„ოცნების“ დამნაშავე რეჟიმი შეურაცხყოფს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს” – კოალიცია “ცვლილებებისთვის”

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და ამბობს, რომ „რეჟიმის ქმედებები შეურაცხყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს“.

„დღეს, საქართველოს პრემიერადწოდებული ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში იმყოფებოდა ომის დამნაშავე, საქართველოს ოკუპანტ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მთავარ მტერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად.

ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც არც ერთხელ არ უხსენებია თუ ვინ არის ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი და მისი ქმედებები, ის თუ, როგორ აუღელვებლად და მშვიდად უსმენდა რუსეთის დიქტატორს, არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი პოლიტიკისა, რომელიც გამოიხატება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მწამებლებისთვის ბოდიშის მოხდითა და წულუკიანის ე.წ. კომისიით საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების დაბრალებით.

„ქართული ოცნების“ დამნაშავე, რუსული რეჟიმის ქმედებები ერთის მხრივ შეურაცხყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს, მეორეს მხრივ კი ანგრევს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას, რაც გვიკლავს შანსს ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების.

დღეს მნიშვნელოვანია, ყველა ერთად ვიდგეთ იქ, სადაც მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო, საერთო სახალხო, პატრიოტული წინააღმდეგობის მოძრაობა. მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი გმირების ხსოვნა და ჩვენი სამშობლოს ბედნიერი და თავისუფალი მომავალი.

შევხვდებით რუსთაველზე!“ – ნათქვამია კოალიცია ცვლილებების განცხადებაში.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს – „დროა“, „ახლები“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 12 დეკემბერს თურქმენეთში დაესწრო ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.

მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება.

ფორუმს ასევე ესწრებიან: ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები.

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრა-ასფალტის დაგებაზე ტენდერი 6,4 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველომ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ქვაფენილს ამჯერად შემდეგ ქუჩებზე აყრიან:

დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ ლერმონტოვის და მურად ხინიკაძის.

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში – 31 დეკემბერს დასრულდება.

კლდიაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩები / 12.12.2025

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ მას „2023 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 მილიონი ლარის ოდენობით“.

ამასთან, ამავე პერიოდში „უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები 3 მილიონი ლარის ოდენობით“.
„შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. შესრულებული სამუშაოს გარე განათებაზე ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.“ – წერია ტენდერის პირობებში.

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

 

მთავარი ფოტო: ლუკა ასათიანისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთა / 12.12.2025

“რეჟიმი იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც რუსეთისგან ყველაზე დაუცველები დავრჩებით” – ფედერალისტები

პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ „აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში და არა თავისუფალ სამყაროში“.

დღეს, 12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.

„ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს, ქვეყნის ინტერესების დასაცავად  უნდა ესაუბროს ყველას;

რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებს, მათ შორის – ისეთებს, რომლებსაც ქართული საზოგადოებისგან განსხვავებული ისტორიული არჩევანი აქვთ გაკეთებილი.

საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება შეიძლება ესაუბროს ჩვენს ოკუპანტს და  ცივილიზაციურ მტერსაც, ოღონდ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და არა მტრის ვასალობასთან  შეგუების, საზოგადოების დემორალიზებისა და დეზორიენტირების პროპაგანდის გაგრძელება.

ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, ევროკავშირს ქართული სახელმწიფოსა და იდენტობისთვის საფრთხედ ნათლავს და ამის ნაცვლად, იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც ვერც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოვიპოვებთ და რუსეთის აგრესიისგანაც ყველაზე დაუცველები დავრჩებით.

აშხაბადის შეხვედრაც პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს  ერთდერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელსაც ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს და ქართველ ხალხს უტოვებს.

შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან იზოლირებული და რუსეთის გავლენის სფეროში ჩარჩენილი საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გარდაუვლად დაკარგავს, თუ ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენს თავში არ ვიპოვეთ ძალა, რომ რეჟიმი შევცვალოთ.

დამოუკიდებლობის გადარჩენის გზა არის ერთი, რეჟიმის ცვლილება და ის აუცილებლად შეიცვლება,“ – ნათქვამია „ფედერალისტების“ განცხადებაში.

 

მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება.

ფორუმს ასევე ესწრებიან: ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები.

„დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან უკვე პუტინთანაა შეხვედრები“ – გახარიას პარტია კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აფასებს. გიგა ფარულავა სადავო პარლამენტის წევრია გახარიას პარტიიდან.

„დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან ახლა უკვე პუტინთან არის შეხვედრები. იცით რა არის? საქმე შეხვედრაში კი არ არის, საქმე… შეხვედრით შეიძლება მტერსაც შეხვდეს ადამიანი. უბრალოდ, საქმე იმაშია, ამის პარალელურად ვისთან ვერ ახერხებენ შეხვედრას და ვისთან ვერ ხვდებიან, ან არ ხვდებიან. და ეს ადამიანები, ვისაც ვერ ხვდებიან და არ ხვდებიან, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები.

მათ შორის ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც, თუ გადავხედავთ ჩვენ წარსულს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდგომარეობა გაეძლიერებინათ, ამ მიმართულებით არცერთი შეხვედრა არ ჰქონიათ. არც სურვილი აქვთ და მეორე – ვერც ხვდებიან, თავიანთი ქმედებებიდან, პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე,“ – ასე გამოეხმაურა გიგა ფარულავამ აშხაბადში ირაკლი კობახიძის ვიზიტი.

გიგა ფარულავამ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პარლამენტში უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას პუტინთან ერთად საერთო ფორუმში მონაწილეობაზე, გიგა ფარულავამ უპასუხა:

„შეხედეთ, შეხვედრით შეიძლება მტერსაც შეხვდე, მაგრამ აქ უნდა იცავდე შენი ქვეყნის ინტერესებს და არ უნდა იყო მეორეხარისხოვანი. როდესაც ხვდები, შეიძლება მოწინააღმდეგესაც და მტერსაც შეხვდე, მაგრამ იქ უნდა იყო მყარად და უნდა იცავდე შენი ქვეყნის ინტერესებს. თუ ამას ვერ იცავ, არ უნდა იყო იქ წარმოდგენილი,“ – თქვა გიგა ფარულავამ.

გიგა ფარულავა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დღეს, 12 დეკემბერს, თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. 

მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება.

ფორუმს ასევე ესწრებიან: ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები.

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალი სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან,  სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს, სწავლა მნიშვნელოვნად გაუძვირდებათ.

„ოცნების“ განათლების „რეფორმის“ საპასუხოდ, „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მომავალ სტუდენტებს მხარდაჭერას სთავაზობს.

განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს, გაავრცელეს, ნათქვამია, რომ 2026 წელს „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო „ცოდნის ფონდი“, 4 წლის განმავლობაში 4 200 000 ლარით დააფინანსებს.

ცოდნის ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს:

  • ⁠ ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტში და სრულად დაუფინანსებს 4-წლიან სწავლებას;
  • ⁠ ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში, მათ გადაეცემათ 4-წლიანი სწავლის საფასურის თანადაფინანსების გრანტი;
  • ⁠ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადების ყველა პრიზიორს, რომლებსაც ფონდიდან სასწავლო გრანტი გადაეცემათ;
  • ⁠ შემეცნებით კონკურსებში გამარჯვებულ აბიტურიენტებს, რომლებიც მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობები აბიტურიენტებისთვის, როგორც წინა წლებში, რჩება სტაბილური და მყარი, არ იგეგმება არც სწავლის საფასურის ცვლილება და არც უცხოელი სტუდენტების მიღება შემოსავლების გაზრდის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცვლის როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო პირობებს.

„ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში გეგმავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში გარკვეული ფაკულტეტები გააუქმოს და სტუდენტების 40%-ი, თბილისიდან რეგიონულ უნივერსიტეტებში გადაისროლოს.

სპეციალისტების შეფასებით, „ოცნების“ რეფორმა, დამოუკიდებლობას ართმევს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამყარებს ხელისუფლების კონტროლს, რაც საგანგაშოა.

______________

ამ თემაზე:

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

„პუტინთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია“ – „ლელო“ პუტინთან ერთად კობახიძის გამოჩენაზე

„პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი“, – პარტია „ლელოს“ სახელით ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტს ეხმაურება ამ პარტიის წევრი თამაზ დათუნაშვილი და ამბობს, რომ „ეს არის საქართველოს ღალატის გზა“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.

„ჰეზბოლასა და ჰამასის აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე ახალ წარმატებას მიაღწია ქართულ დიპლომატიაში ირაკლი კობახიძემ და ამჯერად უკვე აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფება.

მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთად ზის ერთ დარბაზში ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს. როგორც ჩანს, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ავტოკრატიის ქართული მოდელი გაუზიაროს სხვა ავტოკრატებს ევრაზიის კონტინენტიდან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი არა ხელისუფლების მიტაცების ქართული მოდელის გაზიარებაა, არამედ დაფიქსირება ვლადიმერ პუტინთან ერთად, რომ მოხდეს ბანალიზება საქართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელის აღმოჩენა ერთ მაგიდაზე საქართველოში, ქართველების გენოციდის მომწყობ ვლადიმერ პუტინთან,“ – თქვა თამაზ დათუნაშვილმა.

თამაზ დათუნაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე რამდენიმეჯერ აღმოჩნდნენ ისეთ სივრცეში, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებიც არიან.

„მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაცია და მტრად გამოაცხადა ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებიც 30 წლის მანძილზე ჩვენთან ერთად იდგნენ, გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა გახდეს ავტოკრატების შავ-ბნელი ჯგუფის წევრი და საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე აღმოჩნდეს ცენტრალური აზიის, უფრო ღრმა აზიის და რუსეთის გვერდზე ავტოკრატიულ რეჟიმებში.

ეს არის საქართველოს ღალატის გზა. ეს გზა დაანგრევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას საქართველოს უსაფრთხოების ევროპულ, დასავლურ გარანტიებზე და საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა ნეიტრალიტეტის იმ შემოთავაზებით, რომელიც ემსახურება პუტინის რეჟიმს და საქართველოს აღმოაჩენს პუტინის, რუსეთის და დიქტატორების ორბიტაზე,“ – თქვა თამაზ დათუნაშვილი.

თამაზ დათუნაშვილი

დათუნაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ აღარ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანია საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში.

„ამის შემდეგ ალბათ ერთი ნაბიჯია, რომ საჯაროდ მოხდეს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვხედავთ უკვე პროპაგანდის ჯურღმულებში, რომ ამაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყეს.

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ ამ მოღალატეების მმართველობა და ხელისუფლების მიტაცება და დავაბრუნოთ ეს ქვეყანა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის მიხედვით, დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ჩვენი ქვეყნის მიზანია ევროინტეგრაცია, თავისუფლების იდეის გავრცელება, საქართველოს დაფუძნება დემოკრატიულ პრინციპებზე და არა ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. ისეთი ავტოკრატიული ნეიტრალიტეტის ჩამოყალიბება, როგორიც თურქმენეთია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომიკური დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც მართავს ერთი და იგივე ოჯახი, რომელშიც ხელისუფლება გადაეცა სისხლით, ან ნათესაობრივი, ან მოკვლით მისი წინამორბედის და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს შიშში, ტერორში და უკიდურეს სიღარიბეში.

აი, ეს არის შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს კობახიძე. ჩვენ არ გვინდა, ამ შემოთავაზების ნაწილი ვიყოთ. პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი,“ – თქვა თამაზ დათუნაშვილმა.

მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება.

ფორუმს ასევე ესწრებიან: ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა – შესაძლებელია ძლიერი, ნისლი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში, დღისით მოსალოდნელია გაძლიერება 20-25 მ/წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 14 და 15 დეკემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

——–

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე – ლიპყინული:

12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 186 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 406 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 705 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 35 008 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 566 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 256 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 432 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 89 401 ერთეული [+253]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 060 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 614 ერთეული [+107]
  • სპეცტექნიკა – 4 024 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 909 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 495 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 628 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 844 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 815 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვაშინგტონი და კიევი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„განზრახვა მკაფიოდ იკითხება“ – ინტერვიუ გალის ახალ ტერმინალზე, რომელზეც თბილისი დუმს

რუსეთმა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი გახსნა.

დეფაქტო აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენდირექტორი ასტამურ ახსალბა ამბობს, რომ ახალი ტერმინალიდან სატესტო ტვირთებიც შესრულებულია.

მისი თქმით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მეზობლობის გამო, თუმცა მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია და რამდენიმე თვეში სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას.

ასტამურ ახსალბა ასევე ამბობს, რომ „აფხაზეთი თავისი „ისტორიული ჰაბის“ ფუნქციას აღადგენს და გალის რაიონში მდებარე ტერმინალი რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის სატრანზიტო სქემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა“.

10 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აშენდა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი საიდუმლოდ, ისე, რომ ოფიციალურ თბილისს ამ თემაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„მე არ ვიცი. ჩვენი მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ „ქართული მხარე ტვირთებს არ გაატარებს“.

როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის ამუშავება თბილისმა წლების განმავლობაში არ შეიმჩნია და პოზიცია არ გამოხატა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეს და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.

  • ქალბატონო თეონა, შესაძლებელია, რომ ოფიციალურ თბილისს არ სცოდნოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის შესახებ?

ბუნებრივია, შეუძლებელია არ ცოდნა იმის, რასაც ენგურის ხიდს მიღმა ყველა ხედავდა და რაც მათ შორის, 2023 წლიდან დრონით გადაღებული კადრები ქართული ტელემედიით გადაიცა. ამას გარდა, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სპეცსამსახურები, რომელსაც ამის შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე უნდა ჰქონოდა.

თუმცა ოფიციალური თბილისის დუმილი ბევრად დამაფიქრებელი მგონია ამ საკითხზე, ვიდრე არცოდნაზე აქცენტი და მაგონებს სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ჯერ რუსეთისთვის გადაცემაზე რეაგირების არქონას, რასაც მოჰყვა მოგვიანებით ამ აეროპორტის უკანონო მშენებლობა და მისი გახსნა. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გადაცემის საკითხსა და ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი ფლოტის განთავსების გადაწყვეტილებაზე პოზიციის არ ქონას.

მით უფრო მაშინ, როცა ანექსიური პროცესები კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმის პარალელურად გააძლიერა, რაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო და რასაც აქ საგარეო კურსის ღიად რუსეთისკენ შეტრიალება მოჰყვა რუსული კანონების მიღებით, ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის იმავე რიტორიკით, რასაც კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში იყენებდა მეორე ფრონტის ცნობილი ნარატივის სახით.

  • რას ნიშნავს ის, რომ რუსეთი გალში სავაჭრო ტერმინალს ხსნის –  ეს ეკონომიკური პროექტია თუ უფრო ჰიბრიდული, სამხედრო-ლოგისტიკური ნაბიჯი?

ბუნებრივია, ტრანზიტული ჰაბის პროექტი დროში ემთხვევა რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლის ინტერესს, რუსეთის მესამე ქვეყნებთან ვაჭრობის დასავლეთისგან სანქციების ფონზე. ამაზე ღიად საუბრობს თავად ამ ტრანზიტული ჰაბის გენდირექტორი ოკუპირებულ აფხაზეთში.

თუმცა, იმავდროულად, ეს პროექტი კრემლის უფრო დიდი ჩანაფიქრის ნაწილია და ორი კურდღლის დაჭერის მიზნით აიხსნება.

ესაა ერთის მხრივ სანქციების თავიდან არიდება ამ გზის მეშვეობით, რკინიგზის აღდგენა ჯერ გალამდე, შემდგომ კი დანარჩენ საქართველომდე მისი დაკავშირება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რაც პირდაპირ და ირიბად ითქვა ახსალბას ინტერვიუში; ასევე, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის იძულება ოფიციალური თბილისისთვის, რაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დასაწყისია, და საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის და წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნის შემდეგ ბევრად იოლია და საბოლოოდ სამ სახელმწიფოდ დაშლილ და გაფორმებული საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ დამკვიდრებისთვის გაფორმება.

ბოლო წლებში რუსეთის ანექსიური პროცესების ნიშნები ოკუპირებულ აფხაზეთში და არაოკუპირებულ, თუმცა რუსული გავლენების ქვეშ მყოფ ოფიციალურ თბილისში მკაფიოდ იკვეთება. პროცესის კრემლისთვის წარმატებულად დასრულება დამოკიდებულია პირველ რიგში ხალხის წინააღმდეგობისა და მცდელობაზე,  შემდეგ კი რეგიონულ თუ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაქტორებზე.

საგულისხმო იყო, ვფიქრობ, ამ საკითხზე ოცნების დეპუტატ გია ვოლსკი კომენტარი „ფორმულასთან“, რომელმაც თქვა რომ ზოგადად ვაჭრობა კარგია და თუ დიდი სახლემწიფოების შეთანხმება შედგა ამის შესაძლებლობას ხედავს.

ისევე როგორც ირაკლი კობახიძის, რომელმაც აქცენტი ჟენევის შეთანხმებაზე გააკეთა, თუმცა არ თქვა ის რომ გალში საბაჟო ტერმინალი არ უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმების თანახმად ( მხოლოდ ფსოუსა და ზუგდიდში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებოდა საბაჟო პუნქტები) და რომ ის არ ამუშავებულა რუსეთის ნების არ ქონის გამო. წარსულში ასეთ შემთხვევაში დასავლელ პარტნიორებს მიმართავდა მთავრობა მხარდაჭერისთვის, ესეც აღარ თქმულა და ვეღარც ითქმოდა დასავლეთთან დაპირისპირებაში მყოფი კობახიძის მიერ.

ამიტომ ამ ტიპის კომენტარები ან სამომავლოდ ამ გზით განვითარების სცენარის მაჩვენებელია ან კვლავ, ნაცადი ხერხის გამოყენება – წინა ხელისუფლებაზე ტვირთის გადატანით ემსახუროს კრემლის ინტერესებს წულუკიანის კომისიის დასკვნის არ იყოს.

  • როგორ შეცვლის გალის ახალი სავაჭრო ტერმინალუსაფრთხოების დინამიკა საოკუპაციო ხაზზე? ხომ არ გაჩნდება კონტრაბანდის რისკი? ან სამხედრო ტვირთების გატარებას ხომ არ მოითხოვენ?

პირველ რიგში აქ რისკია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. რუსეთს აქვს სანქციებისგან თავის არიდების სურვილი. ამ ტერმინალის არსებობით, რომელიც უკეთეს დროს ელოდება ასამოქმედებლად, იკვეთება “საზღვრის” გალთან გადმოწევის სურვილი.

რუსეთს აქვს რკინიგზის ამოქმედების სურვილიც. რკინიგზის საკითხი, არ არის ჟენევის ხელშეკრულების ნაწილი. ივანიშვილი კი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ლობირებდა რკინიგზის თემას, ისევე როგორც კრემლი 2023 წელს შექმნილი  რუსეთ-საქართველოს  საქმიანი საბჭოს აბრეშუმის გზის ფარგლებში.

[თუ რკინიგზა ამოქმედდება] ეს რუსეთს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს TRIP პროექტით [ტრამპის გზა – სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინიციატივა] შემცირებული რუსული გავლენების დასაბრუნებლად ეკონომიკურ ინტერესთან ერთად.

  •  თქვენი შეფასებით, ხომ არ ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ როგორმე მიჩქმალოს ეს თემა და არ ილაპარაკოს? რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტის არ შემჩნევა?

ზემოთ შევეხე ამ თემას, თუმცა კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ოცნების ინტერესი, ტერიტორიული მთლიანობის დაზიანების ხარჯზე, ფულის გარდა, პასუხია – კრემლის მხარდაჭერით ძალაუფლების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია მათი დუმილი და დასავლეთის წინააღმდეგ იერიში, რომლის მხარდაჭერაზე იდგა ფაქტობრივად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ინტერესი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკა.

  • რა გავლენას იქონიებს ახალი ტერმინალი პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაზე?  გალის ტერმინალი ნიშნავს თუ არა, რომ რუსეთი ზეწოლის ახალ ეტაპს იწყებს და როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს თანამშრომლობაზე აშშ-სა და ევროკავშირთან?

იმ შემთხვევაში თუ რუსული პროექტი შედგა, საქართველოს რუსეთის კლიენტ სახელმწიფოდ გაფორმება მოხდება და ალბათ პარტნიორად დასავლეთის ქვეყნების მოხსენიებას ადგილი აღარც ექნება.

თუმცა ალბათ ნაადრევია ამაზე მსჯელობა, სანამ კვანძი საბოლოოდ არ არის გახსნილი, მაგრამ განზრახვა მკაფიოდ იკითხება.

  • რა გავლენას მოახდენს ახალი ტერმინალი ადგილობრივ გალელ მოსახლეობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით?

გალის მოსახლეობაზე გავლენას ამ ეტაპზე ვერ შევაფასებ, თუმცა ამ პროექტის განხორციელებას კატასტროფული გავლენას ექნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეროვნულ ინტერესზე. ამიტომ მიმაჩნია სასიცოცხლოდ ამ საკითხზე საუბარი და რისკების შეფასება.

„თუ ოცნება განაგრძობს ევროიზოლაციის პოლიტიკას, სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს“ – ინტერვიუ

„ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი,“ – ამბოს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ამბებზე ვესაუბრეთ, პირველ რიგში კი, აზერბაიჯანზე, სადაც პროსახელისუფლებო მედია ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოსთან ურთიერთობების გართულებაზე წერს.

„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს იზოლაციონისტური მიდგომები და რუსული გავლენების გაძლიერება გაგრძელდება, საქართველო აღარ იქნება განხილული, როგორც უსაფრთხო, სტაბილური და სანდო პარტნიორი. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად გაიზრდება სამხრეთ განშტოებაზე ყურადღების გადატანის შესაძლებლობა, რაც იქნება ჩვენთვის სერიოზული ეკონომიკური ზიანი: იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უფრო მეტი ინტენსივობით აგვეშენებინა შუა დერეფანი, გამოდის, რომ საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით,“ – ამბობს გიორგი მელაშვილი.

„ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

  • ბატონო გიორგი, რა ხდება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებში? აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია საუბრობს იმაზე, რომ აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოში პრობლემებს უქმნიან, თბილისმა ტვირთის გადაზიდვებზე ტარიფები გაზარდა და ბაქო განიხილავს სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას…

მოდით, დავიწყოთ ცოტა შორიდან. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ძალთა ბალანსი კავკასიაში მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ ყარაბაღის ომის პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანმა მოახერხა საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება და მათ დაიბრუნეს ყარაბაღის რეგიონი. ამავდროულად, რუსეთმა, რომლის იმედი ჰქონდა სომხეთს, ვერაფერი ვერ გააკეთა საკუთარი მოკავშირის დასახმარებლად. რუსული გავლენები – განსაკუთრებით სომხეთში – მკვეთრად არის შემცირებული.

მას შემდეგ, რაც რუსული გავლენები შემცირდა, ჩვენ დავინახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ჩართულობა, ეგრეთ წოდებული ტრამპის კორიდორი – ტრამპის მშვიდობის მარშრუტი, რომელიც შედის, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებში. ამ ყოველივეს ემატება მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე – თურქეთის რესპუბლიკა, რომელთანაც სომხეთის რესპუბლიკას ისტორიულად აქვს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები, თუმცა ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის შემდეგ აღინიშნება გარკვეული ნაბიჯები სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნასა და ზოგადად, ნორმალიზაციასთან დაკავშირებით.

  • 2026 წლისთვის აპირებენ თურქეთი და სომხეთი საზღვრის გახსნას, როგორც უკვე ცნობილია…

ჯერჯერობით ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი ამ თემასთან დაკავშირებით.

ზოგადად, სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება არის ხანგრძლივი პროცესი. ეს ძალიან საინტერესო პროცესიც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი პრობლემებისა და ტრავმების გადალახვა მოხდება, რაც ძალიან კარგია ჩვენი რეგიონისთვის.

ასევე, ეს არის რუსული გავლენების მკვეთრი შემცირება: სომხეთ-თურქეთის საზღვარს დღეს იცავს არა სომხეთის საბაჟო და სასაზღვრო სამსახური, არამედ რუსული „ფეესბე“. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთსა და თურქეთს შორის მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება, რა თქმა უნდა, „ფეესბეს“ ძალების არსებობას სომხეთ-თურქეთის საზღვარზე არანაირი რაციონალური გამართლება აღარ ექნება. ისინი იძულებულები იქნებიან დატოვონ, მათ შორის, საზღვრის ნაწილი.

გიორგი მელაშვილი

როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, რუსული გავლენები მნიშვნელოვნად მცირდება. ერთადერთი რეგიონული მოთამაშე, სადაც რუსული გავლენები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც, არის საქართველო. ბალანსი კავკასიაში იცვლება და იცვლება არა რუსეთის სასარგებლოდ.

ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ცდილობდა დაეჯერებინა საქართველოს მოსახლეობა, რომ თითქოსდა მათ აქვთ დაბალანსების პოლიტიკა, რომ ისინი ცდილობენ საქართველოში ყველა სხვადასხვა მოთამაშის ინტერესების დაბალანსებას, თითქოს ეს იყო ერთადერთი გამოსავალი არსებულ ტურბულენტურ, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში.

ეს იყო პროპაგანდის ძირითადი ნარატივი, მაგრამ თუ შევხედავთ რეალურ სიტუაციას და რეალურ მოცემულობას, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან სრულიად განდევნა დასავლეთი.

ნებისმიერ საერთაშორისო ურთიერთობებში ბალანსის განტოლებას სჭირდება სხვადასხვა ცვლადის დაბალანსება. განტოლების რომელიმე წევრის განდევნის შემთხვევაში, ვერანაირ დაბალანსებაზე ვეღარ ვსაუბრობთ და პირიქით – ბალანსი გადაიხრება სხვა მოთამაშისათვის. მას შემდეგ, რაც საქართველოში დასავლეთის დადებითი, პოზიტიური გავლენები შემცირდა, ბუნებრივია, წარმოიშვა ძალის ვაკუუმი და ამ ძალის ვაკუუმის შევსების პოტენციალი ერთადერთი აქვს რუსეთის ფედერაციას.

ამიტომაც, ჩვენ გვაქვს მოცემულობა: სომხეთში რუსული გავლენები მცირდება, დასავლეთის პოზიტიური გავლენა იზრდება. აზერბაიჯანს აქვს იმის უნარი და პოტენციალი, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები დამოუკიდებლად ან თურქეთთან ერთად და შესაბამისად, ირიბად ნატოს დახმარებით დაიცვას. რჩება საქართველო, რომელიც არის ამჟამად იზოლაციაში: დასავლეთთან ურთიერთობები გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არის შეწყვეტილი, ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის პირობებში. მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში კი, საქართველოს ხელისუფლებას არცერთი მაღალი რანგის შეხვედრა არ ჰქონია.

ეს კონტრასტი ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით. როგორც ალიევი, ასევე ფაშინიანი, იყვნენ ვაშინგტონში, არაერთი შეხვედრა ჰქონდათ, როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან.

  • მით უმეტეს, იზოლაციის პირობებში რატომ აწყობდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულება? ან აზერბაიჯანი რა გათვლით შეიძლება მოქმედებდეს?

არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად არ შედის დაძაბულობა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი არის „შუა დერეფნის“ ნაწილი. „შუა დერეფნის“ ჩრდილოეთის განშტოება, რომელიც გადის საქართველოზე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედება მოხდება სრულფასოვნად და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ნორმალიზებას თურქეთსა და სომხეთს შორის, საქართველოზე გამავალ „შუა დერეფნის“ ჩრდილოეთის განშტოებას შეექმნება ბუნებრივი კონკურენტი სამხრეთით – სამხრეთის განშტოება. შესაბამისად, ის ტვირთები და ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც გააჩნდა საქართველოს, გადანაწილდება ორ ნაკადზე და ჩვენ დავკარგავთ საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

ამის კონტრ-ნაბიჯად შეიძლებოდა კონკურენტული უპირატესობის შექმნა, მაგალითად ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ დროის განმავლობაში ანაკლიის პორტის მშენებლობას არა მარტო ვერ დაადგა საშველი, არამედ ესეც გახდა დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭების ერთ-ერთი საბაბი.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, ამ ეტაპზე აზერბაიჯანს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები: მინიმალურ ფასად სომხეთთან კომუნიკაციის დამყარება. საქართველოს ინტერესებში, რა თქმა უნდა, შედის გაცილებით უფრო მეტი დოვლათის შექმნა, თუმცა გვახსოვს, რომ საზღვარზე არსებული პრობლემები იყო სომხეთთან დაკავშირებითაც, ისმოდა გარკვეული უკმაყოფილება ჩვენი მეზობლების მხრიდან საზღვრის მუშაობასთან დაკავშირებით.

აქ ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი.

  • რუსეთი ირიბად სარგებლობს ამ მდგომარეობით, თუ ჩანს, რომ კონკრეტული სქემით მოქმედებს ამ შემთხვევაშიც?

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბულობა ერთადერთი აწყობს ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციას. რუსეთმა დაკარგა კავკასიაში გავლენის ბერკეტების უდიდესი ნაწილი და ერთადერთი ბერკეტი, ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რუსეთთან ახლო ურთიერთობების შენარჩუნებას, არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბულობა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მთელი „შუა დერეფნის“ პროექტის კონცეფცია ვეღარ განხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიბლოკება ჩრდილოეთის განშტოება და ჩრდილოეთის განშტოებაზე – საქართველოს ტერიტორიაზე გადის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა: დაწყებული ნავთობსადენებით, დამთავრებული საგზაო ინფრასტრუქტურით, რომელიც იქმნებოდა 30 წლის განმავლობაში.

  • ტარიფები სარკინიგზო გადაზიდვებზე, თქვენ ფიქრობთ, რუსეთის ინტერესის შესაბამისად გაზარდა „ოცნების“ მთავრობამ? როგორ უნდა ემოქმედა ამ დროს ობიექტურად „ოცნების“ ხელისუფლებას?

ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა ტარიფების შეცვლა განზრახ გაკეთებული, თუმცა ამ ქმედებების შედეგად ნამდვილად რუსეთის ინტერესები დაკმაყოფილდა – საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ისევ და ისევ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ქართული ოცნების“ მთავარი სტრატეგიული შეცდომა არის ის, რომ ისინი რჩებიან რეგიონში ყოველგვარი მოკავშირის გარეშე. თუ საქართველოსნაირი მცირე ზომის ქვეყანა რჩება ძლიერი მოკავშირის გარეშე, ამ შემთხვევაში ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი მეზობელი ეცდება საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარებას.

ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ „ოცნების“ მთავარი შეცდომა არის მათ მიერ არჩეული იზოლაციონისტური გზა, რომლის გამოც ჩვენ ვრჩებით მოკავშირის გარეშე. თუ ჩვენ ვრჩებით მოკავშირის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ყველა მეზობელი ეცდება საკუთარი ეროვნული ინტერესების ინტენსიურ გატარებას, მათ შორის, შესაძლებელია, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდაც.

აზერბაიჯანი ცდილობს საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარებას საკმაოდ ინტენსიურად და მათთვის ახლა ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არის დიპლომატიური და პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა „ქართული ოცნებისთვის“, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია და თუ ეს ასე გაგრძელდება, აზერბაიჯანი იძულებული იქნება, გაცილებით უფრო ინტენსიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს მიმართოს.

  • ეს რატომ აწყობს აზერბაიჯანს? თუ საქართველოში გაიზრდება რუსეთის გავლენა, ეს ხომ პირდაპირ უქმნის საფრთხეს მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონს?

ნამდვილად, თუმცა ზუსტად ამიტომაც არის საუბარი სამხრეთის განშტოებაზე. ეს ერთგვარი გაფრთხილებაა საქართველოსთვის, რომ აზერბაიჯანს აქვს რესურსი და ეკონომიკური პოტენციალი, რომ სამხრეთის განშტოების სწრაფად ამოქმედდეს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღი, ინფრასტრუქტურა წარმოუდგენლად მოკლე პერიოდში აშენდა. შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს, როგორც გამოცდილება, ასევე ფინანსური რესურსი, რომ სამხრეთის განშტოების სწრაფად ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას აზერბაიჯანისადმი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში.

  • ქართული ოცნების“ მთავრობაში თქვეს, ერთჯერადად, უსასყიდლოდ გავატარებთო აზერბაიჯანულ ტვირთსო. რას აჩვენებს ეს რეაქცია?

ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიგნალი მიიღო და იმოქმედა ამ სიგნალთან შესაბამისად. თუმცა ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვიცით გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნება“. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გაგრძელდება ევროიზოლაცია და რუსული გავლენების გაძლიერება, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი გააძლიერებს ფიქრს სამხრეთ განშტოების ინტენსიურად ამოქმედებაზე.

„ქართული ოცნება“ ზოგადად არ აახლებს არც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, არც საგარეო ხედვის სტრატეგიას.

თუმცა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს იზოლაციონისტური მიდგომები და რუსული გავლენების გაძლიერება გაგრძელდება, საქართველო აღარ იქნება განხილული, როგორც უსაფრთხო, სტაბილური და სანდო პარტნიორი. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად გაიზრდება სამხრეთ განშტოებაზე ყურადღების გადატანის შესაძლებლობა. რაც იქნება ჩვენთვის სერიოზული ეკონომიკური ზიანი: იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უფრო მეტი ინტენსივობით აგვეშენებინა შუა დერეფანი, გამოდის, რომ საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით.

ერთადერთი, თუ გალის რაიონში აშენებული ტერმინალის იმედზე არის „ქართული ოცნება“, არა მგონია, რომ ეს გრძელვადიანად სწორი ეკონომიკური გათვლა იყოს.

  • რაც შეეხება სომხეთს: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ფაშინიანის მერცთან შეხვედრაზე გაჟღერებული გზავნილებიდან?

ყველაზე მნიშვნელოვანი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, არის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება გერმანიას და სომხეთს შორის.

ტრადიციულად და ისტორიულად გერმანიის პარტნიორი კავკასიაში, იყო საქართველო, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული. „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, გერმანიის ელჩზე თავდასხმებმა, გამოიწვია ელჩის გაწვევა საქართველოდან და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, გერმანია ცდილობს, დაეხმაროს კავკასიაში იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მას დაეხმარონ. ეს არის სომხეთი.

  • შეიძლება ითქვას, რომ ჩანაცვლდა სამხრეთ კავკასიაში საქართველო სომხეთით?

ჯერჯერობით ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ევროიზოლაციის პოლიტიკას და რუსული გავლენების ზრდას, რა თქმა უნდა, სომხეთი პირდაპირ ჩაანაცვლებს კავკასიაში საქართველოს.

  • თქვენი აზრით, რატომ გაამახვილა ყურადღება მერცმა რუსული დეზინფორმაციის საფრთხეზე, რეალურია ის, რომ 2026 წლის ივნისის არჩევნებზე რუსეთმა ჰიბრიდული ომის გამოყენებით სომხეთში ფაშინიანი პრორუსი კანდიდატით შეცვალოს?

რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რამდენად აქტიური იყო რუსული პროპაგანდა მოლდოვის არჩევნების პერიოდში. რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიას გამოიყენებს რუსეთი სომხეთში ფაშინიანის და ევროკავშირის წინააღმდეგ. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ბოლო პერიოდში გახდა პროპაგანდის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ისინი ძალიან აქტიურად იყენებენ, თანაც არამხოლოდ არჩევნების პერიოდში. ისინი ცდილობენ, რომ შეამზადონ საზოგადოება, შეამცირონ მისი მედეგობის უნარი და საჭირო მომენტში გამოიყენონ ყველა შიში მათთვის სასარგებლო კანდიდატის გასაძლიერებლად.

ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია პროგნოზების გაკეთება სომხეთის არჩევნებზე. ვნახეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, ასევე, თუ ჩვენ გადავხედავთ მანამდე გაკეთებულ კვლევებს, დავინახავთ, რომ ზოგადად ევროკავშირისადმი დამოკიდებულება სომხურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის სტაბილური – უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ ეს დამოკიდებულება არ არის მყიფე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, რუსეთისთვის მარტივია, გაავრცელოს სხვადასხვა პროპაგანდისტული ნარატივი, მითი და სცადოს სომხეთის მოქმედი ხელისუფლების გაშავება.

მიწის უფასოდ რეგისტრაცია აღარ გაგრძელდება – რა ცვლილებები შედის კანონში

მიწის უფასო [სისტემური] რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ გაგრძელდება, ხოლო მიწის აღიარების კომისიებს მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილება ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, ახალი წლიდან, თვითნებურად დაკავებული მიწის სპორადული წესით [მიმართვის საფუძველზე] რეგისტრაციას საჯარო რეესტრი გააგრძელებს. რეგისტრაციის ფასი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

„ოცნების“ პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] 2027 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა. ანუ, მუნიციპალიტეტებში ე.წ. მიწის აღიარების კომისიები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღარ იმუშავებენ.

ცვლილებები შედის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველ იანვრამდე მთავრდება მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია, თუმცა, საჯარო რეესტრი გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციაა, როცა სახელმწიფო თავად აზომავს და არეგისტრირებს მიწას [ყოველგვარი საფასურის გარეშე], ხოლო სპორადული რეგისტრაციისას მოქალაქე თავად მიმართავს საჯარო რეესტრს. ამასთან, თვითნებურად დაკავებული მიწის სპორადული წესით დასარეგისტრირებლად მოქალაქემ დღეს ჯამში 600 ლარი უნდა გადაიხადოს.

ცვლილებების პროექტში კი აღნიშნულია, რომ „სპორადული რეგისტრაციისთვის სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“

ანუ, 2026 წლის იანვრიდან, თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება უფასო აღარ იქნება [რაც აქამდე სისტემური წესით ხდებოდა], ხოლო სპორადული წესით მომსახურებისა და რეგისტრაციის ფასს, რაც დღეს 600 ლარია, მთავრობა ხელახლა დაადგენს. „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ ეს საფასური დღეს არსებულზე [ანუ 600 ლარზე] მეტი არ იქნება.

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის დასრულებას რაც შეეხება, საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან წყდება ახალი განცხადებების მიღება მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირების მოთხოვნით.

ამასთან, საჯარო რეესტრის განმარტებით, ვისაც დღემდე ასეთი განაცხადი გაკეთებული აქვს და ჯერ მისი ნაკვეთი არ აუზომავთ, ამზომველები ამ ნაკვეთებს აუცილებლად აზომავენ და რეგისტრაციის პროცედურები მისთვის უფასოდ გაგრძელდება.

გაგრძელდება იმ ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაციაც უფასოდ, რომელი ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაციასაც მოქალაქეები მოითხოვენ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. ანუ, ვისაც დღემდე არ მიუმართავს რეესტრისთვის მიწაზე [სისტემური წესით] საკუთრების აღიარებაზე, შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრს იანვრამდე და მათთვის პროცედურები და რეგისტრაცია იქნება უფასო.

ახალი ცვლილების მიხედვით:

„2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას. 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, სააგენტო, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს მუნიციპალიტეტებში [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას;

მუნიციპალიტეტებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება, აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა;

საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც დადგენილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისთვის. ამ მიზნით, კანონპროექტში მიეთითება კანონის კონკრეტული ნორმები, რომლებიც გავრცელდება ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

კანონში ცვლილების ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება და სააგენტოში წარდგენილი განცხადების განხილვა დასრულდება აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით;

მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „კანონის პროექტის მიზანია, აგრეთვე, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.“

აქ აღსანიშნავია, რომ ამ პირებს სისტემური რეგისტრაციის პერიოდში შეეძლოთ ნაკვეთი უფასოდ დაერეგისტრირებინათ, იანვრიდან კი, როცა ცვლილებებს დაამტკიცებენ, მათ დარეგისტრირება უფასოდ აღარ შეეძლებათ. ამასთან, საჯარო რეესტრის განმარტებიდან თუ ამოვალთ, ამ პირებმა უფასოდ მიწის დარეგისტრირება რომ შეძლონ, ამისთვის მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო – შეუძლიათ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მოითხოვონ ნაკვეთის რეგისტრაცია სისტემური წესით.

ვისაც დღემდე არ მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით, მათ შეუძლიათ იანვრამდე ეს მოთხოვნა ელექტრონულად, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე, შემდეგ კი – გრაფაში „ამიზომე ნაკვეთი“, სადაც გაივლით ავტორიზაციას.

„მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს, გელოდებით რუსთაველზე“- დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ რეპრესიულ კანონებს დღეს, 11 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დღეს, 20:00 საათიდან გელოდებით რუსთაველის ამბიონზე. ჩატარდება წმინდა გიორგის პარაკლისი. 

„მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს. თუ ხალხის სურვილი იქნება შეგვიძლია რუსთაველზე დავნიშნოთ ყოველდღიური პარაკლისები,“- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ფეისბუქზე.

სასულიერო პირი, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა და სავარაუდოდ, ის ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კიდევ ერთ რეპრესიულ კანონს, რომელიც საპროტესტო აქციის გამართვას უკვე ტროტუარზეც კრძალავს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები 10 დეკემბერს დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, „ხალხის სავალ ადგილას“ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება.

თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გაჩუმებას, როცა არღვევენ კონსტიტუციას” – ინტერვიუ

„დღეს ადვოკატები რეალური და სერიოზული საფრთხეების წინაშე დგანან.

ბოლო პერიოდში ისეთი გაუგონარი შემთხვევებიც მომხდარა, როდესაც ადვოკატებს იბარებენ მოწმედ იმავე საქმეებზე, რომლებშიც ისინი თავად ახორციელებდნენ დაცვის უფლებას.

ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ადვოკატის პროფესიულ ეთიკას, არამედ დაცვის უფლების არსს. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაცია ხელშეუხებელი უნდა იყოს – ეს არის სამართლებრივი დაცვის ფუნდამენტური გარანტია,“ – ამბობს ანა ლორია, ადვოკატი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი.

ანა ლორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატია.

13 – 14 დეკემბერს თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ჩატარდება. საერთო კრებაზე უნდა აირჩიონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრები. 14 დეკემბერსვე აირჩევენ ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარესაც.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, აქედან 5 500 ადვოკატს აქვს მოქმედი სტატუსი.

ანა ლორია, რომელსაც უკვე აქვს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში მუშაობის გამოცდილება, საუბრობს მოტივზე, რატომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში.

„დამოუკიდებელი და ძლიერი ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიულ სახელმწიფოში, რადგან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და სამართლიანი სისტემის ფუნქციონირება ვერ იქნება უზრუნველყოფილი ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური სამართლებრივი დაცვის გარეშე.

ჩვენ, ჩვენ გუნდთან ერთად, გვაქვს ცოდნა და შეგვწევს უნარი ჩვენს პროფესიაში ჩამოვაყალიბოთ ისეთი სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს ადვოკატის რეალურ დამოუკიდებლობას, თანასწორობას, დაცულობასა და ადვოკატის უმნიშვნელოვანესი როლის განმტკიცებას,“ – უთხრა ანა ლორიამ „ბათუმელებს“.

ანა ლორია მკაფიოდ განმარტავს ე.წ. „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს“, რომელიც ადვოკატთა ასოციაციაში დაგეგმილი არჩევნების წინ იურიდიულ წრეებში განხილვის და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა.

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გულისხმობს პოლიტიკური საკითხების მიმართ მიუკერძოებელი პოზიციის შენარჩუნებას.

თუმცა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გაჩუმებას, როდესაც არღვევენ კონსტიტუციას, იღებენ უსამართლო კანონებს, არღვევენ ადამიანის უფლებებს, ლახავენ ადვოკატის უფლებებს, ერევიან ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობაში ან ეჭვქვეშ აყენებენ კანონის უზენაესობას.

ასეთ დროს გაჩუმება არის არა ნეიტრალიტეტი,  არამედ – კონფორმიზმი,“ – უთხრა ანა ლორიამ „ბათუმელებს“.

ანა ლორია ამბობს, რომ მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც იურიდიული ეთიკის, დისციპლინური საქმეების მართვის, სამართლებრივი განათლების ხარისხის ამაღლებისა და ადვოკატის პროფესიული სტანდარტების განვითარების სისტემურ ცოდნაზეა დაფუძნებული.

„დისციპლინურ წარმოებაში ყოველკვირა ვმართავთ პროცესებს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მხარეთა ინტერესები, ემოცია და სამართლებრივი არგუმენტები. ასეთ გარემოში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პოზიციის შენარჩუნება და პროცესის ისე წარმართვა, რომ ყველა მხარემ თავი დაცულად, თანასწორად და სამართლიანად იგრძნოს.

ეს არის ის უნარი, რაც აღმასრულებელ საბჭოში აუცილებელია – თუნდაც კოლეგიალური გადაწყვეტილებების მიღების, კრიზისული სიტუაციების მართვის ან რთული პროცესების დარეგულირებისას,“- ამბობს ანა ლორია.

ადვოკატი საუბრობს ადვოკატების საჭიროებებზე და იმაზე, თუ როგორ შეუწყობს ის ხელს აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიციიდან სხვა ადვოკატებს.

„დღეს, ხშირია დაცვის უფლების ხელოვნური შეზღუდვებიც: ადვოკატებს უკრძალავენ დაცვის უფლების განხორციელებას, კლიენტთან ნებისმიერ დროს თავისუფალ კომუნიკაციას, ადგენენ შეზღუდულ საათებსა და სხვა ტექნიკურ დაბრკოლებებს, რაც პირდაპირ ზღუდავს დაცვის ეფექტიან განხორციელებას.

როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ვთქვათ, რომ ადვოკატებს თავისუფალ გარემოში გვიწევს პროფესიული საქმიანობის განხორციელება?!

სინამდვილეში, ადვოკატებს არათანასწორ პირობებში გვიწევს მუშაობა და ჩვენ ძალიან გვჭირდება როგორც პროფესიული დაცვის რეალური მექანიზმები, ისე დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებული გარანტიები.

ჩვენი გუნდი ადვოკატებს სთავაზობს დაცვის მექანიზმების რეალურ ამოქმედებასა და დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერებას,“ – ამბობს ანა ლორია.

ანა ლორია აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წარადგინა. ადვოკატს კონკრეტული ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა დაიცვას ასოციაციამ ადვოკატები.

„აუცილებელია ადვოკატებზე ზეწოლის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების ამოქმედება. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ დე იურე, არამედ დე ფაქტო – რეალურად, ყოველდღიურ პრაქტიკაში. ადვოკატის უსაფრთხოება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საკითხს და საზოგადოებაში არ უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის პირად პრობლემად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მომუშავე ადვოკატების საჭიროების გათვალისწინება. საჭიროა რეგიონული ადვოკატებისთვის დაცვისა და პროფესიული განვითარების მხრივაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და შეიქმნას მათთვის პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანია, ასევე, გამყარდეს აკადემიურ და პროფესიულ სივრცეებს შორის კავშირი. აკადემიურმა სექტორმა და ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივად უნდა შექმნან ცოდნისა და უნარების ერთიანი სტანდარტი, რომელიც პასუხობს პრაქტიკის საჭიროებებს და უზრუნველყოფს ადვოკატის უწყვეტ, ხარისხიან და თანამედროვე პროფესიულ განვითარებას,“ – ამბობს ანა ლორია.

ანა ლორიას თქმით, ის იმ იურისტთა გუნდშია, რომლებიც არჩევნებში იურიდიული ფირმების ასოციაციის სახელით მონაწილეობენ.

„ჩვენ გავერთიანდით იდეის, პრინციპებისა და საერთო ღირებულებების ირგვლივ იმ ძირითადი მიზნის მისაღწევად, რომ გავაძლიეროთ ადვოკატის პროფესია და ქმედითი ნაბიჯებით აღვკვეთოთ ნებისმიერი უკანონო ჩარევა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში. ჩვენთვის პრიორიტეტია ადვოკატის პროფესიული განვითარება, წინსვლა და მისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.

ჩვენი გუნდი ადვოკატებს ვთავაზობთ ცოდნას, გამჭვირვალე მართვის სისტემას და რეალურ ხედვას იმისა, თუ როგორ უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი პროფესია,“ – ამბობს ანა ლორია.

შუახევის პოლიციის უფროსმა მოქალაქეებს ხე-ტყე გამოსძალა, ის დააკავეს – შსს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის პოლიციის უფროსი ვახტანგ თურმანიძე და შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს.

ორივე მათგანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა.

მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს მოსთხოვა აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა.

აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღვოდათ, იძულებულნი გახდნენ მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასევე დააკავეს შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი, რომელსაც ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის   პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე, პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა.

კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი, თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით, ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.

დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტრანზიტული ნომრის გაცემა 370 ლარი ეღირება 50-ის ნაცვლად – ცვლილებების პროექტი

ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარამდე გაიზრდება. დღეს ეს საფასური 50 ლარია. ცვლილებების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.

„შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები სააგენტოს სხვა მომსახურებების საფასურის გაზრდასაც ითვალისწინებს და ახალ მომსახურებებსა და საფასურსაც ადგენს.

კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ:

  • ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, დღეს არის 50 ლარი ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემისთვის;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
  • იგივე შემოწმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ, შესაბამისი აქტის შედგენით – საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა;
  • სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის/აღრიცხვის მოწმობის შევსება და მონაცემების გადაგზავნის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.

კანონპროექტით დგინდება ახალი მომსახურებები და საფასურის ოდენობა, კერძოდ:

  • ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე – 150 ლარი.
  • ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა –  20 ლარი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო საშუალებით იზრდება, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების მოთხოვნა.

საგულისხმოა, რომ 2023 წელს განხორციელდა 100 027 ერთეული რეექსპორტი და 16 182 ერთეული ექსპორტი.

2024 წელს რეექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 101 449-ს, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 12 517 ერთეული შეადგინა.

2025 წლის არსებული მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 12 825-ს წარმოადგენს, ხოლო მიმდინარე წელს 99 136 ერთეული რეექსპორტია განხორციელებული.

„აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის არაერთი შემთხვევა, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და საქართველოში ავტოპარკის ზრდის ფონზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დატვირთვის გაზრდის პარალელურად, აუცილებელია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების კორექტირება“ – წერია განმარტებით ბარათში.

„კანალიზაცია სახლში შემოდის, მერია ყურადღებას არ გვაქცევს“ – აქცია ბათუმში

„სახლებში წყალი და კანალიზაცია ერთდროულად შემოდის, მუდმივად ვიტბორებით, კანალიზაციის სუნია, წლებია ყურადღებას არავინ გვაქცევს“ – აცხადებენ ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. მათ დღეს, 11 დეკემბერს საპროტესტო აქცია გამართეს.

ბათუმის ამ ნაწილშიც მერიას ამ დრომდე არ მოუწყვია წყლის და კანალიზაციის სისტემა. ოჯახებს ინდივიდუალურად აქვთ მოწყობილი წყლის საქაჩი სისტემა. ქალაქის ეს უბანი კანალიზაციის გარეშეა, მათ შორის, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსები.

ბათუმი, ოპიზრების ქუჩა

„ბათუმელები“ ამ პრობლემის შესახებ ბევრჯერ წერდა. მოსახლეობის თქმით, ბათუმის მერია მათ პერიოდულად პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო დაპირება აქ წინასაარჩევნოდ მიიღეს. „ოცნების“ მთავრობამ დაპირება არც ამჯერად შეასრულა.

„ჩვენც უნდა შეგვხედოთ, თუ შვილები გყავთ. ჩვენი ბავშვები გარეთ სათამაშოდ ვერც კი გადიან, ყველგან კანალიზაციაა, გვეშინია, არ მოიწამლონ… წვიმაში იმხელა წყალი დგება, მეზობელს ცეცხლი რომ ეკიდებოდეს, ვერ გადახვალ,“ – თქვეს დღეს საპროტესტო აქციაზე გამოსულმა მოქალაქეებმა.

„ამ დასახლებიდან 100 მეტრში გადის წყლის და კანალიზაციის ახალი სისტემა. ესეც კი არ მოაგვარეს… ჩვენ ერთკვირიანი ვადა მივეცით ხელისუფლებას. თუ ისინი პრობლემას არ მიხედავენ, ჩვენ თავად მივალთ მათთან,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, რომელიც დღეს საპროტესტო აქციას ესწრებოდა.

ამ თემაზე:

ყველაფერი გაგვიფუჭდა – დაგვეტბორა სახლი, რომელშიც 15 სული ვცხოვრობთ

12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე – ლიპყინული.

13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 -ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება სააგენტო.

ბათუმში კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც ასევე თურქეთის მოქალაქეა, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 185 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 404 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 699 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 34 992 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 564 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 89 148 ერთეული [+82]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 507 ერთეული [+157]
  • სპეცტექნიკა – 4 022 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 909 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 495 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 628 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 844 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 815 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვაშინგტონი და კიევი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ზოგი სკოლა 3 ცვლაში მუშაობს, შემოიხედონ კლასებში რა მდგომარეობაა“ – მასწავლებელი განათლების ხარისხზე

„რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლაც ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი, სამ ცვლაში. შემოიხედონ კლასებში და ნახონ რა მდგომარეობაა“, – ამბობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ცანავა „ბათუმელებთან“.

მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სასკოლო ცვლილებებსა და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე.

  • ქალბატონო თამარ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან მასწავლებელს კარიერული წინსვლისთვის აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება. „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავდივართო“ და თუ პრაქტიკაში მასწავლებელი ძლიერია, მაშინ შეუძლია აიმაღლოს სტატუსი. თქვენ როგორ გაიგეთ ეს და ხედავთ თუ არა რაიმე სიახლეს ამაში?

სამინისტრომ ისიც თქვა, თუ რესურსებზე დაკვეთა იქნება მასწავლებლის მხრიდან, ჩვენ ხელს შევუწყობთო. მიაწოდებენ რესურსცენტრებს რა სჭირდებათ და, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ მასწავლებლებსო.

  • რესურსების საჭიროებაზე 13 წელია საუბრობთ პედაგოგები და ჯერ არ გაუგიათ რა სჭირდებათ მასწავლებლებს კლასში?

ჩვენ, მაგალითად, ყოველი წლის დასაწყისში გვეკითხება დირექტორი, რა გვჭირდება კათედრაზე. იქნება ეს პოსტერები თუ რაღაც ჭურჭელი ლაბორატორიისთვის, ისედაც ყიდულობს ხოლმე სკოლა, თუ არის ამის საშუალება. მაგრამ, ჭკვიანი დაფა მჭირდება-მეთქი, რომ მოვითხოვო, რომელიც 3000-5000 ლარი ღირს, სკოლა ვერ იყიდის. ვერც რესურსცენტრი იყიდის და რით აპირებენ ჩვენ გამხნევებას, მაინც ვერ გავიგე კარგად.

  • სამინისტრო ამბობს, რომ მასწავლებელს რაც შეუძლია კლასში უნდა დაამტკიცოს – ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და სკოლასაც დაეხმაროს შიდა ხარისხის ამაღლებაში. რამდენად გააზრებული აქვს სამინისტროს ის, რაზეც საუბრობენ?

ჩემთვის ხარისხიანია ისეთი გაკვეთილი, სადაც ყველა ბავშვი ჩართულია თანაბრად. ხარისხიანია გაკვეთილი, სადაც მასწავლებელი სხვადასხვა მეთოდს იყენებს მიზანზე გასასვლელად, მაგრამ ასევე სკოლიდან არის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურულად.

მე, ინგლისურის გაკვეთილს ხარისხიანად ვერ ჩავატარებ მხოლოდ დაფით და ცარცით, როგორც ეს იყო მე-19, მე-20 საუკუნეში. აუცილებლად მჭირდება პროექტორი, დინამიკი და სხვადასხვა რესურსი – პოსტერები, ფლაერები, ფლიპჩარტები და ათასი ნივთი, რომ ხარისხიანი გაკვეთილი გამოვიდეს.

დაფით და ცარცით ბავშვებს მაქსიმუმ გრამატიკული წესები ვასწავლო და ვაწერინო, მაგრამ 21-ე საუკუნის ბავშვი მხოლოდ ცარცით ვერ მიხვდება, რა არის ონლაინქვიზები, თამაშები, ათასი რაღაც არსებობს.

კი, მასწავლებელზეც არის დამოკიდებული ხარისხი, მაგრამ სკოლა როგორ შეუწყობს ხელს ამაში, ამაზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული.

თბილისის სკოლებში შესაძლოა არის პროექტორები, მაგრამ რაიონის სკოლებში, მაღალმთიანეთში კატასტროფული სიტუაციაა, საპირფარეშოებიც კი არ არის სკოლებში მოწესრიგებული, არათუ სხვა ინფრასტრუქტურა და დამხმარე მასალები. ასეთ ვითარებაში საუბრობენ, რომ აი, მობილურები უნდა შევზღუდოთ და ასე შემდეგ.

  • ამ დროს, მობილური შესაძლოა ძალიან კარგად ჩართო საგაკვეთილო პროცესში, თუ იქნება კლასში ინტერნეტი, არა?

მობილური ტელეფონების არამიზნობრივად გამოყენება კლასში ჩვენ ისედაც შეზღუდული გვაქვს. დილას, დამრიგებლები აგროვებენ ხოლმე მობილურებს და ინახავენ. ეს სკოლის შინაგანაწესზეა დამოკიდებული და აქ ახალი არაფერია.

მაგრამ, დღეს ჩავატარე გაკვეთილი ადამიანის უფლებებზე და გაკვეთილის ბოლოს ბავშვებს ვათამაშე „კაჰუტი”, რომელიც მჭირდება იმისთვის, რომ გავარკვიო, როგორ გაიგეს ბავშვებმა კონკრეტული მასალა. ისინი წინასწარ გავაფრთხილე, რომ ყველას ჰქონოდა მობილური ტელეფონები. ზოგჯერ საჭიროც კია ტელეფონი გაკვეთილზე და როცა საჭიროა, ვერავინ ამიკრძალავს მე, მასწავლებელს, რომ მობილური გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.

  • როცა მასწავლებელს ეუბნებიან – „მაჩვენე ხარისხი გაკვეთილზე“, ხომ არ უნდა იყოს პირიქით, რომ ჯერ სამინისტრომ გვაჩვენოს, როგორ კლასში შეჰყავს მასწავლებელი და მოსწავლე?

რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ასე უნდა იყოს. ჯერ შემოიხედონ კლასში და ნახონ რა მდგომარეობაა. დაინახავენ რა სჭირდება ხარისხიან გაკვეთილს. ან რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლა ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი სამ ცვლაშიც.

მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, სკოლების – არა. ვარკეთილში, ახლა სადაც ვცხოვრობ, დაახლოებით ოთხი მიკრორაიონია და თითო სკოლა აღარ არის საკმარისი. ირგვლივ კიდევ ემატება კორპუსები. 5 კლასზე მეტი ვერ იხსნება სკოლაში – რადგან ორ ცვლაში ვართ, ფიზიკურად არ არის საკლასო ოთახები.

თუ სკოლები არ დაამატეს და ინფრასტრუქტურულად არ აღჭურვეს, როგორ განვითარდება ბავშვი?

საიდანაც ცვლილება უნდა დაიწყოს, ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ბავშვების რაოდენობა უნდა შეამცირონ ჯერ საკლასო ოთახებში – 40-წუთიან გაკვეთილზე 28-30 ბავშვია კლასში და ხარისხზე როგორ უნდა გახვიდე?

მაშინ, 7-8 საათამდე უნდა ისწავლონ ბავშვებმა სკოლაში. მასწავლებლებს ისედაც დილის 9-იდან 18:00 საათამდე უწევთ სკოლაში ყოფნა, ვინც ორ ცვლაში მუშაობს. აი, ამ პრობლემების მოგვარება იყო ჯერ საჭირო და არა მობილურების აკრძალვა ან სკოლის ფორმების შემოტანა.

  • კარიერული წინსვლის გამოცდა იმიტომ ავკრძალეთ, რომ სკოლის საჭიროებებზე არ იყო ორიენტირებულიო. ახლა კი, მასწავლებელი დაწერს ამ საჭიროებებზე და წარმოგვიდგენს ერთწლიან პროგრამასო. რამდენად დამაჯერებელია, რომ ის, რაც არ შეცვალეს 13 წელში, ამის შემდეგ შეცვლიან?

მეც ვერ გავიგე, ეს რატომ წერია. ახალი სქემის დოკუმენტი როცა მომივიდა, გავუგზავნე უკუკავშირი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული სიახლე ამ ახალ სქემაში არ არის. ვთქვათ, გამოცდა მოიხსნა, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება? წამყვანის და მენტორის კურსებით ჩაანაცვლეს ეს გამოცდა და რაღაც ტრენინგებზე მაინც ხომ მოუწევს სიარული და ბოლოს რაღაც ქვიზის თუ ტესტის დაწერა მასწავლებელს?

ანგარიშების დაწერა ახლაც მიწევს მე, როგორც წამყვან მასწავლებელს და ისედაც ხომ მაქვს გარკვეული ვალდებულებები ამ სტატუსის ფარგლებში – ვითანამშრომლო კათედრებთან სკოლის გარეთ თუ შიგნით. ხშირად, მასწავლებლებს მაინც იმაზე მეტის გაკეთება გამოგვდის, ვიდრე გვევალება.

სქემა ნებაყოფლობითიაო, რომ ამბობენ, უფროსისთვის არის ნებაყოფლობითი, მაგრამ წამყვანმა და მენტორმა, გვინდა თუ არა, მაინც უნდა ვაკეთოთ რაღაცები სქემის მიხედვით. თუ ვთქვათ, რესურსცენტრი გამოაცხადებს, რომ რაღაც პროექტისთვის სჭირდება მენტორი მასწავლებლები, ამ პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან ეს მასწავლებლები. ვინმე გადაუხდის ამ ზედმეტი მუშაობისთვის მასწავლებელს?

თუ არავინ არ გვიხდის და მაინც ვიქნებით ვალდებული, რომ ჩავერთოთ, მაშინ, სად არის ნების და არჩევანის თავისუფლება? ეს რაღაცები გასარკვევია და იმედი მაქვს, ამ კითხვებზე პასუხები იქნება გაცემული.

  • რეალურად, ამ სქემაშიც იმიტომ ერთვებოდნენ მასწავლებლები, რომ სტატუსზე ემატებოდათ ხელფასი. თუმცა სტატუსის დანამატი ამილახვრის მინისტრობის დროს გაუქმდა და ახლა რატომ ექნება მოტივაცია მასწავლებელს, რომ მეტი იშრომოს?

ასეა. წამყვანი მასწავლებელი ვარ და მენტორი თუ გავხდები, 150 ლარით მომემატება ხელფასი. ამის სანაცვლოდ გიწევს აკეთო აქტივობები, კვლევები და ამაზე მიწევს ჩემი რესურსების ხარჯვა. თუ რესურსცენტრი მომაწვდის რესურსებს, კი ბატონო, მაგრამ თუ არავინ არ მომაწვდის, ჩემი ხარჯი გადის ხომ? მიღირს კი ხელფასის 150-ლარიანი მატება ამად? მირჩევნია ეს დრო დამრჩეს ჩემი მოსწავლეებისთვის, ვისთვისაც ისედაც ვაკეთებ ამ ყველაფერს.

  • აქამდე სულ იყო დაპირებები ხელფასების ზრდაზე, ახლა კი არც ამას ჰპირდებიან მასწავლებლებს?  

აქაც იყო ორაზროვნად ნათქვამი, რომ საჯარო მოხელეებს ემატებათ ხელფასიო, მაგრამ მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არისო. თუ საჯარო მოხელე არ ვარ, მაშინ რატომ ვრცელდება ჩვენზე ორ სამსახურთან დაკავშირებული შეზღუდვები? მერე თქვეს, საჯარო დაწესებულებაში რომ მუშაობთ, იმიტომო. მაშინ ხელფასის ზრდაც უნდა შეგვხებოდა, მაგრამ – არა.

შეეხო მხოლოდ დირექციას და ტექნიკურ პერსონალს. მათ ნამდვილად უნდა მომატებოდათ, რადგან ტექნიკური პერსონალის ხელფასი ძალიან დაბალია, მაგრამ მასწავლებლის ხელფასიც უნდა გაზრდილიყო, 2024 წლის შემდეგ ფასებმა ხომ მოიმატა პროდუქტებზე.

  • გამოცდების გაუქმება ან ის „სიახლეები“, რომელზეც „ოცნების“ განათლების მინისტრი და სხვები საუბრობენ, ბევრმა შეაფასა როგორც პოპულიზმი. რა გვექნება თუნდაც 5-6 წლის შემდეგ, ამ ე.წ. რეფორმით, თუ არ გამოსწორდა ის პრობლემები რაზეც ისაუბრეთ?

ორი-სამი წლის მერე გვექნება უფრო გადატვირთული საკლასო ოთახები და სკოლები ახალ მოსწავლეებს ვეღარ მიიღებენ ფიზიკურად.

თუკი სკოლები არ ააშენეს, სახელმძღვანელოების პრობლემა არ მოაგვარეს და არ მოარგეს თანამედროვე სტანდარტებს ინფრასტრუქტურა, მერე ყველა პრობლემა ერთდროულად იფეთქებს.

ამიტომ, სანამ შესაძლებელია, მანამდე იზრუნონ ამ პრობლემების მოგვარებაზე. ეს არის გამოსასწორებელი სასწრაფოდ, ვიდრე ის მარტივი საკითხები, რაზეც დაიწყეს საუბრები.

უნდა გვქონდეს კრიტიკის მიმღებლობაც, რადგან ეს არ აზიანებს სისტემას. პირიქით, ყველას გვინდა კარგი სამუშაო და სასწავლო გარემო. ხომ შეიძლება მოგვისმინონ და გაითვალისწინონ. მასწავლებლებსაც ხვდებიან კი, მაგრამ ხშირად 200 ადამიანი რომ ზის დარბაზში, 2-3 თუ ამოიღებს ხმას. ასეთი მიდგომებით არაფერი შეიცვლება.

მასწავლებლებიც საჭიროებების მიხედვით უნდა გადამზადდნენ და არ არის საჭირო ეს თავსმოხვეული სქემები. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ამერიკაშიც ვიყავი და მსგავსი სქემებით არსად ხდება მასწავლებლის პროფესიული ზრდა. სულ სხვა სტანდარტებია იქ.

ამიტომ, შემოიხედონ სკოლებში და ნახავენ რა სჭირდება ხარისხიან განათლებას. ბევრი მასწავლებელი იღებს უკვე ამაზე ხმას და მოგვისმინონ. მშობლებსაც მოუსმინონ და მიხვდებიან სინამდვილეში რა პრობლემები გვაქვს.

სახალხო დამცველს თანამშრომელმა სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სახალხო დამცველის მიერ მიღებული კონკრეტული ბრძანება, რომელიც მისივე თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – საყვედურის გამოცხადებას ითვალისწინებდა.

სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც ლევან პაპავა ისევ სახალხო დამცველის თანამშრომელია. ის სახალხო დამცველის წარმომადგენელია სამეგრელოში.

თანამშრომელი რომ სახალხო დამცველს სასამართლოში უჩიოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ 2024 წელს წერდა. ლევან პაპავა ამბობდა, რომ ის უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში სახალხო დამცველმა სასამართლო დავის შესახებ საჯაროდ ინფორმაცია გაავრცელა.

ლევან პაპავა სასამართლოში ითხოვდა კონკრეტული ბრძანების ბათილად ცნობას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა განსხვავებული შეხედულების ნიშნით და მორალური ზიანისთვის სიმბოლური თანხის დაკისრება სახალხო დამცველისთვის კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახალხო დამცველის 2024 წლის 11 აპრილის Nკ/255 ბრძანება ლევან პაპავასთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან იგი მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევით“, – აღნიშნულია მოსამართლე ნინო ბუაჩიძის 2025 წლის 5 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ჩემს სარჩელში მითითებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა ლევან იოსელიანმა იფიქროს, რამდენად არის ყოველივე ეს ალტერნატივა და გამოსავალი მისთვის.

როცა სასამართლო დაადგენს, რომ სახალხო დამცველმა კანონი დაარღვია, ვფიქრობ, ამგვარი სურათი კატასტროფულია…

უმარტივესად და სალაპარაკო ენაზე რომ შევნიშნო, სახალხო დამცველი უფლებამოსილია სხვა უწყებებს მიმართოს წინადადებით კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ, ხოლო მის დაქვემდებარებულ თანამშრომელს კანონდარღვევით უფარდებს პასუხისმგებლობის ზომას,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლევან პაპავა.

სახალხო დამცველი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ლევან პაპავას მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ის დღემდე აპარატში დასაქმებული პირია და სასამართლო დავის მიუხედავად აგრძელებს საქმიანობას, რაც იმას მოწმობს, რომ მის მიმართ არანაირი დისკრიმინაცია ან დევნა არც დავის დაწყებამდე და არც მას შემდეგ არ განხორციელებულა.

სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 11 აპრილის Nკ/255 ბრძანება, თუმცა აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ლევან პაპავას მიერ ჩადენილი იყო თუ არა დისციპლინური გადაცდომა, მიუხედავად იმისა, რომ ლევან პაპავა სარჩელში და სასამართლო პროცესის განმავლობაშიც მიუთითებდა, რომ მას დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მოსაზრებით დაცული არ იყო დისციპლინური წარმოების დაწყების ვადა. სასამართლოს ამ შეფასებას სახალხო დამცველი არ ეთანხმება და შესაბამისად დავა გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში,”- მოგვწერეს სახალხო დამცველის პრესცენტრიდან.

 

რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე

10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს.

არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში.

გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც აქციის დასარბევად 4-5 დეკემბერს გამოიყენა, არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.

რატომ საუბრობს სუსი იმაზე, რა გამოიყენეს 4-5 დეკემბერს და რატომ არ ამბობს, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე? – ეს შეკითხვა პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავას დავუსვით.

„თუ ჩვენ საერთოდ რაიმე მნიშვნელობას ვანიჭებთ სუს-ის გამოძიებას, მაშინ ეს კითხვა, ცხადია, ლეგიტიმურია.

როგორ შეიძლება, ხუთი დღის განმავლობაში გამოეძიებინა სუს-ს ქიმიური მოწამვლის საქმე?  ქიმიური მოწამვლის დადასტურება ან უარყოფა, ხუთ დღეში რამდენად იყო შესაძლებელი? 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთი კვირა მაინც იყენებდნენ აქციებზე ჭავლს და ეს ყველაფერი 5 დღეში გამოიძიეს?

ამ აქციის მონაწილეებს კარგად ახსოვთ რა დაზიანებები გამოიწვია ამ ჭავლმა, ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ სუს-ის გამოძიება საერთოდ უნდა მივიღოთ რამის მტკიცებულებად ან უარყოფად.

ერთი რამ ჩანს ცხადად – სუს-ს და „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უფრო მძიმედ აქვთ საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უბრალოდ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ამას ადეკვატურად ვუპასუხოთ.

პირველი და მთავარი კითხვა – რაში სჭირდებოდა საერთოდ გამოძიება იმას, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს? მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ? პროტოკოლის გარეშე, შესაბამისი მითითების და ბრძანებულების გარეშე შეუძლებელია, რომ რამე ნივთიერების გამოყენება მომხდარიყო. ზეპირი ბრძანებით ხომ არ მოხდებოდა ეს?

BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ იყო ნაჩვენები, რომ 2019 წელს ინვენტარში შსს-ს ჰქონდა ცნობილი კოდებით გაერთიანებული ორი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც პრაქტიკულად შეუძლებელია და არის დანაშაულის ტოლფასი.

სუს-ის გამოძიება იყო სატყუარა ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის. ეს არც საერთაშორისო რეპუტაციული ზიანის გასანეიტრალებლად არ ყოფილა, არც ჩვენთვის არ ყოფილა. ფაქტია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათთვის ნაკლებად საინტერესოა.

ეს „გამოძიება“ ჩატარდა სწორედ „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომელსაც შემდეგ მოჰყვა აი, ის საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი სოციალურ ქსელებში, რაც განახორციელა “ქართულმა ოცნებამ” და რომელიც შეიძლება ნაკლებ დამაზიანებელი არ იყოს ადამიანის ფსიქიკისათვის, ვიდრე ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს მოხდა რეალურად.

გარდა ამისა, ფაქტია, რომ სუ-მა იცრუა, როდესაც საავადმყოფოში მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი მონაცემებიდან ძალიან მალე საიამ დადო ოფიციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, საიამ გასული წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. სამინისტროდან კი მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ 207 ადამიანი გადაიყვანეს სასწრაფო დახმარებით სტაციონარებში. ანუ ოთხჯერ მეტმა ვიდრე სუს-ის გამოძიებით გვითხრეს. ცალკეა თვითდინებით მისული ადამიანები. რომ შევაჯამოთ, სტაციონარებში მისული ადამიანების ზუსტი რიცხვი ზუსტად აღწერილი არ არის და ის შეიძლება დაადასტუროს მხოლოდ ნამდვილმა გამოძიებამ.

ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი რამ აქვს დასამალი და სუს-ის გამოძიება სწორედ ამისთვის შედგა, რომ მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებლობას იძლევა მოცემულობა, დაემალათ ის, რაც დასამალი აქვთ.

აქედან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ – საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ნივთიერებას იყენებდნენ 29-ში, პირველში, 4-5-ში თუ მთელი ის პერიოდი, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს წყლის ჭავლით არბევდნენ.

მეორე ამბავიცაა – ჩვენ დადასტურებით ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ სპეცრაზმი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაზარალებულებს სცემდა, აწამებდა, დაკავების მანქანებში გაზის კაფსულებს უყრიდა და ეს ყველაფერი გათანაბრებულია არაადამიანურ მოპყრობასთან. როცა ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით, არ ვიცი, რატომ უნდა შეეპაროს ვინმეს ეჭვი, რომ მათ გამოიყენეს ისეთი ნივთიერება მოსახლეობის დასაშლელად, რომელიც აკრძალულია?! ან არ არის აკრძალული და ისეთი დოზით გამოიყენეს, რომელიც უტოლდება აკრძალული ნივთიერების გამოყენებას. ყველაფერი შესაძლებელია.

სანამ ჩვენ ზუსტი პასუხები არ გვექნება, ვერაფრით ვერ უარყოფს „ქართული ოცნება“ იმას, რომ მათ გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება.

პირდაპირი ეთერები არსებობს, სადაც ჩანან ადამიანები, რომლებიც 28-29 ნოემბრის ღამეს მოხვდნენ წყლის ჭავლში. უჭირს სუნთქვა, სპაზმური შეტევები აქვთ, დამწვარი აქვთ სახე, ვერ ახელენ თვალებს. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ წყლის ჭავლში რაღაც შეურიეს. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ასეთ ძალადობრივ საშუალებებს იყენებს?!

ჩემი შეფასება სრულიად კარგავს აზრს, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ პრემიერად წოდებულმა თვითონ შეაფასა ეს პროცესი – „ნულოვანი თანაგრძნობაო“ – როდესაც გამოაცხადა.

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ხალხის მიმართ აქვს ნულოვანი თანაგრძნობა. ეს არის დეჰუმანიზებული ხელისუფლება, რომლის მსგავსსაც სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორია და მათ შორის თანამედროვე ისტორიაც იცნობს და ყველამ იცის მათი ბედი როგორ დასრულდა… დაწყებული ჰუსეინიდან, კადაფი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ჩამონათვალს.

ვერსად ვერ გაექცევა ირაკლი კობახიძე თავის იმ შეფასებას – „ნულოვანი თანაგრძნობისას“, რომელიც პოლიტიკად აქცია „ქართულმა ოცნებამ“.

აი, ახლა ბოლო ცვლილებები რომ შეაქვთ კანონში, ტროტუარზე დგომის დროსაც ნებართვა იქნება საჭირო. შალვა პაპუაშვილმა ძალიან საინტერესო წინადადება თქვა, ანუ ეს იყო რეალურად წამოცდენა: „არაფერი ამ კანონში ადამიანური სტანდარტებისგან აცდენილი არ არისო“. ანუ მათ მიაჩნიათ, რომ სამართალი ადამიანურობის გარეშე შეიძლება არსებობდეს.

აი, ეს არის მათი ხელისუფლების ფილოსოფია, მათი მართვის მოდელი და ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ.

ჩემთვის ყველაფერი დგას თავის ადგილზე. ამიტომ არიან ისინი ანტიცივილური სამყაროს ნაწილი – იმას ნაწილი, რასაც რუსეთი ჰქვია, რასაც ჩინეთი ჰქვია, რასაც ირანი ჰქვია. ცივილიზებული დასავლეთის ნაწილად არ განიხილავენ თავს, სადაც, რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს პრობლემები, მაგრამ ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად, რომელიც დასავლურ სამყაროში არსებობს, იქ მაინც რჩება ძალიან მყარი პრინციპი, რომ ადამიანი არის ღირებულება. ანტიცივილური სამყაროსათვის კი ადამიანი არის საშუალება.

ასე განიხილავს „ქართული ოცნებაც“ თავის მოსახლეობას: რომ ადამიანი არის საშუალება, რომელიც მათ ძალაუფლებას უნდა მოემსახუროს და არა ღირებულება“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ.

უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს ქირის ფულის გადახდას 6 თვით, თვეში 900 ლარამდე.

„მერია გვთხოვს ბინის გამქირავებელმა გაგვიფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება არავის სურს,“ – თითქმის ერთნაირად აღწერენ უსახლკარო მოქალაქეები პრობლემას.

ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შემთხვევაში, რასაც ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეებს სთხოვს, ბინის მესაკუთრემ შემოსავლის 5% ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ასევე, შეავსოს წლიური დეკლარაცია ფინანსური შემოსავლის შესახებ.

რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია უსახლკაროებს? – ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ შეკითხვები უსახლკაროების პრობლემებზე დღესაც უპასუხოდ დატოვეს.

მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებები აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას არც კი შეუსწავლია. 

უსახლკარო მარტოხელა დედები: მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს წინასაარჩევნო პერიოდშიც შეხვდნენ და დაპირება მიიღეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი ჰყვებიან, რომ მერის დაპირება ჯერ კიდევ არ სრულდება.

მზიური ბალაძე ახლობლის დახმარებით წლებია ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს, მაგული ფუტკარაძე კი, უკვე ნაქირავებ ბინაშია იმ იმედით, რომ მერია დაეხმარება და თავად უშოვის ბინას, სადაც ხელშეკრულება გაფორმდება და ქირის თანხასაც გადაუხდიან.

„ორი თვეა ვარ ნაქირავებ ბინაში, როგორც ჩანს, ისევ ქუჩაში უნდა დავრჩე ჩემს შვილთან ერთად, ის შშმ პირია,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, – „მანამდე, რამდენიმე თვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის დახმარებით მაცხოვრეს ფსიქიკური ჯანმრთელების პრობლემის მქონე მოქალაქეების საცხოვრისში, როგორ ვთქვა, მაგრამ აღარ შემეძლო იქ ყოფნა…

წინასაარჩევნოდ დამპირდა გიორგი ცინცაძე, რომ 900 ლარამდე თანხის გადახდა შეეძლო მერიას, ოღონდ ხელშეკრულებაა საჭიროო. დავიარე ბინები ილონასთან ერთად [კიდევ ერთი უსახლკარო დედა, რომელსაც 3 შვილი და ქმარი შშმ პირი ჰყავს] და ვერსად ვნახეთ ასეთი ბინა. მესაკუთრეები არაფერს ამბობენ, მაგრამ გვითხრეს, რომ არ სურთ ხელშეკრულების რეესტრში გაფორმება.

არჩევნების მერე შევხვდი ისევ გიორგი ცინცაძეს. მერიის სხვადასხვა სამსახური ჩართო და ყველას დაავალა, ასეთი ბინა უნდა მოიძებნოსო. ორი თვე გავიდა და არაა. ხვალ მაქვს გადასახდელი ისევ ბინის ფული, რომელსაც აქამდე სხვების დახმარებით ვიხდიდი, არ ვიცი, რა უნდა ვქნა… მე ჩამირიცხონ ეს 900 ლარი და მე გადავუხდი თავად მესაკუთრეს, ამის დადასტურებაც არის შესაძლებელი, თუ მერიას დოკუმენტი სჭირდება,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე

„არჩევნების შემდეგ მივედი ისევ მერიაში, ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარესაც შევხვდი, მაგრამ არაფერი არ იცვლება. დაპირებები არ სრულდება . საკრებულოს თავმჯდომარე უხეშად მელაპარაკა, თქვენ 500 ლარი გაქვთ აღებულიო,“ – გვიყვება მზიური ბალაძე. ისიც უსახლკარო დედაა. მზიური ბალაძის შვილიც შშმ პირია. 

მზიური ბალაძეც წლებია დგას საპროტესტო აქციაზე, მათ შორის, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე და უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

მზიური ბალაძე და მაგული ფუტკარაძე

„ბათუმში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც თანახმა იქნება ხელშეკრულებაზე… არ მახვედრებდნენ არც გიორგი ცინცაძეს, მაგრამ მაინც შევხვდი, როცა ავტომანქანით ტოვებდა მერიის ეზოს. მითხრა, რომ ქირის გადახდა შეუძლია.

ჩემთვის ქირა მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ მივიღებ საცხოვრებელ ბინას. ამდენი წელია ქუჩაში ვარ, ვიბრძვი. რასაც ვუყურებ, ნდობა დაკარგული მაქვს…

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო მაისურაძემ ისიც კი მითხრა, თქვენი განაცხადი არ არის შემოტანილიო, არადა, იმდენჯერ მაქვს დატოვებული განცხადება. მაშინვე ჩავედი მოქალაქეთა მისაღებში და დავადასტურე, რომ ნამდვილად მქონდა დატოვებული განაცხადი,“ – გვიყვება მზიური ბალაძე.

„ის ფაქტი, რომ უარს ეუბნებიან მოქალაქეებს ხელშეკრულების გაფორმებაზე, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ბაზარზე პრობლემურია ისევ სამართლებრივად გამართული დოკუმენტების არსებობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში,“ – ამბობს იურისტი თამარ წულუკიძე. იურისტი განმარტავს, რომ უსახლკაროებისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ხელშეკრულება გაფორმდება, მაგრამ რადგან ეს ვერ ხერხდება, იურისტის აზრით, მერიამ ალტერნატივაზე უნდა იფიქროს:

„ქონების გამქირავებლები თავს იკავებენ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების დადებისგან, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადასახადის გადახდა, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული. მათ უწევთ საშემოსავლო გადასახადის არა 20%-ით გადახდა, არამედ 5%-ის ოდენობით. პირდაპირ გვაქვს საგადასახადო კანონმდებლობაში გაწერილი, რომ 5%-იანი გადახდის ვალდებულება საცხოვრებელი ფართის გაქირავების შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირი არის მდგმური, ეს არის სავალდებულო.

შესაძლებელია, მერიამ იფიქროს ალტერნატივაზე: ვთქვათ, ვაუჩერიზაციის პრინციპი, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ეს თანხა. ბუნებრივია, უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ ამ თანხის გამოყენება შემდგომ სწორედ ქირის დანიშნულებით მოხდება,“ – აღნიშნა იურისტმა თამარ წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ სთავაზობს „ოცნების“ მთავრობა არაფერს უსახლკაროებს, როცა ის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს? – ბათუმის მერიისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

მთავარ ფოტოზე: მაგული ფუტკარაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, 2024 წლის 16 ოქტომბერი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა

დღეს, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, რეპრესიული სამართლებრივი ნორმით ადამიანების გასამართლებაზე უარს ამბობს.

„ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი შეიძლება იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში. ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას [ასკ-ის 173-ე მუხლი]. ამ მუხლებით აკავებენ ყველაზე ხშირად პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებსაც. მოსამართლე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნას ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას.

ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ  შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი, მოსამართლემ შეაჩეროს საქმისწარმოება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა არაკონსტიტუციურია? როგორ რეაგირებს სასამართლო სისტემა ერთი კონკრეტული მოსამართლის თამამ გადაწყვეტილებაზე?

მოქმედი მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა „ბათუმელებთან“ განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი გამოიყენოს:

„ჩვენთან კანონმდებლობა არ არის დახვეწილი, ბევრი რაღაც არის საკამათო, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ისე გადაჭრა მიმართვის გარეშე, თვითონ საქმის წარმოების პროცესში ისეთი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ როცა ახლა კანონმდებელი ასე კეტავს მოსამართლეს, რომ გინდა არ გინდა უფლება უნდა ჩამოართვა, გინდა არ გინდა უნდა დააპატიმრო, როცა მიგაჩნია, რომ არასამართლიანია – კანონი ამბობს და გაჰყვე ამ კანონს, დაემორჩილო მხოლოდ არასამართლიან კანონს, არ მიმაჩნია სწორად. ამის გამო გადავწყვიტე, მიმემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის…

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანის უფლებები არის დაცული. ადამიანს აქვს კონსტიტუციური გარანტია, რომ კონსტიტუციის შეუსაბამო კანონების მიღებით მისი უფლება ვერ დაირღვევა. ასევე, ამას შეიძლება ჰქონდეს შემაკავებელი ან პრევენციული ღონისძიების ეფექტი, რომ სხვა დროსაც არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მაგალითად, ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში, ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი, როცა ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, განურჩევლად მათი წარსულისა და სხვა ფაქტორებისა, როგორიც არის: ასაკი, განათლება, სამუშაო ადგილი, შემოსავლის წყარო, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა.

სასამართლო თვლის, რომ ყოველი ამგვარი საქმე, თუ კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, ეს შეიძენს ისეთ ხასიათს, რომ შემდგომ ამის გამოსწორება სამართლებრივი გზითაც თითქმის შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებს“.

რა რეაქცია ჰქონდა სასამართლოს სისტემას, როცა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ გააპროტესტა „ოცნების“ მიერ შემოღებული სამართლებრივი ნორმა?

„მე არა მაქვს კომუნიკაცია მოსამართლეებთან, არც სამართლებრივ საკითხებზე… სისტემის შიგნით ასეთი საკითხები არ იხილება. სამწუხაროდ,“ – გვიპასუხა უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ.

კლანს არ ჰქონია რეაქცია? შეიძლება თქვენ წინააღმდეგ აამოქმედონ კონკრეტული მექანიზმები, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია. – ვკითხეთ ვლადიმერ ხუჭუას.

„არა, არავითარი ხმა არ მოსულა. მე არავითარი კომუნიკაცია არა მაქვს…. შეიძლება ამის გამო გემუქრებოდეს ადამიანს საფრთხე, მაგრამ მე, ყოველ შემთხვევაში, ამას არ ვუწევ ანგარიშს. ჩემთვის უკვე ეს ბარიერი გადალახულია დიდი ხანია,“ – გვიპასუხა ვლადიმერ ხუჭუამ.

თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მუხლებს, რომლებსაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველაზე ხშირად იყენებენ საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დაკავების დროს. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ განსახილველი საქმეები არ უკავშირდება საპროტესტო აქციებს, თუმცა მისი წარდგინების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ მიერ მიღებულ, კონკრეტულ ახალ სამართლებრივ ნორმებს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს, სადავო მუხლებს დღეს მოქმედი რედაქციით „ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგაც ვეღარ გამოიყენებს.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

ამ თემაზე:

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება

ბათუმის აეროპორტი თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას აფართოებს. სამუშაოები აეროპორტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე დაიწყო, ვინაიდან ამ სამუშაოებისთვის გზშ-ს მომზადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ არ მიიჩნია.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აეროპორტმა სააგენტოს ისევ მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამჯერად დღის წესრიგში ბაქნის დამატებით 500 კვ/მეტრით გაფართოების აუცილებლობა დადგა.

„2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული სკრინინგის გადაწყვეტილებით, აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ბაქანი გაფართოვდა 8 200 კვადრატული მეტრით, თუმცა, დეტალების დაზუსტების პროცესში გამოიკვეთა, რომ ბაქნის გაფართოება საჭიროა დამატებით 500 კვადრატული მეტრით.

ბაქნის დამატებითი გაფართოების სამუშაოები მიმდინარე გაფართოების სამუშაოებთან ერთად ჩატარდება.

ამასთან, დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული საწვავის რეზერვუარების გვერდით, დამატებით ერთი, 2 400 ლიტრი მოცულობის დიზელის საწვავის მიწისზედა რეზერვუარის და ჩამოსხმის სვეტის მოწყობას“ –  წერია დოკუმენტებში.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა, რომ გზშ-ს მომზადება საჭირო არ არის.

„მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება გზშ-ის ანგარიშის წარდგენას არ საჭიროებს“ – წერია სააგენტოს მიერ 2025 წლის 9 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის აეროპორტში „თვითმფრინავების სადგომი ბაქნის გაფართოების მიზანია C კატეგორიის საჰაერო ხომალდების [სტანდარტული სამგზავრო ლაინერების] სადგომის მოწყობა, ასევე ვერტმფრენის სადგომის მოწყობა… გაფართოების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია არსებული კომუნიკაციების – სანიაღვრე სისტემის, საკანალიზაციო ქსელის, ელექტრო მომარაგების, მიწისქვეშა ხაზების გაყვანის ადგილების ცვლილება და ახალი დაერთებების დაპროექტება“.

ასევე, ფართოვდება მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობაც:

„არსებულ მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას მიაშენდება სამი სივრცე: I სივრცე [194.3 კვადრატული მეტრი] – დაგეგმილია გამოყენებული იქნას დასაქმებული პერსონალის საოფისედ; II სივრცე [126.4 კვადრატული მეტრი] – დამხმარე მიშენება დასაქმებული პერსონალისა და აეროპორტის ოპერირების გასაუმჯობესებლად; III სივრცე [103 კვადრატული მეტრი] – მგზავრთა ნაკადის კომფორტისა და მოწესრიგებისთვის“.

სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა. ამ კვლევის ჩასატარებლად ტენდერია გამოცხადებული.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით კი, აეროპორტის უსაფრთხოების წესები და გეოგრაფია აფერხებს ბათუმის მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებას. კერძოდ, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები მხოლოდ ზღვის მიმართულებით ფრინდებიან და ზღვის მიმართულებიდან ეშვებიან. შექმნილია სპეციალური უსაფრთხოების ზონა, რომელი ზონაც „ზღუდავს ქალაქის განვითარებას“.

ამ თემაზე ვრცლად:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

„გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო“ – სამინისტრო მასწავლებლის კარიერული წინსვლის გამოცდაზე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2026 წლიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამოქმედდება.

მისი თქმით, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, რადგან „კარიერული განვითარება მასწავლებლისთვის არ არის სავალდებულო“.

„ადრე ასე იყო, რომ კარიერული განვითარება თუ გინდოდა, უნდა ჩაგებარებინა გამოცდა და სტატუსს იმაღლებდი. ეს გამოცდა სკოლის საჭიროებაზე იდენტიფიცირებულ საკითხებს ვერ მოიცავდა, მაინც და მაინც. ჩვენ რა მოდელს ვთავაზობთ – 3 მიმართულებით შეგიძლია, რომ განვითარდე და არანაირი გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო, იმიტომ, რომ ეს იყო სერიოზული სტრესი მასწავლებლებისთვის. კონკრეტული აქტივობებით და პრაქტიკულად უნდა დამიდასტურო, რომ შენ ეს შეგიძლია.

რა მიმართულებებია – ეს არის კვლევა, სწავლა-სწავლება და მართვა-ადმინისტრირება“, – ამბობს თამარ მახარაშვილი.

მისი თქმით, სკოლა აიდენტიფიცირებს რა მიმართულებით აქვს პრობლემა. შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში სად უჭირს, მასწავლებელი ამის შესახებ აკეთებს განაცხადს და მთელი წელი რა მიმართულებითაც მას უნდა, რომ იმუშაოს, იწყებს მუშაობას. ერთი წლის თავზე შესაბამისი კომისია, მათ შორის, მოსწავლეების გამოკითხვით და მშობლების ჩართულობით ადასტურებს, რომ ამ მასწავლებელმა გარდა იმისა, რომ კარგი და ხარისხიანი გაკვეთილები ჩაგვიტარა, ამ მიმართულებითაც შეუძლია მუშაობა.

ანუ, ადრე თუ ერთი გამოცდა საზღვრავდა, ახლა პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავდივართ. თუ აქ ხარ ძლიერი, მაშინ შეგიძლია აიმაღლო სტატუსი“, – ამბობს თამარ მახარაშვილი, რაც სინამდვილეში არც არის სიახლე, რადგან კარიერული წინსვლის ფარგლებში მასწავლებლებს ყოველთვის ევალებოდათ როგორც სკოლის საჭიროებებზე კვლევების მომზადება, ასევე კლასში პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის დანერგვა.

აქტივობებზე დაფუძნებული სწავლება, ასევე, თითქმის ყველა კარიერული სქემის ნაწილი იყო.

მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყოველ წელს იცვლებოდა და ყველა ახალი მინისტრი დაახლოებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, თუმცა პროფესიული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარება თითქმის ყველა სქემის ნაწილი იყო.

„ქართული ოცნების“ განათლების ახალი რეფორმის მიხედვით, რომელსაც განათლების ბევრმა სპეციალისტმა „დეფორმა“ უწოდა მისი პრობლემურობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს საჯარო სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას. ამ იდეას საზოგადოების დიდი ნაწილი აკრიტიკებს.

________________

მსგავს თემაზე:

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

აქ შეგვეძლო გვეთქვა – ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო, თუმცა, უკვე ერთი კვირაა თიბისის მობაილბანკში დეკემბრის მარათონი სრული სვლით გიზგიზებს.

გასული კვირის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში კი, „რამდენი კლიკი დააგროვე?“ „ამდენი მონეტა რანაირად გაქვს?“ და „რამდენი მეგობარი მოიწვიე?“ – ლიდერობენ.

მარათონის პირველი სათამაშო კვირის შემდეგ, 320 გამარჯვებულზე ბონუს პრიზებად უკვე 32 000 ლარი გაიცა. შეგახსენებ, რომ თუ მილიონ მონეტას დააგროვებ, შენც გახდები 100 ლარის მფლობელი.

უკვე გამოვლინდა პირველი კვირის ლიდერი და გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად 10 000 ლარი გადაეცა. მარათონის დასრულებამდე ჯერ 3 კვირაა დარჩენილი; ამიტომ, შენი წარმატების შანსი კი არ იკლებს, პირიქით – მატულობს.

გახსოვდეს, რომ ყველაზე მეტი მონეტის დაგროვება მეგობრების მოწვევითაა შესაძლებელი. მოიწვიე მეგობარი, ვისაც თიბისის მობაილბანკი ჯერ არ აქვს და მიიღე 800 მონეტა საჩუქრად.

250 000-ზე მეტი აქტიური მოთამაშე, ერთმანეთს კვირისა და მარათონის მთავარი პრიზის მოსაგებად ერკინება. გვიან არასდროსაა, შემოუერთდი დეკემბრის მარათონს ახლავე – შენი შანსი თიბისის მობაილბანკშია.

მთავარია გჯეროდეს!

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების პროექტის საჯარო განხილვის დრო ცნობილია

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო განხილვები სხვადასხვა ადგილზე 2026 წლის 21-23 იანვარს ჩატარდება. კონკრეტულად:

  • 2026 წლის 21 იანვარი, 14:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2026 წლის 21 იანვარი, 17:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 22 იანვარი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2026 წლის 22 იანვარი, 15:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბობოყვათის საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 23 იანვარი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საჩინოს საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 23 იანვარი, 15:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობა

„წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).“ – წერს სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას.

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს [დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge, ტელ.: +995 32 2439503/+995 32 2439510].

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზების დეპარტამენტის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 85-ე დღისა და არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ან [კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას] იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.“ – წერს სააგენტო.

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს, ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად, თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 480 მილიონი ლარია საჭირო. ეს თანხა 4 წელზეა [2026-2029 წწ] გადანაწილებული.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

რა ფილმებს ნახავთ ბათუმში „ბიაფის“ კინოკვირეულზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ბათუმში შაბათს, 13 დეკემბერს გაიხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს.

წელს „ბიაფი“ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას.

„ბიაფის“ კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები.

კინოფესტივალს წელს ჟიური არ ეყოლება. ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.

„ბიაფის“ კინოკვირეულზე წარმოდგენილი იქნება 15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

კინოსეანსები კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართება, „ბათუმი გრანდ მოლში“. ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი 3-7 ლარი იქნება.

რაც შეეხება პროგრამას, წელს „ბიაფი“ მაყურებელს შემდეგ ფილმებს სთავაზობს:

  • BIAFF 2025 – კინოფესტივალების საუკეთესო ფილმების კოლექცია

„უსამართლობა“ – სოჰეილ ბეირაღი, ირანი, 2025; 104 წთ.
„ბუდაპეშტის დღიურები“ – რაფაელ კაპელინსკი, პოლონეთი/უნგრეთი, 2025; 100 წთ.
„ნუ დამიძახებ დედას“ – ნინა კნაგი, ნორვეგია, 2025; 108 წთ.
„რესპუბლიკის არწივები“ – თარიქ სალეჰი, შვედეთი/საფრანგეთი, 2025; 129 წთ.
„კულეი (მედლის ორი მხარე)“ – ქსავიერ ჟულავსკი, პოლონეთი, 2024; 148 წთ.
„სიგიჟემდე“ – პაოლო ჯენოვეზე, იტალია, 2025; 97 წთ.
„ნანდაური“ – ეთი ციცკო, ისრაელი/საქართველო/იტალია, 2025; 93 წთ.

  • BIAFF 2025 – დიდოსტატთა კოლექცია

„კიოლნი 75“ – იდო ფლუკი, გერმანია/პოლონეთი/ბელგია, 2025; 116 წთ.
„სინათლე“ – ტომ ტიკვერი, გერმანია, 2025; 162 წთ.
„სირათი“ – ოლივერ ლაქსე, ესპანეთი/საფრანგეთი, 2025; 115 წთ.
„წმინდა ლეღვის თესლი“ – მოჰამად რასულოფი, საფრანგეთი/გერმანია/ირანი, 2024; 167 წთ.

  • BIAFF 2025 – ფოკუსი უკრაინა

„2000 მეტრი ანდრიივკამდე“ – მსტისლავ ჩერნოვი, უკრაინა, 2025; 108 წთ.
„დივია, დმიტრო გრეშკო“ – პოლონეთი/უკრაინა/ნიდერლანდები/აშშ, 2025; 79 წთ.
„კრიტიკული მდგომარეობა“ – მილა ჟლუკტენკო, გერმანია, 2025; 24 წთ.
„769 კმ-ზე ნიუ-იორკი“ – სოფია ბუჰრი, უკრაინა, 2025; 15 წთ.

ამავე დროს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციაში ნაჩვენები იქნება ქართული და უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

კინოჩვენებების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. 

წელს ფესტივალის სპონსორია „თიბისი ბანკი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ნორვეგიის კინოინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, უკრაინის საელჩო, კინოთეატრი CAVEA GRAND MALL, ბათუმის თოჯინების თეატრი, Grand Mall, „კალაპრინტი“, კომპანია LCC.

„მომავალ წელს ბიაფი დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ფორმატს და დარწმუნებული ვართ ძალიან საინტერესო საიუბილეო წელი იქნება, მანამდე კი არ გამოტოვოთ BIAFF 2025 -ის ექსკლუზიური  კინოკოლექცია“ – ვკითხულობთ კინოფესტივალის გვერდზე.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

“2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

„როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.

2025 წელს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან,“ – აცხადებს საია.

საიას ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი.

„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებები,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება.

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

„გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების სამახსოვრო თარიღს უკავშირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის – „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში – 2025 წელს“ – ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

წვევამდელებს 6, 8 და 11 თვით სამხედრო სამსახურში გაიწვევენ – შერჩევა დეკემბერში დაიწყება

2025 წლის 10 დეკემბრიდან ამოქმედდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა 5 800-ით არის განსაზღვრული.

გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ელექტრონულად განხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.

წვევამდელებს დეკემბერში შეარჩევენ და 2026 წელს გაიწვევენ ეტაპობრივად, კერძოდ:

საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით – 2026 წლის 1-ელი მარტიდან;

საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის კი ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის:

  • პირველი ეტაპი – ორ ნაწილად: I ნაწილი – 2026 წლის 1-ელი მარტიდან; II ნაწილი – 2026 წლის 1-ელი აპრილიდან;
  • მეორე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი ივნისიდან;
  • მესამე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან;
  • მეოთხე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან;

უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო სამსახურის ზემოთ აღნიშნული სახეების დაკომპლექტების ოდენობებს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.“

შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით შემთხვევითი შერჩევა უნდა განხორციელებულიყო ყოველი კალენდარული წლის 31 იანვრამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თუმცა ეს ჩანაწერიც შეიცვალა და ჩაწერეს, რომ „შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული პირები გაიწვევიან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში.“.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.

ამ სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება კი აქვს:

  • ა) გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა;
  • ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;
  • გ) ასევე პირს, რომელიც გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო [ეხება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს].

დადგენილების მიხედვით, „გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოიშობა მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 10  კალენდარული დღის ვადაში“.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.“ – წერია დადგენილებაში.

2024 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტებთან არსებული მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გაუქმდა. ყოფილი სამსახურების ფუნქციები კი რეკრუტირების მუნიციპალურმა/რაიონულმა განყოფილებებმა შეითავსეს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. წვევამდელთა გაწვევის პროცესის კოორდინაციას და კონტროლს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

_________________________

მთავარი ფოტო არქივიდან.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 183 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 404 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 692 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 969 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 563 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 89 066 ერთეული [+177]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 350 ერთეული [+107]
  • სპეცტექნიკა – 4 019 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 513 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 478 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 628 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 830 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 761 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვაშინგტონი და კიევი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში.

მიმდინარე მშენებლობა
რენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

სამშენებლო პროექტის ღიობებიდან ერთ მხარეს ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება, მეორე მხარეს – მთის ხედები, რაც ბინების ფასს ბევრად ზრდის.

მიმდინარე მშენებლობა – აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით.

მაიზერ ხვარეშია დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მანამდე ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი, 2022 წლამდე ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით ის სასაზღვრო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს.

შპს „თალასა ჯგუფი“ 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 50 პროცენტს „აია პლაზა“ ფლობს. ამ კომპანიის მფლობელი კი აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის პენსიონერი დედა, ლია ბრეგვაძეა. რეესტრის მონაცემებით, „აია პლაზა“ მაიზერ ხვარეშიამ პოლიციიდან წასვლის შემდეგ, 2022 წელს დააფუძნა და თავად ფლობდა კომპანიის წილების ასივე პროცენტს 2025 წლის ივნისამდე. ოთხი თვის წინ მან კომპანიის ასივე პროცენტი დედას – ლია ბრეგვაძეს გადაუფორმა.

  • შპს „აია პლაზა“ – პოლიციელის დედის კომპანია ფლობს ასევე შპს „აია პლაზა 2“-ის 67 პროცენტს

„აია პლაზა 2“ 2024 წლის ნოემბერში „აია პლაზამ“ დააფუძნა. მისი დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად მაიზერ ხვარეშია ფიქსირდებოდა, მალევე ეს თანამდებობა შოთა ჯავახაძეს გადააბარა. ეს კომპანია ქუთაისში, ყაუხჩიშვილის #7-ში, „თეთრ ხიდთან“ ახლოს საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მშენებლობის ნებართვის თხოვნით ქუთაისის მერიას თავად მაიზერ ხვარეშიამ მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო – 2024 წლის 4 ოქტომბერს მაიზერ ხვარეშიას, როგორც დამკვეთის სახელი და გვარი, ასევე მისი ტელეფონის ნომერია მითითებული პროექტის საინფორმაციო დაფაზეც.

 

სქრინი დოკუმენტიდან

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთები სამშენებლოდ ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე, მაიზერ ხვარეშიას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით უყიდია. ამ ნაკვეთებზე განთავსებული იყო ძველი შენობებიც. ოთხი მიწის ნაკვეთი აქ სახელმწიფომ 2022 წელს უპირობო აუქციონის წესით გაყიდა.  

  • 250 000 ლარი ძმის საჩუქარი

როგორც თავად ჩაწერა დეკლარაციაში, ხვარეშიას ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებში 600 000-ზე მეტი ლარი გადაუხდია. წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში დაფიქსირებული შემოსავალ-გასავლის მიხედვით ხვარეშიას დანაზოგი არ ჰქონდა, არც რაიმე ქონება გაუყიდია. დეკლარაციაში მითითებული აქვს წინა წელს აღებული სესხი, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტის ხარჯს ვერ დაფარავდა.

როგორც ჩანს, ხარჯების დასაბალანსებლად ზუსტად ამ წელს პოლიციელს ძმამ სოლიდური თანხა – 250 000 ლარი აჩუქა. თუმცა ეს 2022 წლის გასავალს მაინც ვერ აბალანსებს, რადგან მაიზერ ხვარეშიას 2022 წელს კიდევ ერთი სოლიდური ხარჯი ჰქონდა, მას ავტომანქანაში 215 000 ლარი გადაუხდია [მოდელი არ მიუთითა].

მშენებლობის ნებართვის მიღებიდან მალევე, 2024 წლის ნოემბერში, ხვარეშიამ კომპანიის წილები – 33 პროცენტი 1.1 მილიონ ლარად გაყიდა. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში მან ეს 1.1 მილიონი საერთოდ არ ახსენა. ეს კი კანონის დარღვევაა და რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო უნდა აკონტროლებდეს.

2024 წლის ნოემბერში შესყიდული მიწის ნაკვეთები ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მაიზერ ხვარეშიამ დედის კომპანიას, შპს „აია პლაზას“ გადაუფორმა. რეესტრში არ არის მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, არც ჩუქება ფიქსირდება. დოკუმენტების მიხედვით, დედის კომპანიას მიწის ნაკვეთები პოლიციელმა გადასცა შეთანხმების საფუძველზე, რაც გულისხმობდა „სამეწარმეო საზოგადოებაში შენატანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე“.

ამონაწერში მიუთითეს ასევე შპს „აია პლაზას“ დამფუძნებლის გადაწყვეტილების შესახებ“ – დამფუძნებელი კი თავად მაიზერ ხვარეშიაა.

მალევე ეს ქონება „აია პლაზა 2“-ს გადასცეს ისევ კომპანიების დამფუძნებლების გადაწყვეტილებების საფუძველზე.

2024 წლის 7 ნოემბერს მაიზერ ხვარეშიამ მიმართა საჯარო რეესტრს, როგორც „აია პლაზა 2“-ის წარმომადგენელმა, იმავე დღეს მან რეესტრს განცხადებით მიმართა, როგორც „აია პლაზას“ წარმომადგენელმაც.

  • ვინ გადაიხადა 1.1 მილიონი შპს „აია პლაზა 2“-ის წილებში

„აია პლაზა 2“ 2024 წლის 6 ნოემბერს „აია პლაზამ“ დააფუძნა, ამ დროს კომპანიის მფლობელი მაიზერ ხვარეშია იყო და წილები ჯერ დედისთვის გადაცემული არ ჰქონდა. „აია პლაზა 2“-ის 100 პროცენტის მფლობელი და დირექტორი მაიზერ ხვარეშია იყო. 2024 წლის 8 ნოემბერს კომპანიის 33 პროცენტი შპს „რონი 2024“-მა შეისყიდა 1 მილიონ 130 310 ლარად.

ყაუხჩიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის რენდერი

შპს „რონი 2024“ ვარლამ თვარაძეს ასევე 2024 წლის ნოემბერში დაუფუძნებია. 2024 წლის 22 ნოემბრიდან მაიზერ ხვარეშია კომპანიის დირექტორად აღარ ფიქსირდება, კომპანიაში ეს თანამდებობა შოთა ჯავახაძეს ჩააბარეს.

2022 წელს მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია, როგორც ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს ყოფილ უფროსს. ამ დეკლარაციის მიხედვით, ის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა, შემდეგ კი სავარაუდოდ გაათავისუფლეს. 2023-2024 წლებში მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია. 

მორიგი დეკლარაცია კი 2 წლის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში შეავსო, როგორც აჭარის  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა. ამ დეკლარაციაში მან ხელფასზე არაფერი ჩაწერა [დეკლარაციაში 2024 წლის მონაცემები უნდა იყოს ასახული].

  • „თალასა ჯგუფი“

შპს „თალასა ჯგუფის“ წილებს ზვიად მჟავანაძე [60%] და თამარ ლომიძე [40%] იყოფდნენ. 2023 წლის აპრილში კომპანიის 50 პროცენტი „აია პლაზამ“ დაირეგისტრირა: თავისი წილები 337 531 ლარად სრულად გაყიდა თამარ ლომიძემ, ზვიად მჟავანაძემ კი კომპანიის წილების 10 პროცენტი მიჰყიდა „აია პლაზას“ 137 742 ლარად. ეს ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარია.

შპს „თალასა ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ზვიად მჟავანაძე დანიშნეს.

  • „ნიუ ლაიფი“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამშენებლო საქმიანობა ლია ბრეგვაძეს 2017 წელს დაუწყია. მაიზერ ხვარეშია ამ დროს ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო. ამ წელს პოლიციელის დედამ შპს „ნიუ ლაიფი“ დააფუძნა, რომლის ასივე პროცენტის მფლობელიც თავადაა, კომპანიის დირექტორად კი ზეზვა ხვარეშია [სავარაუდოდ მაიზერ ხვარეშიას ძმა] ფიქსირდება.

2021 წელს ამ კომპანიის ასივე პროცენტი ლია ბრეგვაძემ ზეზვა ხვარეშიას გადაუფორმა. შპს „ნიუ ლაიფს“ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსი აუშენებია.

  • „ეკო გარდენი”

2019 წელს პოლიციელის დედას შპს „ეკო გარდენი“ დაუფუძნებია გაგა ჩხეიძესთან ერთად. ლია ბრეგვაძე ამ კომპანიის 33, 3 პროცენტს ფლობდა მისი დაფუძნების დღიდან 2021 წლამდე, დარჩენილი 66.7 პროცენტი კი გაგა ჩხეიძის საკუთრება იყო.

კომპანიის დირექტორად ზეზვა ხვარეშია ფიქსირდება [პოლიციელის ძმა]. 2021 წელს ამ კომპანიის 33, 3 პროცენტი ლია ბრეგვაძემ გაგა ჩხეიძეს 80 000 ლარად მიჰყიდა. ეს კომპანია ფლობს 1147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე.

  • შპს „მ ენდ ზ“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაიზერ ხვარეშიას სახელი და გვარი კიდევ ერთ კომპანიასთან იკვეთება. 2023 წლის თებერვალში მას შპს „მ ენდ ზ“ დაუფუძნებია – სავარაუდოდ ძმების ინიციალებია, ანუ მაიზერი და ზეზვა. კომპანიის წილების ასივე პროცენტი მაიზერ ხვარეშიას ეკუთვნოდა და კომპანიის დირექტორიც თავად იყო. 2025 წლის ივნისში მაიზერ ხვარეშიამ ეს კომპანიაც დედას, ლია ბრეგვაძეს გადაუფორმა უსასყიდლოდ.

შპს „მ ენდ ზ“ 400 კვ. მეტრზე მეტ ფართობს ფლობს ქუთაისში, აღმშენებლის ქუჩაზე, შპს „ნიუ ლაიფის“ მიერ აშენებულ კორპუსში.

  • რა ქონებას ფლობს მაიზერ ხვარეშია ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით

მაიზერ ხვარეშიამ 2025 წლის სექტემბერში ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ფლობს ბინას ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც 2021 წელს 36 000 დოლარად შეუძენია. ამავე წელს მას ირაკლი აბაშიძის ქუჩაზეც უყიდია ბინა 21 000 დოლარად. დეკლარაციაში ასევე მიუთითა, რომ 2021 წელს აიღო იპოთეკური სესხი – 80 000 დოლარი, ხოლო ამ სესხის მომსახურების გასავალი, წინა წელს, 12 000 დოლარი იყო.

2001-2002 წლებში, სხვადასხვა დროს, მაიზერ ხვარეშიას ხუთი მიწის ნაკვეთი მიუღია მემკვიდრეობით თერჯოლაში, სოფელ ეწერში, ლიანა ხვარეშიასგან.

ბოლო დეკლარაციაში მაიზერ ხვარეშიამ მხოლოდ შვილი ჩაწერა, მეუღლე კი გამოტოვა.

ამ დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ხვარეშიას არ აქვს ძვირადღირებული მანქანა, არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს მნიშვნელოვანი დანაზოგი.

მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაციები 2015 წლიდან იძებნება, ამ დროს ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა – არ ჰქონდა საკუთარი ბინა, მანქანა და მიწის ნაკვეთი.

2017 წელს დეკლარაციაში იპოთეკური სესხის შესახებ მიუთითა. გარდა ამისა, ჩაწერა ბინით სარგებლობის საფასური. ამავე წელს მან ქუთაისში, გელათის ქუჩაზე 30 000 დოლარად იყიდა 1224 კვ.მიწის ნაკვეთი დამხმარე ნაგებობით. შემდეგ დეკლარაციებში ეს ქონება აღარ ჩანს, არც მისი გასხვისების შესახებ ინფორმაცია იძებნება.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ხვარეშიამ მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთები თერჯოლაში, სოფელ ეწერში, იყიდა ავტომანქანა 6000 დოლარად, მითითებული აქვს ასევე სამომხმარებლო სესხის შესახებ.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, მეუღლემ, ანა დავითაშვილმა ქუთაისის მერიაში დაიწყო მუშაობა.

„ბათუმელებმა“ მაიზერ ხვარეშიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ვწერდით რომ მაიზერ ხვარეშია ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ის სასაზღვრო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს. 

___________________________________

აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

ამ კვირის ბოლოს ტროტუარზე პროტესტისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ – ინტერვიუ „ოცნების“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს,“ – ამბობს იურისტი გურამ იმნაძე. მას „ოცნების“ მორიგ კანონპროექტზე ვესაუბრეთ, რომლითაც ივანიშვილის დაჯგუფება რუსეთის მსგავსად საქართველოში პროტესტის აკრძალვას ცდილობს.

დღეს, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციის წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამჯერად ხალხის სავალ ადგილზე შეკრებასაც ზღუდავს. საიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამოც შეიძლება შსს-მ მოქალაქეები დააკავოს, თუ შსს ამ აქციის შესახებ გაფრთხილებული არ არის. შსს-ს შეუძლია აქციის მონაწილეებს უთხრას, რომ სხვა დროს გამართონ აქცია, ან არ გაიმართონ აქცია, მაგალითად, პარლამენტის შენობასთან.

„ის, რომ პროტესტი ჩატარდეს სივრცეში, სადაც არც ადამიანები არ ხვდებიან, არც არანაირი დისკომფორტი არ იქმნება ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის, ფაქტობრივად გამოდის, რომ პროტესტი უბრალოდ თავისი არსით უქმდება ქვეყანაში,“ – ამბობს გურამ იმნაძე.

„ბათუმელებმა“ იურისტ გურამ იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გურამ, მორიგი კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურ პარლამენტში ნიშნავს იმას, რომ „ოცნების“ მთავრობა პრაქტიკულად კრძალავს პროტესტის გამოხატვას?

რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე არის პროტესტის კრიმინალიზება. შეუძლებელია მშვიდობიანი შეკრების მანიფესტაციის ორგანიზება, პირობითად თბილისში, ისე, რომ ის არ ტარდებოდეს სივრცეში, სადაც ავტომანქანების სავალი ნაწილი არ არის ან ადამიანები არ გადაადგილდებიან. პროტესტის ერთ-ერთი არსი სწორედ ის არის, რომ აქციის შინაარსი, აქციის მონაწილეების წუხილები და მოთხოვნები მივიდეს საზოგადოებამდე, როგორც ზოგადად მოსახლეობის ფართო ჯგუფებამდე, ასევე – პოლიტიკურ ადრესატებამდე.

ის, რომ პროტესტი ჩატარდეს სივრცეში, სადაც არც ადამიანები არ ხვდებიან, არც არანაირი დისკომფორტი არ იქმნება ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის, ფაქტობრივად გამოდის, რომ პროტესტი უბრალოდ თავისი არსით უქმდება ქვეყანაში.

  • „ოცნება“ ცდილობს, საქართველო სრულად დაამსგავსოს რუსეთს პროტესტის გამოხატვის კუთხით?

დიახ, პრინციპში დიდი ხანია უკვე აქეთ მიდის ჩვენი კანონმდებლობა და ამ კანონების აღსრულების პრაქტიკა კიდევ უფრო უარესია.

ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი ძალიან საგანგაშოა. აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის დროსაც კი, თუნდაც ის მინიმალურ დისკომფორტს უქმნიდეს ფეხით მოსიარულეებს – აქ არ არის არანაირ საფრთხეზე საუბარი – შეიძლება სამართალდამცავებმა უბრალოდ სავალდებულო მითითება გასცენ იმაზე, რომ პროტესტი სხვა დროს გაიმართოს, ან სხვა ადგილას, ან სხვა მარშრუტით წარიმართოს.

პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან ფართო ჩანაწერებს შეიცავს ეს კანონპროექტი: რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ სამართალდამცავებმა, ვთქვათ, როდის ქმნის დაბრკოლებას შეკრება-მანიფესტაცია და როდის არ ქმნის?

  • კანონი როცა არ განსაზღვრავს, პოლიციელებმა უნდა შეაფასონ, მათი აზრით, როდის იკეტება ხალხის სავალი ნაწილი ხელოვნურად

ეს სიტყვა „ხელოვნურად“ რას ნიშნავს? მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის მკაფიოდ დასანახია, რა შეიძლება იყოს გადაკეტვა: სატრანსპორტო მოძრაობა წყდება, ფეხით მოსიარულეების შემთხვევაში კი ეს ძალიან ბუნდოვანია. არასდროს, მათ შორის, მაშინაც, როცა ძალიან მასშტაბურია შეკრება-მანიფესტაციები, აბსოლუტურად შეზღუდული თუ შეფერხებული არ არის ფეხით მოსიარულეების მოძრაობა.

რას ნიშნავს შეფერხება? აბსოლუტურად უნდა იყოს შეფერხებული გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვის და ამ დროს იძლევა პოლიცია ამგვარ მითითებას, თუ უბრალოდ ის, რომ ადამიანს იმავე ტემპით არ შეუძლია კონკრეტული სივრცის გავლა, რა ტემპითაც გაივლიდა, შეკრება რომ არ ჩატარებულიყო, ეს უკვე ითვლება მოძრაობის შეფერხებად? – ამაზე კანონპროექტს არ აქვს პასუხები, პოლიცია აფასებს მთლიანად და მას ნამდვილად ძალიან ფართო დისკრეცია აქვს.

  • განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ იმაზე, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება მასში ჩარევა. ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, რა არგუმენტით შეიძლება იყოს გამართლებული მსგავსი ჩარევა?

არც ერთი იურისტი და უფლებადამცველი არ დავობს, რომ შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ასე არ არის ნამდვილად, მაგრამ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ტესტის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს, როდესაც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც არგუმენტად არის მოხმობილი ამ კანონპროექტში, მითუმეტეს ევროპულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, – „მაქარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ნამდვილად საუბრობს იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან გამოხატვას და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ქვეყანაში იყოს დაცული.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, თუკი იზღუდება ეს უფლებახდება, ეს უნდა ხდებოდეს უკიდურესი საფუძვლებით, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სხვა პირთა კონსტიტუციურ უფლებებს და ასე შემდეგ.

მშვიდობიანი შეკრებით – რაც ამ კანონპროექტის რეგულირების ობიექტია – არც ერთი მსგავსი ლეგიტიმური მიზანი არ არის სახეზე. ამ დროს არ ექმნება საფრთხე არც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სხვა პირების უსაფრთხოებას, არც არსებითად არ იზღუდება სხვა პირების რამე კონსტიტუციური უფლება.

  • ქართული ოცნებისდეპუტატები მიუთითებენ იმაზე, რომ მოქალაქეებს ექმნებათ დისკომფორტი, ყოველდღიური ცხოვრების რუტინა ირღვევა. ამ არგუმენტით რამდენად შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა საპროტესტო აქციას?

შეკრება-გამოხატვის არსი არის ის, რომ თავისთავად გარკვეულ დისკომფორტს ისედაც ქმნის სახელისუფლებო გუნდისთვის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საზოგადოებისთვის. დისკომფორტში იგულისხმება ის, რომ შეკრება უნდა იყოს შესამჩნევი. შეიძლება ამან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი გარკვეულწილად შეცვალოს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა არ ჰქონდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებზე. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ეს არასწორი არგუმენტია.

მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის საცობები პირობითად, – უხეში მაგალითი რომ ავიღოთ. ნიშნავს ეს იმას, რომ საკმარისი საფუძველია, ადამიანებს კერძო ავტომობილების ქონის უფლება შევუზღუდოთ? ხომ არასწორი იქნება მსგავსი მსჯელობა – ქალაქში ძალიან ბევრი ავტომანქანა გადაადგილდება, გამონაბოლქვია, ხმაურია, ამიტომაც, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს და ადამიანებს აეკრძალოთ ავტომანქანების შეძენის ან მათი გამოყენების უფლება?

  • შსს-მ შეიძლება თავად განსაზღვროს, სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქცია. ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ პროტესტის უფლების წართმევას? 

რა თქმა უნდა. პროტესტის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ის, რომ გამოხატვის ფორმას, დროს, ადგილს უნდა განსაზღვრავდეს თავად ადამიანი, ეს მოქალაქის უფლებაა. თუკი სახელმწიფო უკარნახებს მოქალაქეს, რა ფორმით და როდის შეუძლია მას უკმაყოფილების დაფიქსირება, ეს აღარ არის უკვე რეალური გამოხატვის თავისუფლება, ეს სახელმწიფოს მხრიდან ნაკარნახევი გამოხატვაა.

ეს ნამდვილად არ არის იგივე, რასაც ჩვენი კონსტიტუცია თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოიაზრებს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში.

  • თუმცა „ოცნება“ განმარტავს, რომ საუბარია შსს-ს გაფრთხილებაზე და არა ნებართვის მიღებაზე.

დიახ, ფორმალურად ამას ჰქვია გაფრთხილება, მაგრამ შინაარსობრივად პრაქტიკულად ეს იქნება ნებართვის მექანიზმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, რომ არა, აქ ამ ფორმით ამ დროს შეკრების გამართვა დაბრკოლებას შექმნის მოქალაქეების გადაადგილებისთვის, ამიტომაც, სხვა დროს უნდა გაიმართოს ეს შეკრება, მაგალითად, ერთი თვის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, ან შუა დღის საათებში გაიმართოს, ნაცვლად საღამოს საათებისა, ან საერთოდ შეიცვალოს შეკრების ადგილი, მაგალითად, არ გაიმართოს აქცია პარლამენტთან.

არა პირდაპირ, არამედ ირიბად ეს იქნება გამოყენებული, როგორც სანებართვო ინსტრუმენტი. მით უმეტეს, გაფრთხილების ხუთი დღით ადრე წარუდგენლობა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში, უკვე შემოდის სისხლის სამართალი.

  • რას აჩვენებს ის, რომ მუნიციპალიტეტი შეცვალა შსს-მ? აქამდე, თუ ავტომანქანების სავალის ნაწილი გადაკეტვას აპირებდნენ აქციაზე, მუნიციპალიტეტის გაფრთხილება იყო საჭირო.

