ახალმა მერმა – ლაშა კომახიძემ ახალი შენობა ექსპლუატაციაშიც მიიღო.

ახლა „ელიტჰაუსი“ დავობს სასამართლოში ბათუმის მერიის წინააღმდეგ, რადგან სასამართლოს სამივე ინსტანციაში დროის გაყვანის შემდეგ, ლაშა კომახიძე იძულებული გახდა უკანონოდ აგებული შენობის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილება გაეუქმებინა. გარდა ამისა, მშენებელი კომპანია დააჯარიმეს, რადგან მან პროექტი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად არ შეცვალა.

„მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, ბათუმის მერიამ გააუქმა გადაწყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების შესახებ… გრძელდება ორი დავა ცალ-ცალკე. კომპანია ასაჩივრებს ჯარიმას და ექსპლუატაციაში მიღების გაუქმებას,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე.

„ეს ყველაფერი თამაშია, შეთანხმებულად მოქმედებენ, თორე ჩვენთვის რა იცვლება?“ – კითხულობს მოქალაქე მამუკა დავითაძე, რომელმაც უკვე ყველა ინსტანცია მოიარა საკუთარი უფლების დასაცავად.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და რამდენად შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა ახლა, როცა მშენებლობა დასრულებულია, ხოლო ახალ კორპუსში ხალხი ცხოვრობს?- ბათუმის მერიის იურისტი ამბობს, რომ დადგენილება აღსრულების ბიუროს ჯერ არ ჩაჰბარებია, რადგან იგი კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლო დავა გრძელდება.

„ცალკე საკითხია,  რამდენად აქვს აღსრულებას იმის რესურსი, რომ პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს მშენებლობა…“ – დასძინა მერიის იურისტმა „ბათუმელებთან“.

მოქალაქე მამუკა დავითაძეს კი ახსოვს ბაგრატ მანველიძის სასამართლო პროცესიც, როცა მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები 2019 წელს დააკავეს. მაშინ ბაგრატ მანველიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. საუბარია „იაფი სახლის“ საქმეზე – ბაგრატ მანველიძე სადავო შესყიდვის დროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაგრატ მანველიძე დამნაშავედ მიიჩნია და მას ჯარიმის სახით 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ახალი საცხოვრებელი კორპუსი ახვლედიანის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: