პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ „აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში და არა თავისუფალ სამყაროში“.
დღეს, 12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.
„ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს, ქვეყნის ინტერესების დასაცავად უნდა ესაუბროს ყველას;
რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებს, მათ შორის – ისეთებს, რომლებსაც ქართული საზოგადოებისგან განსხვავებული ისტორიული არჩევანი აქვთ გაკეთებილი.
საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება შეიძლება ესაუბროს ჩვენს ოკუპანტს და ცივილიზაციურ მტერსაც, ოღონდ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და არა მტრის ვასალობასთან შეგუების, საზოგადოების დემორალიზებისა და დეზორიენტირების პროპაგანდის გაგრძელება.
ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, ევროკავშირს ქართული სახელმწიფოსა და იდენტობისთვის საფრთხედ ნათლავს და ამის ნაცვლად, იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც ვერც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოვიპოვებთ და რუსეთის აგრესიისგანაც ყველაზე დაუცველები დავრჩებით.
აშხაბადის შეხვედრაც პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს ერთდერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელსაც ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს და ქართველ ხალხს უტოვებს.
შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან იზოლირებული და რუსეთის გავლენის სფეროში ჩარჩენილი საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გარდაუვლად დაკარგავს, თუ ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენს თავში არ ვიპოვეთ ძალა, რომ რეჟიმი შევცვალოთ.
დამოუკიდებლობის გადარჩენის გზა არის ერთი, რეჟიმის ცვლილება და ის აუცილებლად შეიცვლება,“ – ნათქვამია „ფედერალისტების“ განცხადებაში.

მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება.
ფორუმს ასევე ესწრებიან: ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები.






