ბათუმი,სიახლეები

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

28.05.2025 •
რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

„მუჭისოდენა თუა [ნასვრეტები], გამოიცვლება“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენმა მამუკა ჟღენტმა, რომელსაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე დაგებული ახალი ფილების შესახებ ვკითხეთ.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება, ასევე ტროტუარის მოწყობა დასრულებულია. ეს მონაკვეთი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2025 წლის 25 მაისს გახსნეს.

მერიის მიერ გავრცელებული კადრებით „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფეხით ძირითადად ავტომანქანების სავალ ნაწილზე დაგებულ ასფალტზე გაისეირნეს. რეაბილიტაციაც, სხვა სამუშაოებთან ერთად, აქ სწორედ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას გულისხმობდა.

მერიის ვიდეოკადრებში აქცენტიც სწორედ ასფალტზე იყო გადატანილი. ტროტუარებზე კი ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ ახალდაგებულ ფილებს ბევრგან ღრმულები აქვს, ამოტეხილია, კიდეები კი – დაზიანებული.

ახალი ფილების ხარისხზე, მათ შორის, დიდი ზომის ნასვრეტებისა და ღრმულების გამო მოქალაქეებს კითხვები რომ გაუჩნდათ, ეს სამუშაოს შემსრულებელმაც იცის, თუმცა მამუკა ჟღენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას დეფექტი ჯერ არ დაუფიქსირებია.

„ეს არის ტრავერტინი, ბუნებრივი ქვა, ნასვრეტები არის ბუნებრივი, თვითონ ქვის სტრუქტურაა ასეთი. დიდი თუა ეს [ნასვრეტი] და ქვას რთული სიტუაცია თუ აქვს, ეს გამოიცვლება. არც უნდა იყოს დიდი ნასვრეტებით – შეიძლება ხელოსანს გამოეპარა სადმე დაგების დროს.

რამდენიმე ფოტო დაიდო – 4 ფილის ფოტოსურათი, მაგრამ ჯერ უნდა მაჩვენოს ვინმემ, სად არის? მილიონ ფილაში სად უნდა ვეძებო ასეთი ფილა?“ – გვიპასუხა მამუკა ჟღენტმა. ის კომპანია „ბონდი 2009“-ის დაკვეთით, ქვეკონტრაქტის საფუძველზე მუშაობს.

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

კომპანია „ბონდი 2009-სა“ და ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს შორის ხელშეკრულება 2025 წლის თებერვალში გაფორმდა. ბათუმში გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე  ბიუჯეტიდან სულ 12 მლნ 518 999 ლარი დაიხარჯება.

ამ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული ტროტუარების სამშენებლო სამუშაოებიც.

ტროტუარის ფილებზე რა ზომის ნასვრეტებია დასაშვები? – სამუშაოს შემსრულებელი ამბობს, რომ ამ კუთხით ტექნიკური ინსტრუქცია არ არსებობს:

„მერიამ რომ არ მომთხოვოს, მე თვითონ შევცვლი, დიდი თუ არის, არ სჭირდება ამას მერიის მოთხოვნა. პატარ-პატარა ნასვრეტები ვერ გამოიცვლება, რადგან მაშინ ტრავერტინი არ უნდა გამოვიყენოთ საერთოდ. მთავარია, არ იყოს დიდნასვრეტებიანი ქვები.“

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

ჯერ ფილების დაგება დასრულებული არ არის და არც მერიას ჩაუბარებია სამუშაოები. როგორ უნდა შემოწმდეს შესრულებული სამუშაოს ხარისხი? – ვკითხეთ ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს. უწყების პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა საბოლოოდ აქ არავინ გვიპასუხა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  „საპროექტო გზის ორივე მხარეს ეწყობა ცვალებადი სიგანის ტროტუარები, რომლებზეც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტრავერტინისა და ბაზალტის ფილების 70/30% კომბინირებული საფარის მოწყობა 4 სმ სისქით, 10 სმ სისქის ქვიშა-ცემენტის ხსნარზე და 12 სმ სისქის ფრაქციული ღორღის საფუძველზე“.

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

ახალი ფილები ბათუმში, რუსთაველის ქუჩა – 28.05.2025

რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი [მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე] გახსნილია, თუმცა ამ ეტაპზე გადაკეტილი რჩება რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში. ოფიციალური ინფორმაციით ეს მონაკვეთიც მაქსიმუმ 15 ივნისამდე უნდა გაიხსნას.

სამუშაოები, რომელიც ბაქოს ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, შემოდგომაზე გაგრძელდება.

სამუშაოებზე ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: