სიახლეები

ქვაფენილიანი ქუჩების მომავალი ბათუმში

04.11.2016 • 2866
ქვაფენილიანი ქუჩების მომავალი ბათუმში

ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ქვაფენილიანი ქუჩების საკითხის მოგვარებაზე იმსჯელოს. ასეთი ქუჩების უმეტესობა ამორტიზებულია, ზოგი მონაკვეთი ხშირად გამოდის მწყობრიდან; ამოცვენილი ქვები, როგორც ავტომანქანის მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს უქმნის საფრთხეს; გართულებულია ქვაფენილების წმენდაც თოვლიან ამინდში. ქუჩების მოვლა-შენახვაში ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 250 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ვფიქრობ, რომ ქვაფენილიან ქუჩებთან დაკავშირებით რაღაც პროექტი შედგება. ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებზე, ჩემი ინფორმაციით, ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს. არ ვამბობ, რომ ეს ქუჩები შეიცვლება, უბრალოდ, ახალი პროექტი გაკეთდება და, ალბათ, მოწვეული სპეციალისტები – პროექტის ავტორები, მოგვცემენ რჩევას, ქვაფენილების კუთხით რა შეიძლება გამოსწორდეს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ირაკლი დევაძემ, ბათუმის მერის წარმომადგენელმა ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში. მასთან აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის მისაღებად, მერიის პრესსამსახურმა გადაგვამისამართა. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ირაკლი დევაძის თქმით, ამ ეტაპზე დეტალები მისთვის უცნობია, გარდა იმისა, რომ „ჩამოვა მონიტორინგის ჯგუფი, დააპროექტებენ აღნიშნულ ქუჩებს და ქალაქის მერთან და არქიტექტორთან ერთად გადაწყვეტენ, რა როგორ გაკეთდეს. შესაბამისად, შემდეგ დადგება დაფინანსების საკითხიც. ამ ეტაპზე წინასწარ ვერაფერს გათვლი“.

ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, როგორც ირაკლი დევაძე ამბობს, დღის წესრიგში იმ ქვაფენილიანი ქუჩების საკითხიც დადგება, რომლებიც ხშირად ზიანდება: „შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არის ქუჩები, რომლებიც კარგად არის გაკეთებული და იშვიათად ზიანდება. მაგალითად, გოგებაშვილი და რუსთაველი“.

ქვაფენილიანი ქუჩების მოვლა-პატრონობა – გარდა ამოცვენილი ქვების ადგილზე ჩალაგებისა _ მის მოხრეშვასაც გულისხმობს [რამაც ქვები წესით უნდა გაამაგროს]. ეს წვრილი ზომის ხრეში კი ხშირი წვიმების დროს სანიაღვრე ქსელში ხვდება, რაც აფერხებს წყლის გამტარიანობას.
გზებზე დაყრილი ხრეშის გამო ქუჩების დატბორვას გამორიცხავს ქალაქის მერის წარმომადგენელიც და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალიც“. სანიაღვრე ქსელის გამართულად მუშაობაზე სწორედ „ბათუმის წყალია“ პასუხისმგებელი.

„ეს ხრეში უნდა მოიყაროს აუცილებლად და ის ცხაურებში ხელს არ უშლის წყლის გატარებას. თანაც ხრეში წვიმაში არ იყრება, იყრება იმ შემთხვევაში, თუ ამინდია. რომელ ქუჩებსაც ვხრეშავთ, ამას ვატყობინებთ „ბათუმის წყალს“ და პარალელურად ისინი წმენდენ სანიაღვრე არხებს ამ ქუჩებზე. რაღაც ნაწილი, მართალია, ხვდება ცხაურებში, მაგრამ ეს ძლიერი წვიმის დროს… დატბორილი ძველი ბათუმი არ გინახავთ, ალბათ, თუ წარღვნა არ მოხდა და თუ მოხდა, ეს სტიქიაა უკვე, რასაც უნდა შეებრძოლო“, – აცხადებს ირაკლი დევაძე.

„კომპანიისთვის სანიაღვრე არხების გაწმენდის ინტესივობის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქუჩა ასფალტის საფარითაა დაფარული, თუ ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ტარდება და მოხრეშილ ქუჩებზე განსაკუთრებული პრობლემები არ არის“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.

მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერში გასულ წელს მხოლოდ კომპანია „მონოლითი 2005“ მონაწილეობდა. კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა კიდეც და მერიამ მასთან ერთწლიანი კონტრაქტი 255 ათას ლარზე გააფორმა. ამ თანხის მიღების სანაცვლოდ კომპანიას ბათუმში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა დაევალა.
თავიდან განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა და თანხაც დაკორექტირდა.

მიმდინარე წლის მაისის თვეში ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სადაც აღნიშნულია, რომ „ამოწურულია ტროტუარებზე დაგებული დაზიანებული ფილების შეკეთება-შეცვლის სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, თუმცა ფილები საჭიროებს შეცვლა-შეკეთებას“. ამიტომ, ქვაფენილიანი ქუჩების შეკეთებისა და მოხრეშვისთვის გათვალისწინებული თანხა [შესაბამისად, ამ ქუჩებზე სამუშაოებისს მოცულობაც] შემცირდა და ტროტუარებისთვის იქნა გამოყენებული.

ბათუმი, ქვაფენილიანი ქუჩა

ბათუმი, ქვაფენილიანი ქუჩა

სექტემბრის თვეში კი აღმოჩნდა, რომ ამჯერად ქვაფენილიანი ქუჩების შეკეთებისთვის აღარ იყო საკმარისი თანხა, ამიტომ ისევ შევიდა ცვლილება ხელშეკრულებაში და გადანაწილდა თანხები.
მთლიანობაში კომპანიამ, დღევანდელი მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი [ქვაფენილის ღირებულების გარეშე] – სულ 8 598 კვ.მ. ხოლო ქვაფენილიანი ქუჩების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გამაგრება – 23 586 კვ.მ-ის. ამ სამუშაოების შესრულებაში კომპანია 178 ათას ლარს აიღებს.

ირაკლი დევაძის თქმით, „მონოლითი“ მოვლა-პატრონობის მხრივ ძალიან ჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, მონიტორინგს კი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფი ახორციელებს“.

„ჯეროვნად შესრულებულს“ ვერ უწოდებ, მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოს. 8 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამუშაო ჯგუფმა ამ ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთი შეაკეთა, თუმცა შეკეთებული მონაკვეთები ისევ დაზიანებულია.
შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვით, „მონოლითი 2005“-ისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 236 954 ლარი, ანუ იანვრამდე მხოლოდ 18 ათასი ლარის სამუშაოა შესასრულებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: