რუსეთმა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი გახსნა.
დეფაქტო აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენდირექტორი ასტამურ ახსალბა ამბობს, რომ ახალი ტერმინალიდან სატესტო ტვირთებიც შესრულებულია.
მისი თქმით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მეზობლობის გამო, თუმცა მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია და რამდენიმე თვეში სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას.
ასტამურ ახსალბა ასევე ამბობს, რომ „აფხაზეთი თავისი „ისტორიული ჰაბის“ ფუნქციას აღადგენს და გალის რაიონში მდებარე ტერმინალი რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის სატრანზიტო სქემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა“.
10 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აშენდა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი საიდუმლოდ, ისე, რომ ოფიციალურ თბილისს ამ თემაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„მე არ ვიცი. ჩვენი მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ „ქართული მხარე ტვირთებს არ გაატარებს“.
როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის ამუშავება თბილისმა წლების განმავლობაში არ შეიმჩნია და პოზიცია არ გამოხატა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეს და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.
- ქალბატონო თეონა, შესაძლებელია, რომ ოფიციალურ თბილისს არ სცოდნოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის შესახებ?
ბუნებრივია, შეუძლებელია არ ცოდნა იმის, რასაც ენგურის ხიდს მიღმა ყველა ხედავდა და რაც მათ შორის, 2023 წლიდან დრონით გადაღებული კადრები ქართული ტელემედიით გადაიცა. ამას გარდა, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სპეცსამსახურები, რომელსაც ამის შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე უნდა ჰქონოდა.
თუმცა ოფიციალური თბილისის დუმილი ბევრად დამაფიქრებელი მგონია ამ საკითხზე, ვიდრე არცოდნაზე აქცენტი და მაგონებს სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ჯერ რუსეთისთვის გადაცემაზე რეაგირების არქონას, რასაც მოჰყვა მოგვიანებით ამ აეროპორტის უკანონო მშენებლობა და მისი გახსნა. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გადაცემის საკითხსა და ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი ფლოტის განთავსების გადაწყვეტილებაზე პოზიციის არ ქონას.
მით უფრო მაშინ, როცა ანექსიური პროცესები კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმის პარალელურად გააძლიერა, რაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო და რასაც აქ საგარეო კურსის ღიად რუსეთისკენ შეტრიალება მოჰყვა რუსული კანონების მიღებით, ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის იმავე რიტორიკით, რასაც კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში იყენებდა მეორე ფრონტის ცნობილი ნარატივის სახით.
- რას ნიშნავს ის, რომ რუსეთი გალში სავაჭრო ტერმინალს ხსნის – ეს ეკონომიკური პროექტია თუ უფრო ჰიბრიდული, სამხედრო-ლოგისტიკური ნაბიჯი?
ბუნებრივია, ტრანზიტული ჰაბის პროექტი დროში ემთხვევა რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლის ინტერესს, რუსეთის მესამე ქვეყნებთან ვაჭრობის დასავლეთისგან სანქციების ფონზე. ამაზე ღიად საუბრობს თავად ამ ტრანზიტული ჰაბის გენდირექტორი ოკუპირებულ აფხაზეთში.
თუმცა, იმავდროულად, ეს პროექტი კრემლის უფრო დიდი ჩანაფიქრის ნაწილია და ორი კურდღლის დაჭერის მიზნით აიხსნება.
ესაა ერთის მხრივ სანქციების თავიდან არიდება ამ გზის მეშვეობით, რკინიგზის აღდგენა ჯერ გალამდე, შემდგომ კი დანარჩენ საქართველომდე მისი დაკავშირება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რაც პირდაპირ და ირიბად ითქვა ახსალბას ინტერვიუში; ასევე, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის იძულება ოფიციალური თბილისისთვის, რაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დასაწყისია, და საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის და წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნის შემდეგ ბევრად იოლია და საბოლოოდ სამ სახელმწიფოდ დაშლილ და გაფორმებული საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ დამკვიდრებისთვის გაფორმება.
ბოლო წლებში რუსეთის ანექსიური პროცესების ნიშნები ოკუპირებულ აფხაზეთში და არაოკუპირებულ, თუმცა რუსული გავლენების ქვეშ მყოფ ოფიციალურ თბილისში მკაფიოდ იკვეთება. პროცესის კრემლისთვის წარმატებულად დასრულება დამოკიდებულია პირველ რიგში ხალხის წინააღმდეგობისა და მცდელობაზე, შემდეგ კი რეგიონულ თუ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაქტორებზე.
საგულისხმო იყო, ვფიქრობ, ამ საკითხზე ოცნების დეპუტატ გია ვოლსკი კომენტარი „ფორმულასთან“, რომელმაც თქვა რომ ზოგადად ვაჭრობა კარგია და თუ დიდი სახლემწიფოების შეთანხმება შედგა ამის შესაძლებლობას ხედავს.
ისევე როგორც ირაკლი კობახიძის, რომელმაც აქცენტი ჟენევის შეთანხმებაზე გააკეთა, თუმცა არ თქვა ის რომ გალში საბაჟო ტერმინალი არ უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმების თანახმად ( მხოლოდ ფსოუსა და ზუგდიდში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებოდა საბაჟო პუნქტები) და რომ ის არ ამუშავებულა რუსეთის ნების არ ქონის გამო. წარსულში ასეთ შემთხვევაში დასავლელ პარტნიორებს მიმართავდა მთავრობა მხარდაჭერისთვის, ესეც აღარ თქმულა და ვეღარც ითქმოდა დასავლეთთან დაპირისპირებაში მყოფი კობახიძის მიერ.
ამიტომ ამ ტიპის კომენტარები ან სამომავლოდ ამ გზით განვითარების სცენარის მაჩვენებელია ან კვლავ, ნაცადი ხერხის გამოყენება – წინა ხელისუფლებაზე ტვირთის გადატანით ემსახუროს კრემლის ინტერესებს წულუკიანის კომისიის დასკვნის არ იყოს.
- როგორ შეცვლის გალის ახალი სავაჭრო ტერმინალი უსაფრთხოების დინამიკას საოკუპაციო ხაზზე? ხომ არ გაჩნდება კონტრაბანდის რისკი? ან სამხედრო ტვირთების გატარებას ხომ არ მოითხოვენ?
პირველ რიგში აქ რისკია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. რუსეთს აქვს სანქციებისგან თავის არიდების სურვილი. ამ ტერმინალის არსებობით, რომელიც უკეთეს დროს ელოდება ასამოქმედებლად, იკვეთება “საზღვრის” გალთან გადმოწევის სურვილი.
რუსეთს აქვს რკინიგზის ამოქმედების სურვილიც. რკინიგზის საკითხი, არ არის ჟენევის ხელშეკრულების ნაწილი. ივანიშვილი კი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ლობირებდა რკინიგზის თემას, ისევე როგორც კრემლი 2023 წელს შექმნილი რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს აბრეშუმის გზის ფარგლებში.
[თუ რკინიგზა ამოქმედდება] ეს რუსეთს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს TRIP პროექტით [ტრამპის გზა – სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინიციატივა] შემცირებული რუსული გავლენების დასაბრუნებლად ეკონომიკურ ინტერესთან ერთად.
- თქვენი შეფასებით, ხომ არ ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ როგორმე მიჩქმალოს ეს თემა და არ ილაპარაკოს? რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტის არ შემჩნევა?
ზემოთ შევეხე ამ თემას, თუმცა კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ოცნების ინტერესი, ტერიტორიული მთლიანობის დაზიანების ხარჯზე, ფულის გარდა, პასუხია – კრემლის მხარდაჭერით ძალაუფლების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია მათი დუმილი და დასავლეთის წინააღმდეგ იერიში, რომლის მხარდაჭერაზე იდგა ფაქტობრივად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ინტერესი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკა.
- რა გავლენას იქონიებს ახალი ტერმინალი პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაზე? გალის ტერმინალი ნიშნავს თუ არა, რომ რუსეთი ზეწოლის ახალ ეტაპს იწყებს და როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს თანამშრომლობაზე აშშ-სა და ევროკავშირთან?
იმ შემთხვევაში თუ რუსული პროექტი შედგა, საქართველოს რუსეთის კლიენტ სახელმწიფოდ გაფორმება მოხდება და ალბათ პარტნიორად დასავლეთის ქვეყნების მოხსენიებას ადგილი აღარც ექნება.
თუმცა ალბათ ნაადრევია ამაზე მსჯელობა, სანამ კვანძი საბოლოოდ არ არის გახსნილი, მაგრამ განზრახვა მკაფიოდ იკითხება.
- რა გავლენას მოახდენს ახალი ტერმინალი ადგილობრივ გალელ მოსახლეობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით?
გალის მოსახლეობაზე გავლენას ამ ეტაპზე ვერ შევაფასებ, თუმცა ამ პროექტის განხორციელებას კატასტროფული გავლენას ექნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეროვნულ ინტერესზე. ამიტომ მიმაჩნია სასიცოცხლოდ ამ საკითხზე საუბარი და რისკების შეფასება.






