11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში.
„მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?“ – ეს ტექსტი ისრაელის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა, ფეისბუქზე.
რას ნიშნავს ანძის ირანის დროშის ფერებით განათება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, მართლაც, რა გზავნილია ეს, თუ ხედავთ ამაში საფრთხეებს?
პატარა ქვეყანას ვერ დაუშლი იმას, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ეცადოს ურთიერთობების ნორმალიზებას და არგამწვავებას, მაგრამ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო, მაინც და მაინც დიდ ხოტბას არ უნდა ასხამდეს ირანს და რაც არ უნდა მეზობელი იყოს, ის, რაც ჩაიდინა ირანის რეჟიმმა სულ ახლახან – რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დახოცეს უბრალოდ ქუჩაში და კიდევ რამდენიმე ასეული დახვრიტეს ციხეებში, ამ ფონზე შეიძლებოდა, ირანის დროში ფერებში არ გაენათებინათ ანძა.
ერთი ფრაზითაც კი არ აღუნიშნავთ, რომ დავუშვათ ეწინააღმდეგებიან ან არ მოსწონთ ძალადობა, რომ მხარს უჭერენ დემოკრატიის განვითარებას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ეს არის მთლიანად დაყვავების და სრული ჰარმონიის პოლიტიკა, რა თქმა უნდა.
- ეს ხდება იმის ფონზე, როცა აშშ-ი და ირანი ლამის ომის ზღვარზე არიან. რამდენად სახიფათოა „ოცნების“ პოლიტიკური თამაშები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, როგორ ფიქრობთ?
დასამალი არ არის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ავტორიტარულ ბანაკშია უფრო მეტად, ვიდრე დემოკრატიულ ბანაკში. თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ ირანის ან რუსეთის პირდაპირი მოკავშირეა, აი, ამ, პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომში, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
ბოლოს და ბოლოს არსებობს რამშტაინის ფორმატი, სადაც გაერთიანებული არიან სახელმწიფოები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. თუმცა, ასეთი ბრუტალური დამოკიდებულება დემოკრატიული ძალების ჩახშობა და საერთოდ არანაირი რეფორმის გატარების სურვილი, მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“ იმიტომ, რომ ირანის ფონზე მისი ავტორიტარული მისწრაფებები მათ ხელისუფლებას მეტად სიმპათიურად წარმოაჩენს ირანთან შედარებით.
რაც მეტად ბრუტალური იქნება ირანი და მეტად ცუდ რაღაცებს გააკეთებს, „ქართულ ოცნებას“ მეტი შესაძლებლობა ექნება ავტორიტარიზმისკენ კიდევ უფრო გადაიხაროს.
- თუ აშშ-სა და ირანს შორის უფრო გამწვავდება სიტუაცია, „ოცნების“ პოლიტიკა ირანთან არ დააზარალებს ჩვენს ქვეყანას? რა ფორმით შეიძლება შეგვიქმნას ხიფათი?
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ეს კონფლიქტი. ქვეყნის საფრთხეზე ესენი არ ფიქრობენ, იმაზე ფიქრობენ, თავად „ქართულ ოცნებას“ შეექმნება თუ არა რაიმე პრობლემა. ამის მიხედვით მოქმედებს „ქართული ოცნება“. ამ კონტექსტში კი მათ მორალური შეზღუდვები არ აქვთ.
პირველ რიგში ეს არის ყველაზე უფრო ნეგატიური ან მიუღებელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში, რომ მათ არ გააჩნიათ მკაფიო პოზიციონირება და ყველა სიტუაციაში ფიქრობენ საკუთარ გადარჩენაზე.
თუ, ვთქვათ, ომი დაიწყო ირანსა და ამერიკას შორის, მათ დაუყენებენ ძალიან კონკრეტულად საკითხს – ვის მხარეს ხარ? რა თქმა უნდა, ესენი ეტყვიან, რომ ვინც ძლიერი იქნება, იმის მხარეს იქნებიან. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ძლიერი მაინც ამერიკაა. ამიტომ იქნებიან ამერიკის მხარეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მიატოვებენ თავიანთ ავტორიტარულ მისწრაფებებს და დემოკრატიას დაუყვებიან. ეტყვიან, რომ კი, საგარეო ასპარეზზე ვართ თქვენს მხარეს, მაგრამ ირანი მეზობელია და ამით ახსნიან თავიანთ ქმედებებს.
- საკმაოდ ხისტი პოლიტიკა აქვს ტრამპს, ამიტომ რამდენად დამაჯერებელია „ქართული ოცნების“ გათვლები, ყველა რისკს დააზღვევენ?
„ქართული ოცნება”, ერთადერთი, რასაც თვლის კარგად, ეს არის რისკები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, თორემ ამდენი ხანი ვერ შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებას. ისინი არ თვლიან რისკებს არც ქვეყნისთვის, არც ეკონომიკისთვის, არც მოქალაქის კეთილდღეობისთვის – ამაზე თავს არ იწუხებენ. ერთადერთი, რაზეც მუშაობენ 24 საათი, ეს არის იმ რისკების გათვლა, რაც მათ ერთპიროვნულ ძალაუფლებას არ შეუქმნის საფრთხეს.
რა თქმა უნდა, ისინი უყურებენ სიტუაციას, ამიტომ ხან ამერიკას ელაქუცებიან, ხან ირანს. ხან ამერიკელებს უგზავნიან მესიჯებს, რომ აი, თქვენი ვართ და თქვენთან ვართ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, გავაკეთებთ რასაც გვეტყვით, ოღონდ შიდა საქმეებში არ ჩაერიოთ და ირანს ეუბნებიან, რომ „მეზობლები ვართ და არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ“.
- ასეთი დამაჯერებლები არიან, რომ ორივე მხარის დარწმუნებას შეძლებენ?
ცხადია, ეს ვერცერთი მხარისთვის ვერ იქნება დამაჯერებელი, იმიტომ, რომ არც ამერიკაში და არც ირანში სულელი არავინაა. ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს. მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ორივეს აწყობდეს ეს მოცემულობა.
თუმცა, მოვა მომენტი, როცა ირანიც და აშშ-იც უფრო მეტს მოინდომებენ. მაგალითად, თუ ომი დაიწყო, ამერიკა მოინდომებს, ვთქვათ, საქართველოს პორტების და ინფრასტრუქტურის გამოყენებას ლოჯისტიკური მიზნებისთვის. ირანი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, რაღაც ულტიმატუმებს გაუგზავნის „ოცნების“ მთავრობას, არ გაბედოთ ამერიკული სამხედრო ტვირთების გადმოზიდვა და ასე შემდეგ.
შესაძლოა სამხედრო ტვირთების გადაფრენა დასჭირდეთ და ამ შემთხვევაში ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
- ეს ალბათ მარტო „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი აღარ იქნება, თუ „ოცნება“ ანგარიშს რუსეთს უწევს, რუსეთი ირანის პოზიციებს დაიჭერს და როგორ ფიქრობთ, მაშინ ვის გაუწევს ანგარიშს „ოცნება“ – რუსეთს თუ აშშ-ს?
ვინც უფრო ძლიერი იქნება, იმას გაუწევს ანგარიშს.
მაგრამ აქ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი რუსეთის ფაქტორი აქ არ არის მარტო “ქართული ოცნების” ძალაუფლების ფაქტორი. რუსეთი არის ასევე საფრთხე თავად ივანიშვილისთვის და მისი ასე ვთქვათ, კეთილდღეობისთვის. მათ ეშინიათ რუსეთის. ამიტომ არ ვიცით, რომელი მხარე გადაწონის. ჩვენ უბრალოდ ფაქტორები შეგვიძლია დავასახელოთ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს „ოცნების“ გადაწყვეტილებებზე.
ახლა „ოცნებას“ იმხელა ძალა არ აქვს, რომ მაგალითად თურქებივით უარი უთხრას აშშ-ს რაღაცაზე. მაშინ მკვეთრად უნდა გადაწყვიტოს, რომ რუსეთის მხარესაა და მთლიანად ბელარუსივით გახდეს. ვფიქრობ, ამას არ გააკეთებს, რადგან თუ ბელარუსივით გახდება, შეინარჩუნებს კი „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას? შეიძლება გიორგაძე ჩამოიყვანონ საერთოდ და „ოცნება“ მთლიანად ჩაანაცვლონ წმინდა რუსული მმართველობით.
ამიტომ ცდილობენ ბალანსს, ამ შემთხვევაში. ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ უფრო მეტი ძალისმიერი პოლიტიკით გამოვა და ამის წინასწარმეტყველება ცოტა რთულია.
- როგორ ფიქრობთ, ამ ბალანსისთვის გაუშვეს მამუკა მდინარაძე აშშ-ში?
ჩემთვის რთულია ამის თქმა. შესაძლოა, უსაფრთხოების სხვა, ნებისმიერი საკითხები ყოფილიყო. ისიც არ ვიცი, გაუშვეს თუ დაუძახეს. ყველაზე დიდი მიზანი რაც ახლა აშშ-ს გააჩნია, ყველა მხრიდან ირანის ბლოკადაში მოქცევა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დაუძახეს და ესაუბრეს, მაგალითად, ირანის თემაზე. ვთქვათ ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე, მათი დაზვერვის მოქმედებაზე და ასე შემდეგ.
ამ კონსულტაციისთვისაც შეიძლება დაებარებინათ და მოესმინათ განმარტებები, ხომ არ თანამშრომლობენ მაგალითად ირანის დაზვერვასთან და ხომ არ არის რაიმე ინფორმაციული გაცვლა-გამოცვლა სპეცსამსახურებს შორის.
შესაძლოა ეს ყოფილიყო მართლაც ლოჯისტიკური საკითხები, რომ კონტროლის რაღაც მექანიზმები შექმნან ირანთან მიმართებაში. თუმცა ეს ჩემი ვარაუდებია, რა თქმა უნდა.
რაც შეეხება თავად საქართველოს საკითხს დემოკრატიიდან გადახრას და ასე შემდეგ, არა მგონია ასეთი საკითხები უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან განეხილათ.
- რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ ლავირებების ფონზე მათ მიაღწიონ აშშ-გან აღიარებას?
„ქართულ ოცნებას” ალბათ აქვს ეს გათვლაც, მაგრამ მთლიანად აღიარება ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ არსებობს კონგრესი, სადაც ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებებია „ოცნების“ მიმართ დემოკრატიულ უკუსვლასთან მიმართებაში.
შეიძლება ადმინისტრაცია იყოს კმაყოფილი და მადლიერი რაღაც საკითხებში და რაღაც გარკვეული კონტაქტებიც გაღრმავდეს საქართველო-აშშ-ს შორის, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, იქნება ეს მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერა თუ სხვა საკითხები, დასჭირდებათ კონგრესის თანხმობა, რაც ძნელი მოსაპოვებელი იქნება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე უკვე ჰელსინკის კომისიაზე მოხდა ამ საკითხების განხილვა და მათ აქვთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა დონეზე ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.