ამ გაფრთხილების მიზანი არსებითად იცვლება. მუნიციპალიტეტისთვის გაფრთხილების წარდგენის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მუნიციპალიტეტი ყოფილიყო წინასწარ ინფორმირებული და, მაგალითად, თუ შეკრების შედეგად შეიზღუდებოდა ავტომანქანების გადაადგილება, ამისთვის მზად ყოფილიყო, ასევე, ალტერნატიული სამარშრუტო გზები დაეგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პირდაპირ შეკრების მაკონტროლებელ ორგანოდ მოგვევლინა, რომელიც შედის შეფასებაში – ეს შეკრება იმ დროს თუკი ჩატარდება, რამდენად სწორია? რამდენად შეუქმნის სხვა ადამიანების უფლებებს და ინტერესებს დაბრკოლებას, გადაადგილების თავისუფლების შესაძლებლობას დაბრკოლებას? ამის საფუძველზე მას შეუძლია გააკონტროლოს უკვე შეკრების შინაარსი და ფორმებიც.

  • რა განსხვავებაა სპონტანური აქციის დროს?

სპონტანური საპროტესტო აქციის შემთხვევაში, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თუკი ჩვეულებრივ დაგეგმილი აქციის დროს მის ორგანიზატორს აქვს ვალდებულება, მინიმუმ 5 დღით ადრე წარადგინოს გაფრთხილება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპონტანური აქციის შეკრების შემთხვევაში, ასეთი წინასწარი, ხუთდღიანი ვადა არ არის დადგენილი. ვადად განსაზღვრული გონივრული დრო. როგორც კი ცნობილი გახდება პირისთვის შეკრების შესახებ, მას წარმოეშობა იმთავითვე ვალდებულება, ასევე წერილობით მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

  • ამ შემთხვევაშიშეუძლია შსს-მ აქციის მონაწილეებს უთხრას, დაიშალონ და სულ სხვა ადგილას შეიკრიბონ?

კი, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩარევა, როგორც წინასწარ ინფორმირების შემთხვევაში, ასევე სპონტანური აქციის დროს. შსს-ს შეუძლია შეკრების მსვლელობის ფარგლებში ჩათვალოს, რომ შეკრება უქმნის დაბრკოლებას, მაგალითად, ფეხით მოსიარულეებს, ამიტომ ის უნდა შეწყდეს იმთავითვე, ან სხვა სივრცეში გადავიდეს და ასე შემდეგ.

  • როგორ აისახება პროტესტის პრაქტიკულად აკრძალვა სხვა უფლებებზე? როგორ აისახება ეს ადამიანების ცხოვრებაზე?

შეკრების უფლება არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ადამიანებს აძლევს უფლებას აზრი გამოხატოს ნებისმიერ საკითხზე. ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია. თუ ეს უფლება არსებითად, შინაარსობრივ ფორმებს შეიძენს და დაკარგავს მის რეალურ მნიშვნელობას, ძალას, ბუნებრივია, ამას პირდაპირი ეფექტი ექნება სხვა უფლებების სარგებლობაზე.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე, ის უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით. არ უნდა ხდებოდეს კონსტიტუციური დებულებების, კონსტიტუციური უფლებების ამგვარი უხეში ინტერპრეტირება, რომლებიც უბრალოდ შინაარსს უკარგავს კონსტიტუციურ უფლებებს.

  • იკითხება ივანიშვილის დაჯგუფების პირდაპირი განზრახვა: ქვეყანაში საერთოდ არ ისმოდეს პროტესტის ხმა?

ეს კანონპროექტი ამას აკეთებს რეალურად, ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს პარლამენტმა. წესით ამ კვირაში უკვე შესაძლებელია, რომ იქნას მიღებული.

  • კვირის ბოლოს უკვე ამ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა იქნება პრაქტიკულად კრიმინალიზებული, შეიძლება დაგვაპატიმრონ იმის გამო, რომ შსს-ს ნებართვის გარეშე დავდექით ტროტუარზე და პროტესტს გამოვხატავთ?

კი ბატონო.

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

„ამ რეფორმას სრულიად სამართლიანად უწოდეს „დეფორმა“. იმიტომ, რომ დეკონსტრუქციაა იმ სიკეთეების, რაც აქამდე იყო განათლების სისტემაში და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში. ამ რეფორმით იგებს ხელისუფლება და აგებს საზოგადოება“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი „ბათუმელებთან“.

ჩვენ მას ვკითხეთ, რას ართმევს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებს ამ „რეფორმით“ და რას იგებს რეჟიმი.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ოცნება“ იმიტომ ცდილობს დღეს არსებული სისტემის დეფორმაციას, რომ მისი მიზანი უმაღლესი სასწავლებლების სრული კონტროლია.

„2005 წელს გამოვედით საბოლოოდ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის ყაიდიდან და შევუერთდით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რადგან ამ წელს შევუერთდით ბოლონიის პროცესს.

ბოლონიის პროცესის, ანუ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების მთავარი ხიბლი იყო ის, რომ ახალგაზრდაზე – აბიტურიენტსა და სტუდენტზე იყო ორიენტირებული სწავლება და ეს სისტემა ხელს უწყობდა ახალგაზრდის და მისი ოჯახის თავისუფალ არჩევანს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი

მისი თქმით, თავისუფლების გამოხატულებაა, როდესაც სახელმწიფო ეუბნება ახალგაზრდას, რომ მე შენ გეხმარები, გაძლევ განათლების მიღების გრანტს და შენ გაქვს უფლება, ეს გრანტი მოიხმარო შენი ინტერესების შესაბამისად.

„რას ნიშნავს „შენი ინტერესების შესაბამისად“ გრანტის განკარგვა? – იმას, რომ შენ შეგიძლია წახვიდე იმ უნივერსიტეტში, რომელიც გინდა. შეგიძლია წახვიდე იმ პროგრამაზე ან პროგრამებზე, რომელიც გაინტერესებს. შესაძლოა, ერთი რამ არ გაინტერესებდეს, ამიტომ შეგიძლია სხვადასხვა პროგრამის მიმართ შენი ინტერესი დააფიქსირო.

შეგიძლია წახვიდე კერძო უნივერსიტეტში და იქ ისწავლო, თუ არ გინდა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. ასევე, შენ შეგიძლია შეიჩერო დროებით სწავლა, თუ აღმოაჩენ, რომ ამჯერად სხვა რამ გაინტერესებს. შეგიძლია შეინახო გრანტი და განაახლო სწავლა ერთი ან ორი წლის მერე. შეგიძლია მობილობა, ანუ გადასვლა ერთი სასწავლო პროგრამიდან სხვა სასწავლო პროგრამაზე, ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში.

შეგიძლია აირჩიო საგნები და არ გაქვს „ხისტი ცხრილი“, რაც ჩვენ გვქონდა, ვთქვათ, საბჭოთა დროს.

საბჭოთა უნივერსიტეტებში იყო ასე, რომ არ არსებობდა არჩევანი. აი, ეს – არჩევანის თავისუფლება იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთობის და მასთან შერწყმის ძირითადი უპირატესობა და ამას უტევს ხელისუფლება. მას სურს წაართვას აბიტურიენტს და სტუდენტს არჩევანი და აქციოს მარიონეტად, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მისი აზრით, განათლების სისტემის დეფორმიზაცია არ შეჩერდება, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა საქართველოში ავტორიტარიზმი.

„მხოლოდ განათლების სფერო იყო ხელშეუხებელი და ამ სივრცეშიც დაიწყო ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმა. რა ნაბიჯებია ეს – დაფინანსების სისტემა იშლება, სტუდენტს არ შეუძლია რომელიმე სასწავლო პროგრამაზე ერთი ქალაქის ფარგლებში ისწავლოს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში.

სტუდენტს არ შეუძლია მისთვის საინტერესო, სასურველ სასწავლო პროგრამაზე ისწავლოს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში. მაგალითად, თუ მე ვცხოვრობ თბილისში და მინდა ვისწავლო სამართალი, სოციოლოგია ან სხვა რამ, სახელმწიფო მეუბნება – „შენ სამართალს ისწავლი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში, თბილისში“.

დღეს, მაგალითად, სოციოლოგიის სწავლებას უზრუნველყოფს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში – ჯავახიშვილის, ილიას უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. სახელმწიფო ეუბნება აბიტურიენტს: შენ არ გაქვს უფლება, არჩევანი გააკეთო ამ უნივერსიტეტებს შორის.

კი ბატონო, შენ შეგიძლია წახვიდე კერძო უნივერსიტეტში, მაგრამ კერძო უნივერსიტეტში რომ წავიდე, გრანტი აღარ მომყვება ამ „დეფორმით“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტუდენტური სასწავლო გრანტების დასაფინანსებლად ყოველწლიურად 14 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. აქედან თანხის ყველაზე მეტი წილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიდის, რადგან კერძო უნივერსიტეტებში ნაკლები სტუდენტი სწავლობს და გრანტსაც ნაკლები სტუდენტი მოიპოვებს.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, 2024-2025 სასწავლო წელს, მთლიანობაში, 125 612 სტუდებტი სწავლობს მხოლოდ საბაკალავრო პროგრამაზე.   

 მათგან 80 281 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, 45 331 სტუდენტი კი – კერძოში.

სახელმწიფო გრანტის ოდენობა 2 250 ლარია.

„საგრანტო დაფინანსების გაუქმების შემდეგ კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტთა კონტინგენტი მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ, რადგან სტუდენტს გრანტი აღარ ექნება, კერძოში კი სწავლა ძვირია.

უცხოელი სტუდენტები შეგიძლიათ მიიღოთო, რომ უთხრეს კერძოებს, ვერც ეს იქნება მათთვის გამოსავალი, რადგან საქართველოში უცხოელები (ინდოელები და პაკისტანელები გვყავს ჩვენ ძირითადად) მარტო სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ და სხვა სპეციალობებს ასე მასობრივად არ ირჩევენ. ეს მიმართულებაც შეუნარჩუნდება მხოლოდ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს და სხვებს აღარ ექნებათ ამ მიმართულებაზე უცხოელების მიღების შესაძლებლობა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

რადგან „ოცნების“ რეფორმა ითვალისწინებს ფაკულტეტების შემცირებას სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეს გამოიწვევს პროფესორ-მასწავლებლების უმუშევრობასაც, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული კვოტები კი მისაღები ადგილების რაოდენობას შეამცირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩება.

განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ ციფრს, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ მომავალ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები.

„ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ საკომიტეტო მოსმენისას თქვა, რომ ამას შეგნებულად არ ამბობენ, რადგან ეს კვოტები ეკონომიკის სამინისტრომ შრომითი ბაზრის კვლევის შედეგად უნდა განსაზღვროს.

„ეს არის ქაოსის ილუსტრაცია, რომელიც ამ რეფორმის კონტექსტში ხდება. იმდენად ფორსირებულად მიდის და იმდენად მოუმზადებლად, რომ ძალიან ბევრ გამოწვევაზე მათ ჯერ პასუხი არ აქვთ. ამაშია ხელისუფლების ვირეშმაკობა, რომ ჯერ იწყებენ რაღაც ნაბიჯის გადადგმას და შემდეგ იზრდება მათი ავტორიტარული მადა. მაგრამ ფაქტია, რომ სტუდენტების რაოდენობა საქართველოში დრამატულად შემცირდება“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტრომ ასევე არ თქვა, როდის ჩაატარებს ბაზრის კვლევას ეკონომიკის სამინისტრო, რა ვადებში, რა პრინციპით ჩატარდება ეს კვლევა და თუ ჯერ არ არსებობს კვლევის შედეგები, მაშინ როგორ იგეგმება წინმსწრებად მსგავსი ძირეული ცვლილებები?

„უნივერსიტეტებში სპეციალობების დაგეგმვა შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ეს არის „ველური კაპიტალიზმი“ და „ველური იმპერიალიზმი“, რადგან არსებობს სპეციალობები, რომლებზე მოთხოვნაც დაბალია, მაგალითად, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. მაგრამ შესაძლოა სასიცოცხლოდ შეესაბამებოდეს ეს სპეციალობები ახალგაზრდების ფუნდამენტურ ინტერესებს და რა გავაკეთოთ ახლა? რადგან ფილოსოფიაზე მოთხოვნა არ არსებობს, გავაუქმოთ ფილოსოფიის ფაკულტეტი? მხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სასწავლო პროგრამების ლეგიტიმაცია ძალიან სახიფათოა. ფრთხილი მიდგომა სჭირდება ამას და არ შეიძლება ასე ქირურგიულად ჩაერიო.

მე მგონია, რომ ფინანსური ნაწილი არ არის წამყვანი საკითხი. წამყვანია ის, რომ ამ განათლების სისტემას ხდი სახელისუფლებო ვერტიკალზე ჩამოკიდებულს და არ აძლევ მას თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას.

აკადემიური სივრცის მოთვინიერებაა ამ პროექტში მთავარი და ეს არის სრულიად ცალსახა.

ამას მოჰყვება უნივერსიტეტების დეკონსტრუქცია და შეიძლება გაუქმებაც კი. მაგალითად, ეს დეფორმა მიმართულია ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი ყველაზე გამოკვეთილად კრიტიკულია. ამიტომ ამ ჩიტის დაჭერაც უნდათ და ასევე მოთვინიერება უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროსი“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია.

„ოცნების“ მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე ვესაუბრეთ განათლების მკვლევარ ლელა ჩახაისაც. მისი შეფასებით, აღნიშნული განათლების მოდელი დაჩაგრავს ნაკლებად თავდაჯერებულ აბიტურიენტებს.

ლელა ჩახაია, მკვლევარი

„წარმოიდგინეთ, მე თუ სოფლის სკოლა დავამთავრე და თან ვიცი, რომ, მაგალითად, თსუ-ს სამართალი არის ძალიან პოპულარული, მე მომინდება, რომ პირველად ეს უნივერსიტეტი შემოვხაზო და მერე გავაკეთო სხვა არჩევანი, ხომ? მაგრამ თუ მაკლია თავდაჯერება, განაცხადს გავაკეთებ ნაკლებად მოთხოვნად უნივერსიტეტზე. მით უმეტეს, ახლა ისიც არ არის ცნობილი, რამდენიმე უნივერსიტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ აბიტურიენტებს თუ არა“, – ამბობს ლელა ჩახაია.

მისი თქმით, თუ მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებთან დატოვებენ არჩევის უფლებას, მაშინ ჩარიცხვის სისტემა ერთიანი აღარ გამოვა და ასეთ შემთხვევაში, ჩარიცხვის ორი სისტემა უნდა დანერგონ, „რაც არასწორი იქნება“.

„თუკი არჩევანის უფლებას წაართმევენ აბიტურიენტებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან შემცირდება მიღებული სტუდენტების რაოდენობა. რამდენს მიიღებს ერთი უნივერსიტეტი ერთ ფაკულტეტზე? რესურსები არ არის შეუზღუდავი და ეს ხომ ისედაც გამოიწვეს ადგილების რაოდენობის შემცირებას.

ითქვა, რომ ამ ცვლილებებით 10 მილიონი ლარი დაიზოგება წელიწადში, თუმცა აქ ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მიზერულ თანხებს გამოყოფს. მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დაფინანსება და მით უმეტეს, განვითარებულ ქვეყნებში.

ახლა ვითომ ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგეგმეს ეს რეფორმა ხომ? თან დაფინანსებას არ ზრდიან“ – ამბობს ლელა ჩახაია.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგრანტო დაფინანსებაზე 136 მლნ 950 ათასი ლარია გათვალისწინებული (2025 წლის ბიუჯეტში – 136 მლნ 150 ათასი ლარი იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების დაფინანსება ამ ახალი რეფორმის ფარგლებშიც მინიმალურად იზრდება. 

„დაფინანსება და ხარისხი მიდის ხელჩაკიდებული – არ არსებობს ხარისხის გაზრდა დაფინანსების გაზრდის გარეშე. ეს დაფინანსება კი ძალიან სასაცილოა. მაშინ, როცა ამბობენ, რომ ეკონომიკა იზრდება, დაფინანსება კი საერთოდ არა“, – ამბობს ლელა ჩახაია.

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

ლონდონში გამართულ Banking Tech Awards-ის რიგით 26-ე დაჯილდოებაზე, თიბისი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მფლობელი გახდა, კატეგორიაში – სამომხმარებლო სესხების მიმართულებით ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება.

საუკეთესოდ გამოყენებული ტექნოლოგიები, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის მომენტალური პროცესი – ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე – ყველა ამ კომპონენტში თიბისი საუკეთესოდ აღიარეს ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან J.P. Morgan. DBS Bank, Deutche Bank, HSBC და სხვები.

ეს ჯილდო თიბისი ტექისა და FCL გუნდების უდიდესი ძალისხმევის შედეგია.  გამარტივდა და დაჩქარდა სესხის მიღების მთელი ციფრული პროცესი. ციფრული არხების ოპტიმიზაციამ, მთელი პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადა.

თიბისის მომხმარებლებისთვის, რეკორდულად სწრაფად, სამომხმარებლო სესხის 70% გაიცემა 5 წუთზე ნაკლებ დროში.

ხელოვნური ინტელექტის მოდელის დახმარებით, ბანკმა შესაძლებლობა მისცა თვითდასაქმებულებს, რომ აიღონ სესხი.

სესხის მოცულობის 80% გაიცემა ციფრული არხებით. ამასთან, გაჩნდა წინასწარ დამტკიცებული შეთავაზებები, რაც თანხის მიღებას ამარტივებს.

დაინერგა კომუნიკაციის ავტომატიზირებული სისტემები, რაც ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და აუმჯობესებს მომხმარებელთან უკუკავშირს.

თიბისისთვის ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან Banking Tech Awards ფინანსურ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმაა.

ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ თიბისი ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე ქმნის სტანდარტებს, საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა!

Exit mobile version