განათლება,მთავარი,სიახლეები

კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე

28.10.2025 •
კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე

„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.

მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული რეფორმით ემუქრება უნივერსიტეტებს. რა დარჩება მაგალითად ილიაუნისგან, თუკი ეს ცვლილება განხორციელდა?

ეს რეფორმა მარტო ილიას უნივერიტეტს არა, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს ეხება და კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამას მოჰყვება. რეფორმის ავტორები, რომელთა შორის საერთოდ არ არიან  საუნივერსიტეტო სფეროს წარმოამდგენლები, ამბობენ, რომ ევროპული, დასავლური ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შევთავაზოთ ქართველ ახალგაზრდებს, რომ სხვაგან არ დასჭირდეთ წასვლაო. ამ დროს რას აპირებენ? ყველაზე დასავლური სტანდარტების უნივერსიტეტს, რომელიც საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ქვეყანაში პირველია საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტებისა თუ ინტერნაციონალიზაციის ხარისხით, „ჰპირდებიან“, რომ 70-იან წლებში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ იყო, იმის პროფილს დაგიტოვებო.

წარმოუდგენელი რაღაცაა.

იმ სამგვერდიან დოკუმენტში, რომელიც წარმოგვიდგინეს, საერთოდ არ არის ლაპარაკი თანამედროვე უნივერსიტეტების განვითარების კანონზომიერებაზე. იმაზე, ტექნოლოგიური პროგრესი რა გამოწვევების წინაშე დააყენებს უნივერსიტეტებს და რა სტრატეგია აქვს ქვეყანას, რომ დაეხმაროს ქართულ უნივერსიტეტებს. ამის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი დოკუმენტში. ამდენად, ის აცდენილია თანამედროვე საუნივერსიტეტო განვითარების ლოგიკას.

  • წარსულში დაბრუნება რომ პროგრესი ვერ იქნება ფაქტია, არა? 

ცხადია. დღეს 21-ე საუკუნეში, იმაზე კი არ გვესაუბრებიან, როგორ დავძლიოთ მცირერესურსიან ქვეყანაში უნივერსიტეტების გამოწვევები, არამედ „გვპირდებიან“, რომ გაყიდიან საუნივერსიტეტო შენობებს და რეფორმას ამის ხარჯზე „გაატარებენ“.

ამ დროს დღე არ გავა ბრიფინგი არ გამართონ, როგორ დაიჭირეს ადამიანები, რომლებსაც საგანმანათლებლო სფეროში ინფრასტრუქტურული ვალდებულებები ჰქონდათ და არ შეასრულეს. ორი თვის წინ იყო, რომელიღაც მინისტრის ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი დაიჭირეს, რომელმაც 35 თუ 38 მილიონის ტენდერები მოიგო, სკოლები და ბაღები უნდა აეშენებინა, მაგრამ არაფერი გააკეთა და ხუთი წლის თავზე იჭერენ ამ კაცს. ახლა წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის შენობები უნდა გაყიდონ თურმე და მერე უნდა დაიწყონ რაღაცის აშენება.

აქვე გვაქვს მაგალითი, როცა სპორტის უნივერსიტეტი გაყიდეს, ჯერ თქვეს, აქვე უნდა აშენდესო, მერე, როგორც ჩანს, მყიდველს პრობლემები შეექმნა და სპორტის უნივერსიტეტი დღემდე სხვა უნივერსიტეტის შენობაშია შეყუჟული. არ ვაპირებთ, ასეთი ბედი გაიზიაროს ილიას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურამ. 

სპორტის უნივერსიტეტის ყოფილი კანცლერი, ბატონი  ბოჟაძე, ახლა „ქართული ოცნების“ დეპუტატია. ჰკითხეთ, რა გეგმა აქვთ, როდის აშენდება უნივერსიტეტის შენობა და სად. 

ქართული უნივერსიტეტები ურთულეს 90-იან წლებში იქ მომუშავე ადამიანების დიდი ძალისხმევით გადარჩა. არ მგონია, რომელიმე უნივერსიტეტი დათანხმდეს, რომ მათი სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა მიჰყიდოს სახელმწიფომ ვიღაც კერძო პირებს, რომელსაც ხუთი წლის მერე ბრალდებულის სკამზე ვიხილავთ.

სკოლას ვერ ნახავთ, გასარემონტებელი რომ არ იყოს. დაანგრიეს სკოლები და წლებია, ვერ ააშენეს, სამ ცვლაში სწავლობენ ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ფული დიდწილად ევროკავშირის და სხვა დიდი ფონდების მიერ არის გამოყოფილი.

  • ილიაუნის გადატანას რუსთავში მოიაზრებენ, როგორც მოვისმინეთ. რამდენად რეალური იქნება იქ ასეთი მასშტაბური საუნივერსიტეტო ცენტრის აშენება?

სრულიად გაურკვეველია, როგორ წარმოუდგენიათ ეს „იყიდე-გაყიდე“ სწავლისა და კვლევის პროცესის პარალელურად. განსაკუთრებით საინტერესოა, რას უპირებენ წლების განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შეძენილ და აწყობილ ურთულეს ლაბორატორიებს, თუ აღარაა საჭირო კვლევა და მხოლოდ მომსახურების სფეროს მოთხოვნის მიხედვით უნდა „ავაწყოთ“ ახალი პროგრამები?

ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელმაც საკუთარი სახსრებით ააშენა ახალი სასწავლო – ტექნოლოგიები სკოლისთვის, რომელიც უახლესი ლაბორატორიებითაა აღჭურვილი (მილენიუმის პროგრამის ფარგლებში), გვაქვს ამერიკული აკრედიტაციის პროგრამა, სამი პროგრამა  ახლა გადის აკრედიტაციის პროცესს. უზარმაზარი რესურსი ჩაიდო თანამედროვე სტანდარტების მონაცემთა ცენტრის შექმნაში, უძლიერესი პროფესურა გვყავს ამ მიმართულებით და ახლა სახელმწიფომ უნდა ამიკრძალოს ტექნოლოგიის პროგრამები  და დამავალდებულოს, გასული საუკუნის 70-იან წლებში რა პროგრამებიც იყო, ისაა შენი ტრადიციაო? აბსურდია! 

  • სტუდენტების მიღებასაც ხომ თავისი ლიმიტი აქვს?

ამას რომ თავი დავანებოთ, ქართულ საუნივერსიტეტო ტრადიციას თავისი „მეხსიერების ადგილები“ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. წაიკითხონ აკაკი შანიძის, ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და სხვების წერილები უნივერსიტეტის გახსნის წინ, 1918 წელს, ნახონ რას ეფუძნებოდა მათი არგუმენტაცია, როგორ წარმოედგინათ საუნივერსიტეტო განათლების განვითარება. არ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით დაანგრიო ყველაფერი ისე, რომ არავის დაეკითხო. მათ შორის იმ სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა „გაჯანსაღებასაც“ აპირებ.

ეს რეფორმა გულისხმობს საგანმანათლებლო სექტორში სახელმწიფოს წილის მნიშვნელოვნად შემცირებას. სახელმწიფოს ექნება მინიმალური ვალდებულება და შენ თუ გინდა ისწავლო, ჩააბარე კერძო უნივერსიტეტში, რომლის ღირებულებაც კიდევ უფრო გაიზრდება. და რას ვეუბნებით სტუდენტებს, გორში რომ აგრონომიული, ან პედაგოგიური  გექნება მაინც და მაინც იქ ისწავლე, რადგან იქ დაიბადეო?

პროფესიული იქნება პრიორიტეტულიო რომ ამბობენ, კონკურენცია პროფესიულ განათლებაზე ნამდვილად არსებობს საქართველოში, ოღონდ კარგ პროფესიულ განათლებაზე. სცადეთ და ჩაეწეროთ კულინარიის აკადემიაში თავისუფალ უნივერსიტეტში, სამი და ოთხი სემესტრის ადგილები უკვე შევსებულია, მაგრამ მთელი საგანმანათლებლო სისტემა რესტორნების მომსახურე პერსონალად ხონ ვერ იქცევა? მეცნიერება და კვლევაც სჭირდება დანარჩენ საქართველოს.

