რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 153 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 342 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 553 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 366 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 539 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 239 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 79 642 ერთეული [+217]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 036 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 994 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 240 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 359 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელი ვენაში პაულ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს

10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პაულ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი .

აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით.

მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში.

დაჯილდოების ცერემონიას ვენაში „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ესწრებოდნენ.

ვენა, 10 ნოემბერი, დაჯილდოების ცერემონია

პაულ ვაიზის ჯილდო დაარსდა რამდენიმე წლის წინ, ავსტრიელი, ჰოლოკოსტსგადარჩენილი იურისტის, პაულ ვაიზის პატივსაცემად.

პაულ ვაიზის ოჯახი 1938 წელს ვენიდან დახაუს ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იყო გადასახლებული, სადაც დაიღუპნენ მისი დედა და და. მან გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მიეძღვნა ლტოლვილების დაცვისათვის.  იგი გახდა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ლტოლვილთა დახმარება. იყო ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის თანაავტორი, მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სამართალს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თავისი მოღვაწეობით მან მილიონობით ლტოლვილს საშუალება მისცა, აეშენებინათ უსაფრთხო ახალი ცხოვრება ახალ სამშობლოში.

„ჩვენ მისია დავისახეთ, გვახსოვდეს ეს დიდი ავსტრიელი. ამიტომ, დავაარსეთ პაულ ვაიზის პრემია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილ გამორჩეულ წვლილს. ამით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ ბევრია გამბედაობის, ადამიანობის და თანაგრძნობის მაგალითი. და უამრავი ადამიანია, ვინც მთელი გულით უძღვნის თავს სხვების დახმარებას – ისევე, როგორც პაულ ვაიზი აკეთებდა ამას“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

11/11 თიბისი განაწილების მორიგი ჯადოსნური დღეა-წყვილი თარიღი, როდესაც შერჩეულ ობიექტებში განსაკუთრებული შეთავაზებები გხვდებათ და განაწილების პროდუქტის სარგებელთან ერთად, დამატებით ქეშბექებს იღებთ.

წყვილი თარიღის შეთავაზების კატეგორიები მრავალფეროვანია და ყოველ წყვილ თარიღში მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით იცვლება. ეს ის დღეა, როდესაც თიბისი განაწილების გუნდს განსაკუთრებით სურს მომხმარებლების გახარება.

11 ნოემბრის შეთავაზება დრესაპის ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი განაწილებით გადახდისას, 30% ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ, ხოლო ისინი, ვინც განაწილების პროდუქტით პირველად ისარგებლებთ, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი დაგიბრუნდებათ.

დრესაპის მაღაზიები, სადაც შეთავაზება იმოქმედებს:

𝗟𝗲𝘃𝗶’𝘀, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻 𝗨𝗻𝗱𝗲𝗿𝘄𝗲𝗮𝗿, 𝗟𝗮𝗰𝗼𝘀𝘁𝗲, 𝗚𝗔𝗡𝗧, 𝗚𝗨𝗘𝗦𝗦, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗛𝗶𝗹𝗳𝗶𝗴𝗲𝗿, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗝𝗲𝗮𝗻𝘀, 𝗟𝗲𝗲 & 𝗪𝗿𝗮𝗻𝗴𝗹𝗲𝗿, 𝗦𝗮𝗺𝘀𝗼𝗻𝗶𝘁𝗲, 𝗩𝗲𝗿𝗼 𝗠𝗼𝗱𝗮, 𝗝𝗮𝗰𝗸 & 𝗝𝗼𝗻𝗲𝘀, 𝗛𝘂𝗺𝗺𝗲𝗹, 𝗠𝗮𝘃𝗶, 𝗚𝗿𝗲𝘆𝗱𝗲𝗿, 𝓔𝒕𝒂𝒎, 𝗧𝗿𝗶𝘂𝗺𝗽𝗵, 𝗞𝗶𝗱’𝘀 𝗚𝗮𝗹𝗹𝗲𝗿𝘆, 𝗝𝗲𝗮𝗻𝘀 𝗚𝗮𝗹𝗹𝗲𝗿𝘆, 𝗙𝗔𝗰𝘁𝗼𝗿𝘆, 𝗔𝘁𝗿𝗶𝗼, Gallery Jeans.

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, 4 თვემდე განაწილებით და “მეტი განაწილებით” გადახდისას. ქეშბექი 26 ნოემბრამდე, ერთგული ლარების ანგარიშზე დაგერიცხებათ.

თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით იხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

„მეტი განაწილების“გამოყენების შემთხვევაში კი, შესაძლებლობა აქვთ ნივთის საფასური 36 თვემდე გაანაწილონ, რა შემთხვევაშიც, საკომისიო თვიური 1.5 %, ეფექტური 35.25% იქნება.

გაანაწილეთ წყვილ თარიღებში, რადგან ამ დროს ყველა სურვილი ჯადოსნურად მარტივად ხდება!

შეთავაზების დამატებითი პირობებისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის – განცხადება

„კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის“ – ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა და მას ხელს საქართველოში მოქმედი 53 ორგანიზაცია აწერს.

„ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს განცხადებას.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

დამოუკიდებელი მონიტორინგის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან და პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მათ შორის, 2020–2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.028 მილიარდი ლარი მიენიჭათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველი პარტიის დონორებთან, ხოლო მათივე შემოწირულებების ოდენობამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული ქმედებები მრავალმხრივია და მოიცავს არაკონკურენტულ შესყიდვებსა და გამარტივებულ ტენდერებს, რომლებიც მიკერძოებულია მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიების სასარგებლოდ, ასევე დასაქმების პროგრამებს, რომლებიც ფორმალურად მიზნად ისახავს მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერას, მაგრამ რეალურად საჯარო სახსრებს მმართველი პარტიის ვიწრო-პარტიული ინტერესების მიღწევისკენ მიმართავს, პარტიული კადრების არაფორმალურ ქსელების დაფინანსების გზით. ასევე  ნიშანდობლივია, საჯარო მოხელეთა არაპირდაპირი, გაუმჭვირვალე ქონებრივი გარიგებები, მათ შორის არაერთი დადასტურებული შემთხვევა დაუფიქსირებელი ქონების შესახებ.

2024–2025 წლებში მხოლოდ ამ ფორმით დაფიქსირდა 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების, მათ შორის, ნაღდი ფულის და უძრავი ქონების გადაცემა თანამდებობის პირებზე. ფორმალურად ეს ტრანზაქციები რეგისტრირდება როგორც საჩუქარი, თუმცა ფაქტობრივად წარმოადგენს ალტერნატიულ კორუფციულ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ლოიალობის შენარჩუნებას და გავლენების სისტემურ განაწილებას. ეს საკითხები არ არის ასახული ანტიკორუფციული ბიუროს 2023–2024 წლების ანგარიშებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს კანონით ევალება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარიგებებზე რეაგირება.

ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები ფორმალური ხასიათისაა, მათში არ ფიქსირდება არც ერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც კონკრეტული ქონებრივი გარიგებების შეფასება. ასეთი  მიდგომა ცხადყოფს, რომ ბიურო რეალურად არ ახორციელებს პრევენციულ ან მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ ემსახურება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებს.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება” საჯაროდ საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, პრაქტიკაში, სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტის და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, რომლებიც მდიდრდებიან გამჭვირვალობის, სამართლიანი კონკურენციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების იგნორირების  ხარჯზე.

ამავდროულად, სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად. დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალებენ  ბიუროს მიაწოდონ მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის,  პირადი მონაცემები, 2024 წლიდან დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე, რაც უპრეცედენტო ჩარევაა სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაში.

2025 წლის 4 სექტემბერს, ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის „მონიტორინგი“,  „გრანტების შესახებ კანონში“ ამა წლის აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან. კონტროლი გარდაიქმნება რეპრესიად, რომელიც ნიღბად იყენებს სამართლიანობას.

ასეთი შერჩევითი ქმედება ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სპობს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობას, გამოთქვან დამოუკიდებელი აზრი ან ხელისუფლებას პასუხი  მოსთხოვონ კორუფციაზე ან სხვა სახის დანაშაულებზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

ყველასთვის ნათელია „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი. მაშინ როდესაც „ქართულ ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს. ეს არ არის  ანტიკორუფციული პოლიტიკა — ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომლითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი“.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ევროპის ფონდი

2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

3. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

4. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი

5. ქალები საქართველოდან

6. სამოქალაქო იდეა

7. თანასწორობის მოძრაობა

8. პრევენცია პროგრესისთვის

9. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

10. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

12. საქართველოს მომავლის აკადემია

13. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

14. მხარდაჭერის და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი

15. დემოკრატ მესხთა კავშირი

16. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი

17. ქართული მედია ჯგუფი

18. მწვანე სექტორი

19. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

20. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

21. უფლებები საქართველო

22. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა

23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

24. გრლზვეივ

25.  ცენტრი კახეთი

26. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”

27. მწვანე ალტერნატივა

28. ჩართულობის და განვითარების ცენტრი

29. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

30. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

31. ა(ა)იპ – ,,შეხვედრის ადგილი – დმანისი”

32. ა(ა)იპ – ახალგაზრდა ფემინისტები

33. მედიის ინსტიტუტი

34. ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაცია

35. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

36. ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / ხელოვნების სახლი

37. საქართველოს ევროპული ორბიტა

38. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

39. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

40. ყვარლის ევროკლუბი

41. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

42. ლომეკი

43. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

44. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

45. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

46. სათემო ფონდი ლელი

47. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

48. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

49. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)

50. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

51. საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი

52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

53. ღია სივრცე კავკასია

______________

ფოტოზე: „არა რუსულ ოცნებას”, – წარწერა ბათუმში, ქვაფენილზე.

მანდატურს მობილური ტელეფონის ჩამორთმევაც შეუძლია – ახალი სათავსოები სასამართლოებში

მას შემდეგ, რაც სასამართლოებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეზღუდა, სასამართლოებში მობილური ტელეფონების სათავსოების მონტაჟი დაიწყეს.

მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოებში შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხდომაზე დამსწრეებისთვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევასაც აპირებს.

2025 წლის ივნისის მიწურულს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომების გაშუქება შეიზღუდა. სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.

ამ შეზღუდვის შემდეგ მედია სასამართლო სხდომებზე ძირითადად მობილური ტელეფონების საშუალებით მუშაობს – ჟურნალისტები ონლაინრეჟიმში უკვე ფოტოს და ვიდეოს გარეშე ვყვებით იმის შესახებ, რაც სასამართლო სხდომაზე ხდება.

ამჯერად ჟურნალისტებს ამ გზასაც მოუჭრის „ოცნება“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით განსაზღვრა საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი. ამ დადგენილების მიხედვით სასამართლოს მანდატურს მობილური ტელეფონის ჩამორთმევის უფლებაც აქვს.

„სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების [მობილური ტელეფონის, აგრეთვე, სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია] შეტანა [გამოყენება] და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს,“ – აღნიშნულია იუსტიციის საბჭოს დადგენილებაში.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, მანდატურები ითხოვენ სხვადასხვა ტექნიკური საშუალების ან ნივთის მანდატურებთან დატოვებას, მაგრამ არა მობილური ტელეფონების და ნოუთბუქების.

ამ თემაზე:

ელექტრომოწყობილობების შეზღუდვა ადვოკატებისთვის არ არის დაგეგმილი — დავით ასათიანი

13 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმების სახით – სამი კვარტალის მონაცემები

სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში 9 თვეში 13 მილიონ 250 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 176,7 პროცენტია. ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობებში „სხვა შემოსვლების“ სახით არის ასახული.

სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში სხვა შემოსავლების 2025 წლის 9 თვის საპროგნოზო მოცულობა 75 მილიონი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ 96 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 128,1%. სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,2%-ს შეადგენს.

ჯარიმები ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშში დიფერენცირებული არ არის. მსგავსი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ წინა წლის მონაცემების შეჯამების შემდეგ, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნდება ანგარიშის სახით, რომელსაც ბათუმის მერია საკრებულოს წარუდგენს. გასული წლის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი  თანხა კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი ჯარიმებით შეგროვდება.

გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემს, რადგან კანონის შესაბამისად გამოწერილი ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.

„ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის“ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში გასულ წელს 50 000 ლარი შესულა. გარდა ამისა, გასულ წელს მუნიციპალური ავტობუსით უბილეთო მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან 172 000 ლარი შეგროვდა ბიუჯეტში, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო კი 6 500 ლარი გადაუხდიათ.

სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, 2025 წლის სამ კვარტალში საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 13 მილიონი ლარი, მათ შორის:

10 მილიონი ლარი პროცენტებიდან, 2 მილიონი ლარი – რენტის სახით, 2 მილიონი – იჯარებიდან;

საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 65 მილიონი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 113,6%-ია;

მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვაზე 5 მილიონამდე ლარია;

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 55 მილიონი ლარი;

სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი – 934 ათასი ლარია, არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლითა და მომსახურებიდან კი ბიუჯეტში 522 ათასი ლარი შევიდა.

მეორე სამსახურის შეზღუდვა საზმაუს და აჭარის ტელევიზიას არ შეეხება – კანონპროექტი

მეორე სამსახურზე შეზღუდვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, მათ შორის „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლებს აღარ შეეხებათ – „შეთავსებით“ მეორე სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ოცნების“ პარლამენტი დაუშვებს. ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2025 წლის პირველი ნოემბრიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ.

„მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების — საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს დროულად მიეცეთ შეთავსებითი სამუშაოს შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია კანონპროექტების განმარტებით ბარათში.

„კანონპროექტის მიღებით, შესაბამისობაში მოვა ორი საკანონმდებლო აქტი და ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების — საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს მიეცემათ შესაძლებლობა განახორციელონ შეთავსებითი სამუშაო,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.

რატომ დაუშვა არალეგიტიმურმა და ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის?

