მიწის უფასო [სისტემური] რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ გაგრძელდება, ხოლო მიწის აღიარების კომისიებს მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილება ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, ახალი წლიდან, თვითნებურად დაკავებული მიწის სპორადული წესით [მიმართვის საფუძველზე] რეგისტრაციას საჯარო რეესტრი გააგრძელებს. რეგისტრაციის ფასი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
„ოცნების“ პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] 2027 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა. ანუ, მუნიციპალიტეტებში ე.წ. მიწის აღიარების კომისიები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღარ იმუშავებენ.
ცვლილებები შედის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველ იანვრამდე მთავრდება მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია, თუმცა, საჯარო რეესტრი გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციაა, როცა სახელმწიფო თავად აზომავს და არეგისტრირებს მიწას [ყოველგვარი საფასურის გარეშე], ხოლო სპორადული რეგისტრაციისას მოქალაქე თავად მიმართავს საჯარო რეესტრს. ამასთან, თვითნებურად დაკავებული მიწის სპორადული წესით დასარეგისტრირებლად მოქალაქემ დღეს ჯამში 600 ლარი უნდა გადაიხადოს.
ცვლილებების პროექტში კი აღნიშნულია, რომ „სპორადული რეგისტრაციისთვის სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“
ანუ, 2026 წლის იანვრიდან, თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება უფასო აღარ იქნება [რაც აქამდე სისტემური წესით ხდებოდა], ხოლო სპორადული წესით მომსახურებისა და რეგისტრაციის ფასს, რაც დღეს 600 ლარია, მთავრობა ხელახლა დაადგენს. „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ ეს საფასური დღეს არსებულზე [ანუ 600 ლარზე] მეტი არ იქნება.
მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის დასრულებას რაც შეეხება, საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან წყდება ახალი განცხადებების მიღება მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირების მოთხოვნით.
ამასთან, საჯარო რეესტრის განმარტებით, ვისაც დღემდე ასეთი განაცხადი გაკეთებული აქვს და ჯერ მისი ნაკვეთი არ აუზომავთ, ამზომველები ამ ნაკვეთებს აუცილებლად აზომავენ და რეგისტრაციის პროცედურები მისთვის უფასოდ გაგრძელდება.
გაგრძელდება იმ ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაციაც უფასოდ, რომელი ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაციასაც მოქალაქეები მოითხოვენ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. ანუ, ვისაც დღემდე არ მიუმართავს რეესტრისთვის მიწაზე [სისტემური წესით] საკუთრების აღიარებაზე, შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრს იანვრამდე და მათთვის პროცედურები და რეგისტრაცია იქნება უფასო.
ახალი ცვლილების მიხედვით:
„2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას. 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, სააგენტო, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს მუნიციპალიტეტებში [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას;
მუნიციპალიტეტებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება, აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა;
საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც დადგენილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისთვის. ამ მიზნით, კანონპროექტში მიეთითება კანონის კონკრეტული ნორმები, რომლებიც გავრცელდება ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
კანონში ცვლილების ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება და სააგენტოში წარდგენილი განცხადების განხილვა დასრულდება აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით;
მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „კანონის პროექტის მიზანია, აგრეთვე, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.“
აქ აღსანიშნავია, რომ ამ პირებს სისტემური რეგისტრაციის პერიოდში შეეძლოთ ნაკვეთი უფასოდ დაერეგისტრირებინათ, იანვრიდან კი, როცა ცვლილებებს დაამტკიცებენ, მათ დარეგისტრირება უფასოდ აღარ შეეძლებათ. ამასთან, საჯარო რეესტრის განმარტებიდან თუ ამოვალთ, ამ პირებმა უფასოდ მიწის დარეგისტრირება რომ შეძლონ, ამისთვის მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო – შეუძლიათ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მოითხოვონ ნაკვეთის რეგისტრაცია სისტემური წესით.
ვისაც დღემდე არ მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით, მათ შეუძლიათ იანვრამდე ეს მოთხოვნა ელექტრონულად, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე, შემდეგ კი – გრაფაში „ამიზომე ნაკვეთი“, სადაც გაივლით ავტორიზაციას.






