„საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში რაღაც სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა.
უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია. მას „ოცნების“ სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე ვესაუბრეთ – რა იცვლება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აშშ-მ თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში მკაფიოდ გამოხატა?
„ის, რომ ამერიკას ხელი აქვს საქართველოზე ჩაქნეული, ამას არ ვეთანხმები – ამერიკა კიდევ უფრო მძლავრად შემოვიდა რეგიონში და რუსეთის გავლენები ისევე, როგორც ირანის გავლენები, შეასუსტა.
ივანიშვილი აკვირდება, რას იზამს ამერიკა ერთის მხრივ რეგიონში, რა მოხდება უკრაინაში და აქედან გამომდინარე იმოქმედებს.
„ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ რახან საქართველო რუკაზე შუა დერეფნის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, გეოგრაფიის გამო მიიღებენ ისეთად, როგორიც არიან. ეს ასე რომ არ ხდება, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ივანიშვილი ახლო მომავალში. მან უნდა გააკეთოს ის, რაც უთხრეს ამერიკიდან და შეცვალოს ის, რაც უთხრეს, ან გაგრძელდება სტრატეგიულად უმნიშვნელო მდგომარეობა და ჩიხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს,“ – მიიჩნევს თეონა აქუბარდია.
„ბათუმელებმა“ თეონა აქუბარდიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პარლამენტის ყოფილი წევრი და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა.
- ქალბატონო თეონა, სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, კოლეგებმა მიიწვიესო. დამაჯერებელია სუს-ის ეს განცხადება, რომ „შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“?
დამაჯერებელი არის ის, რომ უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა მისი ვიზიტი, თუმცა აქ არის მთავარი პრობლემა: ჩვენ გვახსოვს მამუკა მდინარაძის სუს-ის სავარძლიდან გაკეთებული ანტიამერიკული განცხადება, რასაც მოჰყვა ელჩის – ტალიაშვილის დაბარება სახელმწიფო დეპარტამენტში. ამას უარყოფდა თავიდან ირაკლი კობახიძე, მაგრამ შემდგომ შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რის გამოც დაიბარეს ტალიაშვილი, რომ დაგმეს მამუკა მდინარაძის განცხადება.
- ეს შეეხებოდა მამუკა მდინარაძის ცნობილ განცხადებას? სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ „გაშიფრეს“ სხვადასხვა არხი, რომლითაც საქართველოში რევოლუციური მიზნები ფინანსდება, მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98%-ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.
კი ბატონო. სახელმწიფო დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირება უნდა გაეკეთებინა სუს-ის უფროსის ამ განცხადებაზე.
ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ლილუაშვილის საიდუმლო ვიზიტი, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წელს. მაშინ გახარიამ განაცხადა, რომ ის იყო ივანიშვილის შიკრიკი და ურთიერთობების დალაგების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს ყველაფერი წარმატებით არ დამთავრდა.
მეორეს მხრივ, არის სუს-ის ვებგვერდზე ინფორმაცია გომელაურის, რომელიც იმ დროს სუს-ის უფროსი იყო, შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, როცა ის ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის: ვის უნდა შეხვედროდა, რა შეხვედრა იმართებოდა, ამ შეხვედრის დეტალები. თუ მდინარაძე მიდიოდა შეერთებულ შტატებში, ეს წინასწარ შეეძლო ეთქვა, ისევე, როგორც გომელაურმა თქვა 2017 წელს. ეს არ მომხდარა.

თეონა აქუბარდია
ბუნებრივია, უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს.
თუ გავიხსენებთ ლაშა დარსალიას [„ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე] ვიზიტს შეერთებულ შტატებში, რაც ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისგან გავიგეთ და არა მაკა ბოჭორიშვილის კანტორიდან, იქაც საუბარი ეხებოდა ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, აშშ-ში იქნებოდა საუბარი, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებზე, მით უფრო, თუ გავიხსენებთ იმას, რომ სუს-ში გაერთიანდა დაზვერვის სამსახურის ფუნქციები. დაზვერვის სამსახურს აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან წარსულში.
ვფიქრობ, რომ საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა.
- ანტიამერიკული განცხადებები ჰქონდათ „ოცნების“ სხვა ლიდერებსაც. რატომ შეიძლება გამხდარიყო მამუკა მდინარაძის განცხადება აშშ-თვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი?
იმიტომ, რომ მდინარაძეს აქვს განსაკუთრებული თანამდებობა სუს-ის უფროსის სახელით. სუსი ყოველთვის იყო აქტიურ თანამშრომლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იქნებოდა ეს კონტრტერორიზმის საკითხები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, ერთობლივი სწავლებები მიმდინარეობდა სუს-ში, მათ შორის, ამერიკული მხარის ჩართულობით ამ მიმართულებით.
უკვე ტრადიციად იყო ჩამოყალიბებული შეერთებული შტატების თანამშრომლობა სუს-თან, რაც ბოლო პერიოდში აღარ შეინიშნებოდა – მას შემდეგ, რაც მდინარაძე დაინიშნა.
ვფიქრობ, რომ მდინარაძეს მოუწევდა ბოდიშის მოხდა მისი განცხადების გამო, რაც ტყუილი ინფორმაცია იყო და არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
დარწმუნებული ვარ, იქნებოდა საუბარი შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში, მათ შორის, ირანის საკითხზე. შეერთებული შტატები აცხადებს მესამე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებაზე. ის, რომ ჩვენ ირანთან ვაჭრობა გვაქვს, ასევე, საკმაოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები ირაკლი კობახიძეს ირანის რეჟიმთან, ესეც სიახლეს არ წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხებზე იქნებოდა საუბარი.
ამერიკა კიდევ უფრო აქტიურად შემოდის რეგიონში: სომხეთ-აზერბაიჯანთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობით და დიდი ინვესტიციებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჯეი დი ვენსის ვიზიტიდან გამომდინარე ერევანსა და ბაქოში.
- რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესის გააქტიურებით, სად არის საქართველოს ადგილი?
ამერიკას მოაქვს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში, იმ რეგიონში, სადაც რუსეთის აქტიური ჩარევით კონფლიქტები იყო და რომლის მოგვარებაც რუსეთის ჩარევით არ ხდებოდა.
სახელწოდება TRIPP ამას მოწმობს, რომ რუსეთს არანაირი ადგილი და როლი არ აქვს ახალ დერეფანში. იკვეთება ამერიკის გაძლიერებული ინტერესები ჩვენს რეგიონში. ეს არის განაცხადი, რომ ამ რეგიონში რუსეთის გავლენების ფეხის ამოსაძირკვად არის ეს ყველაფერი.
თუ აქამდე საქართველო იყო რეგიონში ამერიკის დასაყრდენი ძალა და დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს, ეს ამ შემთხვევაში გადავიდა სომხეთ-აზერბაიჯანზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტრატეგიული პარტნიორობა აღარ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ივანიშვილის „დამსახურებით“ და არანაირი მაღალი დონის კონტაქტები, საქართველოს მიმართ კვლავ იქნება შეერთებული შტატების გარკვეულწილად ინტერესი, აი, ამ ახალი ინიციატივებიდან გამომდინარე.
შუა დერეფნის პროექტში საქართველო რუკაზე არის. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება – გეოპოლიტიკური როლის და ფუნქციის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.
ლუქსემბურგში ევროკავშირის ინიციატივით გაიმართა მოლაპარაკებები შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე ტაშკენტში კონკრეტულად შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტიციებს განიხილავდნენ – აქაც იყო სომხეთი და აზერბაიჯანი, როგორც სატრანზიტო ქვეყნები, მაგრამ არ იყო საქართველო მიწვეული.
ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ თავისთავად გეოგრაფია არაფერს არ იძლევა, თუ არ იქნება შესაძლებლობა გამოყენებული.
ამ შესაძლებლობას სჭირდება სანდოობა, სჭირდება შესაბამისი ინსტიტუტები. არა – რიტორიკა, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გამოყენებული, არამედ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რის ადგილიც აღარ არის ივანიშვილის პირობებში საქართველოში.
- მდინარაძის ვიზიტი აშშ-ში, ფიქრობთ, რომ არ უკავშირდება ურთიერთობების გადახედვას? ყაველაშვილი ამბობდა, ვენსისგან ურთიერთობების გადატვირთვის დაპირება მივიღეო.
ეს ჩვეულებრივი ტყუილია. ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმს აქვს და ჰქონდა. გაგახსენებთ ელჩი დეგნანის განაცხადს, რომ სამი წინაპირობა იყო რუბიოს მხრიდან წამოყენებული იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლებულიყო. ერთ-ერთი ამ სამ პირობას შორის და უპირველესი იყო ანტიამერიკული პროპაგანდის შეწყვეტა, რაც მდინარაძემ არ გააკეთა და ივანიშვილის უარი ელჩთან შეხვედრაზე რუბიოს გზავნილების მოსასმენად.
ამიტომაც, ამერიკას თავისი წინაპირობები აქვს უკვე დაყენებული ივანიშვილის რეჟიმთან: როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები განახლდეს.
- ივანიშვილის „ოცნების“ წევრები გამოირჩევიან ანტიევროპული რიტორიკით, ანტიამერიკულით – ნაკლებად. ეს რატომ ხდება, თქვენი აზრით?
იცით რა არის? შეიძლება მამუკა მდინარაძე აღარ აბრალებს რევოლუციის მოწყობას შეერთებულ შტატებს, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ზაზა შათირიშვილი, რომელიც არის ივანიშვილის კარის ფილოსოფოსი. ის არათუ ამერიკას აბრალებს „დიფ სთეითობას”, არამედ უშუალოდ თავად პრეზიდენტ ტრამპსაც და ამბობს, რომ მშვიდობის კი არა, ომის კაცია.
მე ვერ ვხედავ, რომ ანტიამერიკულმა გზავნილებმა იკლო, შათირიშვილის, აი, ამ ცნობილი წერილების შემდგომ – მით უმეტეს.
- შათირიშვილის ბოლო წერილით ჩანს, რომ ივანიშვილს აღარ აქვს ტრამპთან ურთიერთობების რაიმე ფორმით დალაგების იმედი?
დიახ. ყულევის ტერმინალის სანქცირების საკითხი ევროკავშირის მხრიდან და ირანთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განცხადება მესამე ქვეყნების სანქციებზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აძლიერებს წნეხს, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმზე…
სულაც არ არის სასარგებლო ვითარება ივანიშვილისთვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ირანთან მიმართებაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, საქართველო არის შეერთებული შტატებისთვის ინტერესის ქვეყანა. მე გაგახსენებთ ორი სამხედრო თვითმფრინავის დაჯდომის პრეცედენტს საქართველოში და იმას, რომ აზერბაიჯანი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს გამომდინარე მისი ინტერესებიდან. ბუნებრივია, სიტუაციურად, დაბალ დონეზე გარკვეული საუბრები მიმდინარეობს, რაც გასაგები და აბსოლუტურად ახსნადია.
- ამიტომაც, საინტერესოა, როგორ ხედავს აშშ საქართველოს, თქვენი აზრით? რა შეიმჩნევა აშშ-ს პოზიციონირებით ჩვენს რეგიონში?
ის, რომ ამერიკას ხელი აქვს საქართველოზე ჩაქნეული, ამას არ ვეთანხმები – ამერიკა კიდევ უფრო მძლავრად შემოვიდა რეგიონში და რუსეთის გავლენები ისევე, როგორც ირანის გავლენები, შეასუსტა. არანაირი „სამი პლუს სამი” ფორმატი აღარ არსებობს, სადაც ირანი და რუსეთი იყო. ეს ყველაფერი დამთავრდა. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული და დასავლური ინვესტიციები რეგიონში, განსხვავებით საქართველოსგან.
თუ გადატვირთვაზე არის საუბარი, ბუნებრივია, ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო დაუბრუნდეს ძველ ხაზს და ამისთვის წინაპირობები გადაცემულია მისთვის. ამიტომაც, ბურთი არის ივანიშვილის მოედანზე.
- თქვენი აზრით, ამერიკას მოლოდინი აქვს, რომ ივანიშვილი შეასრულებს რომელიმე მოთხოვნას?
არა, ამერიკას არ აქვს ეს მოლოდინი. ეს მოლოდინი რომ ჰქონდეს, დღეს ელჩი მაინც გვეყოლებოდა შეერთებული შტატების საქართველოში, მაგრამ ბურთი არის ივანიშვილის მოედანზე ცალსახად და ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ ყოფილი ელჩი დეგნანისგან, რომელმაც თქვა, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლდეს.
ივანიშვილმა უარი თქვა ამ გზავნილების მოსმენაზე.
- რა გამოდის, ასე შეიძლება გაგრძელდეს: აშშ სამხრეთ კავკასიაშია და არ იმჩნევდეს საქართველოს, სადაც ამდენი რესურსი დახარჯა?
კი, შეიძლება ასე გაგრძელდეს და უმაღლეს დონეზე არ იყოს არანაირი კონტაქტი. დაბალ დონეზე, დარწმუნებული ვარ, კომუნიკაცია მიმდინარეობს, მათ შორის ირანთან დაკავშირებით და ლაშა დარსალიას ვოიაჟიც ამას მოწმობს.
- ჰელსინკის კომისიაში დღეს საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება განსხვავებული აზრის დევნის გამო. რა მოლოდინი გაქვთ? 2026 წლის იანვარში ჰელსინკის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნება“ – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს კრიზისში ჩაითრიაო“.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ცრუ მოლოდინებს ქმნის ივანიშვილის რეჟიმი ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით, ხოლო ჰელსინკის კომისიის განხილვას ფარატინა ქაღალდს უწოდებს, რა თქმა უნდა, ეს არის მისთვის ძალიან მძიმე.
ერთის მხრივ, ეს არის ორპარტიული განხილვა ამერიკის მხრიდან, მით უფრო მაშინ, როდესაც კიდევ უფრო მეტი რეპრესიები გრძელდება ოპონენტების წინააღმდეგ, ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ ითელება და აბსოლუტურად დრაკონული კანონები საბჭოთა კავშირში აბრუნებს საქართველოს.
არ ვფიქრობ, რომ ჰელსინკის კომისიის განხილვა მათთვის არ არის საინტერესო, მით უფრო, როდესაც რეგიონში ვენსი იყო ჩამოსული, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს გვერდი აუარა.
ამას ექნება მძიმე შედეგები რეჟიმისთვის, თუმცა საქართველოსთვისაც აქვს მძიმე შედეგები, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში – ქვეყანა ძალიან ბევრ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, მათ შორის, შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებას მაშინ, როდესაც საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოს არც კი მოუმზადებია, იქნება ეს ანაკლიის პორტი, რომელიც არასდროს არ ააშენა ივანიშვილის რეჟიმმა, თუ სხვა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ.
- ამ შესაძლებლობების გამოუყენებლობა და იზოლაცია რატომ აწყობს ივანიშვილს? თქვენი აზრით, ივანიშვილს სჯერა, რომ რუსეთი, რომელიც დღითიდღე სუსტდება, მხარს დაუჭერს ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებაში?
თუ ვლაპარაკობთ ანაკლიის პორტზე, გვითხრეს ჩვენ, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდებოდა, შემდეგ შევიტყვეთ, რომ ამ ჩინური კომპანიის შვილობილი კომპანია იყო დასანქცირებული ამერიკის მხრიდან. შემდგომ ვიგებთ მარიამ ქვრივიშვილისგან, რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული შეთანხმება ჩინეთთან. ეს აჩენს გარკვეულ ვარაუდებს, რომ შეერთებული შტატების პოზიციიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გაჩერებულია.
ვფიქრობ, ივანიშვილი აკვირდება, რას იზამს ამერიკა ერთის მხრივ რეგიონში, რა მოხდება უკრაინაში და აქედან გამომდინარე იმოქმედებს. „ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ გეოგრაფიულად რახან საქართველო რუკაზე შუა დერეფნის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, გეოგრაფიის გამო მიიღებენ ისეთებად, როგორებიც არიან. ეს ასე რომ არ ხდება, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ივანიშვილი ახლო მომავალში.
მან უნდა გააკეთოს ის, რაც უთხრეს ამერიკიდან და შეცვალოს ის, რაც უთხრეს, ან გაგრძელდება სტრატეგიულად უმნიშვნელო მდგომარეობა და ჩიხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობს.
- ცვლის რამეს ივანიშვილი საგარეო პოლიტიკაში? მიუნხენის კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობასო.
არა, აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე. თუ მოწვევა იყო ირაკლი კობახიძეზე გამოგზავნილი, მაშინ ირაკლი კობახიძემ უნდა გასცეს პასუხი, რატომ არ მიდის მიუნხენის კონფერენციაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც 50 ქვეყნის მეთაური ესწრება ღონისძიებას და მას ექნებოდა პლატფორმა, იქიდან რაღაც წამოეღო.
კობახიძემ იცის, რომ ის არის კაცი, რომელსაც ხელს არავინ ართმევს და არავინ არ ელაპარაკება. ამიტომაც, არ მიდის იქ და აგზავნის მაკა ბოჭორიშვილს, სურათი რომ გადაიღოს და შემდგომ გაყიდოს, რომ რაღაც პატარა მიღწევა აქვს.
მით უფრო, ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ის აბსოლუტური მონოპოლია, რომელიც საქართველოს ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიდან გამომდინარე, დღეს რადიკალურად შეიცვალა, აშშ-მა მშვიდობა მოიტანა რეგიონში, რუსეთს მოუწია გასვლა სომხეთ-აზერბაიჯანიდან… ირაკლი კობახიძეს არაფრის რესურსი არ აქვს, ის არის კაცი, რომლის გუნდისთან ერთად საქართველოს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მარცხი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ასპარეზზე. მე ამით ვხსნი, რომ ის იქ ვერ მიდის და არ მიდის.
ირაკლი კობახიძე ორი წელია თავის თავს უწოდებს პრემიერს. ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც იგი პრემიერად დანიშნა ივანიშვილმა, არც მაშინ არ წასულა უსაფრთხოების კონფერენციაზე, იქ იყო სალომე ზურაბიშვილი. შარშან, ბუნებრივია, იმ სისხლიანი დარბევების შემდგომ, რომელიც მათ მოაწყვეს საქართველოში, თავი რომ დავანებოთ ქიმიური მოწამვლის ამბავს, ისინი იქ უბრალოდ ვერ გამოჩნდებოდნენ და წელს მაკა ბოჭორიშვილის ხელის ჩამორთმევის ფოტოთი აპირებს გაყიდოს რაღაც ილუზია.
- მამუკა მდინარაძემ რატომ არ გამოაქვეყნა, თქვენი აზრით, აშშ-ში ვიზიტის ამსახველი ფოტო?
გამომდინარე უსაფრთხოების საკითხებიდან, შესაძლებელია ფოტო არ ყოფილიყო, მაგრამ იგივე სუსის სტანდარტით, მაგალითად, გომელაურის შემთხვევაში, მან წინასწარ დააანონსა ვიზიტი, მათ შორის, ის, თუ ვის ხვდებოდა, რა თანამდებობის პირებს და რა საკითხებზე ისაუბრებდნენ. ამიტომაც, ეს არის მათი სტანდარტის გაუარესება.
ბევრ კითხვას აჩენს ის მშრალი ინფორმაცია, რაც სუს-მა დღეს წარმოადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ როცა 4 თებერვალს გასაჯაროვდა, რომ მდინარაძე იყო ამერიკაში, სუს-მა უარყო ეს ინფორმაცია და ახლა თქვეს, კი, 7-დან 10-მდე იყო და არა 4-შიო. ირაკლი კობახიძეც უარყოფდა, რომ ტალიაშვილი ამერიკაში არ დაიბარეს და მერე ამერიკამ თქვა, კი, დაბარებული იყო და რაც თქვა, ისიც საჯაროდ დადო.
- ივანიშვილს ფსონი აქვს ისევ რუსეთის მოგებაზე?
რა თქმა უნდა. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ვითომ საწარმო, რომელიც არ აშენებულა, სწორედ ამას მოწმობს, რომ რუსული სანქცირებული ნავთობის შემოტანით გამდიდრება არის ერთი ამოცანა. მეორეა: რუსეთის ომის გაძლიერება და დახმარება უკრაინის წინააღმდეგ.
როცა ოკუპანტ სახელმწიფოს ეხმარები შენი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარეს თამაშს ნიშნავს და შენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებას. აქ სხვა მარტივ ჭეშმარიტების არანაირი შანსი არ არსებობს. ყველას გაგახსენებთ, რატომ არის ივანიშვილი სანქცირებული ამერიკის მხრიდან – რუსეთის სასარგებლო ქმედებების გამო.