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეთავსების შეზღუდვა არ ითვალისწინებდა გამონაკლისად იმ პირებს, რომლებიც საქმიანობენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – საზოგადოებრივ მაუწყებელში და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, მიუხედავად მათი საქმიანობის სპეციფიკისა. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია… გამონაკლისის დაზუსტება ისე, რომ იგი მოიცავდეს როგორც თბილისის მერთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის განხორციელება.“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მიზანია არა მხოლოდ 3 პარტიის აკრძალვა, არამედ მათთვის მიუღებელი პირების პოლიტიკიდან ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში უამრავ ადამიანს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსად კომუნისტური პარტიისა, ერთპარტიულად შეძლოს არსებობა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ბურჯანაძე. მას „ქართული ოცნების“ სარჩელზე ვესაუბრეთ, რომლითაც იგი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

გიორგი ბურჯანაძე „ოცნების“ სარჩელს ე.წ. სარჩელს უწოდებს, რადგან იგი მთლიანად პოლიტიზებულია, ამის უპირველესი დასტური კი, თავად „ოცნების“ განცხადებებია.

„ეს 3 პარტია, რომლის აკრძალვაც იგეგმება, პირდაპირ არის დასახელებული „ქართული ოცნების“ მიერ, რომ იმიტომ არიან „დასჯილები“, რომ ისინი არ აღიარებენ გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების არაღიარება არ არის პარტიის აკრძალვის საფუძველი,“ – განმარტავს გიორგი ბურჯანაძე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს მთავარი საფრთხეზე – პარტიების აკრძალვის შემდეგ „ოცნებას“ შეეძლება მისთვის პოლიტიკურად არასასურველი ნებისმიერი პირს დააბრალოს აკრძალულ პარტიებთან კავშირი და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.

„ბათუმელებმა“ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

  • ბატონო გიორგი, თქვენი შეფასებით, რა არის სამართლებრივად მთავარი პრობლემა „ოცნების“ სარჩელში, რომლითაც იგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს?

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ე.წ. სარჩელი სცილდება კონსტიტუციური რეგულაციის ჩარჩოს. საქართველოს კონსტიტუცია იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პარტია აკრძალო, მაგრამ კონსტიტუცია ჩამოთვლის ამომწურავ საფუძვლებს. ეს საფუძვლები არის ვიწროდ განსაზღვრული და ეხება შემთხვევებს, როდესაც პარტია წარმოადგენს დემოკრატიისთვის არსებითად საფრთხის შემცველს, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის შუღლის გაღვივებას ეწევა, კონსტიტუციურ წესრიგს ძალადობით ცვლის, ან რეგიონული ნიშნით შუღლს აღვივებს და ასე შემდეგ. ჯერ ერთი, რამე ასეთი ბრალდება არ არის წარმოდგენილი და ეს 3 პარტია, რომლის აკრძალვაც იგეგმება, პირდაპირ არის დასახელებული „ქართული ოცნების“ მიერ, რომ იმიტომ არიან „დასჯილები“, რომ ისინი არ აღიარებენ გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს.

გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების არაღიარება არ არის პარტიის აკრძალვის საფუძველი. „ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ აკრძალვა არ მოითხოვეს, რადგან იგი საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა.

ამას უნდა დავუმატოთ ის საკითხიც, რომ დაჩქარებული წესით შეიცვალა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი, ისევე, როგორც ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ამ ცვლილებების შემდგომ უკვე დაჩქარდა სამართალწარმოება.

მეორეს მხრივ, გაჩნდა ახალი საფუძვლები იმის, რომ პარტიას თუ აკრძალავენ, შემდეგ შეიძლება პარტიის აკრძალვა გამოიყენონ ნებისმიერი პირის მიმართ. ხაზს ვუსვამ – ნებისმიერი პირის მიმართ, იმისთვის, რომ მას ჩამოართვან უამრავი უფლება, მათ შორის პასიური საარჩევნო უფლება, უფლება არჩეული იქნეს შესაბამის თანამდებობაზე.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები აფართოებს საქართველოს კონსტიტუციის ჩამონათვალს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შესახებ, რომლის შესაძლებლობასაც კონსტიტუცია თვითონ არ ითვალისწინებს.

  • გამოდის, რომ თუ „ოცნება“ მიზანში ამოიღებს მისთვის პოლიტიკურად არსასურველ ადამიანს, შეუძლია მას დააბრალოს კავშირი რომელიმე აკრძალულ პარტიასთან და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა?

რა თქმა უნდა. ამ ყველაფრის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ არსებული 3 პოლიტიკური პარტია აკრძალოს, არამედ მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს სამომავლოდ აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.

ჩვენ ხომ მართლა საკონსტიტუციო სასამართლო არ გვყავს? ეს არის რვა წევრისგან შემდგარი სასამართლო, რომლისგანაც დამოუკიდებელი და რეალურად მოსამართლე მხოლოდ ორია [თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე], დანარჩენი ექვსი არის მიკერძოებული, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერენ. ისინი ყველა გადაწყვეტილებაში ეთანხმებიან „ქართულ ოცნებას“. ბუნებრივია, მათ მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია და ეს არ არის მოსალოდნელი.

ეს არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მათ შექმნეს სამ დღეში განხორციელებული ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში უამრავ ადამიანს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსად კომუნისტური პარტიისა, ერთპარტიულად შეძლოს არსებობა.

ამისთვის სპეციალური ვადებიც დაადგინეს: მაგალითად, უკანონო მოსმენების კანონი 2017 წელს განიხილეს და ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული – გადაწყვეტილების მისაღებად ვადა არ არის დადგენილი, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით კი 9 თვეში უნდა იყოს გადაწყვეტილება გამოტანილი.

არსებობს ასევე 14-დღიანი ვადა უკვე კონკრეტული პირების მიმართ. მაგალითად, კონკრეტული პარტიების აკრძალვის შემდეგ გეტყვიან, რომ არ მოსწონხარ და უნდა აგიკრძალონ პასიური საარჩევნო უფლება [უფლება აგირჩიონ რომელიმე არჩევით პოლიტიკურ თანამდებობაზე], საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალებენ ამ პირის საკითხზე გადაწყვეტილებას მიღებას, რისთვის მას 14 დღე ექნება.

თქვენ ხშირად გიწევთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქება. ვერცერთ მაგალითს ვერ გამახსენებთ, რომ 14 დღეში რაიმე საკითხი გადაეწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტასაც კი, სჭირდება ერთი თვე.

  • „ნაციონალური მოძრაობას“ აკრძალვის დასასაბუთებლად „ოცნებამ“ სარჩელში ჩაწერა კონკრეტული საქმეები. არ არის სამართლებრივი არგუმენტი უფლებების დარღვევა პარტიის აკრძალვისთვის?

ცალკე აღებული ადამიანის უფლებების დარღვევა იმ მასშტაბის თუ არ იქნება, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წყობილებასთან, ვერ იქნება პარტიის აკრძალვის საფუძველი. ამ ნაწილში სარჩელი კონსტიტუციურ დადგენილ ფარგლებს ცდება.

გასათვალისწინებელია დროითი ფაქტორი – როდესაც პარტია ხელისუფლებაში აღარ ყოფილა 13 წელია, რისკი მათი მხრიდან, ადამიანის უფლებები დაირღვეს, ნაკლებია. საფრთხისშემცველი პარტია მაშინ არის, როცა მას ხელისუფლება აქვს, როცა შესაბამისი ძალაუფლება აქვს, აქედან გამომდინარე, ეს რისკის მომენტი ცალკე დასაბუთებას საჭიროებს.

„ოცნებას“ უამრავი დარღვევა აქვს ჩადენილი. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, პირველად ისტორიაში, „მაგნიტსკის სიაში“ არის მოხვედრილი „ქართული ოცნების“ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის, ვახტანგ გომელაური. მათ უპრეცედენტო დარღვევები აქვთ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ამ ლოგიკით, მაშინ თავისი პარტიის აკრძალვაც უნდა მოითხოვონ.

ყველა ეს მიზეზი, არგუმენტი, რაც ახლა არის მოფიქრებული, არის პოლიტიკური. წულუკიანის კომისიაც მიზნად ისახავდა, რომ ვითომ საფუძველი მოეფიქრებინათ ამ სარჩელისთვის, ამ ფორმალური პროცედურისთვის.

  • არის თუ არა განსაკუთრებულად საფრთხისშემცველი „ოცნების“ სარჩელში ენმ-ს „დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში“ დადანაშაულება? ეს ქმნის თუ არა ახალ სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლოებს მიღებული აქვთ ამ საკითხზე გადაწყვეტილება

ამ საკითხზე ალბათ უფრო პოლიტიკოსები იმსჯელებენ. ეს ეხება უსაფრთხოების სფეროს.

მსჯელობაც კი, რასაც ჩვენ წულუკიანის კომისიაზე ვისმენდით, საკმაოდ საშიში იყო და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რისკებს შეიცავს.

  • „ოცნება“ თავის სარჩელში საუბრობს ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზეც იმ წლებში, როცა ხელისუფლებაში ენმ-ი იყო. „ოცნებამ“, მაგალითად, „ბათუმელების“ დასახელებას არჩია კონკრეტული ჟურნალისტის ვინაობა დაეწერა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

რა თქმა უნდა, ყველაფერი სელექციურია. „ოცნება“ ხომ მართლა სიმართლის დადგენას არ ისახავს მიზნად?!

ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ მოხდეს ფორმალური არგუმენტების შემოტანა და ფორმალურად ლაპარაკი, რომ აი, რაღაც დაირღვა და ასე შემდეგ.

  • „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ამ სარჩელში „ოცნება“ საერთოდ არ საუბრობს „ლელოს“ და „ახალის“ აკრძალვის არგუმენტებზე. არგუმენტების მითითების გარეშე პარტიის აკრძალვის მოთხოვნა რა სამართალია?

პარტიის აკრძალვას აქვს ყველაზე მაღალი სტანდარტი.

თავის დროზე მსგავსი მექანიზმი არ არსებობდა კონსტიტუციურ სამართალში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩნდება ეს მექანიზმი, იმიტომ, რომ როცა პარტია, რომელიც თავისი არსით დემოკრატიული მიზნისთვის არის შექმნილი, სცდება პარტიულ მიზანს და პირიქით, დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველია, უნდა გაიყვანონ კონსტიტუციური წესრიგიდან.

საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტომ აქვს ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების უფლება და არა ჩვეულებრივ სასამართლოებს, რომ ეს უნდა იყოს გამორჩეულად მაღალი მტკიცების და სტანდარტის მქონე სამართალწარმოება.

„ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების დასჯა. როგორც დასაწყისში გითხარით, პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი არ სჯიან ამ შემთხვევაში გახარიას პარტიას იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ის პოლიტიკურ პროცესს შეუერთდა.

ეს არის მცდელობა მათი მხრიდან იმის, რომ ვინც არჩევნებს არ აღიარებს, დასაჯონ და არა ის, რომ მართლა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებით ვინც არის დაკავებული, მის მიმართ გამოიყენონ სამართლებრივი, კონსტიტუციური მექანიზმი.

  • ამ საქმეს განიხილავს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო. „ოცნება“ კი, სარჩელში ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას“, მაგალითად, „როინ შავაძის საქმის“ გამოც, რომლის პროკურორი იყო ვასილ როინიშვილი. ეს რას ნიშნავს?

ვასილ როინიშვილი ძალიან რთულად შეიძლება ჩაითვალოს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ მოსამართლედ. პირიქით, არაერთი ფაქტით დასტურდება, რომ იგი ყოველთვის ხელისუფლების მაამებლურ გადაწყვეტილებას იღებს. მას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლმსაჯულების გარკვეული ორგანოები ებარა და ვითომ დამოუკიდებელი როლი უნდა შეესრულებინა. ის ამას ვერ ახორციელებდა. იგივე ფუნქციის შესრულება განაგრძო მან „ქართული ოცნების“ დროსაც.

დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვასილ როინიშვილი ალბათ წარბშეუხრელად განაგრძობს საქმიანობას და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ მაამებლური იქნება. ამ ალბათური მსჯელობის საფუძველს მაძლევს ის წინარე, უამრავი მაგალითი, რომელიც არსებობს მასთან მიმართებით.

რაც შეეხება მიუკერძოებლობას – უფრო ალბათ მოსარჩელემ უნდა დაუყენოს ვასილ როინიშვილს აცილების შუამდგომლობა, იმიტომ რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო პროკურორი და ვერ იქნება მიუკერძოებელი.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლო არის წმინდა წყლის დამორჩილებული, რეპრესიული მექანიზმი და მას სასამართლოსთან დაკავშირებული არაფერი არ სცხია ჩემი აზრით, გარდა ორი დამოუკიდებელი მოსამართლისა, რომელსაც დიდი მადლობა ეკუთვნის ამ მძიმე დროებში მათი პროფესიული ღირსების დაცვისთვის.

გრანტის სახით გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი პასუხისგებაში მისცეს.

ამავე წყაროს ცნობით, დაკავებულნი არიან შპს „ელიტმშენისს“  და კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეულის“  ხელმძღვანელი პირები.

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ს აქტივის შექმნისა და 2 000 ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები.

გამოძიებით დგინდება, რომ კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში, კერძოდ: ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან” თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს „ელიტმშენმა“, კოოპერატივ „რკ ქართული ბოსტნეულს“ გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.

თავის მხრივ, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, კოოპერატივმა მიიღო დღგ-ს ფიქტიური ჩათვლა 167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ს თანხა 2 000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქტიური აქტივის 100 000 ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობით ვერ განახორციელეს“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე  ვადით.