კი ბატონო, ააშენონ რუსთავში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ააშენონ ბიოქიმიური ლაბორატორიები, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და არ მიუწვდება ხელი უნივერსიტეტებს, იყოს ის ხელმისაწვდომი ყველა უნივერსიტეტისთვის, საერთო საცხოვრებელი ააშენონ სტუდენტებისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო საცხოვრებლის აშენების გეგმა, ადგილიც გვაქვს, რომელზეც ავარიული შენობა დგას, მასში ლტოლვილები ცხოვრობენ. ვთხოვეთ მერიას დახმარება, რომ გაგვიცვალონ ნებისმიერ სხვა ადგილზე და იქ ავაშენებთ, მაგრამ სამწუხაროდ, უარი გვითხრეს. 

ქუთაისი რა, მზად არის, რომ ამდენი სტუდენტი მიიღოს? ის ქუთაისელი თბილისში ჩამოდის, რომ რამე სამსახური იშოვოს. რამე მოამზადეს საამისოდ? ყველაფერი ბუნდოვანია, გარდა ერთისა: შენობებს გავყიდით. 

  • ასეთი პარადოქსებიც გვაქვს, სამწუხაროდ.

დოკუმენტში უწერიათ, რომ სწავლება და კვლევა მჭირდოდ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთანო.  მეგონა ილიაუნი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად იქნებოდა დასახელებული, იმიტომ, რომ საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია საქართველოში ინტერნაციონალიზაციის ყველაზე მაღალი ხარისხით, 14 ორმაგი და ერთობლივი ხარისხის პროგრამა მოვამზადეთ ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად გავცემთ დიპლომებს. საქართველოს უნივერსიტეტები თუ იკავებენ 1200-დან 1500-მდე ადგილს საერთააშორისო რეიტინგებში, ილიაუნი ძალიან მნიშვნელოვანი დარგების მიხედვით 350-დან სადღაც 600-მდე უნივერსიტეტებს შორისაა კვლევის ციტირებით და გავლენით. და რა? უნდა ამიკრძალონ ამ ყველაზე წარმატებულ დარგებში პროგრამების ქონა? სხვათა შორის, ამ პროგრამებს უკვე გავლილი აქვს აკრედიტაცია 6 წლით. 

ერთი მხრივ, ამბობენ, კვლევა და საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებია ჩვენი პრიორიტეტიო და გვიპირებენ გადვაბრუნონ საბჭოთა კორუმპირებული პედინსტიტუტის „პროფილში“.

  • თუ ეს ყველაფერი მოიშალა, თქვენი პროგრამები ხომ აღარ იქნება თანხვედრაში დასავლურ მოდელთან. გამოდის, ყველაფერი ჩამოიშლება?

რომელ დასავლურ მოდელზეა ლაპარაკი. ბოლონიის პროცესსაც გამოვეთიშებით საერთოდ – მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სახელმწიფო მის მიერ შექმნილ სისტემებს მთლიანად აუქმებს. თუ ასე მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, სად რა პროგრამა იქნება, ხარისხის ეროვნული ცენტრი რაღა საჭიროა? ან ხომ არ გგონიათ, რომ ასეთი ცენტრალიზებულად დაგეგმილი საბჭოური პროგრამებით დარჩება საქართველო საერთაშორისო სააკრედიტაციო ასოციაციების წევრად? 

არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრები და მაღალი რგოლი განსაზღვრავს, რომელ უნივერსიტეტში რომელი პროგრამა უნდა იყოს. სახელმწიფოს ამისთვის აქვს სტრუქტურები, მათ შორის ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელიც ადგენს ხარისხის რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამა.

სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, შეუძლია განსაზღვროს პრიორიტეტული დარგები და უნდა დაუკვეთოს უნივერსიტეტებს, აკონტროლოს, რამდენად ხარისხიან განათლებას აძლევენ სტუდენტებს, მაგრამ ამათ ახლა გადაწყვიტეს, თვითონ განსაზღვრონ, რომ თურმე ახალი „მეთოდოლოგია“ შემოიტანონ:  ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს ერთ ქალაქში. საბჭოთა კავშირშიც კი არ იყო ასე.