რატომ ვერ დაიწყო იაფი სახლის მშენებლობა ბათუმში – რას [არ] ამბობს მერია

„იაფი სახლის“ მშენებლობა ბათუმში, გოროდოკის დასახელებაში მერიამ გასულ წელს დააანონსა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბაზრის კვლევაც ჩაატარა. დოკუმენტების მიხედვით, მერიას ვოლსკის ქუჩაზე, #13-ში, 200 ოჯახზე გათვლილი კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

რა გახდა შეფერხების მიზეზი? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ მერიისგან პასუხს ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

ტერიტორია, რომელიც მერიამ შეარჩია გოროდოკის დასახლებაში, ქალაქის N19 საბავშვო ბაღის მიმდებარედაა. მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 6 246 კვ/მ-ია, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. საპროექტო ტერიტორიაზე ასევე არის სტადიონი.

ტერიტორია, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო

„იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბინები ბოლოს მერიამ 2023 წელს გაანაწილა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა ისევ დაიწყეს, ამის პარალელურად, გასულ წელს მერიამ მერამდენჯერ შეცვალა პროგრამის კრიტერიუმები, ხოლო ზოგი დეტალი დააზუსტა

მას შემდეგ მერია პროგრამის შეფერხებაზე კითხვებს აღარ პასუხობს.

იაფ სახლზე არაფერი წერია 2025 წლის ბიუჯეტის 3 კვარტალის შესრულების ანგარიშშიც, რომელიც მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

„ბათუმელებმა“ მერიას ასევე ჰკითხა, რა გეგმა აქვს უსახლკაროებთან დაკავშირებით, რომლებმაც მიმდინარე წელს ადმინისტრაციული შენობის დაკავება რამდენჯერმე სცადეს იმ მიზეზით, რომ ქირის გადახდის საშუალება აღარ აქვთ და თავშესაფარი სჭირდებათ. მერიაში არც ამ კითხვაზე პასუხისთვის უზრუნიათ.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიამ საკრებულოში გადააგზავნა, მერია სოციალური სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ეძებს და ვერ პოულობს.

„ჩვენ მიერ დაწყებული იქნა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული შესაბამისი პარამეტრების მქონე ტერიტორიის მოძიება, რასაც დასჭირდა გარკვეული პერიოდი. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ პროცესში, სოციალურ სახლში საცხოვრისის მისაღებად გაიზარდა ბენეფიციართა განცხადებების რაოდენობა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში მერია თავს იმართლებს სოციალურ სახლში საცხოვრისის მისაღებად ბენეფიციართა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და განაცხადების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად დრო მჭირდებაო, „რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საცხოვრისის მისაღებად მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისობის მიზნით, განცხადებების სათანადოდ შესწავლას და კვლევას“.

მერია განცხადებების გაზრდის მიზეზით ხსნის იმასაც, რომ ამ დრომდე სოციალური სახლის ასაშენებლად ქალაქში ადგილი ვერ იპოვა:

„ყოველივე ზემოაღნიშნულმა გარემოებამ, გამოიწვია მთლიანი კონცეფციის ცვლილება, რაც გამოიხატა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შესაბამისი პარამეტრების ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებაში, ბაზრის კვლევაში და სატენდერო პირობების შემუშავებაში.

ზემოჩამოთვლილ ქმედებებს, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასჭირდა წლის განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი პერიოდი, რის გამოც ვერ განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული ასიგნების ათვისება“ – წერს მერია.

________________

ფოტოზე: იაფი სახლში ბინების განაწილების პროცესი, 2023 წელი.

ბათუმში დღეს ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 10 ნოემბერს, ნისლია და ამასთან ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაცაა დაბინძურებული. ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა, გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით ბათუმში, [დღის 3 საათის] მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის დამაკმაყოფილებელი და ცუდი.

„6 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

ბათუმში ჰაერის ხარისხს აჩვენებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ორ ადგილზეა განთავსებული – ცენტრალურ პარკში და რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან.

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

_________________________

მთავარი ფოტო: ნისლი ბათუმში / 10.11.2025

 

ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა მშენებლობის ნებართვების მისაღებად

2025 წლის  9 თვეში ბათუმის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 4 მილიონ 974 000 ლარი შევიდა.  ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში, „სხვა შემოსავლებშია“ ასახული და მშენებლობის ნებართვისა და კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელს მოიცავს, გარდა განსაკუთრებული მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ბათუმის განაშენიანება გენგეგმის გარეშე გაცილებით სწრაფი ტემპით გრძელდება.

ზოგადად, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ქალაქის ბიუჯეტში 9 თვეში 65 მილიონ 398 900 ლარი შევიდა, მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებელიც.

„სხვა შემოსავლების“ 9 თვის საპროგნოზო მოცულობა მთლიანობაში 2025 წლის ბიუჯეტში 75,3 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 96,5 მილიონი ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,2%-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:

  • საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 13 მილიონ 071 200 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის, 8 მილიონ 197 ათასი ლარის 159,5%-ია.
  • პროცენტებიდან მობილიზებულია 10 მილიონ 840 ათასი ლარი, რაც სამი კვარტლის გეგმის – 6 მილიონ 317 ათასი ლარის 171,6%-ს შეადგენს.
  • რენტის სახით  მიღებულია 2 მილიონ  231 ათასი ლარი, რაც სამი კვარტლის გეგმის 118,7 პროცენტია. აქედან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელზე მოდის 198 400 ლარი, მიწის იჯარიდან და მართვაში [უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა)] გადაცემიდან შემოსავალზე – 2 მილიონ 032 700 ლარი.
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 65 მილიონ 921 ათასი ლარი.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 9 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა შეადგინა 342,1 მილიონი ლარი. რაც შემოსულობების 2025 წლის მთლიანი გეგმური მაჩვენებლის 72,5%, ხოლო კვარტალთან მიმართებაში – 101,3 პროცენტია.

იყო თუ არა დაპირისპირება თავდგირიძესა და მაისურაძეს შორის? – რა მოხდა ბათუმის საკრებულოში

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეულმა კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს.

ფაქტობრივად, კომისიის ხელმძღვანელები „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გადადგნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ. თუმცა, ახალი კენჭისყრის შემდეგ, თანამდებობის გარეშე დარჩნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი თავდგირიძე და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით მიქელაძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ პირებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ივანე მაისურაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მიქელაძეს და თავდგირიძეს თანამდებობები დაატოვებინეს.

„ბათუმელებთან“ საუბარში ივანე მაისურაძესთან დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ირაკლი თავდგირიძე.

„რა სისულელეა, საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაცია? არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მაისურაძე ჩემი მეგობარია,“- გვითხრა ირაკლი თავდგირიძემ.

კითხვაზე, მაშინ რატომ დატოვა თანამდებობა, რომელზეც ათი დღის წინ დაინიშნა? – ირაკლი თავდგირიძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება ოჯახური პირობებით არის განპირობებული.

„მე ჩემსას გეტყვით, სხვისას – ვერა. ჩემზე ვარ პასუხისმგებელი. პირადი პრობლემები მაქვს, ამ ამბებში ვარ და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. არსად გავქცეულვარ, არავის არ დავმალულვარ,“- ამბობს ირაკლი თავდგირიძე.

ოჯახური პრობლემისთვის თანამდებობის დატოვება რატომ გახდა საჭირო? – ვკითხეთ მას. ირაკლი თავდგირიძემ გვიპასუხა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საკრებულოში.

„მშვიდობას და სტაბილურობას ვემსახურები. ამ გუნდის წევრი ვარ და ამ გუნდს ვუდგავარ გვერდში“, – ირაკლი თავდგირიძემ კითხვაზე პასუხად „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მესიჯბოქსი გაიმეორა.

სავარაუდო დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთანაც. მას ვკითხეთ, თუ რა გახდა მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.

ივანე მაისურაძეც ირაკლი თავდგირიძესთან დაპირისპირებას უარყოფს და მის თანამდებობიდან გადაყენებას ოჯახურ პრობლემებს უკავშირებს.

„რას ამბობთ, პირიქით, ერთი დიდი ოჯახი ვართ. რატომღაც აგორებული ჭორია ეგ. როგორც ვიცი, ოჯახური პრობლემების გამო მას ინტენსიურად მოუწევს უცხო ქვეყანაში ყოფნა და ითხოვა ადამიანმა,“- ამბობს ივანე მაისურაძე.

რაზე მეტყველებს ის, რომ 10 დღის დანიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება გიწევთ? – ამ კითხვაზე პასუხად ივანე მაისურაძე ამბობს, რომ ეს „ცოცხალი პროცესია“.

„საკრებულო გახლავთ ცოცხალი ორგანო, ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. არანაირ პრობლემას მე ამაში ვერ ვხედავ, რომ ვიღაცამ შეიძლება განცხადება დაწეროს გადადგომასთან დაკავშირებით,“- ამბობს ივანე მაისურაძე.

საკრებულოში თანამდებობის გარეშე ირაკლი თავდგირიძის გარდა, დავით მიქელაძეც დარჩა.

მან საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ შეიძლება ახალ თანამდებობაზე ვიხილოთ.

„ბათუმელებმა“ დავით მიქელაძეს ჰკითხა, თუ სად, რომელ თანამდებობაზე ელოდება დანიშვნას, რომელ უწყებაში და როდის. დავით მიქელაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ საკრებულოს რიგით წევრად დარჩება.

„შემოთავაზება მაქვს სხვა სამსახურიდან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იყო იმასთან. თუმცა, წასვლას არ ვაპირებ საკრებულოდან. შემიძლია აქაც ვიყო ჩვეულებრივად.

მე პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ და სადაც გუნდს დასჭირდება, იქ ვიქნები“- ამბობს დავით მიქელაძე.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საკრებულოში ეს ცვლილებები? – ვკითხეთ ბათუმის საკრებულოს წევრს „ლელოდან“ ვაჟა დარჩიას. მისი თქმით, აშკარაა, რომ ეს იყო დავალება.

„ერთი კვირის წინ დანიშნული ხალხი რომ შეთანხმებული იყო ფაქტია, ხომ? ამიტომ მათი გადადგომა, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს. ხუთსაათიანი სხდომა ჩატარდა 30 ოქტომბერს, ტაშის კვრით აირჩიეს ეს ხალხი ამ თანამდებობებზე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და 7 ნოემბერს ყველამ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა იყვნენ ამ თანამდებობებზე? ფაქტია, რომ დავალება იყო მიღებული.

რაღაცები ისე არ გადანაწილდა, როგორც ზედა რგოლში ვიღაცებს სურდათ და მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

არანაირი თვითმმართველობა, არანაირი დეცენტრალიზაცია, არანაირი საკუთარი ნება აქ არ არსებობს. იქნება დავალება და იმას შეასრულებენ. მათი როლი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ დავალებები შეასრულონ, თორემ აქ საკუთარი ნების საფუძველზე რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სიგიჟე, მაშინ როცა ერთი კვირის წინ განსაკუთრებული ოვაციებით იღებდნენ მილოცვებს აღნიშნულ თანამდებობებზე არჩევისთვის,“- ამბობს ვაჟა დარჩია.

მისი თქმით, ლევან დავითაძეს, რომელიც ირაკლი თავდგირიძის ნაცვლად დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ბათუმის მერიაში ვიცე-მერის თანამდებობა ეკავა არჩილ ჩიქოვანის დროს, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიყვანეს.

„ირაკლი თავდგირიძე, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრად დარჩება, რადგან მაჟორიტარია და საკრებულოდან გასვლის შემთხვევაში მის სამაჟორიტარო უბანში ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. ამ არჩევნებს ახლა არავინ ჩაატარებს.

დანარჩენებს კი, ფაქტობრივად, მხოლოდ ადგილები შეუცვალეს და ისევ დანიშნეს კომისიის თავმჯდომარეებად. ამიტომ ვუწოდე ამ ყველაფერს პროცედურული მასკარადი.

ერთკანდიდატიანი არჩევნები, ერთი გუნდის მიერ დანიშნული ხელმძღვანელები და მერე, ყველა ერთად გადაყენებული“- ამბობს ვაჟა დარჩია.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ ახალმა მერებმა დღეს მუშაობა დაიწყეს

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „გადადგნენ“

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გადადგნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ.

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სწორედ აქ გახდა ცნობილი, რომ ყველა მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

„7 ნოემბერს საკრებულოში შემოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი თავდგირიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით მიქელაძის, საფინანსო და ეკონომიკური  განვითარების კომისიის ლევან დავითაძის და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გოჩა მგელაძის განცხადებები, საკუთარი სურვილით თანამდებობების დატოვების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თანამდებობის პირს, პირადი განცხადების გაკეთების შემთხვევაში, უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების რეგისტრაციის დღეს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ თანამდებობის პირებს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ 8 ნოემბერს,”- თქვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ  საკრებულოს სხდომაზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე წევრებს აცნობა, რომ “საკუთარი სურვილით” დატოვეს თანამდებობები ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეებმა – ნერიმან ცინცაძემ და ჯაბა ჭანტურიამ.

„შემოვიდა პირადი განცხადება თანამდებობების დატოვების შესახებ,“ – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალ მოადგილედ ლევან დავითაძე აირჩიეს.

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს ჯაბა ჭანტურია, საფინანსო და ეკონომიკური  განვითარების კომისიის თავმჯდომარედ – გოჩა მგელაძე და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ნერიმან ცინცაძე.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ ახალმა მერებმა დღეს მუშაობა დაიწყეს

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 152 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 342 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 23 552 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 34 349 ერთეული [+9]
  • MLRS – 1 538 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 239 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 79 425 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 957 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 925 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 939 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 305 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რეპეტიტორობის დეფინიცია არ არსებობს“ – „ოცნების“ მინისტრის მოადგილე მასწავლებლების რეპეტიტორობაზე

დღეს, 9 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომენტარი გააკეთა საჯარო სკოლის მასწავლებლების რეპეტიტორობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კორუფციის წინააღმდეგ კანონში შეტანილი ცვლილებები მასწავლებლებს რეპეტიტორობას არ უკრძალავს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონმდებლობით განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დაშვებულია დამატებითი საქმიანობა, მათ შორის განათლების სფეროში ასეთად განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. ,

დამსაქმებლის თანხმობით პედაგოგებს, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დამატებით ეწეოდნენ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.

რაც შეეხება საგამონაკლისო წესებს, მაგალითად, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მასწავლებლებთან და ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. 

გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობს დეფინიცია რეპეტიტორობისა და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვისაუბროთ გარკვეული ტიპის შეთავსებებზე ან თანხმობებზე, რადგან ასეთი ტიპის განმარტება კანონმდებლობაში არ არსებობს.

შესაბამისად, თუ ორ ფიზიკურ პირს შორის ხდება რაიმე ტიპის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მომსახურების შეთანხმების გაწევა ან გარკვეული ტიპის საგანმანათლებლო ცოდნის გაზიარება, ეს სცილდება განათლების კანონმდებლობას და აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნება განმარტებული, როგორც შეთავსებითი ტიპის საქმიანობა,“-ამბობს ზვიად გაბისონია.

________________

ამ თემაზე:

„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში

„მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი“ – გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს

„გახარია-საქართველოსთვის“ ფრაქციის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ პარლამენტში  შალვა კერესელიძე, მათი პარტიის წევრის, ჯემალ ანანიძის კლინიკაში მოხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე საკუთარ სახლში ყოფნის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრის ჯემალ ანანიძის ჯამრთელობასთან  დაკავშირებით სოციალური ქსელით სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება.

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი და სამზარეულოში წაქცევისას თავის არეში დაზიანება.

სამაშველო სამსახურს მოუწია ჩაკეტილი ბინის გახსნა მის გამოსაყვანად.

ორი დღის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ, არც ჩვენ და არც ოჯახი. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სხვა სახის სპეკულაციური ინფორმაციების გავრცელებისგან,“ – წერს ფეისბუქზე შალვა კერესელიძე.

ჯემალ ანანიძის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელებში დღეს, 9 ნოემბერს გავრცელდა.

ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა – ბაკურიანის სასტუმროების საქმე

შპს „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

მათი ინფორმაციით, კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.

ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს.

უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართობებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარი შემოსავალი მიიღო.

მიღებული დიდი ოდენობით თანხისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფიდ“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.

დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-აცხადებს პროკურატურა.

ვლადიმერ სტეფანიანი გუშინ, 8 ნოემბერს დააკავა პოლიციამ. მას ბაკურიანში, დიდველზე  სასტუმრო ტიპის 5 კოტეჯის უკანონო მშენებლობას ედავებიან.

_______________

ამ თემაზე:

„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს

თერჯოლაში მოზარდი დაიღუპა

თერჯოლაში 15 წლის მოზარდი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა „ინფო იმერეთმა“.

ამავე წყაროს ცნობით, მოზარდები მიტოვებულ შენობაში შევიდნენ, ერთ-ერთს სამშენებლო მასალა დაეცა.

შს სამინისტრომ ფაქტი „ბათუმელებთანაც“ დაადასტურა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება

2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში. პროგრამა პლაჟის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, რაც ჭოროხის კალაპოტიდან ხრეშის ამოღებას და ზღვის სანაპიროზე დაყრას გულისხმობს. ხრეშის ხელოვნურად შეტანის გარეშე ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება.

ბათუმის ბულვარის გასწვრივ პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ბოლო გათვლებით, ყოველწლიურად მინიმუმ 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი.

2024 წელს პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე 2025 წელს – 2 მილიონია გამოყოფილი, თუმცა სანაპიროზე ხრეშის შეტანა წელს ჯერ არ დაწყებულა.

2-2 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ყოველწლიურად მომდევნო 2027-2029 წლებშიც.

„პროგრამა „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების განხორციელებას.

კერძოდ, მდ. ჭოროხის კალაპოტში არსებული კარიერიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავიზღვის სანაპირო ზოლზე წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის სამუშაოებს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.“ – აღნიშნულია აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

პროგრამაში, რომელსაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს, აღნიშნულია, რომ ხელოვნური კვების შედეგად შენარჩუნებული პლაჟის სიგანე, საშუალოდ 50 მეტრამდე უნდა იყოს.

ხელოვნური კვებით შენარჩუნებული პლაჟი ბათუმის ახალ ბულვართან. ხრეში აქ ყოველწლიურადაა შესატანი.

ბათუმის სანაპიროს პრობლემებზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით.
  • გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება;
  • შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.
  • ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ამ თემაზე: ბათუმის კონცხთან ჭარბი მასალა შტორმის დროს ზღვაში დაცურდა – „ბუნებრივად განიტვირთა“

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში ამ დამცავი კედლის მშენებლობაში 57 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ეს ნაგებობა რომ მდგრადი იყოს მის გასწვრივ მინიმუმ 20 მეტრი სიგანის პლაჟი მაინც უნდა იყოს. პლაჟი აქაც ხელოვნური კვებით უნდა მოეწყოს, რაც არ ხდება. მეტიც, ამ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს.

ნაპირის გამაგრებას ლოდების ჩაწყობით ზოგი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ნაგებობები ისე მოაწყვეს, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. შედეგად კი, ზღვამ ადლია-ბათუმთან ჯამში ჰექტრობით ხმელეთი მიიტაცა.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სამი წლის წინ აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.

აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებს“ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.

ამ თემაზე ვრცლად:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

 

წალკაში 60 წლის კაცს მეშვიდე დღეა ეძებენ

წალკაში, სოფელ თრიალეთში მეშვიდე დღეა 64 წლის ოთარ მგელაძეს ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, ის სახლიდან გასვლის შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

დაკარგულ კაცს ტანზე ნაცრისფერი ქურთუკი აცვია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოთარ მგელაძე დაფიქსირებულია ვიდეოკამერაში სოფლიდან გასვლის დროს, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

დაკარგულ კაცს თან არ აქვს მობილური ტელეფონი.

შსს-ს ინფორმაციით, დაკარგული კაცის მოსაძებნად „ინტენსიური, სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს“.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 8.11.2025

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 151 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 335 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 545 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 340 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 538 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 239 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 79 368 ერთეული [+440]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 880 ერთეული [+85]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 801 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 925 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 194 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 243 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მწვერვალზე ასვლას ჰპირდები, როცა სკოლებს დამლაგებელიც კი არ ჰყავს? – „ოცნების“ რეფორმაზე

„მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემები, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაც მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა“-ამბობს თამუნა მაჭარაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

„ბათუმელები“ პედაგოგს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სასკოლო რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას გულისხმობს.

  • ქალბატონო თამუნა, რა აზრის ხართ მე-12 კლასის გაუქმებაზე და იმ ცვლილებებზე, რასაც „ოცნება“ სკოლებსა და უნივერსიტეტებში აპირებს?

ამ ცვლილებებს შევაფასებდი, როგორც ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებას. პოლიტიკური ელფერი უფრო აქვს ამ რეფორმას და თუკი ასეთი ეროვნული იდეით და სახელმწიფოებრივი ინტერესებით არის გამსჭვალული მათი განათლების რეფორმა, რატომ არ გააკეთეს აქამდე? რას ველოდებოდით. ხომ შეიძლებოდა ამ წლების განმავლობაში უკვე ღირებული შედეგი მიგვეღო.

მაგრამ ეს მოფიქრებულია იმისთვის, რომ უფრო მეტად დაიმორჩილონ და მართონ საზოგადოება.

  • სრული კონტროლის დაწესება სურთ სკოლებსა და უნივერსიტეტებზე?

ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ზოგადად, სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემაა. დღევანდელი სკოლა ფუნქციადაკარგულია რეალურად. უფრო სოციალური ურთიერთობების სივრცედ იქცა, ვიდრე განათლების მიღების საშუალებად, ეს ახალი არავისთვის არ არის და ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა, რომ განათლების, სასკოლო განათლების ხარისხი ქვეყანაში არის ძალიან დაბალი.

შესაბამისად, საუნივერსიტეტო სივრცეშიც როდესაც გადადიან სკოლის მოსწავლეები, არ არიან მზად, რომ საუნივერსიტეტო განათლება მიიღონ. იმიტომ, რომ სათანადო მზაობა არ აქვთ ამისთვის.

  • რა უშლის ხელს ხარისხის შექმნას?

უხარისხობა სისტემის ბრალია, რადგან რეფორმები, რაც აქამდე გატარებულა ან ტარდება, არ არის თანმიმდევრული. დაიწყებენ რაღაცას, მასწავლებლები გავდივართ ტრენინგებს, ვემზადებით, ჩართული ვართ რეფორმის განხორციელებაში და უცებ, ისე, რომ არავითარი კვლევა, არავითარი შედეგების ანალიზი არ ხდება, გვეუბნებიან, რომ რეფორმა არის წარუმატებელი, არ იმუშავა და ვიწყებთ ახალ რეფორმას. ეს არის არათანმიმდევრული საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი.

  • გამოდის, მთელი ეს 13 წელი იყო დაუსრულებელი და უშედეგო რეფორმები?

დიახ. აი, მე, როგორც მასწავლებელს, რომელიც ჩართული ვარ სასკოლო პროცესებში და თავიდანვე ძალიან მოტივირებული ვიყავი იმისთვის, რომ მასწავლებლად მემუშავა, დღეს ეს მოტივაცია მაქვს დაკარგული, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ამ რეფორმების მიზანს და რეალურ შედეგს.

იკარგება ფინანსები, იკარგება ადამიანური რესურსი, მასწავლებლების მოტივაციაც და მივიღეთ გამოფიტული მასწავლებლები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის საარჩევნო ხმების დაგროვების კარგი წყარო არიან და ამ მხრივაც ძალიან ილახება მასწავლებლის ავტორიტეტი, რომ სკოლას ვერ მოშორდა ეს პოლიტიკური წნეხი.

ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ მასწავლებლები და სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემა თავისი მარწუხების ქვეშ ამყოფოს.

  • ის, რომ მასწავლებლები დღეს ყველაზე ნაკლებად აქტიური არიან პოლიტიკურ პროცესებში, ასევე იმ თემის გარშემო, რაც სასკოლო რეფორმას ეხება, იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ მოწყვლადი გახადა ისინი, თუ სხვა მიზეზებსაც ხედავთ ამაში?

ამ ეტაპზე რისი დაკვირვების შესაძლებლობაც გვაქვს, ეს არის კონტროლის შედეგი. ამ რეფორმების მიზანიც არის კიდევ უფრო მეტი კონტროლი, უფრო მეტად დამორჩილება. თუკი ვიმორჩილებთ, მოდი, უფრო მეტად დავიმორჩილოთ, – ეს პრინციპია. იმიტომ, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებმა უნდა აღზარდონ, მომავალი თაობა და თუ სკოლა დგას რეჟიმის სამსახურში, ამ შემთხვევაში მიღწევადია ის მიზანი, რასაც ხელისუფლება ისახავს.

გარდა ამისა, ამ ყველაფერს ფუთავენ იმით, რომ აი, ჩვენ გვინდა ავაყვავოთ სკოლა, ხელფასი გავზარდოთ, რაღაც დასაქმების შესაძლებლობა იყოს ქვეყანაში, თითქოს აძლევენ პატრიოტულ ელფერს ამ ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ პოპულისტური, ზედაპირული განცხადებებია ეს, რადგან დღეს სკოლებს ელემენტარული პრობლემები არ აქვთ მოგვარებული. დამლაგებელიც კი არ ჰყავს ბევრ სკოლას, არ არის ინფრასტრუქტურა და ამ დროს, რაღაც მწვერვალზე ასვლას ჰპირდები? ჯერ ის უნდა უთხრა, როგორ ადიხარ.

რამდენი წელია შენდება სკოლები და ვერ აშენდა. ბავშვები შეხიზნულები არიან სხვადასხვა სკოლაში და ვერ ხერხდება სათანადო პირობების შექმნა მათთვის. ბავშვების ნაწილი ისევ ონლაინ სწავლობს, იმიტომ, რომ სკოლის შენობა არ არის. ეს ვერ დაალაგეს წლებია და ახლა გვპირდებიან რაღაცა „იდეალურ მომავალს“ და პერსპექტივას, რომელიც ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რადგან ჯერ ბაზისური პრობლემებიც კი არ აქვთ მოგვარებული.

მე, ერთ რიგით მასწავლებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემა, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაცა მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა.

ამ რეფორმის მიზანი არ არის ის, რომ უკეთესი განათლების სისტემა და უფრო განათლებული თაობა გვყავდეს. მიზანია უფრო კარგად ვაკონტროლოთ საგანმანათლებლო სისტემა და ჩავაყენოთ რეჟიმის სამსახურში.

  • დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში გაიზარდა დასავლური განათლების მქონე, პროგრესულად მოაზროვნე თაობა. ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის კურსი რუსეთისკენ შემოაბრუნა, ქართველ ხალხს კი ევროპის გზებს უკეტავს. ფიქრობთ, რომ ეს რეფორმაც ამას ემსახურება, რომ ჩაკეტილ გარემოში მორჩილი თაობა გაიზარდოს, სადაც აღარავის შერჩება წინააღმდეგობის უნარი?

ასე გამოდის. ბევრი მოსწავლეა დღესაც, რომლებსაც ძალიან უნდათ დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძლება და წუხან იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ, ამ შესაძლებლობების შეზღუდვა და დავიწროება, ვფიქრობ, ბოროტებაა სახელმწიფოს მხრიდან.

რატომ უნდა შეუზღუდო განათლების მიღების შესაძლებლობა საკუთარ ახალგაზრდას, საკუთარ მოქალაქეებს? პირიქით, დიახაც უნდა მიიღონ განათლება საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ უკეთესი სისტემა არსებობს. შენ შეუქმენი იმის პირობა და შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში და აქ იმუშაონ, ამ ქვეყნის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.

ამიტომ თუ ლოგიკურად დავაკავშირებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს, მათი მიზანიც ადვილად გასაგები იქნება, – მიზანია, მოწყვიტონ ქართველი ახალგაზრდები კრიტიკულ გარემოს, თავისუფალ გარემოს. არ ვაჩვენოთ რას ნიშნავს თავისუფლება, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, არა? ჩაკეტილი თაობა, ეგონათ, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა თაობა იყო ბედნიერი.

  • მაშინაც ანტიდასავლური პროპაგანდით კვებადნენ ხალხს.

დიახ. ალბათ, ასეთი თაობის მიღება უნდათ. თუმცა, ძალიან დიდი შრომა დასჭირდებათ ამისთვის, რადგან მოსწავლები, ვისაც მე ვასწავლი, ამ ტყუილს ნამდვილად ვერ გადაყლაპავენ და ვერ დაიჯერებენ. მათ ასე მარტივად ვერ გააჩუმებენ და ვერ გააჩერებენ. ძალიან დიდი დრო დასჭირდება ქართველი ახალგაზრდების და ბავშვების ისეთ აზროვნებამდე მიყვანას და ჩამოყალიბებას, როგორიც მათ უნდათ.

მაგრამ, მგონია, რომ ეს რეფორმაც ერთ-ერთი წყალში ჩაყრილი მცდელობა იქნება იმისა, რომ დაიმორჩილონ ქართული საზოგადოება.

ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.

აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება“- წერს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______________

მსგავს თემაზე:

„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს

“გაფრთხილება თავდასხმების საპასუხოდ” – AFP გერმანიის ელჩის გაწვევასა და დაბრუნებაზე

სააგენტო “ფრანს პრესი” საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბრუნებას ეხმიანება და წერს, რომ გერმანიის საგარეო სამინისტროს ცნობით, ფიშერის გაწვევა საქართველოსთვის გაფრთხილება იყო ელჩისა და დასავლეთის წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

სააგენტოს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ გერმანიის მკაფიო მოლოდინია საქართველოს მთავრობამ “თავი შეიკავოს ელჩზე თავდასხმებისგან” და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელჩის ბერლინში კონსულტაციებისთვის გაწვევა რამდენიმე კვირის წინ წამოადგენდა “ძალიან ნათელ დიპლომატიურ სიგნალს” საქართველოს მმართველი ძალისთვის.

“ფრანს პრესის” ინფორმაციით, ბერლინსა და თბილისს შორის საუბრები უკვე შედგა, გერმანიის საგარეოს პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ახლა უკვე “ქართველ ლიდერებს მათი ქმედებების მიხედვით” შეაფასებენ და დამატებით დასკვნას ამაზე დაყრდნობით გამოიტანენ.

ელჩი პეტერ ფიშერი გერმანიამ კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია. ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ გერმანიის ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს გაავრცელა.

სააგენტო “ფრანს-პრესი” საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე წერს:

“საქართველო უკვე დაახლოებით ერთი წელია ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. გასული წლის ოქტომბერში გამართული საკამათო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც პრო-რუსულმა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნებამ“ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ათასობით ოპოზიციური აქტივისტი თვეების განმავლობაში გამოდიოდა პროტესტზე. თუმცა, ბოლო პერიოდში პროტესტის მოძრაობამ თვალსაჩინოება დაკარგა, ხოლო მრავალი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი დააკავეს.

ოპოზიცია და მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი სულ უფრო ავტორიტარული ხდება და თანდათან უახლოვდება რუსეთს. მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს”.

ამავე თემაზე:

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი თბილისში დაბრუნდა

„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს

დღეს 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერაციული დასახლების ქვეშ გაერთიანებული, შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა პირმა, ბორჯომში, დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების უფლება ჰქონდათ მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს.

უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარატმენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

ამ ეტაპისთვის დადგენილია 1 მილიონ 894 925 ლარის ოდენობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. გამოძიება გრძელდება მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულში ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით“-აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

დეველოპერული კომპანია „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი, „ქართული ოცნების“ შემწირველთა სიაშიც გვხვდება.

მან 2021 წელს, „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, 2018 წლის არჩევნებზე კი 60 000 ლარი.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით თბილისში დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებულმა მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ”, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა“.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარაში საჯარო მოხელეთა ხელფასებში 82 მილიონი ლარი დაიხარჯება 2026 წელს

2026 წლის იანვრიდან 17 ადამიანით გაიზრდება იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან აიღებენ. ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი, ჯამში 8 მილიონით იზრდება.

აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს დასაქმებულთა რაოდენობა 3 408-ს ნაცვლად იქნება 3 425. შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ ხელფასებისთვის კი, მთლიანობაში 82 435 700 ლარი დაიხარჯება [2025 წელს ხელფასებისთვის 74 427 000 ლარია გაწერილი]. 

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:

  • აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის დაიხარჯება 6 296 600 ლარი
  • აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 1 412 800 ლარი
  • აჭარის მთავრობა – 3 432 500 ლარი

აჭარაში ხუთი სამინისტროა, რომელთაგან ხელფასებისთვის ყველაზე მეტი თანხა კულტურის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი – 28,6 მილიონი ლარი – ესაა ჯამში სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა.

აჭარის სამინისტროები და ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხა:

  • აჭარის კულტურის სამინისტრო – 28 663 900 ლარი
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 12 982 800 ლარი
  • აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 12 854 100 ლარი
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 11 019 200 ლარი
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5 773 900 ლარი

ხელფასები იზრდება იმ საჯარო მოხელეებისთვისაც, რომლებიც ხელფასს ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ. საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომუშავეთა რაოდენობა მომავალი წლისთვის მცირდება 241 ადამიანით, ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა კი 280,6 მილიონი ლარით იზრდება.

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მომუშავეთა რიცხოვნობა იქნება 116 ათას 763 ადამიანი, ხოლო მათი ხელფასებისთვის ჯამში გამოიყოფა 3 მილიარდ 315 მილიონ 651 ათას 500 ლარი.

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მომუშავეთა რაოდენობა არის 117 ათას 4 ადამიანი, მათი ხელფასებისთვის კი გაწერილია 3 მილიარდ 34 მილიონ 999 ათას 800 ლარი.

2026 წლის იანვრიდან „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2026 წლიდან 16 000 ლარი იქნება [წელს არის 14 600 ლარი]. ხოლო მინისტრის ხელფასი 2026 წლიდან იქნება 13 600 ლარი [ნაცვლად 12 410 ლარისა].

13 600 ლარამდე გაიზრდება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძისა და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელფასებიც.

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი იქნება. 2025 წელს აღნიშნული სარგო 1 460 ლარით იყო განსაზღვრული.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი პირდაპირ კავშირშია თანამდებობის პირების ხელფასებთან, რადგან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.

ამ თემაზე ვრცლად:

სულხან თამაზაშვილის და დავით გაბაიძის ხელფასი 13 600 ლარი იქნება – მთავრობის „ხელფასები 2026“

ბათუმის მერიას საკრებულოში ავეჯის ახალი დიზაინით შეცვლა სურს, მაგრამ დიზაინერს ვერ პოულობს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს კაბინეტებისა და სამუშაო ოთახებისთვის ახალი დიზაინის ავეჯის შესყიდვას გეგმავს, თუმცა მანამდე დიზაინერს ეძებს, ვინც შექმნის საოფისე ავეჯის დიზაინს, ჩაატარებს აზომვით სამუშაოებს და დახაზავს ესკიზებს.

საკრებულოსთვის საოფისე ინვენტარისა და ავეჯის შესასყიდად ქალაქის ბიუჯეტიდან 61 ათას 200 ლარი გამოიყოფა. უშუალოდ დიზაინერისთვის მერიას ცალკე 3 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

„ავეჯის დიზაინის სფეროში“ მომსახურების შეძენა ბათუმის მერიას ტენდერით აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ორჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

პირველ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 8 აგვისტოს დასრულდა, მეორე ტენდერში კი – 4 ნოემბერს.

უცნობია მერია ტენდერს მესამედაც გამოაცხადებს თუ მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის.

ვიდრე მერია საკრებულოს ავეჯის განახლებისთვის დიზაინერს ეძებს, ბათუმის ახალმა საკრებულომ მუშაობა უკვე დაიწყო. პირველი სხდომა 30 ოქტომბერს ჩაატარეს და საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.

ბათუმის საკრებულოში 25 წევრია [ადრე იყო 35]. აქედან 15 წევრი პროპორციული წესითაა არჩეული, ხოლო – 10 მაჟორიტარულით.

 საკრებულოს „სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის განკუთვნილი საოფისე ავეჯის სავარაუდო რაოდენობები და ჩამონათვალი“ ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის

  • მთავარი ფოტო: საკრებულოს აპარატის თანამშრომლები / ბათუმის საკრებულოს ფოტო

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 150 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 330 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 544 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 321 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 538 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 239 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 928 ერთეული [+250]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 795 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 554 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 907 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 166 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 163 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსები დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ტემპით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელა ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას,“ – უკრაინაში ომს ისევ ყურადღებით აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, წლის ბოლომდე ისევ განახლდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მანამდე კი, რუსები პოკროვსკის აღებას ეცდებიან. პოკროვსკის აღების შემთხვევაში, მეტი პირობით მივლენ მოლაპარაკებაზე რუსებიო – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„რუსები ცდილობენ, რომ ქვეითად, სამ-ხუთკაციანი ჯგუფებით მოახერხონ და გადაიარონ ქალაქის მისასვლელები, რამენაირად მოახერხონ შეღწევა. მათ მუდმივად დრონებით ურტყამენ. სამიდან ერთი კაცი თუ მიაღწევს თავის დანიშნულების წერტილს, ითვლება, რომ ეს წარმატებულად მოხერხდა.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები დრონებით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ. ოთხჯერ შემცირდა ჯავშანტექნიკის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებული ძალებში… ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ, ვთქვათ, უფრო დაცულია ეს ტექნიკა – უბრალოდ აღარ იყენებს რუსეთი ამ ტექნიკას, რადგან მუდმივად ხდება დრონების მსხვერპლი… ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსებისთვის გადაიქცა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, რომ ოღონდ ვინმე სადმე მიიყვანოს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე? როგორც ვიცით, ურთულესი მონაკვეთი პოკროვსკია…

დიახ, ასეა. ამ ეტაპზე პოკროვსკშია კონცენტრირებული ძირითადი მოქმედებები.

რუსეთი აგრძელებს ძალების დაგროვებას ქალაქების პოკროვსის და მირნოგრადის ცენტრებში. მირნოგრადის დასავლეთით მდებარე კაზაცკის რაიონში დაიწყეს შეღწევა. პოკროვსკის უკვე ჩრდილოეთ სექტორში წარმოებს ბრძოლები, თუმცა პოკროვსკის ცენტრში მდებარე გამგეობის შენობაზე უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული დროშა და უკრაინული აღმართეს. ანუ, უკრაინელებიც ახერხებენ ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსები სრულად ვერ აკონტროლებენ დაკავებულ ტერიტორიას.

2022 წელს, როცა ომი დაიწყო რუსეთმა, მთელს უკრაინაში რუსეთის დაჯგუფება იყო 180 – 190 000. პოკროვსკის შეზღუდულ მიმართულებაზე რუსეთს ახლა გამოყვანილი ჰყავს 100 000.

ვფიქრობ, 10-15 დღის შემდეგ სავარაუდოდ დადგება მოცემულობა, როცა უკრაინელები დილემის წინაშე დადგებიან: უნდა გადაწყვიტონ ჯარის გაყვანა და უკან დახევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინელებს მოუწევთ ალყაში მოქმედება.

  • რუსები ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ ალყის შეკვრას, ახლა გამოსდით?

ჯერჯერობით, მთლიანად ალყის შეკვრამდე 3-დან 5 კილომეტრამდეა დარჩენილი. ვერ იტყვი, რომ უკვე რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის ან მირნოგრადს. ეს ორი ქალაქია ფაქტობრივად, სადაც ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს.

ქალაქში მიდის ბრძოლები. ეს ბრძოლები არის ქაოსური სახის, მცირე ჯგუფებს შორის. საცეცხლე კონტაქტებია მოკლე მანძილზე. ჰაერში აქტიურად დრონების ბატონობაა ორივე მხრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ვინაიდან რუსები უკვე ახერხებენ ქალაქში შესვლას, შემდეგი შეტევების ორგანიზებაც შეძლონ.

  • შეიძლება, ალყაშიც განაგრძონ ბრძოლა უკრაინელებმა? რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამას?

შესაძლოა, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ განაგრძოს ალყაში ბრძოლა და შემდგომ ეცადონ ალყის გარღვევას ან გამოიყენონ ალყაში ბრძოლა სხვა მიმართულებებზე თავიანთი მოქმედებების გასაძლიერებლად.

რუსები ცდილობენ, რომ ქვეითად, სამ-ხუთკაციანი ჯგუფებით მოახერხონ და გადაიარონ ქალაქის მისასვლელები, რამენაირად მოახერხონ შეღწევა. მათ მუდმივად დრონებით ურტყამენ. სამიდან ერთი კაცი თუ მიაღწევს თავის დანიშნულების წერტილს, ითვლება, რომ ეს წარმატებულად მოხერხდა. აი, ასე, თანდათანობით ხდება ძალების დაგროვება.

  • რუსების სტრატეგია რა არის, თქვენი დაკვირვებით? პოკროვსკში მებრძოლი მე-7 სადესანტო ბრიგადის ინფორმაციით, ქალაქში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ტერიტორიაზე გამაგრებას არ აპირებენ, მათი მიზანია გააგრძელონ წინსვლა და უკრაინელების ძალების შემდგომი გახლეჩა.

რუსები ჯგუფდებიან და აგრძელებენ შეტევას. რა თქმა უნდა, პოზიციას აწყობენ და აგრძელებენ შეტევას. გრიშინო არის დასახლებული პუნქტი პოკროვსკის ჩრდილოეთით და იქ აპირებენ შეტევის გაგრძელებას. ყოველ შემთხვევაში, ვექტორი ასეთი ჩანს. მირნოგრადში, რომელიც პოკროვსკის გვერდითაა, ასევე ბრძოლები მიმდინარეობს. ნახევარი მირნოგრადი უკვე აღებული აქვთ რუსებს.

მირნოგრადი მძიმე დღეშია – ის უფრო ადვილად შეიძლება მოწყვიტონ უკრაინულ ძალებს. ამ ეტაპზე უკრაინელები არ აძლევენ საშუალებას შექმნან ეს ალყა რუსებმა. გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ უკრაინელების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფი „თემური“ ახორციელებს პოკროვსკში მდებარე ქარხნის ტერიტორიის რუსებისგან გაწმენდას. ზოგადად, სპეცდანიშნულების შეყვანამ ბრძოლაში საშუალება მისცა უკრაინელებს, შეექმნათ დერეფანი, რომლის საშუალებითაც დამხმარე ძალები შეიყვანეს.

ამავე დროს მიდის წმენდა დასახლებული პუნქტების რუსებისგან გასათავისუფლებლად. იქ არის დოპროპოლიეს შვერილი, პოკროვსკი-მირნოგრადის ჩრდილოეთით. ამ მიმართულებით რუსების გარღვევაზე წინა ინტერვიუში გესაუბრეთ. უკრაინელებმა შეძლეს და გაანადგურეს რუსების ეს დაჯგუფება სრულად.

სიმართლეს ჰგავს მოსაზრება, რომ გერასიმოვის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, ნოემბრის შუამდე მოახერხებს თუ არა პოკროვსკის აღებას.

  • 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, როცა რუსებმა ბახმუტი აიღეს, პოკროვსკია შემდეგი ქალაქი, რომლის აღებასაც რუსები ამ დრომდე ცდილობენ?

დიახ, მაგრამ პოკროვსკი არ არის დიდი ქალაქი. თუ პოკროვსკი აიღეს, ბახმუტის შემდეგ ერთადერთი ქალაქი იქნება წელიწად-ნახევრიანი ბრძოლების შემდეგ, რომლის აღებაც რუსებმა შეძლეს.

  • ეს ტემპი რას აჩვენებს?

ეს აჩვენებს იმას, რომ რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი – არ შესწევთ ძალა, გარღვევები განახორციელონ. რუსები უამრავი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ნაბიჯებით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელი ტემპით ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას.

  • პოკროვსკის აღება თუ შეძლეს, ეს რა სახის წარმატებაა რუსებისთვის, გარდა იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა ამას გამოიყენებს?

სამწუხაროდ, მედია ზედმეტ ყურადღებას აქცევს პოკროვსკის მიმართულებას. უკრაინელებიც, აი, დიდ ყურადღებას აქცევენ ამას, რაც არასწორია. პოკროვსკის ბრძოლა დაემთხვა ტრამპის მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ორივე მხარე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ფრონტზე არ აქვს ცუდი მდგომარეობა.

სინამდვილეში, პოკროვსკი ერთი საშუალო ზომის დასახლებული პუნქტია, რომელსაც წელიწად-ნახევარია იღებენ რუსები და რომც მოახერხონ მისი აღება, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ დარჩება ე.წ. ჯიბე. ეს არის და ეს. ასე რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა პოკროვსკის აღებას არ აქვს.

რუსებმა რომ მთლიანად აკონტროლონ დონბასი, მათ უნდა აიღონ ყველაზე ძლიერად გამაგრებული კრამატორსკი-სლავიანსკის აგლომერაცია. იქამდე მისვლისთვის კი, რუსებმა უნდა აიღონ სხვა დასახლებული პუნქტები: კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა და სხვა.

ამ ტემპებით თუ გაგრძელდა რუსების სვლა, ისინი დონბასის დაკავებას მინიმუმ ხუთ წელს მაინც მოანდომებენ.

რუსები ასევე ცდილობენ, გაიუმჯობესონ ვითარება კუპიანსკში. ეს ხარკოვის მიმართულებაა. მათ მდინარე სევერნი დონეცკის ნაწილი გადალახეს, ნაწილი – ვერა. აქაც მიმდინარეობს ბრძოლები, მაგრამ არა ისეთი, როგორც პოკროვსკის მიმართულებაზე.

არის გარკვეული მოქმედებები ზაპოროჟიეს რაიონშიც: მას შემდეგ რაც რუსების ორი ჯავშანკოლონა იქნა მთლიანად განადგურებული ტოკმაკთან, რუსებმა მაინც სცადეს, წასულიყვნენ წინ, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ.

  • ასევე, დრონებით და რაკეტებით განაგრძობენ შეტევას რუსები. ორი დღის წინ ოდესის პორტებს დაარტყეს ისევ. თქვენი აზრით, რატომ გახდა ოდესა ისევ რუსების სამიზნე?

მსგავსი დარტყმები მუდმივად ხდება, თანაც არამარტო ოდესაზე. უკრაინელებიც ურტყამენ დრონებით რუსეთს. უკრაინელებმა შეცვალეს თავისი აქცენტი და უკვე არამარტო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და საწყობებს ურტყამენ, არამედ ელექტრო-ენერგეტიკულ ობიექტებს.

როგორც რუსებმა დაიწყეს დარტყმები უკრაინის და კიევის ელექტრო ობიექტებზე, სიმეტრიულად უკრაინელებმა დაიწყეს დარტყმები რუსეთზე, მაგალითად, თუ 2024 წელს ასეთი იყო 27 დარტყმა, 2025 წელს უკვე 39 დარტყმაა.

ამის შედეგი იყო ის, რაც ვნახეთ: უშუქოდ დარჩენილი რაიონები რუსეთში. უკრაინელებს გააჩნიათ საშუალება, დარტყმები განახორციელონ რუსეთში დაახლოებით 1000 კილომეტრ სიღრმეზე.

ეს უფრო მაინც არის მორალური ზემოქმედების საშუალება. უკრაინელები კი იძახიან, ელექტროენერგია გამოიყენება საომარი მოქმედებების ორგანიზებისთვისო, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის სარკისებრი პასუხი იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც იგრძნონ ზამთრის სიმძიმე, როცა უშუქოდ, გათბობის გარეშე რჩება ქალაქების მთელი რაიონები.

უკრაინელებს აქვთ გარკვეული უპირატესობა დრონების გამოყენებაში. დრონების მართვის დანაყოფები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით არის 2%. ექსპერტები თვლიან, რომ თუკი ეს რაოდენობა გაიზრდება 5%-მდე, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები დრონებით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ. მაგალითად, ოთხჯერ შემცირდა ჯავშანტექნიკის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებული ძალებში: 2024 წელს რა დანაკარგიც ჰქონდათ 1 კვირაში, იმდენივე დანაკარგი აქვთ ახლა თვეში. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ, ვთქვათ, უფრო დაცულია ეს ტექნიკა – უბრალოდ აღარ იყენებს რუსეთი ამ ტექნიკას, რადგან მუდმივად ხდება დრონების მსხვერპლი, ფრონტის ხაზამდეც ვერ აღწევენ. ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსებისთვის გადაიქცა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, რომ ოღონდ ვინმე სადმე მიიყვანოს.

ამის საპირისპიროდ უკრაინელები ახერხებენ ჯავშანტექნიკის გამოყენებას. ჯერ ერთი, თავდაცვაში არიან და ნაკლებად სჭირდებათ გადაადგილება და გადასროლა. მეორეც – ჰაერში დრონების ბატონობის პირობებში უკრაინული დრონსაწინააღმდეგო აპარატები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ამაზე რუსი სამხედროები წუწუნებენ, რომ აი, ჩვენს მზვერავ დრონებზე ხდება დარტყმები უკრაინელების დრონგამანადგურებლების მხრიდანო.

მხედველობაში მისაღებია სეზონიც: ნოემბერში ტერიტორიაზე გავლა კიდევ უფრო რთულდება წვიმის და ტალახის გამო. ამავდროულად, ღრუბლიანობის და ნისლის გამო რთულდება დრონების გამოყენება.

საინტერესო ოპერაცია განახორციელეს უკრაინელმა უპილოტოების ოპერატორებმა: მათ სახმელეთო რობოტ-ევაკუატორის საშუალებით მე-7 ცდაზე გამოიყვანეს დაჭრილი მებრძოლი, რომელიც 33 დღე იყო მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში. უკანა გზაზე რობოტმა განიცადა საჰაერო დარტყმები, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქება, დაკარგა ბორბალი, მაგრამ დაჭრილი იმყოფებოდა დაჯავშნულ კაფსულაში და უვნებლად იქნა გამოყვანილი.

  • თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა საუბარი ბირთვულ საფრთხეზე? პუტინმა დააანონსა, რომ კრემლი შეისწავლის ბირთვული იარაღის გამოცდების დაწყების მიზანშეწონილობას. მან ახალი საკონტინენტთაშორისო ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ და პოტენციურად ბირთვული შეიარაღების მატარებელი წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ განაცხადა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ქცევის ფონზე ბირთვულ ცდებს დაიწყებშეერთებული შტატებიც.

ეს „ბურევესტნიკი“ არავინ იცის გამოსცადეს თუ არა. თუ გამოსცადეს, რატომ არ აჩვენეს ჰაერში „ბურევესტნიკის“ ფრენის ვიდეო? რაც იქნა ნაჩვენები, იყო მულტიპლიკაცია.

მეორეცაა, რომ „ბურევესტნიკი“ ახალი არ არის. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელები და საბჭოთა კავშირიც მუშაობდნენ იმაზე, რომ ბირთვული ძრავა დაეყენებინათ ფრთოსან რაკეტაზე. ეს არის ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ბირთვული ძრავა აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი ხანი იფრინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ რაკეტას შეუძლია უფრო შორს გაფრინდეს.

„ბურევესტნიკი“ გამოყოფს ძალიან დიდ სითბურ ველს, ამიტომაც მისი აღმოჩენა ადვილია – გიგანტური, რადიოაქტიური გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რაკეტას. თანაც, ზებგერითი სიჩქარეც არ გააჩნია. მაშინ ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ ასეთი რაკეტა არ იქნება არაფრის მომტანი და გაანებეს თავი. პუტინის მხრიდან კი, ეს მორიგი მუქარაა.

რომელი ბირთვული იარაღის გამომყენებელია პუტინი ამერიკის წინააღმდეგ? ვინმეს ჰგონია მსოფლიოში, რომ პუტინი მზად არის, ამერიკას ბირთვული ომი გამოუცხადოს? რა თქმა უნდა – არა.

  • ამასობაში, რამდენად ძლიერდება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში, როცა ტრამპმა ტომაჰავკებისმიწოდებაზე საბოლოოდ უარი უთხრა ზელენსკის, თუმცა ბრიტანეთმა უკრაინას ისევ გაუგზავნა ფრთოსანი რაკეტები – Storm Shadow?

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ხდება სამხედრო ტექნიკის ძალაუნებური მოდერნიზება. ის ძველი, წინა თაობების ტექნიკა, რომელსაც უკრაინა იღებდა, მეტწილად არის უკვე საბრძოლო დანაკარგებში.  დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს, უფრო და უფრო თანამედროვე ხდება.

მაგალითად, უკრაინამ ბოლოს მიიღო იტალიური ჯავშანმანქანები Centurio, დამატებით იღებს ბრიტანულ შეიარაღებას: Storm Shadow-ს, იგივე ფრანგულ SCALP-ს.

ახლა თუ Taurus-ი მოხვდება უკრაინელების ხელში, ეს უკვე 500-კილომეტრიანია.

„ტომაჰავკი“ მაღალტექნოლოგიური, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც გადააქვს 450 კილოგრამი ასაფეთქებელი მუხტი, მაგრამ იგივე „ფლამინგო“, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს, მიფრინავს 3500 კილომეტრამდე, მას თითქმის ტონამდე ასაფეთქებელი მუხტი გადააქვს. მართალია, „ფლამინგო“ არ არის მაღალტექნოლოგიური, მაგრამ უკრაინელებმა ასევე შექმნეს ბრიტანელების დახმარებით შორი მანძილისთვის „ნეპტუნი“, რომელიც 2000 კილომეტრზე მიფრინავს.

იმიტომ, რომ „ტომაჰავკი“ არ მისცა ამერიკამ უკრაინას და ამით უკრაინას რაღაც დააკლდება, ასე არ არის. ცხადია, უკეთესი იყო, რომ მიეღოთ, მაგრამ რაღაც გარღვევა ამით არ იქნება.

არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინამ ეს „ტომაჰავკები“ მიიღოს. სავარაუდოდ ეს არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აღებული, გარკვეული პაუზა, რომ რუსები დაიყოლიონ და დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • რამდენად სწრაფად უმცირებს ომის რესურსებს რუსეთს სანქციები, მათ შორის, ნავთობზე დაწესებული სანქციები? თქვენი აზრით, რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს რუსეთის გამოფიტვას, რომ მას მოუწიოს უკან დახევა?

ეს სანქციები ძირითადად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთმა შეძლო სამხედრო მრეწველობაზე გადაწყობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებები დასუსტდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის დასუსტება ირიბად აისახება სამხედრო შემადგენლობაზე, თუმცა, პირველ რიგში, ეს აისახება ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებზე.

ამ ტემპით და ამ ინტენსიობით, რასაც დღეს ვუყურებთ, რუსეთს შეუძლია კიდევ ხუთი-რვა წელიწადი კიდევ გააგრძელოს ომი – პუტინისთვის ხალხის სოციალური პირობები მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის.

ასე რომ, სანქციები დაუწესდა რუსეთს და ომს დაამთავრებს, ასე არ არის. ეს არის ის ნაბიჯები, რაც აიძულებს რუსეთს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს.

  • რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე? ფიქრობთ, რომ ამაზე დათანხმება მოუწევს პუტინს?

პუტინი ახლაც თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ მას სურს ეს თავისი პირობებით. ამიტომაც, ცდილობს რუსეთი, რომ პოკროვსკი აიღოს და გასწორებული ფრონტით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • თუ პოკროვსკის საკითხი წლის ბოლომდე გაირკვევა, უკრაინელები მის დაცვას შეძლებენ, თუ რუსები აიღებენ, ელოდებით მოლაპარაკების განახლებას ცეცხლის შეწყვეტაზე?  

დიახ, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე მოლაპარაკების რეჟიმი გააქტიურდება.

ამ ეტაპზე ტრამპის ყურადღება გადასულია ვენესუელაზე, მაგრამ მაინც ყველა ფაქტორი მიდის იქითკენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოხდეს დასხდომა.

მახინჯაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს ხანძარი იყო მახინჯაურში. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა სასხვენო გადახურვა და დაზიანდა სახლის მეორე სართული.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

„რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.

რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც.

„2 ოქტომბერს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან [უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან] გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და  შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები [ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით]. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში,“ – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ არ დაასახელა ნავთობის გამომგზავნი და მიმღები კომპანიები და ეს „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან“ თავის შეკავებით ახსნა.

ტვირთის კუთვნილებაზე განცხადება არ გაუვრცელებია არც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

რაც შეეხება ტვირთის შენახვის ადგილს – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული საქონლის შენახვის ადგილების კლასიფიკატორის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ერთადერთი საბაჟო საწყობი შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ კუთვნილ ტერიტორიაზე [ყულევის ნავთობტერმინალში] მდებარეობს.

ამ კომპანიის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

  • რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

ქალაქ ფოთს რომ გასცდები და მდინარე რიონს გადახვალთ, სანავიგაციო რუკა გიჩვენებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ ორი გზა მიდის – ერთი გრძელი, მეორე – მოკლე. ქარხნისკენ მიმავალი მოკლე გზის გადასახვევთან ავტობუსის გაჩერებაა, სადაც მანქანა შევაჩერეთ იმის გადასამოწმებლად, სწორად მივდიოდით თუ არა.

„ნავთობის ქარხანას ეძებთ ბიძინა ივანიშვილი რომ აშენებს? კი, სწორად მიდიხართ,“ – გვითხრა გაჩერებაზე მდგარმა უცნობმა კაცმა და ხელით გვაჩვენა მიმართულება – „ხრეშიანი გზაა, 15-20 წუთში მიხვალთ ქარხანასთან“.

გზა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მიდის, კოლხეთის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. სამანქანე გზა რკინიგზის ლიანდაგს გასდევს. ეს ფოთისა და ყულევის ტერმინალების დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულში დგას. ქარხნის ტერიტორია ჯერ სრულად შემოსაზღვრული არაა. ღიაა ის ნაწილიც, სადაც ნავთობის გადასაქაჩი მილები გადის – ქარხნიდან ყულევის ნავთობტერმინალამდე.

მილები და მის პარალელურად ახალგაყვანილი სამანქანე გზა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადის ტერმინალამდე.

ტერიტორია, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას აშენებენ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაშია, მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და მიწა, რომელზეც მილსადენი გადის, სახელმწიფოს მიერ „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობისა და სარგებლობის უფლებით 44-49 წლის ვადით არის გადაცემული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ის ადგილი, სადაც ქარხნისთვის რკინიგზა უნდა გაიყვანონ, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებშია და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ „მურყანის სახეობის ხე-ტყის ჭრის ნებართვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით განსაზღვრული ვადის [5 წლის] გასვლის შემდეგ – 44 წლამდე ვადითაა გადაცემული სარგებლობაში“.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ტერიტორია [წითელი ფერით, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებენ] და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობით და სარგებლობით გადაცემული ტერიტორიები [იასამნისფერი]. მწვანე ხაზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა დაშტრიხული
  • მუშაობს თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

დაიწყო თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება მარტის თვეში, როგორც ეს დაგეგმილი იყო? – ეს იყო კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ ქარხანასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პირს დაუსვა.

ეს და სხვა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურმა დირექტორმა, კითხვაზე არ გვიპასუხა არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და არც ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის დირექტორმა.

მუშაობს თუ არა ქარხანა? – ამ შეკითხვით მივმართეთ „საქართველოს განვითარების ფონდსაც“, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. ეს სახელმწიფო ფონდი კი პროექტის თანაპარტნიორია.

„აღნიშნული [ინფორმაცია] წარმოადგენს უშუალოდ საწარმოს კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ამიტომ ამ საკითხებზე გთხოვთ, მიმართოთ უშუალოდ საწარმოს,“ – მოგვწერეს „საქართველოს განვითარების ფონდიდან“.

„საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ,“ – მხოლოდ ეს გვითხრეს ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქარხნის ტერიტორია ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

თუ ქარხანა არ მუშაობს, სად წავიდა 100 ათას ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი, ხოლო თუ მუშაობს, მოხდა თუ არა ამ ნავთობის გადამუშავება ქარხნის მიერ? – ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ამ დრომდე ვერ მივიღეთ ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2/11/2025
  • ვის ეკუთვნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყულევში

ყულევის ნავთობტერმინალი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა ობიექტია და ერთმანეთისაგან დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილითაა დაშორებული.

ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა, „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს შპს „დუნამის“.

თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.

რაც შეეხება შპს „დუნამის“, კომპანიის 100%-იან წილს დავით ფოცხვერია ფლობს, რომელიც ამავდროულად არის „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ ჩახნაშვილი და მაკა ასათიანის ქმარი, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია.

კომპანიის გენერალური დირექტორია დავით ფოცხვერია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი დაგირავებულია 50 მილიონ აშშ დოლარად.

გირავნობის ხელშეკრულება 2024 წლის 25 ივლისს დაიდო, „ბაზისბანკს“, ბანკ „ქართუს“, „ხალიკბანკს“, „საქართველოს განვითარების ფონდს“, შპს „თრეიდ სთოუნ იბერიასა“ და „ბლექ სი პეტროლიუმს“ შორის.

შპს „თრეიდ სთოუნ იბერიამ“, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ ჭკუასელი და მაკა ასათიანის წარმომადგენელმა კონსტანტინე გოგელიამ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი 360 თვით, ანუ 30 წლით დააგირავეს.

ცნობისათვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ სახელმწიფო საკუთრებაა. 50 მილიონ დოლარიდან ამ სახელმწიფო ფონდის წილი კი, მინიმუმ 5 მილიონი დოლარია.

დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოს მთავრობამ მოიწონა „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ბლექ სი პეტროლიუმის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის შესახებ და გამოსცა განკარგულება, რომლითაც პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათი კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია.

ამასთან, მთავრობის სხვა განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მხრიდან განსახორციელებელი დაფინანსების ოდენობამ გადააჭარბოს 5 მილიონ აშშ დოლარს... ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათი, მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.“

  • სახელმწიფოს თანადგომა „ბლექ სი პეტროლიუმს“

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 22 ოქტომბერს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ამავე პროექტის პრეზენტაციაზე გაავრცელეს, ითქვა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, ასევე პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე,“ – ეწერა საქართველოს მთავრობის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე გამართეს.

პრეზენტაციის ფოტოებზე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის გვერდით ზის მაკა ასათიანი, ქარხნის უმსხვილესი აქციონერი, მომდევნო რიგში, მათ გასწვრივ რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია. გოგელიას გვერდით კი დავით ფოცხვერია, „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.

პირველ რიგში ირაკლი კობახიძე, მაკა ასათიანი, კონსტანტინე გოგელია და დავით ფოცხვერია ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე. 2024 წლის 22 ოქტომბერი, მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო

ფოტომასალის მიხედვით, პრეზენტაციას ესწრებოდა კახი ჟორდანია, მაკა ასათიანის შვილი პირველი ქორწინებიდან.

კახი ჟორდანიას სახელი ქარხნის პრეზენტაციიდან ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გამოჩნდა რუსული გამოცემა „პროექტის“ გამოძიებაში, რომელმაც დაწერა, რომ არსებობს კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობას შორის.

კერძოდ, „პროექტის“ თანახმად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახი ჟორდანია, რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან, სერგეი ალექსეევთან ერთად.

„პროექტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკა ასათიანის შვილი, კახი ჟორდანია ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული.

2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ ნავთობტრეიდერ Oil Energy Group-ს, რომლის წლიური შემოსავალი იმ დროს 17,5 მილიარდ რუბლს [215,3 მლნ აშშ დოლარი] აღწევდა.

ამას გარდა, 2018 წლიდან კახი ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს კომპანიაში „СДО-Логистик“. ეს კომპანია ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტირებით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალი 2024 წელს 838 მილიონი რუბლი [10,4 მლნ დოლარი] იყო.

„პროექტის“ თანახმად, კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორი და „СДО-Логистик“-ის ძირითადი აქციონერი [51%] არის ვინმე სერგეი ალექსეევი. როგორც „პროექტმა“ გაარკვია, აღნიშნული პირი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის [ГРУ] მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილია.

„პროექტის“ ინფორმაციით, არსებობს კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახს შორის
  • ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ისტორია

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო დაგეგმილი. ნასყიდობის ხელშეკრულება 2012 წლის 26 ივნისს დაიდო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსს და შპს SOCAR Georgia Investments-ს შორის.

პროექტი არ განხორციელდა და მისი განხორციელების ვალდებულება კომპანია შპს „ფაზის ოილზე“ გადავიდა. ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა.

გამოცემა BMG.ge-ს თანახმად, სახელმწიფომ კომპანია „ფაზის ოილი“, რომელსაც თავდაპირველად უნდა განეხორციელებინა პროექტი, ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა ჩამოაწერა.

საბოლოოდ, ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი 2023 წელს „ბლექ სი პეტროლიუმს“ გადაეცა, 2024 წელს კი, პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა.

  • ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის შეცვლილი რეგულაცია

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლითაც დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებული არსებული ნორმა შეცვალა.

კერძოდ, ამ ცვლილების შედეგად, დასაშვები გახდა დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა.

„ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იმპორტირებული დიზელის საწვავი შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს, თუ აღნიშნული დიზელის საწვავი გამოყენებული იქნება მხოლოდ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში“, – წერია დადგენილებაში.

ერთადერთი ქარხანა სადაც მსგავსი მოცულობის ნავთობის გადამუშავებაა შესაძლებელი, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

  • ინტერესთა კონფლიქტი

ლევან დავითაშვილი 2024 წლის 22 ოქტომბერს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ რანგში დაესწრო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პრეზენტაციას.

დავითაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა.

2025 წლის 26 სექტემბერს ლევან დავითაშვილი „ბლექ სი პეტროლიუმის“, ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს.

ამ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა კანონდარღვევა ლევან დავითაშვილის იმ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა, რომელსაც მინისტრობის დროს კურირებას უწევდა.

„შეგიძლიათ მოიკითხოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები, მე არ ვიცი. კანონი თუ ირღვევა, მაშინ კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ მე არ ვიცი. კანონს ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება მე არ ვიცი, გავარკვიოთ ერთად. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის კომპანიას და იმ შემთხვევაში თუ კანონია დარღვეული, კომპანიამ უნდა მიიღოს ზომები“, – ასეთი იყო ირაკლი კობახიძის პასუხი დასმულ შეკითხვაზე.

  • კითხვები, რომელსაც არ პასუხობენ

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფოცხვერიას. კომპანიის დოკუმენტაციაში არსებულ ტელეფონის ნომერზე მას შეტყობინებაც გავუგზავნეთ და გავაცანით საკითხი, რომელზეც გვსურდა კომენტარი. მან ჩვენს შეტყობინებაზე ამ დრომდე არ უპასუხია.

პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე, რომელიც ოფიციალურ მეილზე გავუგზავნეთ „ბლექ სი პეტროლიუმსაც“. 

კომპანიის პასუხებს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ. 

რაც შეეხება კახი ჟორდანიას, მასთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო. 

ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი

ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს შეისყიდის. პროექტის დასაფინანსებლად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარი გაითვალისწინეს.

ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. როგორც მმართველი კომპანიის დირექტორმა, ემზარ აბულაძემ გვითხრა, საბაგირო აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც ახლის შესყიდვა გადაწყვიტეს.

საბაგირო

არსებული საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ულამაზესი ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.

საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარია.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასევე ზანკები-გოდერძის გადასასვლელის და ჭანჭახის უღელტეხილი-ბეშუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 300 000 ლარი. ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევა კი დაფინანსდება 200 000 ლარით.

ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება კი 368 000 ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს.

რატომ ვერ დაასაბუთებს „ოცნება“ საბოტაჟის ბრალდებას – ინტერვიუ

„მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, ნერვული ხასიათის რეაქციაა, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ“ – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ოცნების“ პროკურატურის განცხადებაზე, რის მიხედვითაც უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის“ მტრულ საქმიანობაში დახმარებაში დებენ ბრალს.

როგორ აპირებს „ოცნება“ ამტკიცოს საბოტაჟი და რატომ არ ასახელებს იმ „უცხო ქვეყნებს“, რომლებსაც ის მტრად მოიხსენიებს? – „ბათუმელები“ სანდრო ბარამიძეს ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო სანდრო, „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს ახალი ბრალდებები წაუყენა და მათ საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში“ დახმარებას ედავება. შეიძლება თუ არა მსგავსი ბრალდება სხვა ოპონენტების წინააღმდეგაც გამოიყენოს „ოცნებამ“ და გაუჭირდება თუ არა მას ამ ბრალის დამტკიცება?

რამდენიმე მომენტს გამოვყოფ. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ბრალის წარდგენა მოხდა მეორე დღეს, როცა ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გაფართოების ანგარიში საქართველოსთან მიმართებით, სადაც უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული ბოლო წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ისიც კი თქვა, რომ საქართველოსთვის უბრალოდ აღარ არის არანაირი გზა დარჩენილი იმისთვის, რომ ამ ვითარებაში გახდეს ევროკავშირის წევრი და რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსიდან დარჩა მხოლოდ სახელი.

ასე მოხდა შარშან ნოემბერშიც, როდესაც ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა უკიდურესად ნეგატიური რეზოლუცია საქართველოს შესახებ და მეორე დღეს, 28 ნოემბერს, გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ ვაჩერებთ ყველანაირ მოლაპარაკებებს ევროკავშირთანო.

აქედან გამომდინარე, მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, კონვულსიური, ნერვული ხასიათის რეაქციაა. ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ, – არა, უბრალოდ, ახორციელებენ ისეთ მოქმედებას, რომელიც მიანიშნებს, რომ სჯიან საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ თვითონ ჩააგდეს ყველაფერი ევროკავშირთან და საერთოდ ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

მეორე საკითხი: ივანიშვილის მიზანია ჩაახშოს, დახუროს დემოკრატია საქართველოში, დახუროს წარმომადგენლობითი დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი და ასეთ ვითარებაში ქვეყანაში დარჩეს ვითომ პარტიები რომ არსებობენ, უცნაური, მართლა თითო-ოროლა კაციანი, ნაყიდი რომ აქვთ მათი ლოიალობა და სხვა აღარავინ.

თუ არჩევანი არ გვექნება, მაშინ, ბუნებრივია, არჩევნებიც, როგორც ასეთი, არ იქნება.

ასეთი არჩევნები საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა, მაგრამ არჩევნებს არავინ არ უწოდებდა და ეს უნდა, რომ გააკეთოს ივანიშვილმა დღეს.

ფაქტობრივად, ეს ახალი ბრალი, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს სტილში გამოტანილი განაჩენით უნდათ, რომ გახადონ პრეიუდიციად, რადგან იმ სარჩელში რაიმე დასაბუთებული მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ ფაქტების დადგენის, ასე ვთქვათ, მოვალეობა მე არ გამაჩნია, იმიტომ, რომ ფაქტები აგერ დაადგინა ვთქვათ თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ბრალის საქმეში.

  • „ოცნება“ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებზე ამბობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის საერთაშორისო სანქციების დასაწესებლადო. რა ტიპის „ბრალია“ ეს. ან რა ფორმით უნდა ამტკიცოს ეს ბრალდების მხარემ?

არცერთ ბრალში ეს არ ჯდება. მოგეხსენებათ, რომ სამი მუხლით მიმდინარეობდა აქამდე გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში იყო, რომ ჯერ ნანუკას ფონდი და სხვა ფონდების წარმომადგენლები დაკითხეს მაგისტრანტ მოსამართლესთან და მერე სექტემბერში, უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაურიც დაკითხეს. ეს იგივე გამოძიებაა, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის, ეგრეთ წოდებული უცხო ქვეყნისთვის დივერსიულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებით.

სანქციების საკითხი არცერთი მუხლის კვალიფიკაციაში არ ჯდება. ჯერ ერთი, როცა ამბობ, რომ „მტრულ სახელმწიფოს“, მტრულ ორგანიზაციას დაეხმარე, იქვე უნდა მიუთითო, ვინ არის ეს მტრული სახელმწიფო, რომელია ეს უცხო სახელმწიფო, რომელიც მტრულ საქმიანობას ეწევა და იყენებს ამ ადამიანების დახმარებას.

  • როგორ ფიქრობთ, შეძლებენ იმას, რომ სასამართლოში ხელი დაადონ ვთქვათ ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას, როცა მოუწევთ „მტრულ სახელმწიფოს“ განმარტება?

არ ვიცი, თუმცა, თუმცა რაღაც ალუზიები და მინიშნებები ამ კუთხით არის დაფიქსირებული წულუკიანის კომისიის დასკვნაში, რომელიც საფუძვლად უდევს ვთქვათ, საკონსტიტუციო სარჩელს [ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე].

ერთი-ორ ადგილას ამერიკის ყოფილი ელჩის გამონათქვამია მითითებული, ევროკავშირის ყოფილი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის სიტყვებია მითითებული, თუმცა პირდაპირ იმის თქმა, რომ ვიღაცას ხელს ადებენ, ასე არ არის, რა თქმა უნდა.

  • თუ პირდაპირ ვერ დაასახელებენ „მტრულ ქვეყნებს“, მაშინ როგორ დაამტკიცებენ ბრალს. ვისთვის მუშაობდნენო, რას იტყვიან?

მარტო ეს არ არის, რასაც ვერ დაამტკიცებენ. საერთოდ, ვერცერთ მუხლთან მიმართებით ვერ დაამტკიცებენ ბრალს. მათ შორის საბოტაჟის მუხლთან მიმართებით, ასე ვთქვათ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, არათუ მტკიცებულებები.

ისინი არც აღწერენ ქმედებებს, რაში გამოიხატა ეს ყველაფერი. უნდა აღწერო რაღაც მოქმედება, რომ თქვა, ეს ქმედება შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის ამა და ამ მუხლით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობას. ასეთი რამე უბრალოდ არც არის აღწერილი.

საბოტაჟს აბრალებენ ფაქტობრივად ყველას. ზოგის შემთხვევაში მარტო საბოტაჟია ბრალად წაყენებული. იგივე გვარამია, მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძეს მარტო საბოტაჟში აქვთ ბრალი წაყენებული და რაში გამოიხატა საბოტაჟი? ეს აღწერილი არ არის.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსთაველზე მიმდინარეობდა პერმანენტული აქციები, აქ საბოტაჟი რაში ვლინდება?

საბოტაჟი არის ის, როდესაც, ხელს უშლი ვთქვათ პარლამენტის მუშაობას ისე, რომ ის მუშაობას ვერ ახერხებს. ასეთი რამ არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, იგივე რუსული კანონის მიღების პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მასობრივი აქციები იმართებოდა ყოველდღიურად პარლამენტის წინ, ერთი წამით არ შეუჩერებია პარლამენტს მუშაობა და ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ კანონებს, მათ შორის ეს რუსული კანონიც მიიღეს თვე-ნახევარში. ამიტომ, საბოტაჟი რაში ვლინდება, თუ ხელი რეალურად ამ აქციებმა ვერ შეუშალა პარლამენტის მუშაობას?!

პროკურორმა უნდა იფიქროს ამაზე, მაგრამ სად აქვს მაგათ ან ფიქრის უნარი ან ფიქრის ვალდებულება. მათი ერთადერთი ვალდებულებაა, რასაც ეტყვიან, ის გააკეთონ.

  • ბრალდებაში საუბარია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე [„აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად…“]. მსგავსი ბრალდება შესაძლოა ყველა ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენონ, მით უმეტეს, თუ არც ბრალდების დასაბუთება დასჭირდებათ. ამ ნაწილზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?  

მე ჯერ ეს წაყენებული ბრალდებები და მით უმეტეს მტკიცებულებები არ წამიკითხავს, ამიტომ არ ვიცი რას ეყრდნობა ბრალდება. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამისთანა მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.

  • ასევე, თქვეს, რომ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აწვდიდნენ ინფორმაციასო. არადა ამაზე უცხოური მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას და ეს ვერ იქნებოდა დამალული.

არ ვიცი რას ეყრდნობა მათი ბრალდებები, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის, ევროპარლამენტის დონეზე იქნება ეს, ევროკომისიის თუ მათი ხელმძღვანელების გამონათქვამების დონეზე, მთავარი საყვედურები „ქართული ოცნებისკენ“ არის მიმართული, სადაც საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევებზე. იმიტომ, რომ ქუჩაში ადამიანებს სცემდნენ, აწამებდნენ, უსამართლოდ ასამართლებდნენ, უსამართლოდ აპატიმრებდნენ, აკავებდნენ და ამის გამო აკისრებენ მათ სანქციებს.

ამის გამოა, რომ დასავლეთი აღარ გვიდგას გვერდით და ამას უკვე დემოკრატიული უკუსვლა კი არა, უკვე დიქტატორის დამყარება ჰქვია.

რა შუაშია აქ ირანი, ნავთობი ან სანქციები.

  • ადამიანებს რომ სცემდნენ ეს იყო ფაქტი, რადგან ამ ყველაფერს აშუქებდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია. რის საფუძველზე იტყვიან, რომ უცხო ქვეყნებს აწვდიდნენ ინფორმაციას პოლიტიკოსები? ეს ხომ ისედაც ფაქტი იყო.

ვერაფერს ვერ დაამტკიცებენ.

ეს სანქციებიც სინამდვილეში არის შესვლაზე აკრძალვები ანუ მგზავრობის აკრძალვები უცხო ქვეყნებში და ესეც ცალკეულ ქვეყნებში, ხომ? ზოგ შემთხვევაში გერმანია, ჩეხეთი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი განპირობებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევით და არა იმის გამო, რომ საქართველოა რაღაცაში მხილებული.

აქ ლაპარაკია ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, ლაპარაკია ხელისუფლების მიტაცებაზე, ლაპარაკია სამართლის უზენაესობის მოშლაზე და დემოკრატიის დამარცხებაზე. ამიტომ არის, რომ მთელი დასავლეთი, „ქართულ ოცნებას“ განიხილავს როგორც ავტორიტარულ რეჟიმს.

  • სააკაშვილის ფაქტორის შემოტანა რაში დასჭირდათ და იმის თქმა, რომ თურმე პატიმრობაში მყოფი პირი სოციალური ქსელებით ამხობდა „ოცნების“ ხელისუფლებას?

პროპაგანდისტული ტრიუკია ესეც და ამით უნდათ რაღაცნაირად „გაამყარონ“ მათი ფუყე, ვითომ სარჩელი, რომელიც შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზოგადოებაზე მათი ცარიელი ფრაზები გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რაიმე დასაყრდენი არ აქვთ. მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი უჭირავთ და ისიც ზოგი მოსყიდვით, ზოგი დაშინებით, ეს არის სულ მათი რესურსი.

საზოგადოებაში რა დასაყრდენიც აქვთ, ეს აჩვენა თუნდაც ამ თვითმმართველობის არჩევნებმა, სადაც უამრავმა ადამიანმა საერთოდ არც მიიღო მონაწილეობა და რომელიღაც კალაძემ სულ რაღაც 20%-ი მიიღო თბილისის საარჩევნო ოლქის.

ამ 20%-საც ვერ აიღებდა, რომ არ ყოფილიყო შიშის ფაქტორი, რომ არ ყოფილიყო ადმინისტრაციული ზეწოლის და პენსიაზე, ხელფასზე დამოკიდებული ადამიანების ფაქტორი.

  • არასამთავრობოებიც იყო ნახსენები, რომ თითქოს მათთან ერთად მოქმედებდნენ ოპოზიციის ლიდერები. ფიქრობთ, რომ ეს სპეციალურად ჩაწერეს, რომ შემდეგი ისრები მათზე გადაიტანონ?

რა თქმა უნდა. ტყუილად არ არის ეს ფრაზა გამოყენებული. გადავლენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პირდაპირ ნადირობაზე, ამას ვნახავთ გარკვეულ დროში.

  • მთავარი მაინც იკითხება პირადი შურისძიება ივანიშვილის ან მისი პარტიის იმ წარმომადგენლების, რომლებიც დაასანქცირა დასავლეთმა? რადგან აქცენტი სწორედ ამაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გაკეთებული. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ყველაზე მთავარი რაც იკითხება არის ის, რომ ივანიშვილს, რასაკვირველია, ძალიან არ უნდა ძალაუფლების დაკარგვა და ის იმდენად შორს წავიდა ამ თავის ავტორიტარულ და რეპრესიულ პოლიტიკაში, სახელმწიფოს მიტაცებაში და ასე შემდეგ, რომ მისთვის უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ ამ ჭაობში კიდევ უფრო ღრმად შეტოპოს.

თუმცა, არცერთ დიქტატორს ბოლომდე, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ გასვლია. საბოლოო ჯამში დაინგრა ისეთი ძლევამოსილი დიქტატორები, დიქტატურები, როგორიც იყო იგივე საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია და უფრო უახლესი მაგალითებიც გვაქვს სირიის და ლიბიის სახით.

  • თუმცა, გვაქვს სხვა მაგალითებიც თუნდაც აზერბაიჯანის ან იგივე თურქეთის სახით, სადაც დღემდე ავტორიტარული რეჟიმები მართავენ. ალბათ იმავეს იმედი აქვს ივანიშვილსაც?

თურქეთი და აზერბაიჯანი ორი სხვადასხვა რამ არის მაინც. მაგრამ საბოლოო ჯამში, რით დამთავრდება ეს ამბავი, როდესაც ერდოღანს აღარ ექნება უკვე არჩევნებში მონაწილეობის საკონსტიტუციო უფლება, მერე ვნახავთ.

ალიევს რაც შეეხება, იქ ცოტა სხვაგვარი ვითარებაა იმ კუთხით, რომ ალიევი, რა თქმა უნდა, ავტორიტარული მმართველია, მაგრამ, მეორე მხრივ, ალიევს აქვს ძალიან მყარი საფუძველი ნავთობის და გაზის სახით, რაც, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ საფუძველს უქმნის მის რეჟიმს.

გარდა ამისა, ალიევის წარმატებები, იგივე ყარაბაღთან მიმართებით და ასე შემდეგ, განაპირობებს აზერბაიჯანული საზოგადოების ლოიალობას მის მიმართ. ამისთანა ფაქტორები ამ ქვეყანაში არ არის, არც ნავთობი და გაზი აქვს ივანიშვილს და მით უმეტეს, არც რაიმე წარმატება.

  • მაგრამ აქვს რუსეთის მხარდაჭერა.

კი ბატონო, რუსეთის მხარდაჭერა აქვს და ამაზე დგას სინამდვილეში, მისი რეჟიმის განგრძობითობის ფაქტორი, რომ რუსეთის ემისარია და რუსულ რეჟიმს მიტმასნილი ფიგურა.

მაგრამ როდესაც რუსულ რეჟიმს დაემართება რაღაც განსხვავებული, მაგალითად, უკრაინაში მარცხის მერე, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს რაღაც შედეგებს ივანიშვილის რეჟიმისთვის.

___________

ფოტოზე: სანდრო ბარამიძე. კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან.

ამავე თემაზე: 

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

Exit mobile version