არანაირ მოდელში ეს არ ჯდება.

სკოლებში მე-12 კლასი უნდა გავაუქმოთ, ბავშვები მაინც არ დადიანო – იმიტომ არ დადიან, რომ სკოლა ვერ აძლევს განათლებას და მშობლები იძულებულები არიან, ეს განათლება კერძო მასწავლებლებთან მიაღებინონ თავიანთ შვილებს. იმის მაგიერ, რომ სკოლა გააუმჯობესონ, ხურავენ მეთორმეტე კლასს. რა, თქვენ გგონიათ მეთერთმეტე კლასში ივლიან? არა, იქაც კერძოდ უნდა მოემზადონ, ვინაიდან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. და რა გზას მიმართავენ? გააუქმებენ. 

ხელისუფლება ვალდებულია, ნებისმიერი ცვლილების მარეგულირებელი გავლენის შეფასება გააკეთოს. რა შედეგს მოიტანს, რა საფრთხეები და გამოწვევები შეიძლება ახლდეს ცვლილებას და ასე შემდეგ. ამათ კი ახლა დაამტკიცეს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ახალი სახელმძღვანელოები დაბეჭდეს, მათ შორის მე-12 კლასის, 20 მილიონი მარტო მსოფლიო ბანკის გრანტი იყო, დანერგეს, დითირამბებს უმღეროდნენ, რა კარგიაო და ახლა ამბობენ, რომ თურმე ეს არ ვარგა და უნდა გავაუქმოთო.

სახელმწიფო ვერ ახერხებს მის მიერ დაწესებული სტანდარტის განხორციელებას, რომელიც მართლა თავსებადია საერთაშორისო სისტემასთან და ჩაკეტილი საგანმანათლებლო სისტემით იქნებიან თავსებადი მსოფლიოსთან?

თავი რომ დავანებოთ გლობალიზაციის ეპოქას, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არასდროს ყოფილა ჩაკეტილი.

შუა საუკუნეებშიც კი, ათონის მთაზე კოპტები, ეთიოპები, ბერძნები, სირიელები, ქართველები და სომხები რომ გვერდიგვერდ ეკლესიებში მოღვაწეობდნენ  და ერთსა და იმავე ტექსტებს თარგმნიდნენ, სწორედ გახსნილი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებით მუშაობდნენ. ახალი და მნიშვნელოვანი ტექსტი რომ დაიწერებოდა, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ეფრემ მცირე და სხვები, ცდილობდნენ, ეთარგმნათ, „გადმოეტჳფრათ ჩუენსა ენასა ზედა“, ბერძნულ-რომაულ, სირიულ, არაბულ და სომხურ კულტურებთან ინტენსიური თანამშრომლობით ვითარდებობდნენ და 21-ე საუკუნეში ვამბობთ ამაზე უარს? არ შეიძლება ასე დაუფიქრებლად, სწორედ ტრადიციისა და ისტორიის გათვალისწინების გარეშე შეცვალო საგანმანათლებლო სისტემა “იყიდე-გაყიდეთი“. 

სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც არ აქვთ 12-წლიანი სწავლება. რუსეთიც კი გადადის 12-წლიან სწავლებაზე.

ჩვენ 20 წელია ბოლონიის პროცესის ნაწილი ვართ, „ერაზმუსის“ თაობები გვყავს უკვე ქვეყანაში, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებში ატარებენ 1 ან ორ სემესტრს და ჩვენი პროგრამები თავსებადია.  და ახლა უნდათ ყველაფერი წყალში ჩაყარონ?  ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ.

ეს რეფორმა არის იზოლაციის საშიშროება მთელი ცივილიზებული სამყაროსგან. მიუღებელია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ჩახსნა აქედან.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლა საპოლიციო რეჟიმის პირობებში, როცა მიტაცებულია ხელისუფლება, პარლამენტი, საზოგადოების ნაწილი კი არჩევს დუმილს?

ერთადერთი საშუალება, რაც ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოებას გაგვაჩნია ამ ბრძოლაში, არის მტკიცე აკადემიური პოზიცია იმის დასაცავად, რასაც ამდენი ხანია ვაშენებთ. ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა. მართლა წითელი ხაზია, რომლის იქეთ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება ფეხზე დადგება. არა მგონია ამაზე უფრო ცინიკური რამ საუნივეტსიტეტო სივრცეში მომუშავე ადამიანებისთვის, ვიდრე ეს დაანონსებული ინფრასტურტურის გაყიდვა. არ მახსენდება მსგავსი ვაჭრობა საგანმანათლებლო სივრცეში.  

რთული იქნება, მაგრამ აკადემიური სიმტკიცით დავიცავთ ჩვენს პოზიციას.

აკადემიურ საზოგადოებას ვერ დააშანტაჟებ სახლში გადამალული ოქროს ზოდების ან დოლარების გამოფენით. ჩვენი სიმართლე ჩვენი ძალაა და ვითხოვთ გაიხსნას ინკლუზიური დიალოგი ამ საკითხებზე. ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ ჩვენ გარეშე! 

უნივერსიტეტის რეფორმის შესახებ გადაწყვეტილებები არ მიიღება ძალოვანი მინისტრების კომისიაზე. მოვითხოვთ, გაიხსნას ღი სადისკუსიო სივრცე განათლების საკითხებზე, ეს არის ჩვენი მიზანი.

  • ღიაობა რომ სდომოდათ, ამ კონცეფციის დაწერამდე ხომ გაიგებდნენ სამეცნიერო საზოგადოების აზრს?

ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა. მე-19 საუკუნეში დაიწყო ჩვენი მთავარი ეროვნული პროექტი და რუსეთის გუბერნიიდან დამოუკიდებელ ქვეყნად ვიქეცით არა პოლიტიკური, არამედ სწორედ დიდი საგანმანათლებლო პროექტით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით“.  ამიტომაც არის განათლება მთავარი ეროვნული იდეა ამის ასე შეცვლა არავის არასდროს არ გამოუვიდა, მათ შორის, ყველაზე ავტორიტარულ საბჭოთა კავშირსაც კი.

უნივერსიტეტი ყველაზე ჩაკეტილ საბჭოთა პერიოდშიც კი რჩებოდა ერის, ქვეყნის შეჭიდულობის გარანტად, რომელშიც 14 აპრილი გახდა შესაძლებელი, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა მაშინ. ქართული ენის სახელმწიფოებრივი ფუნქციის დაცვას ვგულისხმობ, როცა თითქოს საბჭოთა ჭაობში მიძინებულმა ქვეყანამ თქვა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ეს სიცოცხლე, პირველ რიგში, ამ უნივერსიტეტშია.

ამიტომაც არიან ვალდებული, დაგველაპარაკონ და ჩვენი ბედი არ გადაწყვიტონ ჩვენ გარეშე!.

  • როგორც ვიცით, უცხოელი სტუდენტების მიღებაც აეკრძალება უნივერსიტეტებს. რას ამბობენ ამაზე თქვენი უცხოელი პარტნიორები?

ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო სამეცნიერო კავშირები აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. ჩართული ვართ არაერთ დიდ პროექტში, იქნება ეს სიცოცხლის ბარკოდირება თუ კლიმატის გლობალური ცვლილების პროექტები თუ სხვა; აი, ამ ცოცხალი პროცესების და ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია უნივერსიტეტი, მით უმეტეს, ჩვენნაირი მცირერესურსიანი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა. დღემდე ყველა დიდი სამეცნიერო პროექტი სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ამ კავშირების დაკარგვა მომაკვდინებელი იქნება უნივერსიტეტებისთვის.

ჩვენ გვყავს 17 000 სტუდენტი და აქედან დაახლოებით 900-მდე სტუდენტი უცხოელია. რა კვლევას დაეყრდნენ, როცა ამბობენ, რომ ეს ცუდია სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის? ხომ არ არის ეს უნივერსიტეტების ფინანსური კონტროლის მექანიზმი? ეკომიურად მთლიანად დამოკიდებული გახადონ სახელმწიფო დაფინანსებაზე  და ამით კონტროლის უფლება მოიპოვონ?

უნივერსიტეტის არსებობა, ორი მთავარი რამის – ინსტიტუციური ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების გარეშე შეუძლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: